საყდრისი, „იუნესკო“ და დაგვიანებული სამართლის მოლოდინი

საყდრისი, „იუნესკო“ და დაგვიანებული სამართლის მოლოდინი

საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს საკითხი აქტუალობას ობიექტის აფეთქების შემდეგაც არ კარგავს. „იუნესკომ“ თბილისში ახლახან სპეციალური წერილი გამოგზავნა, რომლითაც ორგანიზაცია საყდრისის ძეგლის საკითხის მიმართ ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ თემის შესწავლას განაგრძობს. კულტურული ძეგლისთვის კულტურის სამინისტროს მიერ ძეგლის სტატუსის გაუქმების საკითხზე მსჯელობა გრძელდება სააპელაციო სასამართლოშიც. მეორე ინსტანციის მოსამართლე საყდრისის საკითხზე მორიგ სხდომას 4 თებერვალს მართავს.

რა წერია „იუნესკოს“ წერილში და რა შეიძლება შეცვალოს საყდრისის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ? – for.ge „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრს, ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.

For.ge- ინფორმაციით, საყდრისის საკითხთან დაკავშირებითიუნესკომსაქართველოში სპეციალური წერილი გამოგზავნა. თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას და იქნებ გვითხრათ, რა წერია ამ წერილში?

- გიდასტურებთ, რომ ახლახან მივიღეთ „იუნესკოს“ დირექტორის მიერ გამოგზავნილი წერილი. მან ეს წერილი საყდრისი გადარჩენის კომიტეტს გამოუგზავნა. წერილი ითარგმნება და მის შინაარს უახლოეს დღეებში გაიგებს მოსახლეობა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მთავრი, რაც ამ წერილშია, არის ის, რომ „იუნესკოს“ რამდენიმე კომიტეტი თვალყურს ადევნებს საყდრისის თემას და სწავლობენ კიდეც ამ საკითხს. მათ კონკრეტული რეკომენადაციებიც აქვთ მომზადებული და ამ დეტალებს საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს.

იუნესკოსწერილი თავისი შინაარსით შეფასებითი დოკუმენტია?

- შეფასებითი არ არის, რადგან მათ საკითხი ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი და არც ის ინფორმაცია აქვთ, რომ საყდრისის ობიექტი უკვე აფეთქებულია. ამის შესახებ ოფიციალურად არც გაცხადებულა, იგივე კულტურის სამინისტროს ბრძანებაში საუბარია მხოლოდ ობიექტის აღებაზე და არა განადგურებასა და აფეთქებაზე. ჩვენი არქეოლოგებიც ამბობენ, რომ საყდრისი ჯერ კიდევ არ არის სრულად განადგურებული და იქ კიდევ არის კულტურული ფენები. „იუნესკოში“ განმარტავენ, რომ მათთან რამდენიმე კომიტეტში მიმდინარეობს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, „იუნესკოს“ შემაჯამებელი წერილი ალბათ, უფრო მოგვიანებით იქნება.

ახლახან მთავრობამ კომპანია RMG-ის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობის ვადა 5 წლით გაუგრძელა და კომპანიას უფლება აქვს 2020 წლამდე ისარგებლოს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულით. მთავრობის ეს გადაწყვეტილება დამატებით საფრთხეებს ხომ არ უქმნის საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ფენებს?

- არ მგონია, ეს ეხებოდეს უშუალოდ საბადოს ტერიტორიას, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი გაოცებულია იმით, თუ რა ძალა დგას ამ კომპანიის უკან. კომპანია არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ხელაღებით ითვისებს ქვეყნის ბუნებრივ წიაღისეულს, არ სცემს პატივს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და არც ეკოლოგიას, არ აინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის წუხილი, მაგრამ მაინც აქვს მთავრობის ასეთი მხარდაჭერა. ასეთ პირობებში კი კომპანია კვლავ განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, არ აშენებს მუზეუმს, რომლის მოწყობის პირობა დადო, უგულებელყოფენ საკუთარ განცხადებებს, მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასულები და სურთ, მოკლე პერიოდში მოასწრონ მთების მოგლეჯა და ტყეების გაჩეხვა. თუმცა, რეკლამებში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას წარმოადგენენ. არადა, სწორედ მათ გაანადგურეს ხეობაში მაშავერა, როგორც მდინარე, ახლა კი ტყესაც გაჩეხავენ.

ამ ვითარებაში აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ იქცევა კულტურის მინისტრი, როცა პარლამენტში მისვლაზეც კი უარს აცხადებს, რათა საყდრისზე საუბარს თავი აარიდოს. როგორც ჩანს, ის მხოლოდ RMG-სთან და პრემიერ-მინისტრთან არის ვალდებული, ხალხთან და პარლამენტთან ანგარიშვალდებულებას აშკარად გაურბის.

როგორც ვიცი, პარლამენტის განათლების კომიტეტში უახლოეს კვირებში იგეგმება კულტურის მინისტრის მისვლა და ერთგვარი ანგარიში საყდრისის თემაზე.

- ამ შეხვედრის შესახებ კარგა ხანია საჯაროდ გაცხადდა და კულტურის მინისტრს შესთავაზეს ორი თარიღი, მათგან ერთი 10 თებერვალი იყო. მაგრამ, მან ორივე თარიღზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი პარლამენტში მისვლას არ აპირებს. ის მაქსიმალურად ცდილობს, აარიდოს თავი შეკითხვებს, რომელიც მისი და მისი უწყების მიმართ არსებობს.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტიბოლნისისა და დმანისის რაიონებში ეკოაუდიტს მოითხოვს. ვინ უნდა მიიღოს ეკოაუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება და ვინ უნდა განახორციელოს იგი, რომ სანდო და კვალიფიციური იყოს?

- ეკოაუდიტის საკითხზე აქტიურად მუშაობდა საყდრისის კომიტეტის რამდენიმე წევრი. კომპანია ერთხანს ამაზე თანახმა იყო და აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ყველანაირად შეუწყობდა ხელს პროცესს. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიგზავნა გარკვეული ინფორმაცია ამ ეკოაუდიტთან დაკავშირებით და პასუხებიც მოვიდა იქიდან. როგორც ვიცი, ეს ეკოაუდიტი უნდა ჩაეტარებინა კომპანია „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს“ (CENN), მაგრამ დღეს უკვე აღარვინ საუბრობს ამ საკითხზე და ეკოაუდიტიც აღარავის აინტერესებს. ეს თემა გარკვეულ ეტაპზე მხოლოდ დროის მოსაგებად დასჭირდათ. RMG რუსული კომპანიია და მისი წარმომადგენლებიც „იგროკები“ არიან, მუდმივად ეთამაშებიან საზოგადოებას და არავის უწევენ ანგარიშს. მათი ამგვარი ქცევა იმოქმედებს თავად კომპანიის იმიჯზეც, მაგრამ უფრო მეტ გავლენას ეკოლოგიაზე ახდენს, რაც რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს პრობლემას უმძიმებს. ადგილობრივი მოსახლეობა დღეს უკვე აცხადებს, რომ იქ ცხოვრება, ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის საშიშია.

საყდრისის ობიექტის აფეთქების მიუხედავად, ამ საკითხზე კვლავ გრძელდება პროცესი სააპელაციო სასამართლოში. რა ეტაპზეა ამჟამად საქმე და რა შეიძლება შეცვალოს სასამართლოს დადებითმა არ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ მოცემულ სიტუაციაში?

- სააპელაციო სასამართლოში პროცესი განახლდება ხვალ, 4 თებერვალს. ჩვენ სასამართლოზე, რა თქმა უნდა, კვლავინდებურად მოვითხოვთ, რომ კომპანიამაც და ხელისუფლებამაც პატივი სცენ სასამართლოს. თავის დროზე საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა შეჩერებული საყდრისის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები. სააპელაციო სასამართლოს წინა სხდომაზე კი სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 4 თებერვლის პროცესს, კვლავ გაგრძელდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოუხსნეს თავის დროზე საყდრისს ძეგლის სტატუსი - საუბარია გურამ ოდიშარიას მინისტრობის პერიოდსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ადამიანს რომ დახვრეტენ და შემდეგ რომ გამოვა განაჩენი, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა საყდრისის საკითხზე წარმოებულ სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე. ჩვენ მიერ სასამართლო პროცესიის მოგება არ მოეწონა კულტურის ახალ მინისტრს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში აქვს გასაჩივრებული. მეორე მხრივ, მინისტრი არ დაელოდა მის მიერ გასაჩივრებულ საქმეზე პასუხს და ააფეთქებინა საყდრისი, რაც ცოტა უცნაურია, რადგან თუ სასამართლოს პასუხი არ აინტერესებდა, რატომღა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. თუმცა, სასამართლომ საბოლოო სიტყვა მაინც უნდა თქვას და უნდა გამოიტანოს განაჩენი, მიუხედავად იმისა, ის დაგვიანებული იქნება თუ არა.