სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2011-2012 წლების ფინანსურ საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არასათანადო გადაწყვეტილებების გამო, ამ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტმა მინიმუმ 703,054 ლარი იზარალა, ხოლო 1,423,737 ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. ასევე კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი, კანონთან შეუსაბამო ფაქტი - მაუწყებელმა რუსულენოვანი ტელეპროდუქციის დამზადებისა და გაშვებისთვის ტენდერის საფუძველზე 14,000,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს „პიკთან“.
ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად მიწოდებული ტელეპროდუქციის მიხედვით. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეადარა 2012 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში ეთერში გასული გადაცემა „ახალი ამბების“ ფაქტობრივი საათების რაოდენობა ამავე თვეების მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ საათების რაოდენობას და გამოვლინდა სხვაობა 63 საათის ოდენობით, რაც სატენდერო წინადადებით განსაზღვრული ფასით - 268,698 ლარს შეადგენს.
შედეგად, მაუწყებლის მიერ 2012 წლის მხოლოდ მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებთან დაკავშირებით და მხოლოდ გადაცემა „ახალი ამბების“ მომზადებისთვის, „პიკისთვის“ ზედმეტად ანაზღაურებულია 268,698 ლარი. ამასთანავე „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „პიკს“ შორის 2012 წლის 13 ნოემბრის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება. მე-3 არხის მართვისთვის გამოყოფილ 14,000,000 ლარსა და „პიკისთვის“ ანაზღაურებულ 12,576,263 ლარს შორის წარმოქმნილი სხვაობა - 1,423,737 ლარი, მაუწყებელმა გამოიყენა მიმდინარე ხარჯებისათვის, რაც მაუწყებლის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯია.
2010 წლის 7 დეკემბერს მაუწყებელმა გამოაცხადა კონკურსი პირველი და მეორე სატელევიზიო არხების სარეკლამო და სასპონსორო დროის გაყიდვის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „ჯენერალ მედიამ“ და საკონკურსო კომისიის წევრების მიერ გამოცხადდა გამარჯვებულად. „ჯენერალ მედია“, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ემსახურებოდა ასევე სხვა წამყვან ტელეკომპანიებს. მაუწყებელსა და „ჯენერალ მედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო, რომ „ჯენერალ მედია“ ვალდებულია - მაქსიმალურად ეცადოს, რომ მაუწყებლის ეთერში სარეკლამო მომსახურება ჩართოს თავის მიერ შემუშავებულ მომსახურების პაკეტებში; განახორციელოს ქმედებები მაუწყებლის ეთერში რეკლამის მოზიდვის მხრივ.
რა ქმედებები განახორციელა „ჯენერალ მედიამ“ ხელშეკრულების აღნიშნული მუხლის შესრულებისთვის და რამდენად ეცადა მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვას, ამის კონტროლის მექანიზმი, მაუწყებელს არ გააჩნდა. შესაბამისად, მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვის საკითხი მთლიანად დამოკიდებული იყო „ჯენერალ მედიას“ შეხედულებასა და კეთილსინდისიერებაზე.
ხელშეკრულების თანახმად, „ჯენერალ მედიას“ საანგარიშო თვის განმავლობაში გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულების თანხა უნდა გადაერიცხა მაუწყებლისათვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. ამ სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, „ჯენერალ მედიას“ მიერ ჩარიცხული თანხების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 99,525 ლარს, რაც მაუწყებლის მიერ არ განხორციელებულა. ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტმა მინიმუმ 703,054 ლარი იზარალა, ხოლო არამიზნობრივად გახარჯულია 1,423,737 ლარი.
აუდიტის სამსახურის 2011-2012 წლის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ დასკვა ძველი ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა, მაუწყებელს მაშინ სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა. მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იმ პერიოდში იყო პოლიტიკური. მისივე განცხადებით, იმ პერიოდის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი სამი არხიდან უზარმაზარ დაფინასებას იღებდა „პიკი“.
„ფული არ იყო პირველ არხზე, სამაგიეროდ თანხები მიდიოდა პიკში. 4 და 5 ნულიან ხელფასს იღებდნენ თანამშრომლები, მაშინ, როდესაც არ იყო არანირი დაფანასება მეორე არხისთვის და რადიოსთვის. ერთიანი ბიუჯეტი იყო ყველასთვის შექმნილი, თუმცა ყველანაიარი პირობა იყო პიკისთვის. ერთი ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ახალი დირექტორის არჩევა, ახალი დირექტორი გადაბარებას არ აკეთებს.
სხვათაშორის, ჭანტურიაც სწორედ იმ ნიშნით იყო არჩეული, რომ არ უნდა მოეთხოვა აუდიტი. დავალიანება თუ არსებობდა, დავალიანება გაცილებით ადრე წარმოიქმნა ყუბანეიშვილის დროს. ჭანტურიამ აიკიდა ეს დავალიანება და ეჭვი მაქვს, რომ ცოტა უფრო ღრამდ არის საძებნელი დავალიანების საკითხი და გაცილებით საინტერესო რამ შეიძლება ნახოს გამოძიებამ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.
საზოგადოებრი მაუწყებელი არ არის ერთადერთი უწყება, სადაც აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, არსებობს კითხვები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ოთარ დანელიას უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს.
„2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომობილების შესაძენად გამოცხადდა 4 ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული ტენდერებით შეძენილი ავტომობილების საერთო ღირებულებამ, დღგ-ს ჩათვლით, შეადგინა 1,841,040 ლარი. შესყიდვების დოკუმენტაციაში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი ან მოხსენებითი ბარათი, რომლითაც რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ იქნება დასაბუთებული, კონკრეტული ავტომობილის შეძენის საჭიროება, მათი რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მიწოდების ვადები“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ამასთან, აუდიტორების შეფასებით, რიგი შესყიდვის დროს დარღვეული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები.
რაც შეეხება აპარატის ბალანსზე რიცხულ დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებებს, ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე ასახულია 2005-2006 წლებში ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულებების, სსიპ-ების დაყოფილი რაიონული სამმართველოების მიერ წარმოდგენილ სალიკვიდაციო ბალანსებში რიცხული 160,967 ლარის კრედიტორული და 1,976,882 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელზეც აუდიტის სამსახურის განმარტებით, დავალიანების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ ინახება.
შესაბამისად, ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები აღნიშნული დავალიანებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, ძირითად კაპიტალთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობზე ცვეთის დარიცხვის მეთოდი და კოეფიციენტი გაურკვეველია და რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება მოქმედ ინსტრუქციას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, კომენტარს არც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ აკეთებენ. for.ge-სთან საუბრისას საზოგადოებასთან ურთიერთების დეპარტამენტის უფროსმა დავით ტყემალაძემ განმარტა, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ ამ საკითხზე კომენტარი არასერიოზულია.
განსხვავებულად ფიქრობს ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, განსაკუთრებულ სიმწვავეს იძნეს ფუფუნების ზღვარზე მყოფი ხარჯები სახელმწიფო უწყეყებში.
„კარგია, რომ კორუფციაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონაა და აქ ყველა თეთრი უნდა იყოს გათვლილი. სამწუხაროდ, ჩინოვნიკის მხრიდან პირადი კომფორტის თემა საქართველოში ძალიან აქტუალური და მწვავეა - დანამატები, პრემიები, იგივე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ტელეფონები... საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან მწვავედ აღიქვამს.
საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კარგ მანქანაში არ უნდა ჯდომა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაშინვე ჩახტე ასეთ მანქანაში, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემა. ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.