ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკველობის საქმე გახსნილია. დღესვე პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელთა ნაწილი დაკავებამდე შსს-ში მუშაობდა.
დაკავებული არიან:
ირაკლი ფირცხალავა - შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე;
გიორგი ცააძე - შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე;
ლევან ბეროძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი;
კახაბერ ნაკანი - შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი;
გიორგი გულბიანი - შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსის მოადგილე;
სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.
საქმე გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება დაკავებულებს სისხლის სამართლის საქმე 109-ე; 369-ე და 147-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო ორგანო დაკავებულ ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და შემდგომში მტკიცებულებების ფალსიფიცირების ორგანიზებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ლევან ბეროძეს, გამოძიება მას მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლულ ვაზაგაშვილს და ხუბულოვს მისამართით, საკონტროლო გასროლა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ცააძე განახორციელა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ცააძე წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით, მიუახლოვდა ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მისამართით.
კორტების სპეცოპერაციაზე გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შედეგ განახლდა. დაიკითხა 150-მდე მოწმე, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ. ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი. მოტივი კი ფირცხალავას შურიძიება იყო.
გამოძიებით დადგენილია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 07 აპრილს, სოდ-ის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა.
for.ge გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც იური ვაზაგაშვილმა მკვლელობამდე მოგვაწოდა. ამ მასალით დგინდება, რომ 2005 წლის დეკემბერში სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა, რომელიც გასამართლებული იქნა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაზე და საპროცესო შეთანხმებით 5000 ლარის სანაცვლოთ გათავისუფლდა. 2006 წლის აპრილში ლევან ფირცხალავა კვლავ დაკავებული იქნა ნარკოტიკების, კერძოდ, სუბოტექსის გასაღების ფაქტზე. სწორდ ამის შემდეგ დაიწყო ფირცხალავამ მუშაობა დაედგინა ვინ იყო „ჩამშვები“ და დაადგინა, რომ სოდ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსთან, არველაძესთან მეგობრული კავშირი ჰქონდა ალექსანდრე ხუბულოვს, რომელთანაც მის ძმას ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა.
იური ვაზაგაშვილის მიერ მოპოვებული მასალით, ვინაიდან, ფირცხალავას და მის ოჯახს შეექმნა სერიოზული საფრთხე, რომ ნარკოტიკების ბიზნესი უკვე არ იყო მათი კონტროლირებადი, ირაკლი ფირცხალავამ გადაწყვიტა, შური ეძია. მან გარშემო შემოიკრიბა თავისი სანდო თანამშრომლები, აუხსნა მათ სიტუაცია და სთხოვა თანადგომა. მან ასევე დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია თბილისში ყაჩაღური ბანდის არსებობის შესახებ. ფირცხალავამ მომხდარი ფაქტის შემდეგ, წინა რიცხვით (2 მაისს) დააწერინა ოპერატიული ინფორმაცია გიორგი ქადაგიშვილს, თითქოს, ხუბულოვი ორ პირთან ერთად აპირებდა ყაჩაღურ თავდასხმას.
გამოძიების ინფორმაცაიით, ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, „წარმატებული“ სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთი მხრივ, შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორე მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯს დაუმკვიდრებდა.
2006 წლის 01 მაისს, ირაკლი ფირცხალავასთვის ხუბულოვის გარემოცვაში ჩანერგილი აგენტის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ხუბულოვი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდგომაც მათთან ერთად გაემართებოდა ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით. ირაკლი ფირცხალავა საკუთარი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებას შეუდგა, მის მიერ მობილიზებულ იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაიწყო სპეცოპერაციის დაგეგმვა, რომელიც შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ხუბულოვი შეხვდა მის მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა, რა დროსაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს.
ამ დროს, ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები - იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისაკენ და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავმტომანქანას და მის მგზავრებს.
ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით მოხდა ასზე მეტი გასროლა, მანქანას აღენიშნება 97 ცეცხლსასროლი დაზიანება; ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა; ალექსანდრე ხუბულოვს აღენიშნებოდა 9 ცეცხსასროლი ჭრილობა; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძესაც. ამით დანაშაულებრივი გეგმის პირველ ნაწილი დასრულდა.
ამის შემდგომ საჭირო იყო ჩატარებული ოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგენდის მოგონება, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ყაჩაღობის მომზადების სცენარი შეთხზულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით - გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიერ შედგენილ იქნა ბონდო ფუთურიძის ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმი, თითქოს იგი ვაზაგაშვილთან და ხუბულოვთან ერთად ამზადებდა ყაჩაღურ თავდასხმას, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ყაჩაღობის მომზადების ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება.
შემთხვევის ადგილზე მიყვანილ იქნა ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ხსენებული ავტომანქანა განთავსდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოს, ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკანა საქარე მინიდან განხორციელდა გასროლა, ხოლო ტყვია მოხვდა პოლიციელის მართვის ქვეშ მყოფ ზემოხსენებულ ავტომანქანას, რაც იქნებოდა ერთგვარი საფუძველი ვაზაგაშვილის და მისი მეგობრების მიმართ ცეცხლის გახსნის.
თუმცა, მხოლოდ მანქანის დაზიანება არასაკმარისად იქნა მიჩნეული შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსანათლად, აუცილებელი იყო ადამიანური მსხვერპლის არსებობა, რის გამოც, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლევან ბეროძემ თვითდაზიანება მიიყენა მარცხენა ფეხის არეში, რომელიც მან, თითქოს, ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან შეჯახებისას მიიღო.
გამოძიების მტკიცებით, ვაზაგაშვილის, ხუბულოვის და ფუთურიძის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლად გულისხმობდა ავტომანქანაში ცეცლხლსასროლი იარაღის არსებობას, სხვა შემთხვევაში კი, ავტომანქანისა და მისი მგზავრებისათვის ცეცხლის გახსნა კანონიერ სახეს ვერ შეიძენდა, რის გამოც ფირცხალავას დავალებით შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები, რითაც მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება.
გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც „დააგვირგვინებდა“ ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადების შესახებ და აღიარებდა ხსენებულ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 03 ივნისს, საკონტროლო გასროლების განმახორციელებელმა გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა თითქოსდა, ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზრახველებთან - ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება.