2014 წლის 20 ივნისს კომპანია „დელტა კომის“ საჩივრის საფუძველზე მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის დადებულ ხელშეკრულების მართლზომიერების შესასწავლად გამოძიება დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოში გამოცხადებულ რამდენიმე მილიონიან ტენდერში არჩევანი კომპანია „სილქნეტზე“ შეაჩერა, ვინაიდან ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის მომსახურებისთვის „სილქნეტმა“ 6,5 მილიონი ლარი მოითხოვა, ამ მომსახურეობისთვის „დელტა კომმა“ გაცილებით ძვირი, 10 მილიონი მოითხოვა. გამაოძიებამ კი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა.
მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ კომპანია „დელტა კომი“ უფასოდ ემსახურება შსს-ს და რატომ არ შეიძლებოდა ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა თავდაცვის სამინსტროსაც. თუმცა, ამ კომპანიის ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა, ვინაიდან თავად კომპანიის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი უფასოდ არ ემსახურებიან შსს-ს.
For.ge-მ კი კომპანია „დელტა კომსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორებული ხელშეკრულების ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც პრაქტიკულად, იდენტური მომსახურების გაწევაზეა შედგენილ კომპანიებს შორის და, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ღირს „დელტა კომის“ მომსახურება.
მაშ ასე, ხელშეკრულების საგანი გახლავთ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ღეროს ერთი წყვილის ხელშეუვალი სარგებლობის უფლება 20 წლის განმავლობაში, ხოლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ღეროების მუშა მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში ხელშეკრულება გრძელდება დამატებით 5 წლის ვადით.
ერთი წყვილი ობტიკურ-ბოჭკოვანი ღეროთი ხელშეუვალი სარგებლობის უფლების ღირებულება - 6 350 000 აშშ დოლარია დღგ-ს გარეშე, ხოლო 1 მეტრი ობტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ფასი -3,175 დოლარი დღგ-ს გარეშე. ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული ინფორმაცია კომპანია „ჯეოსელში“ გადაგვემოწმებინა, თუმცა, კომპანიის პრეს-სამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
როგორც ცნობილია, მთავარი პროკურატურა დაკავებულ მაღალჩინოსნებს ედავება, რომ მათ ბაზრის კვლევა არ მოახდინეს და შესაბამისად, გაცილებით დიდ თანხად შეიძინეს მომსახურეობა და ის პროდუქტი, რაც ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული. ამ ხელშეკრულებაში ასახული ფაქტებიდან გამომდინარე კი, ცხადი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „სილქნეტთან“ გაცილებით იაფად გააფორმა საკონტრაქო პიროებები.
for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ „დელტა კომსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორებული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ თანხა გაცილებით დიდია იმასთან შედარებით, რაც თავდაცვის სამინისტროსთან იქნა გაფორმებული.
ლევან სამუშია: ამ ხელშეკრულების არსებობის შესახებ ახლა თქვენგან გავიგე, და თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება დაკავებულების უდანაშაულობა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს პროკურატურა ბრალად დებს იმ ფაქტს, რომ მათ ბაზრის კვლევა არ მოახდინეს და შესაბამისად გაცილებით დიდ თანხად შეიძინეს მომსახურეობა და ის პროდუქტი, რაც ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული. ამ ხელშეკრულებაში ასახული ფაქტებიდან გამომდინარე კი, ნათლად დასტურდება, რომ თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „სილქნეტთან“ გაცილებით იაფად გააფორმა საკონტრაქტო პირობები.
ანუ, ამ ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ დაკავებულებმა სახელმწიფოსთვის სასარგებლო ხელშეკრულება გააფორმეს „სილქნეტთან“?
- რა თქმა უნდა, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამისთვის ზიან საპატიმროში. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება მრავალმხრივია, ერთი კონკრეტული მომსახურეობისგან არ შედგება. ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ერთი სახელშეკრულებო პირობა არის ერთ კონკრეტულ პროდუქტზე. ეს თანხა რაზეც თქვენ საუბრობთ გაცილებით დიდია იმასთან შედარებით, რაც თავდაცვის სამინისტროსთან იქნა გაფორმებული. როგორც გითხარით, ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმირებული არ ვარ, თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია.
ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დელტა კომს“ გაცილებით სხვა ინტერესი ჰქონდა? მითუმეტეს, ირკვევა, რომ იგივე მომსახურებისთვის შსს გაცილებით მეტს უხდის, მაშინ, როდესაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს, უფასოდ ემსახურება...
- ის, რომ მათი მიზანი ქველმოქმედება და მეცენატობაა, ასე არაა. „დელტა კომის“ წარმომადაგენელმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წლიდან კოლოსალურ თანხებს იღებენ შსს-დან. შსს კი არანაირად არ გვაძლევს ამ ინფორმაციას და უარით გვპასუხობს. გვეუბნება, რომ თურმე ხელშეკრულება რაღაცა მუხლიდან გამომდინარე არაა გაფორმებული. შსს მალავს ამ ინფორმაციას. ასევე, საქმის მასალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის მერიასთან დაკავშირებით.
საუბარია მერიის ტენდერზე, როდესაც ერთი წლის განმავლობაში მერიას უფასოდ ემსახურებოდა, ხოლო წინა წელს ფასიანი გახდა ეს მომსახურეობა. არ ვიცი, ეს კომპანიის ტაქტიკაა თუ არა, მაგრამ აქ მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებები და ისეთი უწყება როგორიც შსს-ა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ არ დაირღვეს კანონი, პირიქით, ის მალავს ამ საჯარო ინფორმაციას, რითაც ხელი გვეშლება საქმეში მტკიცებულებების მოპოვებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო შსს-ს გადაწყვეტილება არაა, პროკურატურასთან შეთანხმებით მოქმედებენ სახელმწიფო ორგანიზაციები, რათა დაგვიმალონ ინფორმაციები.
კონკრეტულად რამდენს ითხოვდა „დელტა კომი“ თავდაცვის სამინისტროსგან? როგორც ცნობილია, როდესაც სახელმწიფო ექსპერტიზა ჩატარდა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მომსახურება კონკრეტულ დეტალებზე იქნებოდა უფასო...
- საერთოდ „დელტა კომი“ პოსტფაქტუმ იძახოდა, რომ როდესაც კონტრაქტი გაფორმდა უფასო მომსახურეობა იქნებოდა. აქ როდესაც გამოკითხვა ჩატარდა, დადასტურდა, რომ „სილქნეტზე“ გაცილებით დიდი თანხა შესთავაზეს - 10 მილიონს სცილდება აღნიშნული თანხა. თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა იმ კომპანიასთან, რომელიც იაფი იყო და შესაბამისად, მიიღო ის მომსახურეობა, რომელიც დღეს არსებულ ბაზარზე ყველაზე იაფია. ეს პროკურატურისთვისაც კარგად ცნობილია, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამას ყურადღებას არ აქცევს.