კონცენტრაციის ნაკლებობა, ხერხემლის პრობლემები, განვითარების დაბალი დონე, სტრესი, დაბალი თვითშეფასება, პასიურობა, ეს იმ სირთულეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ხუთი წლის ასაკში ბავშვის სკოლაში მიყვანას ახლავს თან.
ამის მიუხედავად, მშობლები ცდილობენ, თავიანთი „ვუნდერკინდები“ სკოლას ხუთი წლის ასაკში მიაბარონ. მოტივაცია მარტივია: ბავშვმა ორ ენაზე ზეპირად იცის ლექსები, ე.ი. ის ნიჭიერია და თავისუფლად შეუძლია, სასკოლო პროგრამა დაძლიოს. ან, კიდევ, ხუთი წლის ასაკის მიუხედავად, ბავშვი ფიზიკურად მაღალია, ამიტომ, თუკი 6 წლისა შევა სკოლაში, იგი დაიჩაგრება. გარდა ამისა, მშობლის მოტივაციის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - ზოგადი განათლება 12-წლიანი გახდა, ამიტომ მოზარდი 18-19 წლისა ხომ არ დაამთავრებს სკოლას, როცა ის უკვე წვერულვაშიანი იქნება?! არის სხვა მიზეზიც: ე.წ. კარგი მასწავლებელი წელს იყვანს დაწყებით კლასს, ამიტომ ე.წ. ცუდ მასწავლებელთან რომ არ მოხვდეს, ბავშვს ერთი წლით ადრე აზიარებენ სასკოლო განათლებას. რეგიონებში მშობლები მერკანტილურ მიზნებსაც ითვალისწინებენ: მშობლებს ძალიან უნდათ, მათი შვილი ბუკით დასაჩუქრდეს, ამიტომ ნაადრევად აბარებენ შვილებს დაწყებით საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მშობლებისგან განსხვავებით, ბავშვის ფსიქიკას უკეთ იცნობენ ფსიქოლოგები. ისინი მიიჩნევენ, რომ, თუ ბავშვმა რამდენიმე ლექსი ზეპირად იცის, ეს უპირატესობად ვერ ჩაითვლება, რადგან ლექსები მექანიკური მეხსიერებაა, რასაც გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებიც მშვენივრად ართმევენ თავს. რაც შეეხება ხუთი წლის ასაკის ბავშვებს, მათი კონცენტრაცია 15 წუთს არ აღემატება, ამ ასაკში გამძაფრებულია ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი და ამ მხრივ აქტუალურია ჭამა და ძილი. ამიტომაც მათთვის გაკვეთილების დროს ჭამისა და ძილის მოთხოვნილება თანმდევია. გარდა ამისა, ხუთი წლის ბავშვის ხერხემალი მზად არ არის, რომ 35 წუთის განმავლობაში გაჭიმული იჯდეს, ამ ასაკის ბავშვები უფრო მეტად ეგოცენტრულები არიან და მათ არ აქვთ სწავლის მოტივაცია.
ამ ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორთა გაუთვალისწინებლობა განაპირობებს იმას, რომ მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მშობლები, რომელთა შვილებსაც ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, ფსიქოლოგს მიმართავენ, რათა ფსიქოლოგმა ბავშვის განვითარება, სასკოლო მზაობა შეამოწმოს და, გამონაკლისის სახით, გასცეს შესაბამისი ცნობა, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის.
განათლების სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, შესულია თუ არა მინისტრ თამარ სანიკიძის სახელზე გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით განცხადებები, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის ბავშვი ექვსი წლის უნდა იყოს და გამონაკლისი არ დაიშვება. სამინისტროს ამ პოზიციის მიუხედავად, არც ექსტერნი გამოცდების მომხრე მშობლები არიან პასიურ მდგომარეობაში. ისინი კანონის შეცვლის მოთხოვნით სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ და ითხოვენ, პატარები, რომელთაც ექვსი წელი სწავლის დაწყებიდან მოკლე პერიოდში უსრულდებათ, სკოლაში დაუშვან.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა არ არის მორგებული ხუთი წლის ბავშვის საჭიროებაზე. უფრო მეტიც, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელმაც საინტერესო და სავალალო ინფორმაცია მისცა ექსპერტებს სწორედ ამ ასაკობრივი ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით. ამიტომ თამარ მოსიაშვილი მშობლებს ურჩევს, არ იჩქარონ სკოლაში შვილის შეყვანა და დაელოდონ, სანამ მათი შვილი არ გახდება ექვსი წლის.
„თუ მშობელს მიაჩნია, რომ მისი შვილი აუცილებლად ხუთი წლის ასაკში უნდა მივიდეს სკოლაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ცალსახად მივესალმები იმ ფაქტს, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა შეიზღუდა. ბავშვის მხოლოდ კოგნიტური მზაობა არ არის საკმარისი. ხუთი წლის ასაკში ბავშვს ძალიან უჭირს ერთ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი საკლასო ოთახები არ არის იმგვარი, რომ ამ ასაკის ბავშვმა გაკვეთილის ნაწილი მერხებთან კი არ გაატაროს, არამედ ცალკეული ადგილი იყოს გამოყოფილი, სადაც ის მასწავლებლებთან ერთად რბილ სკამებზე დაჯდება და მოუსმენს, როგორ უყვება ზღაპარს მასწავლებელი“, - აცხადებს თამარ მოსიაშვილი.
მისივე განმარტებით, უცხოური გამოცდილება განსხვავებულია. იქ ბავშვები შვიდი წლის, ექვსი წლის და ხუთი წლის ასაკშიც შეჰყავთ სკოლაში, მაგრამ იქ საამისო ინფრასტრუქტურა გამართულია. ხუთი წლის ასაკის ბავშვებისთვის უცხოეთში სხვაგვარი პროგრამა და სწავლებაა.
ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ზურაბაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ექვსი წელი არის მათემატიკური წელი და სექტემბრისთვის, ანუ სასკოლო პერიოდის დაწყებისთვის, ბავშვი შეიძლება 5 წლისა და 11 თვის იყოს, რაც თითქმის უკვე ექვს წელს ნიშნავს.
„ყველა ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, მაგრამ პირადად მე მივიჩნევ, რომ ექვს წლამდე ბავშვი არ უნდა იყოს სკოლაში. ჩემი მოტივი ასეთია, დღევანდელ დღეს ბავშვი საკმაოდ დიდ ინფორმაციას იღებს და შესაძლოა, სწრაფად ასრულებს კიდეც კომბინაციებს, კომპიუტერი საკმაოდ ჩქარა ავითარებს ბავშვებს, მაგრამ ტვინის შესაძლებლობას უნდა მივცეთ არა მარტო ინფორმაციის მიღების, არამედ ინფორმაციის დალაგების შესაძლებლობაც. პარალელურად, ბავშვს აქვს მოტორული აქტივობა. პირველი კლასი ნიშნავს იმას, რომ 40 წუთის განმავლობაში ის წყნარად და მშვიდად უნდა იჯდეს ერთ ადგილზე, ხუთი წლის ბავშვს კი ამის უნარი არ უნდა ჰქონდეს. შეიძლება, ერთი ბავშვს იჯდეს 40 წუთის განმავლობაში მშვიდად, მაგრამ, ზოგადად, ბავშვი უნდა იყოს უფრო აქტიური, ცელქი და ა.შ. ამიტომ ექვსი წლის ზემოთ ბავშვის სკოლაში შეყვანა უფრო მიზანშეწონილია. იმ ინდივიდუალურ შემთხვევებშიც კი, როცა ბავშვი ექვს წლამდე ასაკში მზად არის სკოლისთვის, მე მაინც მეცოდება ასეთი ბავშვი სკოლაში სასიარულოდ, რადგან საკმაოდ რთული ცხოვრება ელის. ამიტომ სჯობს, ჩვენ ეს ერთი წელიწადი კი არ მოვიგოთ, პირიქით, დაველოდოთ. თუ ადამიანს ეჩქარება, რომ მისმა შვილმა 16 წლის ასაკში სკოლა დაამთავროს, მე-9-10 კლასში შეიძლება ექსტერნად ჩააბაროს და ამის ხარჯზე მოიგონ დრო და არა მანამდე“, - აცხადებს დავით ზურაბაშვილი.