მსჯავრდებულ ლაშა შავიძის სკანდალურ განცხადებაზე, ერთი წლის შემდეგ, სახალხო დამცველის მიერ ოფიციალურად გაკეთებული განცხადების შემდეგ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მსჯვარდებული სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში აცხადებს, რომ შსს–ს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ 2008 წლის ივლისში დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.
ახსნა–განმარტებაში მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა, მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა.
„2008 წლის ივლისში შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ დამაკავეს, რის შემდგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიმიყვანეს. ირაკლი ფირცხალავა დამემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მომეკლა. ასევე უნდა მომეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. თანამშრომლობის შემთხვევაში ირაკლი ფირცხავალა გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დამპირდა“, – აცხადებს მსჯავრდებული ახსნა–განმარტებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, მჯავრდებული აცხადებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა. ნანუაშვილის განცხადებით, დავალების მიხედვით, მკვლელობა მაღაზიაში ყაჩაღობის სცენარით უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკებიც.
„როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ამ საუბრის შემდეგ სამი დღის განმავლობაში დადიოდა საბურთალოზე, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში და დაეკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს. ლ.შ-ს განმარტებით, გიორგი ხიზანიშვილმა მას უთხრა, რომ ზემოთ ხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას“, – აცხადებს სახალხო დამცველმა.
მისივე ინფორმაციით, პატიმარმა მცირე ხნით დატოვა საქართველო, ხოლო დაბრუნების შემდეგ დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მსჯავრდებული განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა, იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო, ხოლო ამჟამად ითხოვს შესაბამის რეაგირებას და ასევე, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხდა, მსჯავრდებულმა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. სახალხო დამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულმა იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა ღიად ისაუბროს და ამასთან, სახალხო დამცველი, პროკურატურის გარდა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად.
სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ თავის დროზე, როდესაც მსგავსი ინფორმაცია გაჟღერდა შსს-ს დაუყოვნებლივ გამოძიებისა და მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. ფირცხალავა განმარტავს, რომ 2008 წელს ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო და იმ პატიმართან, რომელიც მას მეტრეველის მკვლელობის დაგეგმვას აბრალებს, შეხება არ ჰქონია.
„ეს ინფორმაცია ერთი წლის წინ გაჟღერდა. მე 2014 წლის 27 თებერვალს განცხადებით მივმართე შსს-ს უსწრაფესად მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება და დაცული ყოფილიყო ამ პატიმრის უსაფრთხოება. მერე დამიძახეს შსს-ში, დამკითხეს, შემდეგ დაუკავშირდნენ ზედამხედველ პროკურორს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შსს-ს კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა და მითხრეს, რომ მასალებს შემდგომი გამოძიებისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადააგზავნიდნენ. ამით შემოიფარგლა ყველაფერი. მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მაქვს და აუცილებლად განვასაჯაროებ. ის პატიმარი არ ვიცი ვინ არის, არ ვიცნობ და არანაირ შეხებაში არ ვყოფილვარ“, – აცხადებს ფირცხალავა.
მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება კრიმინალური სამყაროს მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია, რომლითაც ისინი პოლიციას ებრძვიან.
„ეს არის ვენდეტა დამნაშავეთა სამყაროსი. ჩვენ კბილები ჩამოვუნგრიეთ და დავამარცხეთ ისინი. ეს დიდი სპექტაკლია, რომლის სცენარიც დაწერეს „კანონიერმა ქურდებმა“ დაახლოებით სამი წლის წინ. ის პატიმარია და იმას ასრულებს, რასაც ეტყვიან კრიმინალური სამყაროს ლიდერები. ერთადერთი კენედის მკვლელობაზე თუ რამეს მეტყვიან, ვაღიარებ, რომ მე მოვკალი, დანარჩენი ნამდვილად არაფერი ჩამიდენია. ჩვენ ვართ პოლიციელები, მოწოდებული ვიყავით დაგვეცვა საზოგადოება კრიმინალებისგან და არა პირიქით, საზოგადოებას თავს დავსხმოდით“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჯერჯერობით, გამოძიებას არ დაუკითხავს თავად ია მეტრეველი, რომელსაც მსჯავრდებულმა შავიძემ ერთი წლის წინ განუცხადა, რომ სწორედ მას შეუკვეთეს ეს მკვლელობა.
„ერთი წელის ამაზე ვსაუბრობ და მხოლოდ დღეს დაიწყო გამოძიება. ყველაფერი დაგვიანებულად, რომ იყო ამ ქვეყანაში იმიტომ მოხდა, რომ გაბედეს და ასე ბარბაროსულად გაუსწორდნენ იური ვაზაგაშვილს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მომკლავენ თუ არა. მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ერთი წლის წინ მივმართე პროკურატურას და მაშინ რატომღაც გაატარეს ეს საქმე. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი პიროვნება გოგა ჭანტურია ახლაც რჩება თანამდებობაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის მოადგილე ყოფილა.
რაც შეეხება ფირცალავას, ეს ადამიანი არის კრიმინალი. ეს ბანდიტი რას იტყვის ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ორ წელზე მეტია ეს კრიმინალი გარეთ არის. ჩემთვის გაუგებარია, გამცენ პასუხი რატომ არ არის დაკავებული ეს კრიმინალი, მაშინ, როდესაც გონივრული ეჭვის საფუძველზე შეუძლიათ ქუჩაში დააკავონ ადამიანი. ფირცხალავა ამდენ საქმეში ფიგურირებს და ქუჩაში დადის და ბედავს, რომ გველაპარაკოს. გამცენ პასუხი, რატომ არაა დაკავებული ფირცხალავა, რომელიც ჩემი შვილის, ბუტას მკველობის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის ზურას საქმეში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან უცნაური რამ ხდება“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ია მეტრეველი.