„იმის მაგივარად, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ, ეს მკვლელები აქეთ ჩვენ გვკვლავენ“

„იმის მაგივარად, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ, ეს მკვლელები აქეთ ჩვენ გვკვლავენ“

„იმის მაგივრად, რომ მკვლელები ყოფილიყვნენ დასჯილი და ჩვენი საქმეებით დაწყებულიყო ახალი ხელისუფლების საქმიანობა, მივედით იქამდე, რომ აქეთ გვკლავენ კრიმინალები და მკვლელები“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, რომლის მკვლელობაც ასევე იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს განზრახვა სისრულეში მხოლოდ იმიტომ ვერ მივიდა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაერთო.

ვინ შეუკვეთა პატიმარ ლაშა შავიძეს ბუტას დედის მკვლელობა, რატომ არ აღძრა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე და რას სთხოვს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ია მეტრეველს ესაუბრა.

რა ვერსია გაქვთ, ვინ და რატომ იცილებენ მოკლული ახალგაზრდების მშობლებს? ცნობილია, რომ დაგეგმილი იყო თქვენი მკვლელობაც...

- პიროვნება, ვისაც ჩემი ლიკვიდაცია შეუკვეთეს, ამჟამად სასჯელს იხდის რუსთავის დაწესებულებაში. ამ ადამიანმა დაასახელა სახელი და გვარები. ბევრ ინფორმაციაზე საუბრობდა. არა მარტომ იმაზე, რომ ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა შეკვეთილი, არამედ ბატონ იურისთან დაკავშირებითაც ამბობდა ბევრ რამეს.

კონკრეტულად რას ამბობდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით?

– დაავალეს, რომ კომპრომატები მოეძებნა ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ, ასევე ავალებდნენ, რომ მასზე უნდა გაევრცელებინა რაღაც ცუდი ინფორმაციები. ეს ადამიანი გახლავათ ლაშა შავიძე, რომელიც ამ წუთას თავს გრძობს დაუცველად, ის საფრთხეშია. ამბობს, რომ კარგად ექცევიან ციხეში, მაგრამ ამის მიუხედავად მისი სიცოცხლე არაა დაცული. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ მას გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შეიძლება მე მომიცილონო. ერთ–ერთი შემკვეთის გვარი, ვისაც ის ასახელებს, ეს არის ირაკლი ფირცხალავა. ასევე ასახელებს სხვა გვარებს. მე მივმართე სასჯელაღსრულებას და ვთხოვე, რომ უზრუნველყონ მისი სიცოცხლე. ასევე მივმართე სახალხო დამცველსაც, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. ჩემი ლიკვიდაცია გადაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წელს დაიწყო ომი და უთხრეს, რომ ახლა არ გვცალია ამისთვისო, თუმცა, ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება და როცა დაგვჭირდება შეგეხმიანებითო. ამას ამბობს ეს პატიმარი.

რამდენადაც ვიცი თქვენ მიმართეთ საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა საქმე?

– მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება არც დაწყებულა.

როგორ ფიქრობთ რატომ არ დაიწყო გამოძიება, ეს კითხვები არ გაქვთ პროკურატურასთან?

– რა თქმა უნდა, მაქვს ეს კითხვები და მიკვირს, რატომ აქამდე არაა გამოძიება დაწყებული. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის ხალხი, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში ჩადიოდნენ საშინელებებს, ისევ თანამდებობაზე არიან და როგორ გამოიძიებენ რამეს, როცა ერთმანეთის მფარველობაში არიან. იმის მაგივარად, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ, ეს მკვლელები აქეთ ჩვენ გვკვლავენ. ეს არის საშინლება. ამ წუთას მეც საფრთხის ქვეშ ვარ, დაუცველი ვარ. რაც 9 წლის მანძილზე ვერ გააკეთეს, შესაძლებელია, ახლა გააკეთონ. ყოფილი ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზდრების მშობლები, ახალი ხელისუფლების პირობებში აღმოვჩნდით ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშ.

ასეთი პოზიციაც მოვისმინეთ - რატომ უნდა მოკლას დღეს ყოფილმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები, როცა მაშინ არ გააკეთა, როცა ხელისუფლებაში იყოო...

– როგორც გითხარით, ჩემი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი, მაგრამ ომმა შეუშალათ ხელი. მერე უკვე აღარ აწყობდათ, რადგან ვითარება დაიძაბა და ჩემს ლიკვიდაციასაც შესაძლოა მოყოლოდა პროტესი, არ აწყობდათ ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ახლა პირიქით, მათ აწყობთ ხალხის ქუჩაში გამოსვლა, რომ შემდეგ მოხდეს არეულობა. დღეს უკვე აწყობთ ჩემი ლიკვიდაციაც. სწორედ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ურევია ბატონი იურას მკვლელობაში. იმ მკვლელების ხელი, ვისაც ბატონი იურა ასახელებდა.

ამ მკვლელებს შორის სახელდებოდა ირაკლი ფირცხალავა, ცააძე და .. ფირცხალავა დაასახელა ამ მკვლელობის ერთერთ ორგანიზატორად იური ვაზაგაშვილის მეუღლემაცფირცხალავამ კი ხელისუფლებას საქმის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად თქვენ თვლით, რომ კვალი მაინც აქეთკენ მიდის?

– ამას ველოდები სწორედ გამოძიებისგან. გამოიძიონ ეს საქმე და ფირცხალავაა, ცააძეა თუ ვინცაა, დაუმტკიცონ დანაშაული და მიეზღოთ საკადრისი. ის ხალხი, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე ასახელებდა ბატონი იური, ნამდვილად, რომ მაგათი ხელი ურევია ამ მკვლელობაში. ჩემდა სამწუხაროდ, ყველა ქუჩაშია. შეიმუშავეს კანონი, რომ პოლიციელს თუ არ მოეწონა ვინმე ქუჩაში ფეხით მოსიარულე, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეუძლიათ დააპატიმრონ. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ აჰყავთ ეს ხალხი გონივრული ეჭვის საფუძველზე, ესენი ქუჩაში რატომ უნდა დადიოდნენ?! ორ წელიწადნახევარი რატომ დასჭირდა იმას, რომ ის ხალხი, ვისაც ბატონი იური ასახელებდა, მიეცათ პასუხისმგებლობაში? სანამ არ მოკლეს, მანამ ყურადაც არ იღეს ბატონი იურის განცხადება. თითქოს ჩვენი ხმა არ ესმოდათ. ეს არის ამ ხელისუფლების სისუსტე და ასევე იმის შედეგი, რომ ადგილზე რჩებიან ძველი კადრები, გამომძიებლები, პოლიციის მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, რომლებმაც ნახევარი საქართველოს ბედი გაანადგურეს. ძალოვან სტრუქტურაში წამყვან თანამდებობაზე რჩება ის ხალხი, რომლებიც კლავდნენ და აწამებდნენ ჩვენს შვილებს. დასასჯელები უნდა დაისაჯონ.

როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორმა შეუშალა ხელი გამოძიებას, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ და დამნაშავეები დაესაჯათ?

– ეს ჩემთვის ძალიან გულსატკენია. მთელი 10 წლის მანძილზე ჩვენ ერთად გადავიტანეთ ძალიან ბევრი სირთულე და ვიდექით ტყვიებში და უბედურებაში. მინდა, მათ გავახსენო, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენი შვილების სურათებით ხდებოდა აქციები. ბუტას არცერთი სურათი მე არ დამიბეჭდია და არ მიმიტანია იქ, ეს მათი ნება იყო და სწორედ ამ დახოცილი ბიჭების გამო გამოვიდა ხალხი ქუჩაში. ეს ხალხი დღეს რომ ჩუმად არის, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს ის, რომ საქმეები გამოეძიებინათ. ნადვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწევდა ისევ დამნაშავეების დასჯაზე საუბარი, ბატონ იურას მოკლავდნენ და ისევ ჩვენ მოგვკალვდნენ იმის მაგივრად, რომ მკვლელები ყოფილიყვნენ დასჯილნი.

თქვენის საშუალებით კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბატონ ყოფილ პრემიერს. ბატონო ბიძინა, ბევრჯერ ვეცადე თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე. როდესაც თქვენ გამოჩნდით პოლიტიკაში, ჩვენ ვიყავით ძალაგამოცლილი, ქართველ ხალხს მომავლის იმედი აღარ გააჩნდა სააკაშვილის რეჟიმის გამო. თქვენ იყავით როგორც გვირაბში შუქი და მთელმა საზოგადოებამ ირწმუნა თქვენი, დასძლია შიში და ერთ მუშტად შეიკრა. მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და არ მინდა, რომ ასეთი გამარჯვება წავაგოთ და ისევ დავბრუნდეთ იმ საშინელებაში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია. აბსოლუტურად დაუცველები ვართ, ამ ყველაფერმა შეიძლება მიიღოს სერიული სახე. ბატონო ბიძინა, თქვენ ბევრი რამის უნარი შეგწევთ. დაბრუნდით, გადაგვარჩინეთ, ძალიან გთხოვთ.