„საფლავის დანაღმვა პროფესიონალი სამხედროს ან „სპეცნაზის“ გაკეთებულია“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. იგი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის თავიდან მოშორება ქართველი ტროცკისტების ინტერესში იყო და იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა.
იური ვაზაგაშვილის დაღუპვას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგმა ეს სიცილიური მაფიის ხელწერას მიამსგავსა, რომელიც ქართულ სინამდვილეს არ ახასიათებს და, რომელიც შვილის საფლავზე მამის ცინიკურ მკვლელობას გულისხმობს, ზოგმა კი მომხდარი იმპერსონალურ მკვლელობად მონათლა, რომელიც მიმართულია ხალხის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის გამოწვევაზე...
- ეს იყო ცინიკური ხელწერა. ნაცმოძრაობის მთავარი იდეოლოგია ტროცკიზმია, ტროცკიზმის მთავარი მოტივი კი პოლიტიკური ცინიზმის შემოტანაა. ანუ, ესენი არიან ცინიკოსი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დანაშაულს მოაწერენ ხელს. უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ეს იყო აშკარა პოლიტიკური მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ აქ ვართ. უფრო ადრე მათმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ისინი აპირებენ საქართველოში დაბრუნებას, მათ გააჩნიათ შავი სიები, რომლითაც მოვლენ ხელისუფლებაში და მოახდენენ ადამიანების ფიზიკურ ლიკვიდაციას, ეს სააკაშვილის სიტყვებია. იური ვაზაგაშვილი რეჟიმის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი იყო და ტრაგიკულად დაღუპული შვილის საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდა. იგი ერთ-ერთი თანაავტორი იყო რეჟიმის უსისხლოდ დამხობის. ამ დღეებში მე გამაკვირვა ნაცმოძრაობის მომხრეების აჟიტირებამ, სიხარულმა და დუმილმა. გამონაკლისთა გარდა, ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოსულან და არ დაუგმიათ, რომ ქართველ ადამიანს ასე ცინიკურად, საკუთარი შვილის საფლავზე გაუსწორდნენ. თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, გრძელი ენა რომ აქვს და სხვისი უფლებების დამცველად გამოდის სხვის ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში რაც ხდება, ამაზე ხმას რატომ არ იღებს? ასევეა არასამთავრობო სექტორის ბევრი ლიდერი, სხვებზე რომ წუხან, ამაზე გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ისინი არიან იური ვაზაგაშვილები. საქართველოში ხომ შარლი ებდოს დონის ტრაგედია მოხდა. მე თუ ვამბობ, რომ დღეს ვარ იური და საქართველო არის იური, გამოსულიყვნენ და მოეწყოთ თუნდაც მარში, როგორც ეს სამართლიანად გააკეთეს შარლი ებდოს ტერაქტთან დაკავშირებით. ეს მაეჭვებს და მაძლევს გონივრულ საფუძველს, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ნაცმოძრაობის და მათი გასამხედროებული ფორმირებების კვალი შეინიშნება. მათ მოტივი ჰქონდათ, რადგან „სამართალდამცავთა ლიგა“ და სხვა მათი გასამხედროებული ფორმირებები ოფიციალურად იყვნენ ბრალდებულნი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაკეთებულია შს სამინისტროს ძველი კადრების, ე.წ. მეხუთე კოლონის მიერ, რადგან იური ვაზაგაშვილმა მათ შესახებ ისეთი კომპრომატი მოიძია... არ გამიკვირდება, ეს დაკავშირებული იყოს მძიმე დანაშაულებთან, ნარკოტიკებთან. ასე რომ, მხილება მათთვის იქნებოდა სასიკვდილო განაჩენი. ისინი ასრულებდნენ წინა რეჟიმის სისხლიან ბრძანებებს და საეჭვოა, დღემდე რატომ არიან ეს ადამიანები ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე? ამას სისტემური ხასიათი აქვს. ისინი პოლიტპატიმრებს აწამებდნენ, გარეულნი იყვნენ სერგო თეთრაძის, მამუკა ზერეკიძის მკვლელობაში. იური ვაზაგაშვილი მათი ვინაობის გამხელას აპირებდა. რაც შეეხება პირველ ვერსიას, რომ ეს იყო საზოგადოებაში არეულობის შემოსატანად, შეგახსენებთ, სანამ მოხდებოდა იური ვაზაგაშვილის სადისტური მკვლელობა, მანამდე, 2015 წლის დაწყებისთანავე განხორციელდა მეორე ტერაქტი - კიბერშტევა სამოქალაქო პრესაზე, ანუ იმ მასმედიაზე, რომლებიც ანტინაცისტური ორიენტაციის იყვნენ. მინდა, ეს ერთ ჯაჭვში განვიხილო. იური ვაზაგაშვილის მკვლელობაც გარკვეული ძალების პოლიტიკური მესიჯი იყო, რომლებსაც უკვე გაუჩნდათ პლაცდარმი ქვეყნის გარეთ და მათ მიერ დაანონსდა მაიდნის ტიპის რევოლუცია და ხელისუფლების დამხობის სურვილი.
თუკი მოხდა იმპერსონალური მკვლელობა, რომელიც მოტივირებულია ხალხთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის მოხდენაზე და შეშინებული ხალხის ადვილად მართვაზე, ვინ უნდა მდგარიყო ამის უკან - რუსული ინტერესი?! სხვათა შორის, იმავე შარლი ებდოს ტრაგედიის უკან კრემლის შესაძლო ინტერესს არ გამორიცხავენ.
- არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, მაგრამ რუსულ კვალზე საუბარი აქცენტის გადატანა მგონია. რუსეთს არ სჭირდება ასეთი რამის გაკეთება, მას ისედაც აქვს ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ. შეუძლია, უშუალოდ განახორციელოს არეულობა, მას გააჩნია სამხედრო პოტენციალი მცოცავი ოკუპაციის სახით, თუნდაც სამხედრო დაჯგუფებების გაზრდით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. მეორე მომენტია, რომ ნაცმოძრაობის გარკვეული ჯგუფის და რუსული ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
ნაცმოძრაობაში იყვნენ ჯგუფები, რომლებიც რუსულ ინტერსს ემსახურებოდნენ, იმავე ბაჩო ახალაიასა და მერაბიშვილის დაჯგუფება. ლაფანყურის სპეცოპერაცია რუსულ სპეცსამსახურებს აწყობდათ. შეგახსენებთ, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაიღუპა დუკვანა დუშუევი, რომელზეც რუსულ ფედერალურ სამსახურს ნამდვილი ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული, ის იყო რუსეთის მტერი, იგი მოკლეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ვანო მერაბიშვილის უშუალო ბრძანებით. ბუნებრივია, შესაძლოა, შიდა ძალების დაინტერესებაცაა, საქართველოში მოხდეს არეულობა, რომელიც ინსპირირებული იყოს გარე ძალების მიერ და მათი ინტერესი ერთმანეთს დაემთხვას.
რაც შეეხება შარლი ებდოს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები პროფესიულ დონეზე არიან, მათ მაინც გამორჩათ აღნიშნული ტერაქტის შესახებ, ეს მათ კვალიფიკაციას არ აჩვენებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სერგეი ლავროვს არავინ მიიწვევდა სოლიდარობის მარშზე. ასე რომ, ეს შეთქმულების თეორიაა. რუსეთი ჩემი მტერია, რადგან იგი ჩემი სამშობლოს მტერია, მაგრამ რუსეთი დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. თუ ვიღაც ცდილობს, გააკეთოს თვალის ახვევა და რუსეთზე გადაიტანოს აქცენტი, ამ ადამიანებმა რუსულ სპეცსამსახურებთან თავიანთი კავშირი გაიხსენონ, რისი ბევრი დამადასტურებელიც არსებობს.
ირაკლი სესიაშვილიც ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი საოკუპაციო ზონიდან მოქმედებდა, რადგან მკვლელობის ადგილი მდებარეობს საოკუპაციო ზოლთან.
- აქ მთავარი არ არის, ვინ შეასრულა მკვლელობა. შეიძლება, დაქირავებული მკვლელი და პროფესიონალი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, მაგრამ მთავარია, დამკვეთი. დამკვეთი რომ საქართველოში იმყოფება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ ვიცით, რომ პალესტინის რადიკალური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას ტერორისტულ ქმედებებში გარკვეული ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით, რაც ზოგჯერ ეწინააღმდეგება მათ პირად ქმედებებს. ავიღოთ ალი აგჯას მაგალითი. ის იყო რადიკალური ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი, მაგრამ მან მონაწილეობა მიიღო 1981 წლის 13 მაისს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ თავდასხმაში იოანე-პავლე მეორეზე, მაშინ, როცა „რუხი მგლები“ ფორმალურად იყო ანტისაბჭოთა და ანტიმემარცხენე ტიპის ტერორისტული ორგანიზაცია. იოანე-პავლე მეორე საკმაოდ მკვეთრი ანტისაბჭოთა განცხადებებით გამოდიოდა და მათ არ აწყობდათ ასეთი ტიპის საზოგადო მოღვაწის ვატიკანში ყოფნა.
ეს იყო ქარხნული წარმოების ბომბი, პროკურატურაც ადასტურებს, რომ ვაზაგაშვილის საქმეში სპეციალისტის ხელწერა აშკარაა.
- ამ საქმეში სამხედრო პროფესიონალი იყო ჩარეული. იური ვაზაგაშვილზე არა მარტო გარე მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, არამედ ხორციელდებოდა სატელეფონო მოსმენები. ამაზეა გასამახვილებელი ყურადღება. ყველაფერი იცოდნენ, მათ შესწავლილი ჰქონდათ იური ვაზაგაშვილის გაადგილების მარშრუტი იმაზე უკეთ, ვიდრე ბატონ იურის შეეძლო წარმოედგინა, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ჰქონდათ შესწავლილი, აქ მაღალი დონის პროფესიონალი ტერორისტების კვალი იკვეთება. ელემენტარულად, ეს ტერაქტი დაგეგმილია, სულ მცირე, სამი თვის წინ.
ვაზაგაშვილ-ივანიშვილის შეხვედრის მეთვალყურეობა-მოსმენასაც ახდენდნენ?
- იგივე ვალერი ზუმბაძის ამბავი, რომელიც ამერიკის ცნობილმა გამოცემამ დაადანაშაულა საერთაშორისო ტერორისტებთან ურთიერთობაში, დღეს არის შს სამინისტროს კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი. იგი უშუალოდ მხილებულია სერგო თეთრაძის მკვლელობასა და ბევრი პოლიტპატიმრის წამებაში. ასეთ ადამიანებს ასახელებდა იური ვაზაგაშვილიც. არ ვიცი, ისმინებოდა თუ არა ვაზაგაშვილ-ივანიშვილის საუბარი, მაგრამ ვაზაგაშვილის ყველა საუბარი რომ ისმინებოდა, ეს ფაქტია.
ეს იქნება ერთჯერადი თუ მრავალჯერადი ტერაქტი?
- ბუნებრივია, როცა არის პოლიტიკური მესიჯი, შესაძლებელია, კიდევ გაგრძელდეს. არცერთი ადამიანი არ არის დაცული, მათ შორის, -ყოფილი პოლიტპატიმრები.
ხელისუფლება, კონკრეტულად, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ამ ტერაქტით მათი გაჩერება უნდათ, რათა არ გამოიძიონ ნაციონალების დროინდელი ჩაფარცხული საქმეები.
- თუ ხელისუფლებას უნდა, არ გამოიძოს ჩაფარცხული საქმეები, ეს სხვა საქმეა. ეს პოლიტიკური უვიცობის გამომჟღავნებაა. თვითონ გამოძიება მცდარი ვერსიით წავიდა, არასწორადაა კვალიფიცირებული აღნიშნული ქმედება. ამ ქმედებას ტერაქტის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა. 323-ე მუხლი და 326-ე-ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამაში ჩანს ჩვენი პროკურატურის არაპროფესიონალიზმი.
არაფორმალური ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი სახალხო ლაშქრის ჩამოყალიბებას აპირებდა.
- როგორც ჩანს, ბატონი იური საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებდა წინააღმდეგობის კუთხით. ეს საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული.
ამბობენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ამ ხელისუფლებისთვის უფრო საბედისწერო იქნება, ვიდრე მისი ვაჟის მკვლელობა -ნაციონალებისთვის. ხელისუფლების გადადგომით აქციები დაიწყება, ავტორიტეტების ნაკლებობა კი ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი გახდება.
- იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ხელისუფლებისთვის მწვავე გაკვეთილი უნდა იყოს, ხელისუფლება დროულად უნდა გამოფხიზლდეს. არაპროფესიონალიზმმა და პოლიტიკურმა უვიცობამ ქვეყანა ტრაგიკულ შედეგამდე მიიყვანა. იური ვაზაგაშვილის დაღუპვაც ამ უნიათო პოლიტიკის შედეგია. ჯერ ვნახოთ, როგორ გამოიძიებენ ამ საქმეს, გადადგომის მოთხოვნით გამოსვლები და დესტრუქციული ქმედებები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორგანიზატორების წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვითხოვოთ. თუ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია ეფექტური მართვა, მაშინ მოვიდეს ახალი ხელისუფლება.