„სომხებს აკადემიურად უნდა დავუმტკიცოთ, რომ სადავო ეკლესიების რიცხვი გაზვიადებულია“

„სომხებს აკადემიურად უნდა დავუმტკიცოთ, რომ სადავო ეკლესიების რიცხვი გაზვიადებულია“

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხეთის ეპარქიის კუთვნილ ტაძრებად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.

თავის მხრივ, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში ირწმუნებიან, რომ სომხეთს იუნესკოსთვის არ მიუმართავს და ამ ინფორმაციის გავრცელება საქართველო-სომხეთის საერთო მტრების სურვილია.

სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლევონ ისახანიანი ამ ინფორმაციის აბსურდულობაზე საუბრობს: „ეს არის სრული ტყუილი, სომხურ მხარეს იუნესკოსთვის მსგავსი სახის თხოვნით რომ მიემართა, ეს ჩვენს გარეშე ვერ მოხდებოდა“.

აღნიშნულ ინფორმაციას ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ საქართველოში, თუმცა მიიჩნევენ, რომ იუნესკო არ არის ზუსტი ადრესატი, სადაც სომხებს მიმართვის წერილი უნდა გაეგზავნათ.

„იუნესკო არ არის სასამართლო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების გადაწყვეტა შეუძლია“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, რომ სომხებს სურთ გარკვეული ეკლესიების გადაცემა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩასატარებელია სრულფასოვანი და მასშტაბური კვლევა. მართალია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სომხური ეკლესიები, მაგრამ, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ბევრი არ იქნება. ამიტომ ნაადრევია საპასუხო ზომებზე საუბარი, რაც ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს.

არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სომხები ამჯერად არა 450, არამედ-442 ეკლესიას არაარგუმენტირებულად ითხოვენ. ამის დასტურია საქართველოს სომხური ეპარქიის ეპისკოპოსის -ვაზგენ მირზახანიანის 12 დეკემბრის მიმართვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისადმი და მოთხოვნა, სომხებისთვის 442 მოქმედი თუ უმოქმედო ეკლესია გადაეცათ, თავისი მიწებით. აღნიშნული წერილი მოგვიანებით გადასცეს კულტურის სამინისტროს. სწორედ ამ განცხადებას ახლავს 442 ეკლესიის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს რაიონების მიხედვითაა დაწყობილი.

„დასაბუთებული არ აქვთ, რატომ არის ესა თუ ის ძეგლი სომხური?! მაინცდამაინც 442 სომხური ეკლესია კი იქიდან „გამოთვალეს“, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს ერევანში გამოვიდა სამოველ კარაპეტიანის რუკა-ცნობარი -„სომხური ეკლესიები საქართველოში“, სადაც 653 „სომხური ეკლესია“ დააფიქსირეს. 80% ქართული ეკლესიები ჰქონდათ გადატანილი სომხურად. მათ პასუხი გავეცი და 1996 წელს გამოვეცი წიგნი - „სომხური“ თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!“ სხვათა შორის, იქ კუმურდოა შეტანილი, ასევე,-თბილისის ეკლესიები-ნორაშენი, სურბშანი, სურბგევორქი, ბეთლემი. ამის მტკიცებას აზრი არ აქვს, ესენი ქართული ძეგლებია. მაგალითად, სურბშანის ეკლესია 1703 წლამდე ქართული იყო, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის, მერე მოხვდა სომხების ხელში. რატომ ვერ იჯერებენ მათ რეალურ წარმომავლობას, ვერ გეტყვით. სწორედ ამისთვის შეიქმნა კომისია. ის დაიწყებს მუშაობას და სომხებს აკადემიურად უნდა დავუმტკიცოთ, რომ სადავო ეკლესიები გაზვიადებულია. ახლა იუნესკოში რომ ჩივიან, იუნესკო სასამართლო არ არის, იუნესკო ადგენს ძეგლთა რესტავრაციის, განახლების საკითხს“, -აღნიშნა ბონდო არველაძემ, რომლის თქმითაც, სომხები მეტისმეტად ბევრ სომხურ ეკლესიას „აღმოგვიჩენენ“ ხოლმე და, თუ მათ ლოგიკას მივყვებით, გამოდის, სომხებს კი არ უცხოვრიათ ქართულ მიწაზე, არამედ, პირიქით - ქართველები შეუხიზნავთ. ეს მაშინ, როცა ქართული ეკლესიის წყობა არანაირად არ ჰგავს გრიგორიანულს - ჩვენი ეკლესიის აღნაგობა ჰაეროვანია და ჩვენი წინაპრები ჩუქურთმას მეორად დატვირთვას ანიჭებდნენ. იქ კი პირიქითაა. მეტიც, როცა სომხები ქართველების სულიერ საუნჯეს ისაკუთრებდნენ, საკურთხეველს მაღლა სწევდნენ და სომხურ ჯვრებს გამოსახავდნენ ქართულის ნაცვლად.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ურთულეს საკითხად მიიჩნევს სადავო ქართულ-სომხური ეკლესიების საკითხს, რადგან წლების განმავლობაში თემის ფალსიფიცირება ხდებოდა. For.ge-სთან საუბარში არქიტექტორი განმარტავს, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს სომხური ძეგლებიც, მაგრამ ამხელა ციფრი საიდან მოიტანეს, მისთვის გაუგებარია.

„450 სომხური ეკლესია აბსურდია. ძირითადად ფალსიფიცირების შედეგადაა. ამას სჭირდება მყარი მეცნიერული შესწავლა, რისთვისაც სახელმწიფომ არ უნდა დაინანოს სახსრები, ექსპერტები მიიწვიოს ამ საკითხზე. საკითხი ერთხელ და სამუდამოდ რომ მოიხსნას, ჩვენ გვჭირდება ექსპერტების მონაწილეობა. თუ რატომ აქტიურდებიან სომხები პერიოდულად, ამას თავისებური ახსნა აქვს. მათთვის სასურველი პოლიტიკური კონიუნქტურა როცა არის, მაშინ ხდება ამ თემის წამოწევა. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების სისუსტე დაინახეს და ფიქრობენ, რომ მსოფლიოშიც მხარს დაუჭერენ. როცა ჩვენი მეზობლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ჩვენც ვალდებულნი ვართ, შესაბამისი პასუხი გავცეთ“, -აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

„ICOMOS საქართველოს“ აღმასულებელი დირექტორი ნატო ცინცაბაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს იუნესკოს საქმე არაა და ნებისმიერმა ქართველმა საფრანგეთში 800 ძეგლი ქართულად რომ გამოაცხადოს და საამისო მოთხოვნა გაგზავნოს იუნესკოში, მას ვინმე მოუსმენს? ძეგლების კუთვნილება ხომ სახელმწიფოთაშორისი საკითხია, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და მეცნიერების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს და არა- იუნესკოში?!

„ჯერ ერთი, რას ჰქვია სომხური ტაძრები? საქართველოს ტერიტორიაზე თუ არსებობს სომხური იდენტობის, წარმომავლობის ეკლესია, ეს არ ნიშნავს, რომ ის სომხურია. ეს არის საქართველოში არსებული სომხური ეკლესია, ამიტომ რას ნიშნავს მათი პრეტენზია? ჩემი სომეხი მოქალაქე ჩემს ტერიტორიაზე თუკი ეკლესიას აშენებს, ის სომხურია? როცა 450 სომხურ ეკლესიაზეა საუბარი, ალბათ, ეს გადაჭარბებულია. ეს ხელოვნებათმოცდნეებმა დაადასტურონ. ახლა ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობს საქართველოში, ისტორიულადაც ბევრი მათგანი ცხოვრობდა და რა გასარკვირია, რომ იყოს სომხური ეკლესიები საქართველოში. კარგია, რომ არის კიდეც ასეთი ეკლესიები, მაგრამ 400 რომ არ არის და არც 450, ესეც ფაქტია. ეს არ არის საჩხუბარი, ეს არის სამეცნიერო კონფერენციების თემა, რომელსაც არ უნდა პოლიტიკური კუდის გამობმა“.