იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს. პროცედურები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახის მოთხოვნით ცხედრის ექსპერტიზაში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფ1აქტთან დაკავშირებით დაკითხა ორი მესაფლავე. გარდა ამისა, გუშინვე მოხდა იური ვაზაგაშვილის ავტომანქანის დათვალიერება. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრაგედიის ადგილის დათვალიერება, რომელიც დღესაც გრძელდება.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მთავარი პროკურატურა მკვლელობის ვერსიებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. თუმცა, მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად ჩაივლის და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვინმეს ბრალეულობა ეს აუცილებლად დადგინდება. შოთაძე კომენტარს არც სავარაუდო ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით აკეთებს.
თუმცა, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესაფლავეებთან ერთად, დაკითხულია რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელიც. გარდაცვლილის მეუღლემ, ციალა ვაზაგაშვილმა დაასახელა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც შესაძლებელია პირდაპირი კავშირი ჰქონდეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან - ეს ადამიანი კი პოლიციის ყოფილი მაღალაჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავაა.
„ბოლო იმედი ფირცხალავამ მომიკლა. ყველამ გაიგოს - ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა“, - განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა. სწორედ ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებდა იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელობაში.
რა მოხდა რეალურად და ვინ დგას 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში მომხდარი მკვლელობის უკან, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა, უკვე ვრცელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივიც. ადვოკატი ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც კავშირშია კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არსებულ ახალ გარემოებებთან.
„ის, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული მკვლელობა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ვინც იცნობდა იური ვაზაგაშვილს, იცის, რომ ის თავს არ მოიკლავდა და მით უფრო - ახლა, როცა რეალურად ზურას საქმეში გამოჩნდა ისეთი ტიპის მტკიცებულელები, რაც ნათელს მოჰფენდა ამ საქმეს. უახლოეს ერთ კვირაში ეს საქმე უნდა დასრულებულიყო. ტექნიკურ დეტალებს და ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებოდით. როგორც ჩანს, ინფორმაციის გაჟონვა მოხდა პროკურატურიდან და იმ ადამიანებმა, რომლებმაც იგრძნეს მოსალოდნელი საფრთხე, გააკეთეს ეს საშინელება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
კითხვაზე, საქმეში არსებული ახალი დეტალები იყო თუ არა რამდენიმე დღის წინ იური ვაზაგაშვილის მიერ გახმაურებული საქმეში აღმოჩენილ ახალ მტკიცებულებები, რომლიც ადვოკატებმა პროკურატურაში წარადგინეს და რომლის მიხედვით დასტურდება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ახლოდან ნასროლი ტყვიით არის მოკლული, ადვოტაკის განცხადებით, საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს.
„არა მარტო ის ფოტოები, არამედ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები. უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ ვისაუბრებ, არ გვინდა, რომ ხელი შევუშალოთ გამოძიებას და დამნაშავეებმა დატოვონ საქართველო, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს ადვოკატი, რომლის განცხადებით, იმისათვის, რომ დამნაშავეებმა ვერ შეძლონ საქართველოს დატოვება საზღვრები მკაცრად იქნება გაკონტროლებული.
„ეს საკითხი მკაცრად იქნება გაკონტროლებული. მე შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ისინი ვერ შეძლებენ საქართველოს დატოვებას“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება სავარაუდო მკვლელის ვინაობას და ვის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია პროკურატურიდან, ადვოკატი ამბობს: „რეალურად ყველამ იცის, რომ შსს-ში და პროკურატურაში არ განხორციელებულა საკადრო ცვლილებები. ყველა ძველი თანამშრომელი ისევ მუშაობს და მათ შორის არიან ისინი, ვინც 2 მაისს კორტების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.
აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა ხვდებიან, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ საგამაოძებო მუშაობები მიმდინარეობდა ისინი არ გამოიტანდნენ ინფორმაციას და არ გააფრთხილებდნენ ვიღაც-ვიღაცეებს? ამიტომ ითხოვდა ბატონი იური ამ ადამიანების (რომელებიც ამ სპეცოპერაციაში პირდაპირ მონაწილეობდნენ), სამსახურიდან განთავისუფლებას და დაკავებას.
მე მინდა გარანტია მივცე მკვლელებს, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. დაისჯებიან როგორც ზურას, ასევე ბატონი იურის მკვლელები. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, მისი სახელი არა მარტო გუშინ დავასახელეთ, ირაკლი ფირცხალავას ვასახელებთ 2006 წლის 2 მაისიდანვე. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამ საქმეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.
ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ გამოძიების სწორად წარმართვისა და თითოეული დეტალის ობიექტურად შეფასების შემთხვევაში, სიმართლე დადგინდება.
„ფაქტია, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ აწყობდათ ის რასაც აკეთებდა ბატონი იური მკვლელების დასასჯელად, არ სიამოვნებდათ მის მერ გადადგმული ნაბიჯები და მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა - საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, ზაზა ალთუნაშვილი რომელიც საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთო, აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის საფლავზე ქარხნული წარმოების საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მისი თქმით, ამოღებული იქნა ბევრი ნივთმტკიცება, რომელთა შეფასებები ერთობლიობაში საშუალებას მისცემს მხარეს, რომ დადგინდეს თუ რა ვითარებაში და გარემოებაში მოხდა აფეთქება.
„დადგინდა, რომ ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს არის ქარხნული წარმოების საბრძოლო მასალა. დამატებითი კვლევის დროს დადგინდება რა მოდელზეა საუბარი. ეს გააკეთა მცოდნენ, ვისაც შეხება აქვს ასეთი სახის შეიარაღებასთან. ვისაც ასეთი სახის იარაღთან შეხება არ აქვს, ის ამას ვერ გააკეთებდა. ჩატარდა ექსპერტიზა თუ რა მდგომარეობაში იყო შესაძლებელი მომხდარიყო ის, რაც მოხდა. შესწავლილი იქნა დეტალები. საჭიროა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ ერთობლიობაში დადგეს სრული სურათი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა რა მოხდა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ჯერჯერობით საქმეში არაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ალთუნაშვილმა.