იური ვაზაგაშვილი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და საქმეში უცხოელი კონსულტანტების ჩართვას ითხოვდა

იური ვაზაგაშვილი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და საქმეში უცხოელი კონსულტანტების ჩართვას ითხოვდა

„ბოლო იმედი ფირცხალავამ მომიკლა. ყველამ გაიგოს - ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა“, - ამ სიტყვების ავტორი, იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილია. ყარაფილას სასაფლაოზე მისული ციალა ვაზაგაშვილი მეუღლის მკვლეობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელები ვაზაგაშვილს სასაფლაოზე ჩაუსაფრდნენ.

სწორედ ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებდა იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელობაში. შსს-ს მიერ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი საგამოძიებო უწყებისგან 2 წელი საქმის გამოძიებას ითხოვდა. როგორც ის ამბობდა, ნაცვლად მკვლელების დასჯისა და საქმის გამოძიებისა, მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ახალი ხელისუფლების პირობებში ისევ შსს-ში წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ. ის ღიად აცხადებდა, რომ ამ ადამიანებს ახალი ხელისუფლების პირობებში ხელს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აფარებდა.

შსს-თან ერთად, იური ვაზაგაშვილს პრეტენზიები ჰქონდა პროკურატურასთან და შვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში გამომძიებელ კვინიკაძეს ადანაშაულებდა და პროკურატურის მხრიდან, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში უმოქმედობის გამო, საქმეში უცხოელი კონსულტანტების ჩართვას ითხოვდა.

„ხალხი დღემდე თხოულობს ახალი ხელისუფლების დანაპირების ასრულებას, მაგრამ ის დანაშაულებრივი პირები დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ და ეს დაზარალებულ ადამიანებს საშინლად აღიზიანებთ. არ ვენდობით პროკურატურას, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან, რომ უზრუნველყონ ამ ჯგუფის და უცხოელი ექსპერტების შეხვედრა. დადგა მომენტი, როცა შეგვიძლია ევროპას ვამცნოთ როგორ უმოქმედოდ არის ხელისუფლება და ისევ ნავარდობენ დამნაშავე ჩინოსნები“, - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.

იური ვაზაგაშვილს საქმის გამოძიების მოთხოვნით ბოლო შეხვედრა პროკურატურაში 2014 წლის 28 ნოემბერს ჰქონდა. იური ვაზაგაშვილმა პროკურატურას მისი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად 10-დღიან ვადა მისცა.

„მე შევხვდი სამძებროს უფროსს, ვასაძეს და გამომძიებლებს ჩემი შვილის, ზურას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა და მივეცით ათდღიანი ვადა, რომ დაგვახვედროს საქმე გამოძიებული, თუ არადა, სხვანაირად ვიწყებთ მოქმედებას“, - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.

ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას მისიული მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძ ირწმუნებოდა, რომ გარდაცვლილს პროკურატურასთან პრეტენზიები არ ჰქონდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შოთაძე ვერსიებზე არ ლაპარაკობს.

„იური ვაზაგაშვილთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რადგან გარდაცვლილი, ადვოკატებთან ერთად, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული. მე პირადად სიტყვა მივეცი ბატონ იურის, რომ მისი შვილის საქმეზე დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებოდნენ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ აღნიშნული საქმე ბოლოშია მიყვანილი და ყველა პიროვნება, ვისაც ბრალი მიუძღვის კონკრეტულად მისი შვილის გარდაცვალებაში, კანონის სრული სიმკაცრით აუცილებლად აგებს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განმარტებით, ხელისუფლების და სამართალდამცავი სისტემის პრესტიჟის საქმეა, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე უმოკლეს ვადებში გაიხსნას. კახიშვილი ვარაუდობს, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი გამოძებით შორს წავიდა და რაღაც სახის მტკიცებულებები ჰქონდა.

„ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურების პრესტიჟის საქმეა, ეს ფაქტი უმოკლეს ვადებში გაიხსნას და დამკვეთებთან ერთად, დაისაჯონ ისინი, ვინც ამას უშუალოდ ახორციელებდა. როგორც ჩანს, ბატონი იური ვაზაგაშვილი საკუთარი გამოძიებით შორს წავიდა და რაღაც ტიპის მტკიცებულებები ჰქონდა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პროკურატურასაც აქვს გამყარებული საქმე და უნდა დაწყებულიყო სასამართლო პროცესი“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

საქმის გამოძიების უმოკლეს ვადებში დასრულებას მოითხოვს მთავარი პროკურატურისგან პრემიერ-მინისტრი.

„მივმართავ პროკურატურას, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურამ უსწრაფესად უნდა დადოს შედეგი.

„ვინც ეს ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები უმკაცრეს პასუხს მიაგებენ. ჩემი მხრიდან კი, ამავე ადამიანებს მინდა დავპირდე, რომ სტრასბურგში იური ვაზაგაშვილის მიერ დაწყებული საქმე, დიახ, მივა ბოლომდე. იური ვაზაგაშვილის შვილის საქმეზე გამოძიება საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქმის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს ოპოზიცია. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი განცხადებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული.

„ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას. დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იური ვაზაგაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტთან ერთად, კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთ იმ მთავარ მოწმეს უნდა გასაუბრებოდა, რომელმაც 9 წლის შემდეგ, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი გარემოებების გამჟღავნება გადაწყვიტა. 

საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარებიდან და დაკითხვიდან მალე საქართველო დატოვა.

„აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე გვესაუბრა. დღეს - საღამოს 8 საათზე უნდა შევხვედროდით. უნდა ჩაგვეწერა მოწმე, რომელსაც, ბატონი იურის თქმით, თავის დროზე გამოძიებამ ფიზიკური ზეწოლით მიაცემინა ჩვენება ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის წინააღმდეგ. მოწმის ვინაობა არ გაგვიმხილა. სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ისევ გვითხრა, რომ მოწმე თანახმა იყო ჩაწერაზე. სამუდამოდ დამალული დარჩება ამ მოწმის ვინაობა ჟურნალისტურ გამოძიებას კი აუცილებლად გავაკეთებთ და ის ორშაბათს გავა მეორე არხის ეთერში“, - ამბობს მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.