ქართული „კრიმინალური ისტორიები“

ქართული „კრიმინალური ისტორიები“

საკვირაო-სახალისო გამოშვებების რამდენიმე მასალა რუსეთში მოღვაწე თანამემამულე სამართალდამცავებს მივუძღვენი. დღეს ამ სასიამოვნო ტრადიციას გავაგრძელებ, ოღონდ მკითხველის სამსჯავროზე წინა საუკუნის 80-90-იან წლებში, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებულ რამდენიმე კრიმინალურ შემთხვევას გამოვიტან. რასაკვირველია ეს ისტორიები „სახალისოთა“ ჟანრს მიეკუთვნება. იმედია მისი წამკითხავი გარკვეულწილად იხალისებს და მომდევნო სამუშაო კვირას კარგ განწყობაზე შეხვდება.

თავდაპირველად სიტყვას მილიციის პოლკოვნიკ ზურაბ დადიანს გადავცემ.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისია. ახალგაზრდა ოპერი ვარ და კალინინის (ამჟამად მთაწმინდის) რაიონის მილიციაში ვმუშაობ. დაახლოებით საღამოს 9 საათზე განყოფილებაში ხანში შესული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი მოვიდნენ. მამაკაცი ძალიან აღელვებული იყო. გაგვეცნო, როგორც ყოფილი ომის მონაწილე, პოლკოვნიკი, საკავშირო მნიშვნელობის პენსიონერი, მრავალი ჯილდოს მფლობელი და აღელვებულმა გვითხრა:

- მე და ჩემი მეუღლე ფუნიკულიორიდან ფეხით ვეშვებოდით. შუა გზაში ვიღაც ბანდიტები დაგვხვდნენ და გაგვძარცვეს. ფული ჯანდაბას, მაგრამ ბერლინიდან წამოღებული ქარვის „ტროფეინი“ მუნდშტუკი წამართვეს და გაიქცნენ. სასწრაფოდ დამეხმარეთ, თორემ მოსკოვში გიჩივლებთ და ყველას თავებს დაგაყრევინებთო.

ისეთი დრო იყო, რომ ნაპოლკოვნიკარი რუსი ნამდვილად შეგვისრულებდა მუქარას და დავტრიალდით. ხოლო მილიციის უფროსმა მომჩივანს უთხრა:

- ზუსტად დაგვიწერეთ, რა დაკარგეთო.

- ფული - 30 მანეთი, სავარცხელი და რაც მთავარია, მუნდშტუკი, - თავი გააქნია რუსმა და დაამატა, - კიდევ ჩემი ცოლი გააუპატიურესო...

გაუპატიურება სერიოზული დანაშაული იყო და რამდენიმე ოპერჯგუფმა, სულ რაღაც, ნახევარ საათში მთელი იმ უბნის „შპანა“ მოიყვანა და პოლკოვნიკის ახალგაზრდა, მომხიბვლელ მეუღლეს თხუთმეტი ყმაწვილი წარმოუდგინეს ამოსაცნობად. საკმარისი იყო, ქალს ვინმესთვის ხელი დაედო, რომ ყმაწვილს დიდი სასჯელი არ ასცდებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პოლკოვნიკი ერთ-ერთ ოპერჯგუფს გაჰყვა ფუნიკულიორის შუა გაჩერებაზე, შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად და სამსაათიანი ძებნის შემდეგ ელექტრონათურების დახმარებით მათ ქარვის „ტრაფეინი“ მუნდშტუკი იპოვეს. განყოფილებაში დაბრუნებული რუსი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა და ცოლს ახარა აღმოჩენის შესახებ. ცოლი კი, რომელიც ამოსაცნობ ბიჭებთან ცალკე ოთახში „საგამოძიებო ექსპერიმენტს“ ატარებდა, მოღიმარი შეხვდა ქმარს, მუნდშტუკის პოვნა მიულოცა. ბიჭებზე კი თქვა: „ესენი არ ყოფილანო“ და ხნიერ ქმართან ერთად კმაყოფილმა დატოვა მილიცია...“

ბატონ ზურაბს იმდროინდელი მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მოდებაძე შეენაცვლება.

„შევარდნაძის პერიოდია. ქალაქის მერი ვანო ზოდელავაა და ის დროა, როცა თბილისში დღეში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა ხდება. მაშინ ქალაქის მილიციის სამმართველოს „სპეცნაზს“ ვმეთაურობდი და მთელი დღე ხან ერთ ადგილზე გვქონდა გასვლა, ხან - მეორეზე. სამსახურში ახალდაბრუნებულები ვიყავით, როდესაც მერიიდან დაგვირეკეს და მრავალშვილიანი დედების აქციაზე გამოგვიძახეს. მოვედით. თავისუფლების მოედანი ოთხასამდე ქალს აქვს გადაკეტილი, მერიაში შეჭრას ცდილობენ და ზოდელავას საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან. მე რომ დამინახეს, შემომიტრიალდნენ და ლანძღვა დამიწყეს. ამ ქალებს ერთი დოდო ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, რვა შვილი ჰყავდა. დოდო ჩემთან მოვარდა და აღრიალდა:

- ზოდელავა იუდა! ზოდელავა იუდა!

- ზოდელავასთან რა გინდა, ქალო, რა დაგიშავა-მეთქი?

- რვა შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდათ, ზოდელავა კი დახმარებას არ მაძლევსო.

- კარგი, დაწყნარდი, - ვუთხარი მე, - ოთხი ქალი შედით და მერს დაელაპარაკეთ, ყველას ვერ შეგიშვებთ-მეთქი.

დოდომ კი ხმას აუწია და უფრო ხმამაღლა აყვირდა:

- ან ყველა შევალთ, ან აქაურობას ავაფეთქებთ!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალები ვერ წყნარდებოდნენ, რადგან მათ დოდო აღიზიანებდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი:

- ქალო, სულ მაგ საოხრეზე რომ ზიხარ, სკამზე გადმოჯექი, შენც დაისვენებ, შენი შვილებიც და ვანო ზოდელავაც-მეთქი.

ჩემს სიტყვებზე ქალებს სიცილი აუტყდათ და ზოდელავასთან ოთხკაციანი ჯგუფის შესვლაზე დამთანხმდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ ვითომ რვაშვილიანი დოდო საერთოდ უშვილო აღმოჩნდა და ქალების აქციას ერთ-ერთი პარტიის დავალებით ატარებდა ხოლმე...“

მილიციის უფროსი ლეიტენანტი კახაბერ ჩხოტუა ერთხელ ისეთ „ისტორიაში“ აღმოჩნდა, რომ მისი თავგადასავლის შესახებ ფილმს თავად პოპულარული ჰოლივუდელი კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი გადაიღებდა.

„მე და ჩემი სამი თანამშრომელი ზუგდიდში ვიმყოფებოდით მეგობრებთან და სუფრა გაგვიშალეს. ნასვამები ვიყავით და უკან რომ წამოვედით, გზაში ჩაგვთვლიმა. ჩრდილო ოსეთის ნომრიანი „ჟიგულით“ ვმოძრაობდით, რადგან პატრონს მანქანა ახალი ჩამოყვანილი ჰყავდა. დაახლოებით, თხუთმეტი წუთია გასული და ჩვენი მასპინძლის შეშფოთებული ხმა გვესმის, რომელიც ჩვენთან ერთად ბრუნდებოდა თბილისში:

- გალში ვართ, გზა შეგეშალაო...

 

როგორც ეტყობა, ჩრდილო ოსეთის ნომრები რომ გვქონდა, ქართველებმაც და აფხაზებმაც იმიტომ გაგვატარეს თავ-თავიანთ პოსტებზე, მაგრამ უკან დაბრუნება არ გინდა? თანაც, ყველას იარაღი გვაქვს და რომ გაგვაჩერონ და გაგვჩხრიკონ, დიდი შარი არ აგვცდება. ამიტომ, მანქანა გავაჩერეთ და გალიდან მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსს, მერაბ ბაღათურიას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, ანუ ყოველი შემთხვევისთვის, გავაფრთხილე. იმას კი ხუმრობა ეგონა და მითხრა, ბარემ გალში ხართ, მისამართს მოგცემთ და ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი ამოიღეთ ერთი ბინიდანო. ვიღაც გალელი ბიჭი ჰყოლია დაჭერილი მერაბს და იმას უთქვამს, ნაქურდალი გალში მაქვსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღნიშნულ მისამართზე მივედით, მუსიკალური ცენტრი მანქანაში ჩავდეთ, უკან გამოვბრუნდით. პოსტებიც კვლავ უპრობლემოდ გამოვიარეთ და სამმართველოში რომ გალიდან წამოღებული ნაქურდალი მუსიკალური ცენტრი მივუტანეთ მერაბ ბაღათურიას, სამმართველოს უფროსი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა“.

დღევანდელ „ქართულ შემთხვევებს“ კი თადარიგის პოლკოვნიკი პარმენ მონიავა დაასრულებს.

„გორის ავტოინსპექციიდან აფხაზეთში გადამიყვანეს, დამაწინაურეს და ამ ულამაზეს მხარეში თითქმის 20 წელი ვიმუშავე. ცოდვა გამხელილი ჯობს და საკმაოდ კარგადაც ვშოულობდი ფულს. იქვე დავოჯახდი და პირველი ვაჟი რომ შემეძინა, მეუღლემ მითხრა:

- ჩვენი ბიჭის ყოველ დაბადების დღეზე, 50 გრამი ოქრო უნდა ვიყიდო, გადავადნობინო, მისგან ერთი ჯაჭვის რგოლი გავაკეთებინო და 20 წლის რომ შესრულდება და ცოლის მოყვანის დრო მოუვა, ერთკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი ექნებაო.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ცოლის სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ფორმალურად დავეთანხმე და ეს ამბავი მხოლოდ 15 წლის მერე გამახსენდა, როდესაც კარადაში ჩემს სამხედრო ბილეთს ვეძებდი და თხუთმეტრგოლიანი ოქროს ჯაჭვი ვიპოვე, რომელიც 750 გრამ ბაჯაღლოსგან იყო ასხმული. ცოლს რომ ვკითხე, მან ის ძველი ამბავი გამახსენა და კვლავ თავის ადგილზე შეინახა.

ორი წლის მერე, როდესაც პერესტროიკა და ქვეყანაში იმპორტული მანქანების მასობრივი შემოდინება დაიწყო, მე „მერსედესის“ ყიდვა მოვინდომე. გამყიდველმა ვალუტა ან ოქრო მომთხოვა, რადგან მანეთი ნელ-ნელა უფასურდებოდა. ვალუტა არ მქონდა და სწორედ მაშინ გამახსენდა ოქროს ჯაჭვი, რომელსაც უკვე 17 რგოლი ჰქონდა და 850 გრამს იწონიდა. ჯაჭვს ხელი დავავლე, რომ მისი ნაწილი „მერსედესში“ გამეცვალა. მაგრამ ცოლმა სულზე მომისწრო, ჯაჭვი არ დამანება და გადამალა. მას მერე 3 წელი გავიდა, აფხაზეთში ომი დაიწყო. მე ცოლ-შვილი გამოვხიზნე და საომრად დავრჩი. ხოლო სოხუმის დაცემის მერე თავადაც გამოვედი და ცოლ-შვილს შევუერთდი, რომლებიც ლტოლვილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ერთხელ ჯაჭვი მოვიკითხე, მაგრამ ცოლმა ხელი ჩაიქნია და მითხრა:

- სოხუმში დარჩა და წამოღება ვერ მოვასწარიო.

სხვათა შორის სოხუმში ექვსოთახიანი ბინა და მდიდრული ავეჯი დამრჩა, რომლებიც შეგნებულად არ წამოვიღე, რადგან მაშინ ხალხისთვის არ იყო მანქანაში ადგილი და ავეჯს რა სინდისით წამოვიღებდი.

ერთხელ მე და ჩემი ცოლი ერთი თბილისელის ოჯახში ვიყავით დაბადების დღეზე და სანამ სუფრაზე დავსხდებოდით, ცოლი შემომიჩნდა:

- პარმენ, ეს „სტენკა“ ჩვენია. არ გახსოვს, სოხუმში, „ზალაში“ რომ გვედგა ყავისფერი „სტენკაო“?

- მახსოვს, მაგრამ ეს ხომ თეთრია-მეთქი, - ვუთხარი ცოლს, რომელიც თავს მაბეზრებდა და იმეორებდა.

- ჩვენია, ჩვენი. როგორც ეტყობა, ახალმა პატრონმა თეთრად შეღებაო.

მოკლედ ვერ ვაჩერებდი და ბოლოს გაბრაზებულმა ჩავჩურჩულე:

- ჩუმად, ქალო, თავი არ მომჭრა და ენა ჩაიგდე-მეთქი.

იმან კი ცინიკურად ჩაიცინა და სტუმრები რომ წავიდ-წამოვიდნენ, ოჯახის დიასახლისს უთხრა, რომ თეთრი „სტენკა“ მისი იყო. შემდეგ „სტენკის“ მარცხენა კუთხე გამოსწია, სკამზე შედგა, სქელი კარდონი დანით ააძრო და ოცრგოლიანი ერთ კილოგრამი ოქროს ჯაჭვი გამოაძვრინა, რომელსაც ის 20 წელი აწყობდა.

ყველანი გაშრნენ, ჩემმა ცოლმა კი მედიდურად გადმომხედა, მასპინძლებს ბოდიში მოუხადა და წამოვედით... ეს მოხდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში და სწორედ იმ გაყიდული ჯაჭვის ფულით ვიყიდე ბინა და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე“.