ესპანელმა ჟურნალისტებმა ევროპაში მოქმედი ქართველი ქურდების მოქმედების სქემა გაშიფრეს

ესპანელმა ჟურნალისტებმა ევროპაში მოქმედი ქართველი ქურდების მოქმედების სქემა გაშიფრეს

ქართველი მძარცველები ევროპას „აოცებენ“ და საერთაშორისო საინფორმაციო გამოშვებებში „მთავარი გმირების“ პოზიციებს იკავებენ. გასული წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფებების დასაპატიმრებლად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა. ქართველი მძარცველების მიმართ ინტერესი და შიში 2015 წელსაც არ ცხრება.

ესპანურმა კერძო არხმა „laSexta“–მ 16 იანვარს აღნიშნულ საკითხს ერთსაათიანი ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა. ჟურნალისტი გლორია სერა და მისი გუნდი შეეცადნენ, გაერკვიათ, „ვინ არიან ევროპაში ყველაზე საშიში დაჯგუფების“ წევრები.

სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი „უხილავი ქურდები“ ნებისმიერი კარის გაღებას მხოლოდ რამდენიმე წამს ანდომებენ. შემდეგ კი ესპანური ქალაქების გარეუბნებში იკარგებიან. გარეუბნენბში ბინებს ქირაობენ, სადაც ნაძარცვ ოქროულობას აგროვებენ. თითოეულ ბინაში ერთ თვეზე მეტს არ ჩერდებიან, წასვლამდე კი ყველა კვალს შლიან.

გადაცემა „equipo de investigacion“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესპანეთში დაახლოებით 30-40 ქართული დაჯგუფება მოქმედებს – ჯამში 300 ადამიანი. მათ დასაკავებლად პოლიციის 500-მდე აგენტი მუშაობს. თვალთვალს ესპანეთის აეროპორტებიდან იწყებენ. ეძებენ მათ, ვინც ევროპის სხვა ქვეყანაში უკვე დაკავებული იყო, ან ძებნაშია.

ჟურნალისტებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრების მოქმედების გეგმა და სქემა გაშიფრეს, რომლის თანახმადაც მძარცველები ესპანეთში სამ თვეზე მეტს არ ატარებენ - სწორედ ამ ხნის განმავლობაში მოქმედებს ტურისტული ვიზა, რომელიც მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლებას აძლევს. 90 დღეში მათ უნდა მოასწრონ მაქსიმალური რაოდენობის ბინის გატეხვა და ქვეყნის დატოვება.

ეს არც ისე ცუდად გამოსდით. გადაცემის ავტორების თქმით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მათ 100 ბინა სევილიაში გაძარცვეს, 70 - ლა კორუნიაში, 74 - ბურგოსში, 200 - მადრიდში. სამი თვის განმავლობაში ესპანეთის მასშტაბით 700 ბინა გატეხეს. ამ ბინებში ქურდებს მხოლოდ ოქროულობა აინტერესებთ, რომელსაც მოგვიანებით ჯართში ადნობენ და შავ ბაზარზე ყიდიან.

დაჯგუფების წევრები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მოქმედებენ ხმაურის და ძალადობის გარეშე, მათი გასაღები ნესბისმიერ კარს აღებს. ზუსტად იციან, რომელი ბინა უნდა გატეხონ და შედიან სწორედ მაშინ, როდესაც სახლში არავინ არის.

ქართველი ქურდების მსხვერპლები გადაცემის ავტორებს უყვებიან, რომ ბინის გატეხვას ვერც კი მიხვდებოდნენ, რომ არა დაზიანებული საკეტი. ბინები ისეთივე ხელუხლებელია, როგორც არასასურველი სტუმრების მოსვლამდე. ერთი განსხვავებით - ძვირფასეულობა ადგილზე აღარ არის. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მისმა სადაზღვევომ უარი თქვა მისთვის კომპენსაციის გადახდაზე, ვინაიდან ძარცვის კვალი არ ჩანდა.

ძვირფასეულობის ჯართად რეალიზაციით მოპოვებულ თანხას მძარცველები საქართველოში აგზავნიან. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს ფული საქართველოში ე.წ. ობშიაკში იგზავნება.

ეროვნული პოლიციის კომისრის თქმით, საერთო ყულაბა, იგივე „ობშიაკი“ ამ ორგანიზაციის ფილტვებია. „ობშიაკში“ ფულის გადარიცხვა ამ ტიპის კრიმინალური ორგანიზაციებისთვის ყველაზე დამახასიათბელია. მისივე თქმით, დაკავების შემთხვევაში, სწორედ ამ ფულით ქირაობენ ადგილობრივ ადვოკატებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

სწორედ, ამ „საერთო ყულაბის“ კვალის ძიებაში ჩამოვიდნენ „equipo de investigacion“-ის ჟურნალისტები თბილისში. მათ მიერ ნაჩვენები თბილისი ტურისტების ყურადღებას ვერასდროს მიიქცევს - ძველი ქალაქის მოუპირკეთებელი შენობები, დანგრეული გზები, გარემოვაჭრეები. ესპანელი ჟურნალისტები სწორედ, თბილისში იგებენ ტერმინ „კანონიერ ქურდს“ , თუმცა ამ კასტის წარმომადგენლებს მხოლოდ ქუთაისის სასაფლაოზე ხვდებიან. წამყვანის ვარაუდით, მდიდრული საფლავის გასაკეთებლად 30 ათასი ევრო დაიხარჯა, და ისინი ესპანეთში ნაძარცვი ოქროულობიდან ამოღებული ფულითაა აშენებული.

საგამოძიებო ფილმში ქუთაისი კანონიერი ქურდების აკვნად არის მოხსენიებული. თუმცა, თბილისში შსს-წარმოამდგენელი მამუკა ჭელიძე ესპანელ ჟურნალისტებს სიამაყათ უცხადებს, რომ საქართველოში „კანონიერი ქურდები“ თავისუფლად ვეღარ დადიან, საქართველოს მთავრობის წარმატებული პოლიტიკის შედეგად ზოგი დაკავებულია, ზოგი კი – ქვეყნიდან გაქცეული.

საქართველოდან გაქცეული და მიმალული ქურდები სხვა ქვეყნების კრიმინალებთან ერთად ევროპელებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცნენ. ამიტომაც ბევრ სადარბაზოში გამოკრულია განცხადება, სადაც მეზობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ და გახშირებული ქურდობების შესახებ ამცნობენ.