ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა 16 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის ფედერაციის, კერძოდ, ქალაქ მოსკოვის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, შვედეთის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, შვედეთის სამეფოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ნოდარ ზ. დააკავეს.
ნოდარ ზ. დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით სტოკჰოლმის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 2015 წლის 13 იანვარს. მას ბრალად ედება შვედეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობას გულისხმობს.
2014 წლის 4-6 თებერვალს ნოდარ ზ-მ შვედეთის სამეფოში ჩაიდინა რამდენიმე, შეღწევით ქურდობა, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობებს და iPhone-ის სისტემის მობილურ ტელეფონებს. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად ნოდარ ზ. გადაყვანილია ქალაქ თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.