თბილისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის და მოქალაქეებს ავტოსადგომებისთვის სხვა, ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს. საბოლოო ჯამში კი, ტროტუარებზე მანქანების გაჩერება აიკრძალება. საინტერესოა სად გადაინაცვლებენ ავტომობილები?
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთი მხრივ, უნდა გათავისუფლდეს ის ადგილები, რომლებიც პარკირებისთვის არის განკუთვნილი, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მეორე მხრივ კი, არის ადგილები, რომლითაც ქვეითად მოსიარულეები უნდა სარგებლობდნენ.
„ჩვენ ვქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს სპეციალურ წინადადებებს, რათა ქვეითად მოსიარულენი თავს კომფორტულად გრძნობდნენ“, - აღნიშნა ნარმანიამ.
შესაბამისად, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს ვიწრო ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება დაავალა.
ბოლო პერიოდში მოქალაქეები ძალიან ხშირად მიმართავენ მერიას იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირია ტროტუარებზე უკანონოდ გაჩერებული მანქანები, მათ შორის მთელი დღე-ღამის განმავლობაშიც. წინა მთავრობის მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი არის გაცემული ტროტუარებზე, სადაც დახაზულია და ოფიციალურად ნებადართულია პარკირება.
„არის ბევრი ადგილი, ვიწრო ტროტუარი, სადაც ავტომანქანების პარკირებამ შეუქმნა დისკომფორტი ფეხით მოსიარულეებს. შესაბამის სამსახურებს ვავალებ, რომ ეს საკითხი დროულად მოაგვარონ. პირველ რიგში, წარმოადგინეთ ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწროა ადგილები და პარკირებამ შექმნა დისკომფორტი და სადაც პრაქტიკულად გადაადგილება შეუძლებელია. მეორე მხრივ, წარმოადგინეთ წინადადებები, როგორ შევზღუდოთ იქ პარკირება და როგორ მივცეთ უფრო თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოქალაქეებს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამ პრობლემის მოგვარება ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია თუ საერთოდ არის შესაძლებელი. მძღოლები ავტომობილებს ტროტუარებზე განგებ კი არ აჩრებენ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან მანქანის გასაჩერებელი ადგილი არსად არის. ეს განსაკუთრებით ხალხმრავალ და ინფრასტრუქტურით გადატვირთულ უბნებში იგრძნობა (დიდუბე, ვაკე, ვერა, აღმაშენებლის გამზირი). ავტომობილების რაოდენობამ დედაქალაქში 400 ათასს მიაღწია, პარკირების ადგილები არსად მომატებულა. სადაც გამოყოფილია იქ მანქანის გაჩერება ძვირია. მძღოლებს ფულს ცალკე „სითი პარკი“ სძალავს, ცალკე ე.წ. სტაიანშიკები. უმეტეს შემთხვევაში ავტომფლობელები გამოუვალ სიტუაციაში ვარდებიან. გადატვირთული მოძრაობა, საცობები და პარკირების ადგილების დეფიციტი ხშირად მათ არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. პრობლემაა ღამით საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის გაჩერებაც. კორპუსებთან (განსაკუთრებით ახალაშენებულთან) საკმარისი ადგილი არ არის მანქანის დასაყენებლად. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ავტომფლობელი ან რას სთავაზობს მას მერია?
დავით ნარმანია აცხადებს, რომ თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომელიც „სითი პარკის“ კონკურენტი იქნება. გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის დოკუმენტზე მუშაობა თბილისის მერიამ უკვე დაასრულა. რაც შეეხება „სითი პარკს“ ნარმანიას თქმით, მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
„უკვე დღე-დღეზე ველოდებით დასკვნას, რომელსაც ჩვენი დაქირავებული კომპანია წარმოგვიდგენს. რაც შეეხება მრავალსართულიანი პარკირების სისტემას, ის იქნება ერთგვარი კონკურენტი „სითი პარკის“, ანუ სხვა დაინტერსებულ კერძო კომპანიებს მიეცემათ შესაძლებობა, რომ მრავალსართულიანი პარკირება ააშენონ და ეს მათთვის, როგორც ბიზნეს პროექტი, საინტერესო იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
უშუალოდ „სითი პარკი“ კი დიდხანს ვეღარ გაჩერდება თბილისში, რადგან დედაქალაქის მერის აზრით, იგი ფულს აკეთებს და მეტს არაფერს.