თურქული გემები სოჭის ნაცვლად... სოხუმის ნავსადგურში

თურქული გემები სოჭის ნაცვლად... სოხუმის ნავსადგურში

განხეთქილების ვაშლი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში - ამის შესახებ მსჯელობს თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ი. საუბარია თურქეთის სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე აფხაზეთთან.

სტატიის ავტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე 2010-2012 წლებში თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესში თავად მონაწილეობდა. ამჟამად, იგი აცხადებს, რომ თურქეთი მაინც ავითარებს სავაჭრო კავშირებს აფხაზეთთან და ეს იმის მიუხედავად ხდება, რაც თავის დროზე საქართველომ აკრძალა აფხაზეთთან უცხოეთის სახელმწიფოების ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა.

აფხაზეთ-თურქეთს შორის ურთიერთობამ ისე ღრმა „დატვირთვა“ შეიძინა, რომ 2013 წლის მონაცემებით, ორმხრივმა საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ციფრები არაოფიციალურია, მაგრამ მეტ-ნაკლებად სინამდვილეს შეესაბამება. ვაჭრობა უმეტესად შავი ზღვის მეშვეობით თურქული გემებით ხორციელდება, რომლებიც ოფიციალურად სტამბოლის, სამსუნისა და ტრაპიზონის ნავსადგურებიდან ვითომდა სოჭში (რუსეთში) მიცურავენ, მაგრამ მათ სოჭამდე ნახევარი გზაც არ აქვთ ხოლმე გავლილი, რომ ისინი სოხუმის ნავსადგურში შედიან, იქიდან კი თურქეთში აფხაზეთის საექსპორტო პროდუქციით დატვირთულები ბრუნდებიან.

სერგი კაპანაძის თქმით, თბილისისთვის ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა წინა წლებში რამდენიმე თურქული გემი დააკავეს, რაც თბილის-ანკარას შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. საბოლოო ჯამში, ყველა თურქული გემი გათავისუფლდა ან აუქციონზე გაიყიდა. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ამ აუქციონებში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ეს გემები ეკუთვნოდათ, ანუ მათი მფლობელები იყვნენ.

„თურქეთის მცდელობა აფხაზეთთან ვაჭრობის განვითარების მიზნით გასაგებია, ანკარას არ სურს, აფხაზეთი ეკონომიკურად იზოლირებული იყოს, რომ აფხაზეთში რუსული კომპანიები დომინირებდეს. გასაგებია ისიც, რომ თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორა ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გაფართოებას ცდილობს. მაგრამ, თავისი მიზნების მიღწევის მცდელობებით თბილისის თვალში თურქეთმა რეპუტაცია დაკარგა - ანკარა არ არის ის კონტრუქციული ბროკერი (შუამავალი), რომელიც საქართველოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, რომელიც თბილისს ხელს შეწყობდა აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე ნდობის მიღწევაში“,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 600 მილიონი დოლარი არ არის ხელწამოსაკრავი თანხა, განსაკუთრებით, აფხაზეთისთვის, რადგან იქაური ბიუჯეტი 70 %-ით რუსეთის მიერ ივსება. თუმცა ეს 600 მილიონი დოლარი არის მხოლოდ სავაჭრო მოცულობა და არა ის თანხა, რომელიც შეიძლება, დე ფაქტო რეჟიმს მთლიანად დარჩეს.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2014 წლის განმავლობაში აფხაზეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა, რაც მანამდე ამ სიხშირით არ ხდებოდა. მეტიც, აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ძალზე ხშირად ჩადიან თურქეთში, წარმომადგენლობითი შეხვედრები აქვთ, ხოლო სერგეი შამბას ძმა, ტარას შამბა ძირითადად მოსკოვიდან მუშაობს ანკარა-სოხუმის დაახლოების თემაზე დიასპორის კუთხით.

„საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი-საგარეო საქმეთა მინისტი, პრეზიდენტი და პრემიერი ამ წელს ჩასულები იყვნენ თურქეთში. ამის მიუხედავად, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაციება აშკარაა. ჩვენთვის რთულია იმის თქმა, რეალურად თურქეთი რა პოზიციას იკავებს აფხაზეთთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ისინი აღიარებენ აფხაზეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ, მეორე მხრივ, გვიცხადებენ, რომ მათი ხომალდები კერძო პირებს ეკუთვნით და სწორედ ეს ხომალდები დადიან აფხაზეთში. ამდენად, თითქოს ოფიციალური თურქეთი ვერ აკონტროლებს ამ ხომალდებს. გარდა ამისა, აფხაზების გაზრდილ აქტივობებს თურქეთი ვერ შეუშლის ხელს, რადგან ეს ყველაფერი კერძო დონეზე ხდება. მთლიანობაში, ოფიციალურ დონეზე აფხაზების მიღება არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქული დეპუტაცია მონაწილეობს ზოგიერთ აფხაზურ ღონისძებაში“, - აღნიშნავს ირაკლი ცქიტიშვილი.

თუ რატომ ჩერდებიან თურქული გემები სოხუმში, ექსპერტი ამას შემდეგნაირად ხსნის - სოხუმის ნავსადგურიდან ნახშირი გამოდის, რადგან თურქული კომპანიისაა ტყვარჩელის ნახშირმომპოვებული საბადოები, იქითაც ჩააქვთ გარკვეული საქონელი და სავაჭრო ბრუნვა მიმდინარეობს. ამიტომ ვერ დავუშლით გემის მფლობელს სოჭში გამგზავრებას, თუ მას დოკუმენტში ოფიციალურად უწერია, რომ ის მიდის სოჭში, მაგრამ საჭიროა, დადოკუმენტირება იმისა, ნამდვილად განიტვირთა თუ არა გემი სოჭში, თუ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიული წყლების დახურულ მონაკვეთში.

„თურქეთს აფხაზეთთან შუამავლის როლი არასდროს შეუსრულებია. მას არ ჰქონდა იმის რეპუტაცია, რომ აფხაზეთთან ჩვენი საქმეები დაელაგებინა. მართალია, ოფიციალური ანკარა ამას ახმოვანებდა, მაგრამ თურქეთს აფხაზეთში თავისი ინტერესები აქვს და შუამავლად არ გამოდგება. თურქეთმა მშვენივრად იცის, რომ ეს ჩვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ თურქული გემების საპასუხოდ? ამის გამო ბოიკოტს ხომ არ გამოვუცხადებთ თურქეთს?“