„ალავერდი - ხანი უნდილაძე“

„ალავერდი - ხანი უნდილაძე“

ქართველი რომელიც ტყვედ წაიყვანეს ირანში, სულ რამდენიმე წელში შაჰ-აბას I-ის მთავარი დასაყრდენი და შაჰის შემდეგ სამეფო კარზე ყველაზე გავლენიანი მოხელე ხდება. ალავერდი-ხანი უნდილაძე პირველად, ისტორიულ წყაროებში 1588 წელს იხსენიება, თუმცა მისი გზა დიდების მწვერვალისკენ მაინც 1605 წლიდან იწყება.

ვანის ტბასთან მომხდარი ბრძოლისას მას აუღია საკუთარ თავზე ირანული არმიის მეთაურობა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. ეს გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შემდეგ დაიწყო თვით შაჰის აღმავლობა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანიც დიდი ფიგურა ხდება შაჰის კარზე.

ამ გამარჯვების შემდეგ უნდილაძე გახდა შაჰ-აბასის რეფორმების ორგანიზატორი – ის ყველაფერში გვერდში ედგა შაჰს და ირანის დიდებას ემსახურებოდა. თავდაპირველად მას საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი, მოგვიანებით კი, ყულის ჯარის უფროსი, ანუ, ყულარ აღასი გახდა.
XVI საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება ირანში. სეფიანთა ირანის ენერგიული და ნიჭიერი მმართველის, „ირანის ლომად“ წოდებული შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629) ქვეყანა ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეასუსტა და ბოლო მოუღო ყიზილბაშური ტომების ბელადების ძლიერებას. ამავე დროს ეს რეფორმები მიზნად ისახავდა ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავით დაკარგული პოზიციების დააბრუნებს.

ყიზილბაშთა ნაცვლად შაჰ-აბასი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ირანულ და ქართულ-კავკასიურ ელემენტს ეყრდნობოდა. როგორც ცნობილია, ქართველებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისა და მართვა-გამგებლობის მოწესრიგების საქმეში. მათ შორის განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ ალავერდი-ხან უნდილაძეს და მის შთამომავლებს – იმამ-ყული ხანს, ალავერდი-ხანსა და სეფი-ყული ხანს.

XVI საუკუნის დამლევს ალავერდი-ხანი გახდა ახლად შექმნილი ყულის ჯარის – შაჰ-აბასის მიერ შექმნილი მილიტარული სტრუქტურის – პირველი ყულარაღასი და ფარსის ბეგლარბეგი. შემდგომ პერიოდშიც, XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულამდე ირანის არმიის სარდლად მხოლოდ ქართველები ინიშნებოდნენ.

ალავერდი-ხანის ტექნიკური თანაშემწეები იყვნენ ინგლისელები, ძმები ანტონ და რობერტ შერლები, რომლებიც შაჰთან მსახურობდნენ 1599 წლიდან. პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე ინგლისელი მოხელეების მიზნებისა და მოღვაწეობის შესახებ წერს „ინგლისელ მოგზაურთა 26 კაცისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც 1599 წლის დასასრულს ეწვია შაჰ-აბას პირველის სამეფო კარს, მეთაურობდა ცნობილი დიპლომატი ანტონი შერლი. იგი 6 თვეს დარჩა შაჰის კარზე. შემდეგ შაჰის ელჩის რანგში ევროპაში გაემგზავრა, სადაც გარდაცვალებამდე, 1635 წლამდე, ცხოვრობდა – რუსეთში, ცენტრალურ ევროპაში, იტალიაში, ესპანეთში და აქტიურად იყო ჩართული ევროპისა და სპარსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებში. როგორც ანტონი შერლის მოგონებებიდან ჩანს, XVI საუკუნის დამლევის ინგლისური ექსპედიციის უმთავრესი მიზანი იყო სპარსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება. პირველმა აუდიენციამ შაჰ-აბასთან შერლი დაარწმუნა, რომ მისთვის უპირველესი ამოცანა შაჰის ნდობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. იგი წერს (1, გვ. 73): „ამიტომ მე გარკვეული დრო მოვანდომე იმაზე ფიქრს, თუ რა გზას უნდა დავდგომოდი, და გამეგო მისი (მეფის) მოქმედების მიზანი, მის ბუნებასა (ხასიათზე) და მიდრეკილებებზე დაკვირვებით, გარდა ამისა, არა მხოლოდ უნდა მიმეღწია იმისთვის, რომ მას (მეფეს) შინაგანად მოვწონებოდი, არამედ ყველა მისი დიდი თანამდებობის ადამიანს – განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ჩემი წარმოდგენით იქნებოდნენ ყველაზე უკეთესი და ძლიერი დამხმარეები ჩემი მიზნის მიღწევაში. ასეთებად მე მივიჩნიე ალავერდი ხანი – მისი გენერალი, და შაჰთამაზ ყული ბეგი – ორივე ქართველი. და თუმცა ისინი მაჰმადიანებად აქცია მეფის მამამ, რომელსაც მიუყვანეს ახალგაზრდობაში, მაინც მათ მუდამ ქრისტიანული გულები ჰქონდათ და უსაზღვროდ კეთილად იყვნენ განწყობილნი ყველაფრისადმი, რასაც შეეძლო ქრისტიანთა წამოწყებისათვის ხელის შეწყობა, და საჯაროდ უსურვებდნენ კარგს მათ (ქრისტიანებს) საქმიანობაში და ყველა შემთხვევას იყენებდნენ, რომ მათთვის სახელი და პატივი მიეგოთ“.

მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავათ ირანში ალავერდი-ხანის შვილებსაც: იმამყული-ხანი მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგი გახდა, უმცროსი ალავერდი-ხანი კი ყარაბაღის.

მიუხედავად იმისა, რომ რიგ ისტორიულ წყაროებში ალავერდი ხან უნდელაძე ქართველად არის მოხსენიებული არსებობს კიდევ სხვა მოსაზრება რის შესახებაც ვ.გაბაშვილი წერს: „უნდილაძეთა გვარის ცნობილი წარმომადგენლის ალავერდი-ხანის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ისკანდერ მუნშის საისტორიო თხზულება „თარიხ-ი ალემარა-ი აბასი“. ამ წყაროს მიხედვით ალავერდი-ხანი ქართველია, შაჰ-აბასის ერთ-ერთი სამხედრო კამპანიის დროს ირანში ტყვედ წაყვანილი და გამაჰმადიანებული. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი ეროვნული კუთვნილების შესახებ: მკვლევართა ნაწილი (დ. ლენგი, ვ. მინორსკი. ი. პეტრუშევსკი, მ.ივანოვი) მას ქრისტიან სომეხად მიიჩნევს, რაც მომდინარეობს ცნობილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს ცნობიდან. იგი დაახლოებული იყო ირანში მყოფ ქართველებთან და პირადად იცნობდა იმამ-ყული ხანსა და ალავერდი-ხანს. მკვლევერთა აზრით, შესაძლებელია, დელლა ვალემ „სომხითი“ „სომხეთად“ თარგმნა.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ-აბასი სწერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. 1601 წლის ცნობა, რომელსაც გვაწვდის დონ ხუანი, გაკათოლიკებული სპარსელი, შაჰ აბასის მიერ დასავლეთ ევროპის მეფეებთან და რომის პაპთან ელჩად წარგზავნილი ანტონი შერლეის თანმხლები პირი. მისი ჩანაწერის თანახმად, ალავერდი-ხანი ქართველი რენეგატი იყო. „ქართველ ქრისტიანს“ უწოდებენ მას ამ მისიის სხვა წევრებიც.

შაჰ-აბასი ალავერდი-ხანს დიდ ანგარიშს უწევდა. შაჰს პორტუგალიის ელჩთან, ანტონიო გოვეასთან საუბრის დროს უთქვამს: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი – ალავერდი-ხანსო. ირანელი პროფესორი-ნასროლა ფალსაფი კი აღნიშნავს, რომ შაჰი ალავერდი-ხანს მამას ეძახდა. ამ ცობებიდან ნათლად ჩანს, თუ რა გავლენით სარგებლობდა ალავერდი-ხან უნდელაძე.

უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. მისი დამსახურებაა ისპაჰანში – მაშინდელ დედაქალაში მდინარე ზაიანდე-რუდზე, რომელიც ქართულად „დედა მდინარეს“ ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება.
ალავერდი-ხანი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდა ირანში, ხელმძღვანელობდა სამხედრო მშენებლობებს, მაგალითად, ისფაჰანში, მდინარე ზაიანდერუდზე დღემდე არსებობს ხიდი, რომელიც მან ააგო. ეს ირანის არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ხიდს დღესაც ალავერდი-ხანის სახელი ჰქვია. ხიდი 300მ სიგრძისაა და 3-თაღიანია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მუსლიმურ და ქრისტიანულ უბნებს და აგრეთვე ისფაჰანს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებთან. ეს აგურის ნაგებობაა აგურის ჩუქურთმებითა და ღია აივნებით. პიეტრო დელა ვალეს ცნობით, ხიდქვეშა დერეფნები, რომელთა იატაკი თითქოს მდინარის ზედაპირის დონეზეა დაგებული… ზაფხულის ცხელ დღეებში უამრავ ხალხს იზიდავს.

ევროპულ წყაროებში აღწერილია ალავერდი-ხანის მეუღლის, წარმოშობით ქართველის, სახსრებით გაყვანილი გზები და გადასასვლელი ხიდები ირანის მთიანეთის უღელტეხილებზე. ფარსის ბეგლარბეგი ხელოვნების ქომაგიც იყო. მისი ხარჯით იყო მოხატული ისფაჰანში ჩეჰელ-სუთუნის – ორმოცსვეტიანი სასახლის – ზოგიერთი ფრესკა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია შაჰ აბას I-ის წვეულება თურქესტანის გამგებლის საპატივსაცემოდ. შაჰს გვერდს უმშვენებენ სეფიანთა ირანის ცნობილი მოხელენი, მათ შორის ალავერდი-ხანი. მოხატულ კედლებზე ქართული წარწერებიც ყოფილა, თუმცა ის მოგვიანებით წაუშლიათ.

ალავერდ ხანი 1613 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა ამის შესახებ შაჰ-აბასის ოფიციალური მემატიანე წერს: შაჰი ფარახაბადიდან ისპაჰანში ბრუნდებოდა. ალავერდი-ხანი მის დასახვედრაც ჩავიდა. შაჰმა, მას თვალი რომ მოჰკრა, თანამგზავრებს გადაულაპარაკა - ალავერდი-ხანს საიმქვეყნიო ფერი უჩანსო. მის სახეზე სისუსტისა და უძლურების ნიშანი აღბეჭდილიყო. მემატიანე დასძენს: „შემთხვევით, ისე, როგორც შაჰმა იწინასწარმეტყველა, რამდენიმე დღის შემდეგ“ ფარსის ამირა ავად გახდა და გარდაიცვალა. შაჰმა დიდი პატივი მიაგო მიცვალებულს. იგი, ამირებისა და დიდებულების თანხლებით, თავისი ერთგული და თავდადებული სარდლის პანაშვიდს დაეწრო და განბანვისა და შესუდრვის ცერემონიალშიც მონაწილეობდა. ამასთანავე ბრძანა, რომ მისი ნეშტი დიდი პატივით გაესვენებინათ და დაესვენებინათ აკლდამაში, იმამ-რიზას საფლავის მახლობლად. სამეფო ხაზინიდან 150 თუმანიც გასცა დაკრძალვის ხარჯებისთვის. მეორე დღეს ალავერდი-ხანის უფროს ვაჟს იმამყული-ხანს ეწვია, გაამხნევა ის და მისი სხვა ნათესავები. შაჰმა იმამყული-ხანს მამის თანამდებობა უბოძა, ხოლო მისი უმცროსი ძმა, ალავერდი-ხანი ყარაბაღის ამირთ-ამირად და ყაჯართა ტომის მეთაურად დანიშნა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალავერდი-ხანი 1613 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, ხოლო შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ 1613 წლის ოქტომბერში გაილაშქრა, სწორედ შაჰის საქართველოში ლაშქრობას ეწინაამღდეგებოდა ალავერდ ხანი, რაც კარგად ჩანს 1635 წელს პარიზში გამოცემული დე სენ-ლაზარის წიგნში ირანში მოგზაურობის შესახებ. მასში ვკითხულობთ: „შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი და მისი ჰარამხანის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩიბაში, შეეცადნენ უარი ეთქმევინებინათ შაჰისათვის თავის გადაწყვეტილებაზე – თვითონ პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ სალაშქროდ. ამის გამო ირანის შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა ალავერდი-ხანი მოეწამლათ (იგი მოწამლეს). მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა ცოლს. ყორჩიბაში კი შაჰის ბრძანებით გაროზგეს.

„როგროც ჩანს შაჰმა ალავერდ ხანის შვილები იმ მოტივით დააწინაურა, რომ ალავერდ ხანის სიკვდილს არ გამოეწვია არეულობა სამეფო კარზე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სვანიძის მოსზრებით, როგორც ჩანს, ალავერდი-ხანი დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა და შაჰმა მისი მკვლელობა საიდუმლოდ განახორციელა. ოფიციალურად კი დიდი პატივით დაასაფლავა. შაჰს არ სურდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო. მით უფრო, რომ 1613 წელს საქართველოში ლაშქრობის გეგმა არ შეუცვლია. აღსანიშნავია ასევე, რომ „უნდილაანთ ფეოდალური სახლის წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი ყულარაღასობისა და ბეგლარბეგობისა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ“.

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალავერდი-ხანი და ალავერდი-ხანი, მიუხედავად მამის ასეთი აღსასრულისა (ცხადია, მათ კარგად იცოდნენ მამის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი), მაინც, შეძლებისდაგვარად, განაგრძობდნენ საქართველოს სამსახურში ყოფნას. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ 1625 წელს ალავერდი-ხანმა კავშირი დაამყარა გიორგი სააკაძესთან, ხოლო შემდეგ, თეიმურაზ მეფესთან და მონაწილეობა მიიღო სეფი-მირზას წინააღმდეგ აჯანყებაში. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანში უნდილაანთ ფეოდალური სახლის ამოწყვეტისა
ასე შესწირეს თავიანთი სიცოცხლე უნდილაძეებმა საქართველოს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ალავერდი-ხანი იყო“.

მიუხედავად იმისა, რომ ალავერდი-ხანი უნდილაძე საქართველოს ისტორიული მტრის, ირანის სამეფო კარზე და საქართველოსთვის ყველაზე საძულველ შაჰ-აბას პირველის კარზე მოღვაწეობდა, ისტორიული წყაროებიდან, რომლის ნაწილია მხოლოდ ამ სტატიაში მოყვანილი, ჩანს რომ ის იყო ეპოქის მსხვერპლი, თუმცა მას არ დაუკარგავს ქრისტიანობა (არა პირდაპირი გაგებით) და არ დაუკარგავს ქართველობა და როგორც ისტორიული წყაროდან ჩანს, სწორედ საქართველოში საომრად არ წამოსვლას შეეწირა ის.

გამოყენებული ლიტერატურა

1.ელგუჯა ხინთიბიძე (ალავერდ ხანი უნდელაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე)
2. Sir Antony Sherley, His Relation of His Travels into Persia, Printed for Nathaniell Butter, and Ioseph Bagfet. London 1613.
3. თამარ აბულაძე (ალავერდ ხანი უნდელაძე)
4. გამომცემლობა მერიდიანი 100 რჩეული ბიოგრაფია
5. Babaie, S., Babayan, K., Baghdiantz-McCabe I., Farhad, M., Slaves of the Shah. New Elites of Safavid Iran. I.B. Tauris, London – New York 2004.
6. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ.1958