„წლის პირუტყვი“ თბილისის ზოოპარკის პინგვინი გახდა

„წლის პირუტყვი“ თბილისის ზოოპარკის პინგვინი გახდა

თბილისის ზოოპარკის ბინადარმა პინგვინებმა გაიმარჯვეს კონკურსში, რომელიც ზოოპარკის ადმინისტრაციის ინიციატივით სოციალურ ქსელში ჩატარდა და, რომლის მიზანიც „წლის პირუტყვის“ გამოვლენა იყო. ამ ნომინაციაში პინგვინების მთავარი კონკურენტი იყო სპილო გრანდი, რომელიც ამავე ზოოპარკში ბინადრობს. თუმცა ის წელს ავად გახდა და ისიც სათუო იყო, გადარჩებოდა თუ არა.

რომელი ცხოველია ეჭვიანი, რატომ არ ასეირნებენ ქალაქში გარეულ ცხოველებს და არსებობს თუ არა ბუნებაში ლურჯი ცხვარი, ამის შესახებ For.ge-ს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ესაუბრება.

წლის პირუტყვისტიტული რატომ დაიმსახურეს პინგვინებმა?

- პინგვინები „წლის პირუტყვად“ ზოოპარკის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია, გამოკითხვის შედეგად ისინი ხალხმა აღიარა. რატომ? ძალიან საინტერესო, საყვარელი ცხოველები არიან და დამთვალიერებლებს ძალზე მოსწონთ.

ხომ არ აიხსნება ეს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორითაც, რომელიც დაინტერესებულია ამ ცხოველებით?

- ჩვენს პინგვინებს პოლიტიკური გემოვნება ნაკლებად აქვთ. ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით, ზოგიერთ თანამშრომელს ინტერესით სწავლობენ ხოლმე. მათი მოძრაობა წყალში საინტერესო სანახაობაა, რამდენადაც გრაციოზულები არიან წყალში, იმდენად არაგრაციოზულები არიან ხმელეთზე. ასე რომ, წყალში სიმპათიას იწვევენ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ისეთი ცხოველების გამრავლება, რომლებსაც ბუნებაში გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. მზად ვიყავით, ასეთი რთული ცხოველები მიგვეღო.

რთულ ცხოველებში რას გულისხმობთ, პინგვინების გარემო პირობებისადმი შემგუებლობას, ჰაბიტატს, სადაც მათ უნდა იცხოვრონ თუ პინგვინების ხასიათს?

- პინგვინების ვოლიერი რთულად მოსაწყობია, ბევრი სამუშაოა, საჭიროა წყლის ხარისხის კონტროლი, უამრავი სხვადასხვა საკითხი, ასევე, თევზების მიცემა საკვებად, მათ კვებას თავისებური წესი აქვს, თითოეული ვიტამინი უნდა ჩაუდოთ თითოეულ თევზში.

ბუნებაშიც ასე წვალობენ პინგვინები?

- ბუნებაში გაცილებით სხვა პირობები აქვთ, აფრიკული მზეც ცოტა განსხვავებულია, ზამთარიც განსხვავებულია. სამხრეთ აფრიკა არ არის ძალიან ცხელი, მაგრამ უფრო ცხელია, ვიდრე საქართველო. გარდა ამისა, ავიტამინოზის შედეგად ბუნებაში ისინი უბრალოდ იღუპებიან. პიგვინები სოციალური ცხოველები, მონოგამები არიან, ისინი წყვილებად ცხოვრობენ. სხვათა შორის, ეს ძალზე ახალგაზრდა ჯგუფია და გაცილებით საინტერესო პერიოდი დადგება გაზაფხულზე, თუმცა არ ვიცით, თავიანთი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, გამრავლდებიან თუ არა. ზოგადად, მათი ჯგუფი შეკრული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის ცხოველისგან რომ დაიწყონ გამრავლება. ეს რთულია, ამაში ჩვენი ინგლისელი მეგობრები გვეხმარებიან, სწორედ მათ შეარჩიეს ეს ჯგუფი. თუ არადა, ერთი წელი კიდევ დაველოდებით მათ გამრავლებას.

კერძო კოლექცია ახსენეთ და წლების წინ, საბჭოთა პერიოდის თბილისში ცნობილი ექიმის-თურმანიძის ოჯახში ლომი ჰყოლიათ შინაურ პირობებში. თურმანიძის ვაჟი ლომს დაატარებდა მანქანით. შემდეგ გარეული ცხოველი თბილისის ზოოპარკში ჩაბარებიათ.

- ამ ამბის შესახებ მეც ვიცი, ნანახი მყავს ის ლომი, რომელიც ზოოპარკში ჰყავდათ. ეს დიდი ხნის წინ იყო. ყველა შემთხვევაში, ადამიანს, რომელიც პროფესიონალურად არ არის მომზადებული ამისთვის, არ უნდა ჰყავდეს სახიფათო ცხოველები და ნებისმიერი გარეული ცხოველიც კი. საერთოდ, ცხოველების ტყვეობაში ყოლას თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს, თუ რისთვის უნდა გყავდეს ცხოველი ტყვეობაში. ყველა ცხოველი თავის ფუნქციას ასრულებს.

მეცნიერულ დაკვირვებას გულისხმობთ?

- ეს არის დაკვირვებაც, ადამიანისთვის განწყობის შექმნაც, განწყობის შეცვლაც, რაზეც ჩვენი ცხოველები „მუშაობენ“. როცა ადამიანებს ინტერესი უჩნდებათ მათ მიმართ, ეს ინტერესი შემდეგ უკვე გადადის ბუნებაში, გაცილებით უფრო ინტერესდებიან ადამიანები და მათთვის უფრო გასაგები ხდება, რაც ხდება ბუნებაში. ამით ბუნება ნაკლებად დაზარალდება. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს. კერძო კოლექციებში მყოფი ცხოველები კი არცერთ ამ კატეგორიას არ აკმაყოფილებენ.

ლომის გარდა, ვეფხვის ბოკვერების მიმართაც არის ასეთი ლტოლვა, ასევეა, მგლების მიმართ, ისინი შინაურ პირობებში ჰყავთ.

- ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი ცხოველების სახლში, კერძო საკუთრებაში ყოფნა აკრძალულია, თუ შესაბამისი პირობები არაა შექმნილი.

სხვათა შორის, თურმანიძეების ლომის შესახებ ამბობდნენ, რომ ზოოპარკში აბარების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და მალე მოკვდა, რადგან შეჩვეული იყო თავის პატრონს.

- არა, ის ლომი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისის ზოოპარკში. ლომი ასე არ ეჩვევა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ზოგადად, ის ლომი ადამიანებს იყო შეჩვეული, თორემ, როგორც წესი, ლომებს არ აქვთ ხოლმე ასეთი ნოსტალგიური გრძნობები ადამიანების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ლომებში ასეთი ფაქტები არ შემიმჩნევია.

არაბეთში შეიხებსაც ჰყავთ ეგზიტიკური ცხოველები და მანქანებითაც ასეირნებენ. ნუთუ ისინი არ გრძნობენ გარეული ცხოველის -ლომის, გეპარდის სიახლოვის გამო ხიფათს?

- რა თქმა უნდა, ჰყავთ ასეთი ცხოველები. როდესაც ცხოველი გაწვრთნილია, გარკვეულ ასაკამდე ისინი შეიძლება უხიფათოები იყვნენ. თუმცა ჩვენ ხომ არ ვიცით, გარკვეული ასაკის მერე რა მოსდით ამ ცხოველებს? უბრალოდ, შეიძლება ვიეჭვოთ, რა შეიძლება მოუვიდეთ. შეიძლება, შეიხმა ერთხელ გაისეირნოს მანქანით, რომელშიც ზის ლომი, ის ლომი მერე სახლში მისვლისას დაესხას თავს და მოკლან. ცხოველების გამოყენება იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

სხვათა შორის, კადრებში არ ჩანდ, რომ ისინი პატარა ცხოველები იყვნენ, ლომებიც ზრდასრული ასაკისანი იყვნენ.

- რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი შუმბა, რომელიც ძალიან ალერსიანი მხეცია და ზომით დიდი ლომისგან არ გაირჩევა, ჩვენ რომ მოვინდომოთ, შესაძლებელია, იგი წავიყვანოთ და საყელურით გავასეირნოთ ქუჩაში. ამას არ ვაკეთებთ, რადგან ამ დროს რა შეიძლება მოხდეს, არ ვიცით. ცხოველი შეიძლება შეშინდეს და ეს ყველაფერი ცხოველისთვის ცუდად დამთავრდეს.

მაგრამ შუმბა თქვენ ჩვეულებრივად გიღებთ, განსხვავებით, სხვა ადამიანებისგან.

- რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ადამიანის მიმართ, არამედ სიტუაციის მიმართ რა ემოცია ექნება, ეს არის გაურკვეველი. შეიძლება, სიტუაციამ ისე დააფრთხოს, რომ ისიც დააზიანოს, ვისაც ძალზე ახლობლად თვლის. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დიდ ცხოველებთან გვაქვს საქმე. აი, პატარა სუსტ ცხოველებთან მიმართებით კი უკვე მეორე პრობლემა დგას, ისინი უცბად იღუპებიან არასწორი მოვლის შედეგად. როგორ შეიძლება, შვლის ნუკრი პარკეტზე დარბოდეს?!

ბოლო პერიოდში გახშირდა შემზარავი კადრები, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ფატალურად სრულდება ლომებთან ან ვეფხვებთან ადამიანებისვიზიტი“. საქართველოშიც, განსაკუთრებით, ბავშვები ცდილობენ ასეთ სარისკო სიტუაციაში აღმოჩენას, მათ აქვთ ცხოველებისადმი განსაკუთრებული ინტერესი. საპირისპიროდ კი ვრცელდება კადრი, მაიმუნმა როგორ გადაარჩინა ვოლიერში ჩავარდნილი ბავშვი.

- ინფორმაცია ვრცელდება სწრაფად, თორემ გარეული ცხოველების მტაცებლური ბუნება არ შეცვლილა. რაც შეეხება მაიმუნს, ასეთივე რამ მოხდა 70-იან წლებში ჯერსის ზოოპარკში, როცა ბავშვი ჩავარდა ვოლიერში, მამრმა გორილამ აიყვანა ხელში და მიუყვანა მომვლელებს. ასეთები ყოველთვის ხდებოდა.

როგორც წესი, ადამიანები ერთხელ ან რამდენჯერმე სტუმრობენ ზოოპარკს, მაგრამ თქვენ მუდმივად ხართ ამ გარემოცვაში. ადამიანებთანაც კი რთულია ურთიერთობა, რამდენად რთულია ცხოველებთან ურთიერთობა და რატომ გადაწყვიტეთ თქვენს პროფესიად ეს სფერო აგერჩიათ?

- ცხოველებთან მუშაობა საკმაოდ რთული, დაძაბულია, მაგრამ, ასევე, არაჩვეულებრივად საინტერესოა. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, საკმაოდ ადრე გადავწყვიტე, ზოოლოგი გამოვსულიყავი და შევასრულე კიდეც. ჩემი ოცნება ეს გახლდათ, ვიცოდი, რომ ზოოპარკს დავუკავშირებდი ჩემს მოღვაწეობას.

თქვენთვის ყველაზე მეგობრული ცხოველი რომელია, თუ ეჭვიანობენ სხვა ცხოველები და თქვენი ბინადრების რომელმა თვისებებმა გაგაოცათ განსაკუთრებით?

- მეცნიერებას ამ მხრივ თავისი მინუსები აქვს და გაოცებისთვის ადგილი არ გვრჩება. როდესაც საუბარია ცხოველთა სამყაროს მეცნიერებაზე, ეს შეიძლება იყოს რაიმე ახალი ინფორმაცია, რომლის ანალიზსაც ვაკეთებთ ხოლმე. უშუალო კონტაქტის შედეგად სპილოები ნამდვილად საოცარი არსებები არიან.

მართალია, რომ ეს ცხოველები მარტოსულები არიან, სიკვდილის მიახლოებას წინასწარ გრძნობენ და მიდიან განცალკევებულ ადგილას, რომელსაც სპილოების სასაფლაოს ეძახიან?

 - მარტოსულები არ არიან. ამას ამბობენ სხვადასხვა ცხოველთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რამდენად რეალურია, არავინ იცის. სპილო სოციალური ცხოველია. ამიტომ მარტოსული ნამდვილად არ არის, პირიქით, მას საზოგადოება სჭირდება. რაც შეეხება ეჭვიანობას, ერთი-ერთი მაიმუნი-გიბონი, სახელად მაუგლი გამებუტა. მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და, როდესაც სხვა მაიმუნს ვაჭამე ბანანი, დიდი ხნის განმავლობაში არ მოდიოდა ახლოს, ზურგს მაქცევდა, პირს მიღებდა, ეშვებს მაჩვენებდა, რითაც მაგრძნობინებდა, რომ ნაწყენი იყო.

სხვა ცხოველებს არ აქვთ ასეთი ეჭვიანობის გრძნობა, თუნდაც ლომს, ვეფხვს ან მგელს?

- ისინი ცოტა უფრო სხვანაირად გამოხატავენ ეჭვიანობას, თუმცა იმათაც აქვთ ეს გრძნობა.

ალბათ, საჭმელზე მაინც ვერ იტყვიან უარს.

- საჭმელთან მტაცებლის დამოკიდებულება ცოტა სხვანაირია, ვიდრე ეს მაიმუნისთვის სასუსნავის მიცემაა, როგორც ხილი და ბანანია. მტაცებელი მხოლოდ და მხოლოდ ხორცით იკვებება და მასთან უკვე ქცევის სხვადასხვა კომპლექსებია. მოფერება, ცხოველთან კონტაქტი ძალზე მნიშვნელოვანია და ამ დროს გაბრაზება შეიძლება გამოხატოს იმით, რომ უბრალოდ ახლოს არ მოვიდეს. მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ არ მოვეფერე, ვეფხვი- სალი მებუტება.

რომ გაიზრდება ეს ვეფხვი, თქვენთვისაც ხომ ასევე საშიში იქნება?

- სალი უკვე დიდია. დაახლოებით 7 წლისაა.

და მაინც რისკავთ?

- ეს ჩვენი პროფესიაა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებმაც იგივე უნდა გააკეთონ. მაღალი ძაბვის ბოძებზე ხომ არავინ ადის? არანაკლებ საშიშია ვეფხვი.

დადგა ლურჯი ცხვრის წელი. ბუნებაში არ არსებობს მწვანე თხა ან ლურჯი ცხვარი, ზოგადად, ყოველი წლისთვის აბსტრაქტულ ცხოველთა ფერია შერჩეული.

- სხვათა შორის, ლურჯი ცხვარი არსებობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლურჯი ფერის არ არის, უბრალოდ, ასე ჰქვია, სინამდვილეში, ის ნაცრისფერია. ლურჯი ცხვარი შუა აზიაში გავრცელებული გარეული ცხვრის სახეობაა, ძალზე მოზრდილი, ძლიერი ცხოველია. სამწუხაროდ, არ გვყავს და სურვილი გვაქვს, გვყავდეს. ალბათ, გვეყოლება კიდეც.