ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წლის დადგომა საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. ახალი წლის მილოცვა ავღანეთში ტელეხიდით დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსთან, ბრიგადის გენერალ გიორგი სურმავასთან ერთად, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეო-კონფერენციის საშუალებით დაუკავშირდა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა საერთაშორისო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს მიმართეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. მათ ქაბულში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობასა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.
მთავარსარდლმა ახალი წელი საქართველოში დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების ქვედანაყოფებს, ასევე, ავიაციის სარდლობას, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტსა და სპეციალური ოპერაციების ძალებს მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, სამშობლოს ღირსეული სამსახური და მშვიდობიანი 2015 წელი უსურვა.