მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, დაუშვებლად სცნო. მოსამართლე კოპალიანის განჩინებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს დაცვის მხარე და აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები სასამართლოსთვის მიმართული შუამდგომლობით მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
დაკავებულ ხუთ პირს თავდებში 40-მდე პირი უდგება, მათ შორის, პარლამენტის წევრების ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
რის საფუძველზე სცნო დაუშვებლად მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა და რატომ უშლის ხელს სახელმწიფო მტკიცებულების მოპოვებაში - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ადვოკატ სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
რის საფუძველზე სცნო დაუშვებლად მოსამართლემ თქვენი შუამდგომლობა?
- არავითარი სასამართლო პორცესი არ ჩატარებულა. მოსამართლემ ჩაწერა, რომ ჩვენ არ წარგვიდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლებიც წარმოადგენენ ახალ გარემოებას იმ ვითარებასთან შედარებით, როდესაც მათ შეეფარდათ პატიმრობა. მოსამართლის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
თქვენს მიერ წარდგენილ შუამდგომლობას რა ფაქტობრივი გარემოებით ასაბუთებდით?
- მოყვანილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელი რიგი პრეცედენტები, სადაც ნათქვამია, რომ რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო მცირდება საფრთხე იმისა, რომ ბრადებულები ხელს შეუშლიან გამოძიებას, მიიმალებიან და ა.შ. 2014 წლის აპრილში მიმართა კომპანია „დელტა კომმა“ საჩივრით პროკურატურას და ამის შემდეგ იწყება გამოძიება. ჩვენ ვასაბუთებდით, რომ 8 თვეზე მეტია გასული, ეს არის სრულიად საკამრისი დრო იმისათვის, რომ ბრალდების მხარეს მოეპოვებინა მტკიცებულებები, დაეკითხა მოწმეები და ა.შ. რაც გამორიცხავდა ბრალდებულთა მხიდან სასამართლოსთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობას.
როდესაც ამ ადამიანებს პატიმრობა შეეფარდათ, განჩინებაში თუ იყო მითითებული კონკრეტულად მათ როგორ ან რატომ უნდა შეეშალათ ხელი გამოძიების სწორად წარმართვისთვის?
- არა, მსგავსი რამ განჩინებაში არ წერია. მე ვუსმენდი ერთ-ერთ გადაცემას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ თავდაცავის სამინისტროს ხელმძღვანელები, ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მოადგილეები თავისუფალი არიან, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ამ საქმეზე და რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს, მაშინ როგორ უნდა შეუშალონ ხელი რიგითმა თანამშრომლებმა გამოძიებას. თვითონ ეს პროცესი ორი ნაწილისგან შედება - ერთია დასაშვებობა ამგვარი შუამდგომლობის და მეორე არის ზეპირი განხილვა.
ამ შემთხვევაში, მოსამართლემ საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია ამგვარი შუამდგომლობა. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ საქმის ზედამხედველი პროკურორის ჯარჯი წიკალურის ინტერვიუ, სადაც ის აღიარებდა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთდა მოტივს და მიზანს - რატომ მოქმედებდნენ ბრალდებულები. მოსამართლემ არც ერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა და დაუსაბაუთებლად განაცხადა, რომ ჩვენი შუამდგომლობა დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის კომპანია „დელტა კომი“. ყოფილი პრემიერი ამბობდა, რომ „დელტა კომი“ უფასოდ მოემსახურა შსს-ს, თუმცა, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ყოველთვიურად სოლიდარულ თანხას უხდის შსს ამ კომპანიას. თუ მოითხოვთ კომპანია „დელტა კომის“ საქმიანობის გამოძებას?
- ვიდრე უშუალოდ „დელტა კომს“ შევეხებოდე, უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელი ვითარებაა შექმნილი, ჩვენთვის მტკიცებულების მოპოვების ხელშეშლის კუთხით. სახელმწოფო უწყებებით დაწყებული და სასამართლოთი დამთავრებული, ყველა ხელს გვიშლის მტკიცებულების მოპოვებაში. „დელტა კომს“ შსს-სთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. 2014 წლის 1 იანვრიდან შსს ობტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მომსახურებაში „დელტა კომს“ თვეში რამდენიმე ასეულ ათასობით ლარს უხდის.
ამით რას ასაბუთებს დაცვის მხარე?
- იმას, რომ კომპანია „სილქნეტი“ რომელიც შეირჩა თავდაცვის სამინისტროს მიერ, 20-21 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უფასოდ მოემსახურებოდა თავდაცვის სამინისტროს, ეს იყო უდიდესი მოგება და აბსოლუტურად გამართლებული ხელშეკრულება იმ თვალსაზრისით, რომ თავდაცვის სამინისტომ კი არ გაფლანგა, არამედ დაზოგა თანხა. ჩვენ გვინდა შედარების გაკეთება, რას ახდევინებს ანალოგიურ შემთხვევაში სხვა კომპანია სახელმწიფო უწყებას.
წარმოიდგინეთ, რომ თუ „დელტა კომის“ მომსახურება შსს-ს თვეში ასეულ ათასობით ლარი უჯდება, წელიწადში გამოდის დაახლოებით ორი ათეული მილიონი ლარი. სწორედ, ამ მტკიცებულებას გვიმალავს შსს და „დელტა კომი“, ხოლო სასამართლო ხელს გვიშლის მტკიცებულების მოპოვებაში. მივმართავ სასამართლოს, ხელს ნუ გვიშლის მტკიცებულების მოპოვებაში! ინფორმაციას არ გვაძლევს შსს, პროკურატურას არ უნდა მოიპოვოს ეს ინფორმაცია, ეს არის ხელოვნური დაბრკოლება, როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი არ ვიცი.
„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ მათი დაკავების მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელი უნდა დაედოთ ირაკლი ალასანიასთვის. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- გამოძიება დაწყებულია „დელტა კომის“ საჩივრის საფუძველზე. თვითონ „დელტა კომი“ ძალიან საეჭვოდ ფიგურირებს ამ საქმეში იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ექსპერტიზა აღებულია „დელტა კომის“ წარმომადგენლების ზეპირ მოსაზრებაზე. გასაგებია, რომ „დელტა კომს“ კანონიერი თუ უკანონი გზით უნდა ჩამოიცილოს თავისი კონკურენტი კომპანია, მაგრამ პროკურატურა „დელტა კომს“ იყენებს როგორც მიზანმიმართულ ძალას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელების დისკრედიტაციისთვის, თითქოსდა ბრალდებულთა პოზიციის გასამყარებლად. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი პატიოსნად გავარკვოთ. მეორე მხარეს ეს არ სჭირდება.
რადგან მეორე მხარეს არ აქვს სრულყოფილი გამოძიება, ეს ადასტურებს, რომ პროკურატურა ჩიხშია შესული ამ სისხლის სამართლის საქმეში?
- ეს საქმე ჩიხში რომ არის შესული, ძალიან ბევრი პოზიციიდან ჩანს. საქმეში გამოკვეთილი არაა არც მოტივი და არც მიზანი, ამას ადასტურებს საქმის მწარმოებელი პროკურორი. გარდა ამისა, არც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს იმისა, რომ რომელიმე დაკავებულმა ჩაიდინა დანაშაული. პროკურატურა არის რთულ სიტუაციაში. სახელმწიფო კი ხელს გვიშლის მტკიცებულების მოპოვებაში.
როგორ ფიქრობთ, შსს-ს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, შს მინისტრის დონეზე გადაწყდა?
- არ მგონია, რომ ბატონი ჭიკაიძე იყოს რამე შუაში და ის მონაწილეობდეს ამ ყველაფერში, მაგრამ აქ არის ორგანიზებული ქმედება, კონსოლიდირებულად მოქმედებს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა და „დელტა კომი“, რომ როგორმე არ მოვიპოვოთ მტკიცებულება. აბსოლუტირად აუტენელი ვითარებაა. სახელმწიფო სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ არ იქნეს დაცული მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპი, დამალონ მტკიცებულებები და ამით მიაღწიონ შედეგს.