პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამუშაოდ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება და მთავრობა დაზარალებულებს მაქსიმუმ, თებერვალმდე წარუდგენს გეგმას, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და მათი კომპენსირება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში და რომელიც უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს უკავშირდებოდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეეებში, რომ იყვნენ მსხვერპლნი წამების, არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. პროკურატურამ დაასრულა ყველა ამ განაცხადის შესწავლა. პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, ან სამმართველო ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერ კიდევ ძალაუფლების მოპოვებამდე გასცემდა დაპირებებს, თუმცა საკითხი პრაქტიკულად, ადგილიდან არ დაძრულა. შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებამ მმართველობის ოთხწლიანი ციკლის დასრულებამდე რეალურად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
პრემიერი აცხადებს, რომ ორი წელი დასჭირდა უკანონოდ წართმეული და ჩამორთმეული ქონების შესახებ განცხადებების შესწავლას, თუმცა არსებობდა სახელმწიფოს მფლობელობაში მიქცეული ქონებაც, რომლის დასაბრუნებლადაც ალბათ, ორი წელიწადი არ უნდა ყოფილიყო საჭირო. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი ხელოვნურად ხომ არ გაიწელა?
- სახელმწიფოს მფლობელობაში მიქცეულ ქონებასაც კი ვერავინ დააბრუნებს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გარეშე. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ტენდენციური მართლმსაჯულების შედეგი იყო, მაგრამ ამ საქმეების გადასინჯვა და შესწავლა თავიდან უნდა მოხდეს. პოლიტიკური ნება არ არის საკმარისი შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად და სამართლიანობის აღსადგენად. აუცილებელია გარკვეული კონცეფციის შემუშავება, მსჯელობა ამ თემაზე და ამ საკითხის ღიად დატოვება რომ არ გამოდის, ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმაც მკაფიოდ და ცალსახად ისაუბრა.
თუ რამდენად იყო საჭირო ორი წელი ამ პროცესის დასაწყებად, იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი სისტემა მთლიანად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და უსამართლო გადაწყვეტილებების მისაღებ ინსტრუმებნტს წარმოადგენდა?- ალბათ იყო. დემოკრატიულ პრინციპებთან მიახლოებული სამართლებრივი სისტემის შექმნას დიდ დრო სჭირდება და ჯერაც არ არის ეს პროცესი დასრულებული. კვლავ დიდია წინა ხელისუფლების გავლენა სასამართლო სისტემაზე, პროკურატურის სტრუქტურებსა და კადრებზე და ა.შ. შეიძლება ითქვას, ახალი ხელისუფლების ნებისგან დამოუკიდებლად მოხდა ამ პროცესის გაწელვა.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც მოვისმინეთ, ესეც ჯერჯერობით მიდგომაა. ამ მიმართულებით შეიქმნა კიდეც რამდენმე არასამთავრობო ორგანიზაცია - ერთს მამია სანადირაძე ხელმძღვანელობს, მეორეს - ანზორ ქოქოლაძე, მაგრამ მათაც ფაქტობრივად, ვერ მოახდინეს პროცესზე ზეგავლენა.
პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ვერსია ჯერჯერობით ყოფილ გენპროკურორს, პროფესორ გია მეფარიშვილს აქვს წარმოდგენილი, რომლის ხედვაც პრინციპში, დაახლოებით ისეთია, როგორიც ღარიბაშვილმა წარმოადგინა - შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა პროკურატურაში და შემდეგ მიიმართოს საქმეები სასამართლოში - სხვა გზა აღნიშნული პრობლემის მოგვარების, არ არსებობს.
თუმცა კითხვებს ბადებს ერთი მომენტი - როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო ქონების დაბრუნება, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიარდს აღწევდა, თუმცა ვინ და რა პრინციპით დაითვალა, ესეც არ იყოს ცნობილი. რეალურად რა ხდება, კონკრეტული რიცხვები დღესაც არავის დაუსახელებია, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რეალურად დაითვალოს რა ოდენობის ქონებაზეა საუბარი?
- იმთავითვე ცხადი იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემის გადაჭრის ნება. როგორ უნდა გადაჭრილიყო და რა პრობლემას აჩენდა სახელმწიფოს წინაშე, ეს სხვა საკითხია. ვინ როგორ დათვალა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ სამართალი აღდგეს. რა ფორმით, კომპენსაციის რა მექანიზმით, ეს უკვე მეორე ეტაპია. ალბათ, სამართალდამცავი უწყებების და საზოგადოებრივი სექტორის ჩართულობის შედეგად ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ მილიარდზეა საუბარი და რა მექანიზმით დაბრუნდება - მთავარია, პროცესი დაიწყოს.
პრინციპში, დიდი დრო არ დასჭირვებიათ ბიძინა ივანიშვილის ქონების დასაბრუნებლად და როგორ ფიქრობთ, სხვა შემთხვევაში რატომ არის ამდენი დრო საჭირო?
- ისევ ორგანიზაციულ პრობლემებს დავაბრალებდი და არა იმას, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან დაიბრუნა თავისი ქონება და სხვები რაკი არ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ ვერ დაიბრუნეს - ასეთ მიდგომას საკითხის გამარტივებად მივიჩნევ - ვერ ვიტყვი, რომ თავისი საქმე მოიგვარა და სხვები ფეხებზე დაიკიდა - ასეთი მიდგომა რეალობას არ შეესაბამება.
არჩევნებამდე ორი წელი რჩება. გვახსოვს, რომ ამ ხელისუფლების ერთ-ერთი, მთავარი დაპირება და შემდეგ საზოგადოების მოთხოვნაც იყო სამართლიანობის აღდგენა. როგორ ფიქრობთ, ორწლიანი დუმილის შემდეგ წინასაარჩევნოდ მზადებას ხომ არ იწყებს ხელისუფლება და ამ თემის წამოწევა საარჩევნო ქულების დაგროვებას ხომ არ უკავშირდება?
- პოლიტიკური ქულები სჭირდება ყველას, არჩევნების ფაქტორი არსებობს ყოველთვის, მითუმეტეს, რომ ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ადგილობრივი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ასე რომ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს ეს ფაქტორი. ოპოზიცია სარგებლობს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხელისუფლება - მომგებიანი თემების წამოწევას ცდილობს. მთავარია ხალხი რას იღებს აქედან, ქვეყნისთვის რა სარგებელია. თუ ქვეყანა სარგებლობს, პოლიტიკოსებმაც უნდა მიიღონ პოლიტიკური სარგებელი, როგორც მმართველმა ძალამ ისე - ოპოზიციამაც.
თქვენ, როგორც მოქალაქეს, გჯერათ რომ წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი რეალურად დაიწყება?
- მე ვიცი ერთი რამ - საკუთრების ხელყოფის და ბიზნესების წართმევის ფაქტები უნდა იქნეს გამოძიებული ხელახლა და სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს ამ ადამიანების მიმართ. სხვა არის პრობლემა, რომელიც დგას პოლიტიკოსების ან სამართალდამცავების წინაშე, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. დანარჩენი, მჯერა თუ არ მჯერა, მე როგორც ერთ პიროვნებას, უკვე მეორეხარისხოვანია.