ე.წ. კაბელების საქმის ახალი ისტორია - მოსამართლის ნაცვლად, საქმე თანაშემწემ განიხილა

ე.წ. კაბელების საქმის ახალი ისტორია - მოსამართლის ნაცვლად, საქმე თანაშემწემ განიხილა

უპრეცედენტო შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში - ე.წ. კაბელების საქმე, მოსამართლის ნაცვლად, მისსავე თანაშემწემ განიხილა. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მაღლიჩონების ადვოკატების შუამდგომლობას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი კვირის წინ შევიდა და, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ სასამართლოს დაევალებინა შსს-თვის ადვოკატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა. ეს საქმე მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს დაეწერა, თუმცა, საქმე მოსამართლის თანაშემწემ, ბესიკ ჭუმბურიძემ განიხილა.

ადვოკატებმა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც დაცვის მხარემ ორჯერ მიმართა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს და მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია - 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს შპს „დელტა-კომს“, აქვს თუ არა შსს-ს „დელტა-კომთან“, აგრეთვე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურეობის შესახებ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეცნობებინათ თუ რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს „დელტა-კომს“, აგრეთვე სხვა კომპანიებს მომსახურებისთვის ყოველთვიურად.

როგორც ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის თანაშემწისგან მიიღო პასუხი, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცეს ამ შინაარსის განჩინება. ლევან სამუშია მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს, ვინაიდან მისი განცხადებით, დაცვის მხარემ მტკიცებულებების შეკრების ფარგლებში, შსს-დან გამოითხოვა დოკუმენტი, თუმცა სამინისტრომ კანონით გათვალისწინებული ვადები დაარღვია, რის გამოც დაცვის მხარემ დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა. 

სამუშია ამბობს, რომ მოსამართლემ პასუხისმგებლობა აირიდა და მისმა თანაშემწემ, რომელიც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პირს, განიხილა შუამდგომლობა და ადვოკატს გასცა პასუხი. 

„სსსკ-ი განმარტავს, რომ შუამდგომლობა უნდა განიხილოს მხოლოდ მოსამართლემ და პასუხიც უნდა გასცეს მოსამართლემ. ეს იგივეა, სასამართლოს მანდატურმა რომ უპასუხოს შუამდგომლობას. იგივე შუამდგომლობით, საქალაქო სასამართლოს დღეს კიდევ ერთხელ მივმართე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელსაც შსს გვიმალავს და არ გვაძლევს.

საქმე დაეწერა მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს და საქმე განიხილა მოსამართლის თანაშემწემ, ბესიკ ჭუმბურიძემ. ასეთი რამ ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში პირველად მოხდა და არც კოლეგებს არ ექნებათ ასეთი პრაქტიკა. მე ვითხოვ სსსკ-ს მე-9 და 39-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ გამოიტანოს შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რისი სრული უფლება მაქვს. ჩემი შუამდგომლობა არის მოტივირებული და უნდა დააკმაყოფილოს. მოსამართლის თანაშემწე კი მეუბნება, რომ თურმე შუამდგომლობის უფლებას საერთოდ მოკლებული ვარ“, - აცხადებს ლევან სამუშია,

რომელიც ხელახალი შუამდგომლობით სასამართლოსგან ითხოვს კანონის ფარგლებში საქმე მოსამართლემ განიხილოს და არა თანაშემწემ, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სიტყვა მოსამართლის თანაშემწეს არ ცნობს.

„საერთოდ არანაირი უფლება არ აქვს თანაშემწეს მიიღოს გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ შსს მალავს ისეთ ინფორმაციას, რისი გაჟღერება მათ არ სურთ. მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია დამანგრეველად იმოქმედებს ბრალდებისათვის. საუბარია ძალიან დიდ თანხებზე და ამიტომ მალავენ ინფორმაციას. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საქმე, „დელტა კომის“ განცხადების საფუძველზეა აღძრული.

ამ კომპანიას კი, სავარაუდოდ შსს-სთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურეობის საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რასაც ამ დრომდე ვითხოვთ და არ გადმოგვცემენ. ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა ბრალდების მხარემ. ადვოკატებისთვის მთავარი მიზანია სამართლებლივ ჭრილში ვიბრძოლოთ და დავამტკიცოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობა. აშკარაა, რომ ამ საქმეში ბრალდებას არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშიამ. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს საზოგადოების ცნობილი სახეები და პარლამენტარების ნაწილი თავდებში უდგებიან. როგორც დაკავებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას სასამართლოში უახლოეს პერიოდში წარადგენენ იმედოვნებენ, რომ მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება. დაკავებულებს თავდებში 37 პირი უდგება. დეპუტატებს შორის არიან როგორც „თავისუფალი დემოკრატები“, ასევევ რესპუბლიკელების და „ეროვნული ფორუმის“ წევრები.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ დეპუტატები იღებენ პირად პასუხისმგებლობას კონკრეტული ბრალდებულის ქცევასთან დაკავშირებით, რაც სრულიად კანონიერი და მისაღებია დეპუტატთა მხრიდან. მისივე თქმით, დაკავების დღიდან არ არსებობდა საფუძველი ამ ადამიანების მიმართ პატიმრობის გამოყენების. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით არიან დაკავებულები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თავდაცვის სამინისიტროს დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლო გირაოს შეუფარდებს.

„მეც მაქვს სურვილი, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს წინასწარპატიმრობაში არიან, გირაო შეუფარდონ. ამასთანავე ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებას თავის ინტერესი აქვს. იმედი მაქვს, მას შემდეგ, რაც გამოძიება ძირითად საკითხებს გაივლის, მათ გირაო შეეფარდებათ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა დაკავებულებს თავდებში არ უდგება.
ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ გარდა თავდებობისა, არსებობს გარემოებები, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა შეეცვალოთ. მისი თქმით, კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საქმეზე გამოძიება 2014 წლის ივნისში დაიწყო. ბრალდებულებს კი ბრალი ოქტომბერში წარედგინათ. დეკემბერში კი, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა. გამოძიების დაწყებიდან რვა თვეა გასული, პროკურატურას ყველა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს ამოღებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს.

„იმედი მაქვს, რომ საქალაქო სასამართლო ჩემს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ამ დროისათვის მოტივი, რომლის საფუძველზეც ბრალი წარედგინათ დაკავებულებს, არ არსებობს, მაგრამ მომავალში ამას გააკეთებს პროკურატურა და თუ რატომ არიან ახლა მოტივის გარეშე ეს ადამიანები დაკავებული, ამას ვერ ხსნის პროკურატურა. ხელისუფლებაში ყალიბდება აზრი, რომ ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა არის სრულიად ზედმეტი. თუ სასამართლო ბოლომდე დაიცავს კანონს და ბოლომდე გაითვალისწინებს კანონის მოთხოვნას, ეს ადამიანები არც ერთ შემთხვევაში პატიმრობაში არ უნდა დარჩნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.