შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ხუსნი მ. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონში, ხოლო 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუგზარ ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით და 1940 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი აბდულ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონში, ხუსნი მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 578 გრ ტროტილი, ასევე, 4 კგ და 344 გრამი ტროტილისა და გვარჯილის ნარევი, რომელიც ვარგისია გამოყენებისთვის. სამართალდამცველებმა აბდულ ფ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, საბჭოთა წარმოების, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის კუსტარულად გადაჭრილი შაშხანა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 10,083 გრ გამომშრალი მარიხუანაა. ნუგზარ ფ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 23, 167 გრ გამომშრალი მარიხუანაა.
გამოძიება ხუსნი მ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), აბდულ ფ-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ნუგზარ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).