ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს აქვს შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის, სხვადასხვა სფეროებში გასატარებელი რეფორმები. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის მოთხოვნით საქართველო რეფორმების ახალ ტალღას იწყებს. ეს ვალდებულება არსებობდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლებების დროსაც. წლების მანძილზე ტარდებოდა რეფორმები, თუმცა საბოლოოდ, ვიღებდით სულ სხვა შედეგს.
არსებობს თუ არა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დღეს მაინც, ეს რეფორმები სწორად გატადება, რა გარანტიები არსებობს ამისათვის და რა არის საჭირო, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა რეალურად დაიწყოს ქვეყანაში, ამ თემებზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ლევან ალაფიშვილი: როდესაც ევროასოცირების პროცესზე, საბოლოო ჯამში კი, ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესი იმედიანად რატომაც განმაწყობს, გახლავთ ის, რომ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ საზოგადოების „იძულება“, დაამტკიცოს, რომ ღირსია, დამკვიდრდეს ევროპულ ოჯახში.
ამგვარი გამოწვევის წინაშე საქართველო არასოდეს ყოფილა. რეალურად, ეს არის პროცესი, რომელიც არა მხოლოდ რაღაც ერთი მიმართულებით რეფორმას ითვალისწინებს, არამედ ცხოვრების ახალი სტილის დამკვიდრებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორის სრულ რეფორმირებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას მოითხოვს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ ფორმალურად გაწევრიანების პროცედურებზე და ყველაზე ნაკლებად მტკივნეული პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ გაწევრიანება. მანამდე მისასვლელი გზაა ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სწორედ ეს გზა განაპირობებს იმას, რომ თვითონ საზოგადოება იყოს მობილიზებული, რომ ეს რეფორმები რეალურად გატარდეს.
თუ ეს პროცესი შეფერხდება ან უარს ვიტყვით რაიმე რეფორმაზე, ეს ჩვენთვისვე იქნება ცუდი, ამით ხაზს გავუსვამთ, რომ არ ვართ დემოკრატიულები, არ ვართ იმ ფასეულობების გამზიარებელი საზოგადოება. ამდენად, მართლმსაჯულება იქნება ეს, პროკურატურა, მთლიანად სამართალდაცვითი სისტემა, ეკონომიკა თუ სხვა ნებისმიერი დარგი, ეს კომპლექსური საკითხია. მხოლოდ ყველა მიმართულებით თანმიმდევრულობა განაპირობებს საბოლოო წარმატებას, ევროასოცირების და შემდგომ, გაწევრიანების გზაზე.
განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს ყოფილა შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის რეფორმა არასწორად, მახინჯი ფორმით ტარდებოდა - როგორც ამბობენ, ამისი შესანიშნავი მაგალითია სააკაშვილის შსს. ასეთი საფრთხე დღეს რამდენად არსებობს?
- დემოკრატიული საზოგადოების ძალიან მარტივი სტანდარტი არის ის, რომ სასამართლო იქნება ეს თუ სამართლადამცავი სტრუქტურა - ინსტიტუტები თავისუფალია პოლიტიკისგან.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყველაზე კარგი კანონიც კი, რომელმაც შეიძლება, წაკითხვის დროს აღგაფრთოვანოს, შეიძლება იქცეს ფიქციად, თუკი პოლიტიკური ნება და პოლიტიკური რეალობა არის განსხვავებული.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ყველაზე კარგი კანონი სასამართლოს თუ პროკურატურის შესახებ, შეიძლება ფიქცია იყოს, თუ იარსებებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც თავს უფლებას მისცემს, ჰკითხოს გამომძიებელს ან პროკურორს კონკრეტული საქმის დეტალები. მეორე მხრივ, თუ არსებობს პროკურორი, რომელიც ფიქრობს, რომ მის გადაწყვეტილებას პოლიტიკური შედეგი მოჰყვება და ამიტომ არ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.
ამას ხომ მხოლოდ კანონებით ვერ ეშველება? კანონი და საკადრო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მაინც პროცესის დემოკრატიულად წარმართვაა.
პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამართალდაცვითი სისტემის რეფორმირების პროცესი იქნება ღია, მასში ჩაერთვება არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს სწორი პოზიციაა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენად მოხერხდება მისი შესრულება?
- თუკი ასეთ სერიოზულ საკითხებზე დაიწყეს მსჯელობა და გამოხატეს მზაობა, - მხედველობაში მაქვს შს სამინისტროს, პროკურატურის რეფორმირება - ყველაზე უკეთესი იქნება, თუ არ აჩქარდებიან. ერთიც და მეორეც პირდაპირ შეხებაშია გამოძიებასთან, სახელმწიფო ბრალდებასთან. შესაბამისად, უნდა ვინმეს თუ არა, ეს პროცესი ერთიანად, კომპლექსურად თუ არ იქნა დაგეგმილი, რეფორმა ვერ იქნება წარმატებული ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ვურჩევდი, დაიწყოს მსჯელობა სამართალდაცვითი სისტემის სრულ რეფორმირებაზე.
გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, უშიშროება და სახელმწიფო ბრალდება - ეს ოთხი კომპონენტი ერთიანად იქნას წარმოდგენილი და ისე მოხდეს რეფორმირება.
კონკეტული მაგალითით რომ ავხსნა - დღეს პროკურატურას აქვს გამოძიების და სახელმწიფო ბრალდების ფუნქცია. თავისთავად, ამ ორი ფუნქციის ერთ უწყებაში თავმოყრა, შეიძლება ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ თავისთავად წარმოშობს უწყებრივ კონფლიქტს.
რეალურად, პროკურატურა დაინტერესებულია, რომ მისგან წავიდეს საქმე სასამართლოში ისეთი, როგორიც გამოიძია თვითონ. ეს თავისთავად განაპირობებს, რომ ამის გამო, ამ გზით წარმართული, ანუ ნაკლები ხარისხით გამოძიებული საქმეების დიდ ნაწილზე, რომლებიც მიდის სასამართლოში პროკურატურის თანხმობით (განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე) დგება გამამართლებელი განაჩენი.
სხვა შემთხვევაში, პროკურატურა და გამოძიება ერთ უწყებაში რომ არ იყოს თავმოყრილი, პროკურატურა უფრო მეტად კრიტიკული იქნებოდა ასე (უხარისხოდ) გამოძიებული საქმეების მიმართ და იტყოდა, რომ ამ საქმეს არ გავუშვებ სასამართლოზე, მასზე სახელმწიფო ბრალდებას მხარს ვერ დავუჭერ, იმიტომ, რომ არ არის მტკიცებულებებით გამაგრებული და ა.შ. თავისავად, ეს განაპირობებს მართლმსაჯულების მთელი სისტემის გაჯანსაღებას.
ნახეთ, რას ვიღებთ - ერთი მხრივ, გვექნება დამოუკიდებელი პროკურატურა, გამოძიება, რომელიც წარმართავს საქმეებს. ხარისხის მაკონტროლებელი იქნება როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლოც. გარდა ამისა, დაცვის მხარე, უფლებრივად გათანაბრებული ბრალდებასთან - მხედველობაში მაქვს პროკურატურის და ადვოკატურის უფლებრივი გათანაბრება (რაც საბოლოოდ, კანონის წინაშე ორივე მხარეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და უზრუნველყოფს შეჯიბრებითობას).
ეს ყველაფერი გავლენას ახდენს უკვე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რადგან შეჯიბრებითობის და ობიექტურად გამოძიებული საქმეების განსჯა, ბუნებრივია, სასამართლოს საქმიანობას ხარისხობრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანს.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია - იგივე შს სამინისტროში ერთი ნაწილია საზოგადოებრივი წესრიგი და ე.წ. ოპერატიული მუშობა, მეორე მხრივ, არის გამოძიება და გამოძიების დიდი ნაწილი სწორედ შს სამინისტროში წარიმართება. გაყოფის შემთხვევაში, ბუნებრივია, რესურსებიც და შესაძლებლობებიც ადეკვატურად გადანაწილდება და აღარ იქნება იგივე, საკადრო პრობლემა.
გამოძიება დღეს რამდენიმე უწყებაშია თავმოყრილი - პროკურატურასა და შს სამინისტროში, ფინანსურ პოლიციაში, იუსტიციის, სასჯელაღსრულების სისტემაში, სამხედრო სისტემაში. ბოლო დროს ხშირად გვესმის წუხილი, მათ შორის საჯარო და სამთავრობო დაწესებულებების მხრიდან, რომ გამოძიების ხარისხი არ არის ჯეროვანი. საგამოძიებო რესურსების გაერთიანების პირობებში ეს პრობლემაც ხომ ავტომატურად მოიხსნება?!
თუ მთავრობამ ასეთ სერიოზულ საკითხზე დაიწყო ფიქრი, ჩემი რჩევაა კომპლექსურად, გლობალურად მიუდგეს მას და მივესალმები თუკი მთავრობა ამ საკითხზე კომპლექსური დოკუმენტის მომზადებით დაასრულებს თავის ოთხწლიან ციკლს. შედეგები მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს.
ამ მიმართულებით საჯაროდ წარმართული პროცესი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეუძლია ამ მთავრობამ გაკეთოს და წარმატებულად დაიწყოს. ეს წარმატება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა მიმართულებით ხარვეზები თუ წარუმატებლობები.
კუბლაშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციას და სასამართლო რეფორმა დასაჩქარებელია - კონკრეტულ ინიციატივასაც გვთავაზობს, როგორიცაა გამოსაცდელი ვადის გაუქმება მოსამართლეებისთვის. სასამართლოს რეფორმა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო სააკაშვილის გუნდმა და დღემდე გვესმის, რომ რეფორმაა ჩასატარებელი. რამდენად არის შესაძლებელი ეს „დავალება“ ამ ხელისუფლების პირობებში მაინც შესრულდეს? სრულყოფილ, ევროპულ სტანდარტებს მორგებულ სასამართლოს ვგულისხმობ...
- როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს კანონი, გამოსაცდელ ვადას ვგულისხმობ, თუკი არ არსებობს კულტურა, ტრადიცია, ამ შემთხვევაში, კანონი ფიქციად იქცევა.
კანონით, გამოსაცდელი ვადა არ არსებობდა 2009-2011 წლებში, მაგრამ ამ პერიოდში მოსამართლეები გარკვეული გავლენებისგან თავისუფლები არ იყვნენ. მაშინ სხვა რამეს ამბობდნენ უცხოელები და ახლა სხვა რამეს ამბობენ?!
პირველი რიგის ღონისძიებად წარმომიდგენია გათანაბრების თვალსაზრისით, ჩხრეკის და ამოღების უფლება, მოწმეთა დაკითხვა სასამართლოში და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვა იქნება ეს, თუ ხელახალი წარმოდგენა - ეს სამი გადაუდებელი ნაბიჯი იქნება აუცილებელი. რაც შეეხება პერსონალურად მოსამართლეთა კორპუსს, როდესაც საუბარია მათ კვალიფიკაციაზე, რეალურად, ხარისხის კონტროლის სისტემური ცვლილება იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი.
რა წესით დაინიშნება ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე, რომელსაც ნაკლები კვალიფიკაცია აქვს, ან არ არის მზად, იყოს რაღაც გავლენებისგან თავისუფალი, ეს ის საკითხებია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონისა და სტრატეგიის დონეზე არა.
კიდევ ვიმეორებ, აშშ იქნება ეს თუ სხვა დემოკრატიული ქვეყნები, ვერც ერთი სისტემა საკანონმდებლო დონეზე ვერ გამორიცხავს მიკერძოებულ მოსამართლეებს. ხარისხის კონტროლის სისტემა კი სწორედ იმისთვისაა, რომ ასეთი რამ წესად არ იქცეს და გამოირიცხოს, შემდგომ უკვე ზემდგომი სასამართლოების მიერ თუ სხვა მექანიზმებით.
ბევრს ვსაუბრობთ სამართლებრივი სისტემის რეფორმირებაზე - თავისთავად ნიშნავს თუ არა ამ სფეროს რეფორმირება დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნის პროცესის დასაწყისს?
- ყველაფერი ხელახლა დაიწყება, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც, კომპლექსურად იქნება წარმოდგენილი და არ მოხდება „მექანიკურად“ შსს-ს გაყოფა, პროკურატურის რეფორმის დარქმევა პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილებისთვის. თუ ეს საკითხი სისტემურად იქნება ჩამოყალიბებული და რაც მთავარია, დროში გაწერილი, ეს მართლაც იქნება ახალი, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელახლა ჩამოყალიბების დასაწყისი.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ასეთი მიდგომა. შსს-ს გაყოფაც კარგია, პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლაც, მაგრამ ეს ყველაფერი თავისი მნიშვნელობით ვერ გაუთანაბრდება პრობლემას, რასაც მთლიანად სისტემაში ვხედავ.
როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ნება თუ არსებობს, რომ მთავრობამ ეს გამოცდა ჩააბაროს?
- ჯერჯერობით მოსმენილი გვაქვს პოზიცია შსს-ს გაყოფასა და პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით. რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ეს ჯერ არ მოგვისმენია. კარგია, თუ არ იჩქარებენ და საკითხს კომპლექსურად წარმოიდგენენ იგივე, რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით.
რამდენად იქნებიან მზად რეალურად ახალი სისტემის შექმნისთვის, ამას ალბათ უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს. მე ყოველ შემთხვევაში, მაქვს მოლოდინი, რომ სხვა ნაკლოვანებების კვალობაზე, ეს იქნება უმთავრესი გამოწვევა და მზაობის არა მხოლოდ საჯაროდ გამოხატვით, არამედ საქმით, მთავრობა შეძლებს საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას და წარმატების მიღწევას.