ჩაიბარებს თუ არა უკვე მეორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ლადო ჭანტურია, ეს 2015 წლის თებერვლის შემდეგ გამოჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის ეწურება კოტე კუბლაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა.
ლადო ჭანტურიას შესახებ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჭანტურიასთვის კუბლაშვილის სავარძელი არ იქნება უცხო. ჭანტურია ხომ შევარდნაძის დროს, 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე გვევლინებოდა ამ თანამდებობაზე.
მართალია, ამჯერად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელის ამპლუაში მყოფი ლადო ჭანტურია არ ადასტურებს კუბლაშვილის შემცვლელად მისი შესაძლო დანიშვნის ხმებს, მაგრამ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით იურისტთა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა.
თვეების წინ, ასევე, კულუარულად საუბრობდნენ იმაზეც, რომ კუბლაშვილის შემდეგ უზენაეს სასამართლოს ირინა იმერლიშვილი უმიზნებდა. მართალია, იმერლიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ვრცელდებოდა ხმები, რომ მისი კანდიდატურა თავად მთავრობაში დაბლოკეს. იმერლიშვილთან დაკავშირებით იმ პერიოდში კითხვას აჩენდა ის ფაქტიც, როგორ შეიძლებოდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ხელისუფლების სათავეში მოქმედი პოლიტიკოსი დაენიშნათ?!
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე დასანიშნი ღირსეული კანდიდატურები, ანუ ანგელოზის დონეზე აყვანილი „დიმიტრი გელოვანები“, ალბათ, საქართველოში არ არსებობს. თითქმის ყველა ადამიანს მოეძებნება რაიმე ხინჯი და ყველას მიმართ აქვთ პრეტენზია. ამიტომ უმწიკვლო და შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანს ამ პოსტზე, სავარაუდოდ, ვერ ვიპოვით, რადგან, თუ ეს გამოცდილი ადამიანია, ეს ნიშნავს, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამუშევარი სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით, იურიდიულ საკითხებზე. თორემ ზოგადად, პრინციპული ადამიანები საქართველოში არსებობენ.
„ლადო ჭანტურიას კომპეტენციაში ეჭვს ვერ შევიტან, ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. რაც შეეხება მის პატიოსნებას და წესიერებას, მასთან ამ კუთხით შეხება არ მქონია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ხელშესახები ფაქტი მქონდეს და მის პატიოსნებაში ეჭვი შევიტანო. ყველაფერი შედარებითია. თუმცა აუცილებელია მენეჯერული თვისებებიც, კუბლაშვილის შემცვლელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ის არის ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ხელმძღვანელი და უნდა შეინარჩუნოს ამ შტოს დამოუკიდებლობა.
კოტე კუბლაშვილი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული, პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი იყო, თორემ მას არც კვალიფიკაცია აკლდა, არც მენეჯერული თვისებები. ის ზურაბ ადეიშვილის სურვილების შემსრულებელი და ნაციონალების დანაშაულებრივი პოლიტიკის ნაწილი გახდა. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კოტე კუბლაშვილი უკვე აღარ ასრულებდა უარყოფით ფუნქციას, განსხვავებით, 9-წლიანი პერიოდისგან. მან უკვე სცადა ახალი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა, ეს პოლიტიკური მიზნებით იყო ნაკარნახევი, თუ ნაცმოძრაობისგან შეკვეთით, ის ახალი ხელისუფლების ჯიბეში ჩასმული არ აღმოჩნდა. ახლა მთავარი მიზანია, ისეთი კანდიდატურა არ იყოს, რომ ხელისუფლებას ჩაუჯდეს ჯიბეში“,- აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ლადო ჭანტურია კარგი ცივილისტი (ანუ სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი) და კარგი მეცნიერია, მაგრამ მენეჯერული თვისებები მას ნაკლებად აქვს. უზენაეს სასამართლოში მისი თავმჯდომარეობის დროს, ფაქტობრივად, იყო ანარქია და ეს არ იყო სამართლიანი სასამართლო. ამიტომ იგი საოცნებო კანდიდატი ნამდვილად არ არის.
„მის დროს მოსამართლეებს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე შერჩევითი გადაწყვეტილება გამოჰქონდათ. ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში. ლადო ჭანტურიას არ უზრუნია იმაზე, რომ მოსამართლეებს სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებები დაესაბუთებინათ. იმ პერიოდის გადაწყვეტილებები რომ შევადაროთ დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, განსხვავება აშკარაა. ამიტომ საქართველო არ უნდა დაბრუნდეს წარსულში, თანაც, იყო გარკვეული საკითხები, სადაც გარკვეულწილად, ვიღაცები აკონტროლებდნენ ლადო ჭანტურიას და რა გადაწყვეტილებაც უნდოდათ, იმას აღებინებდნენ“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე და მიიჩნევს, რომ არც ირინა იმერლიშვილი იქნება ობიექტური ამ პოსტზე, რადგან სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მის მოადგილედ ითვლებოდა და სამართლიანობის პრეტენზია არ ჰქონდა. ამიტომ მამუკა ნოზაძე ირინა იმერლიშვილს უფრო კომფორმისტულ პიროვნებად ახასიათებს, რომელიც ვერ იქნება ობიექტური.
ერთადერთი უტყუარი შემფასებელი, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა შეაფასოს, მამუკა ნოზაძის აზრით, საზოგადოებაა. სწორედ ხალხმა უნდა განსაჯოს, ვინ დაიკავებს კუბლაშვილის პოსტს. უფრო მეტიც, გვახსოვს რამდენიმე ობიექტური პიროვნება, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ თანამდებობამ შეცვალა და ობიექტურობის პრინციპები დააკარგვინა. ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოდარაჯე ძაღლის როლში უნდა იყოს, უზენაეს სასამართლოს ხომ დიდი როლი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაში, ის მისაბაძი უნდა იყოს და კანონების გადამწერის როლის ნაცვლად, შეფასების უნარი უნდა ჰქონდეს.
For.ge-სთან საუბარში ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლოებში უამრავი პრობლემა იყო და მძიმე მემკვიდრეობის გადაბარება მოუწევს უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს. კუბლაშვილის შემცვლელის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს კადრების გადახედვა, ძალზე რთულია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, ახალი სისხლი კი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში. ის, რომ მინიმუმ, 200 პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში უკანონოდ არსებობდა, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ, 200 მოსამართლე დამნაშავეა.
„მერწმუნეთ, უზაენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს მკვეთრი და არასასიამოვნო არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება მოუწიოს. ბატონი ჭანტურია კარგი კანდიდატურაა, მაგრამ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც, ამავდროულად, საუკეთესო კანდიდატურები არიან. ვფიქრობ, უცხოური გამოცდილების მქონე, პრინციპული ანი დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ღირსეული კანდიდატი იქნებოდა. აქ შეულახავი რეპუტაციის კანდიდატურა უნდა შეირჩეს“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლადო ჭანტურია იქნება ეს თუ სხვა, მისთვის პერსონალიები არ არის მთავარი, არამედ მთავარია, პროცესი გამჭვირვალედ, ინსტიტუციურად წარიმართოს და ამ მხრივ საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ამ პოსტზე კანდიდატურის შერჩევის და წარდგენის პროცესი პრეზიდენტის ხელშია. პრეზიდენტს შეუძლია, სუბიექტურად ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისას, პრეზიდენტმა ეს ერთპიროვნულად არ გააკეთა.
„ეს განმაწყობს დადებითად, რომ გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი და პრეზიდენტი თვითშეზღუდვის გზით, ანუ საზოგადოებასთან კომუნიკაციით შეარჩევს ყველასთვის მისაღებ კანდიდატურას. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, თავის დროზე მან საჯაროდ უარყო მისი კანდიდატურის შესახებ გავრცელებული ხმები და თქვა, რომ არც ფიქრობს ამ საკითხზე. ამიტომ ამ ეტაპზე კუბლაშვილის შემცვლელის კანდიდატურა არ განიხილება, მანამდე ბევრი ვინმე შეიძლება გამოიკვეთოს. წინასწარ არ ვიცით, შერჩევის კრიტერიუმი რა იქნება. ასეთ საკითხებზე თამასა ჩემთვის მაღალია“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.