„მაესტროს“ ახალი გამოწვევა - იდეოლოგია სახელად „პროქართული ორიენტაცია“

„მაესტროს“ ახალი გამოწვევა - იდეოლოგია სახელად „პროქართული ორიენტაცია“

გენერალური დირექტორის მოადგილე, პროდიუსერები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები - ტელეკომპანია „მაესტრო“ ამ დროისთვის უკვე 17-მა თანამშრომელმა დატოვა. არხი მაყურებელს ქვეყანაში და მის ფარგლებს მიღმა არსებულ მოვლენებზე ინფორმაციას 22 დეკემბრის დილიდან ვეღარ აწვდის. ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მოულოდნელად, დაგეგმილზე ადრე დაიწყო.

ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ 21 დეკემბრის გაფართოებულ თათბირზე გადაწყდა. „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მათ არხზე დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. თათბირზე ითქვა, რომ „მაესტროს ცხრიანს“ მომავალი წლიდან კოკა ყანდიაშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ჩაანაცვლებდა. ჟურნალისტებმა მწვავე კითხვები დასვეს, კრიტიკული პოზიცია ღიად გამოხატა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ჟიჟილაშვილმა.

„გენერალურმა დირექტორმა თათბირზე დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ არხზე გადაცემა „ცხრიანის“ ნაცვლად მომავალი სეზონიდან გავა კოკა ყანდიაშვილის „ლაპარაკობს თბილისი“. ეს მან დაგვიდასტურა, ასევე შეატყობინა ყველას ინფორმაცია, რომელიც მე ისეც ვიცოდი, რადგან ცოტა უფრო ადრე მითხრეს, რომ აღარ ვიქნებოდი „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების კურატორი. მანამდე ასევე მივიღე შემოთავაზება არხისგან, რომ ამ ყველაფრის ნაცვლად გამეკეთებინა ერთი ან ორი თოქშოუ კვირის განმავლობაში და მითხრეს, რომ, ზოგადად, არხი ბევრად შეიცვლება და გახდება უფრო ცენტრალიზებული და იდეოლოგიზებული“,- განუცხადა for.ge-ს ნინო ჟიჟილაშვილმა.

„მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავსი შეთავაზებების და ტელეარხის მენეჯმენტის გეგმების მოსმენის შემდეგ „მაესტროზე“ საკუთარი ადგილი და როლი ვეღარ დაინახა, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილებას ოფიციალურად გაახმაურებდა, საკითხი არხის ერთ-ერთი მფლობელის მეუღლის, კოტე გოგელიას სატელეფონო ზარმა განსაზღვრა. უცხოეთიდან განხორციელებული ზარით გოგელიამ ჟიჟილაშვილს ამცნო, რომ ის 21 დეკემბრის ღამიდან „მაესტროში“ აღარ მუშაობდა.

„არხზე საკუთარ თავს ვეღარ ვხედავდი, თუმცა, როგორც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი, მზად ვიყავი „მაესტროს ცხრიანი“ დეკემბრის ბოლომდე გამეგრძელებინა. ეს ვუთხარი კიდეც დამფუძნებლებს და შევთანხმდით, რომ დეკემბრის ბოლოს არხს ჩემი ნებით დავტოვებდი, თუმცა, გუშინდელი თათბირი ძალიან მწვავედ წარიმართა. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებმა დასვეს მწვავე კითხვები და ბევრ მათგანზე პასუხი ვერ მიიღეს. კრიტიკული შენიშვნები მქონდა მეც. ამ თათბირის შემდეგ იყო ზარი კოტე გოგელიასგან, რომელიც უცხოეთში იმყოფება. დამირეკა და მითხრა, რომ მე აღარ ვმუშაობდი „მაესტროზე“ - ეს მითხრა მიუღებელი ინტონაციითა და ტონით“, - აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი და განმარტავს, რომ „მაესტროში“ უსაიმოვნო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამ დრომდე ბევრმა ისეთმა ადამიანმა დატოვა არხი, რომელსაც არხის განვითარებასა და ფასეულობების შექმნაში დიდი ენერგია ჰქონდათ ჩადებული.

„არც ყანდიაშვილის თემა გაჩენილა 2 კვირის წინ, დაახლოებით 2-3 თვეა მიმდინარეობს ამაზე საუბარი. ერთხელ ჩვენ ამას უკვე გავუწიეთ ძლიერი წინააღმდეგობა და პროექტი დროებით შეჩერდა, ახლა უკვე ვეღარ მოვერიეთ ამ პროცესს. რატომ მოგვინდა ასე ძალიან წინააღმდეგობის გაწევა? - იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კოკა ყანდიაშვილის შემოსვლით არხზე ჩნდება ახალი მიდგომები, რომელიც დიდ კავშირშია ყანდიაშვილის „ძველ მიდგომებთან“, ხოლო, ეს პროცესი პირდაპირ კავშირშია არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებასთან, მისი კონტროლის სურვილთან და რაღაც იდეოლოგიით დატვირთვასთან. სწორედ, ეს გააპროტესტა „მაესტროს“ ჟურნალისტების ნაწილმა“,- აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.

For.ge-ს კითხვაზე, თუ რას გულისხმობენ არხის ხელმძღვანელები „მაესტროს“ იდეოლოგიზაციასა და ცენტრალიზაციაში, - ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საკითხზე კონკრეტულის აუბრისაგან თავს შეიკავებს, რადგან, შესაძლოა, მისი მოსაზრებები ვინმემ სპეკულაციის თემად გამოიყენოს.

„ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ გეგმის თანახამად, არხი უნდა ყოფილიყო „პროქართული იდეოლოგიის“ . სწორედ, ეს იწვევს ბევრ კითხვას, რადგან, ჩვენ ვფიქრობდით, რომ არხი საზოგადოების სამსახურში იყო, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ვემსახურებოდით და ეს ამოცანები გვქონდა. მიზნად და ამოცანად იმის დასახვა, რომ რაღაც ტიპის იდეოლოგია უნდა არსებობდეს ამ საფარქვეშ, ბევრი კითხვის შემცველია. ჩემთვის გასაგებია, ეს რასაც ნიშნავს, თუმცა, ვეცდები, ამ ეტაპზე არაფერი ვთქვა, რომ ჩემი მოსაზრებებით ვინმეს რამე არ დავაბრალო. ყველანი ერთად ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები „მაესტროზე“,- აცხადებს ნინო ჟიჟილაშვილი.

„მაესტროზე“ მიმდინარე პროცესების პარლალეურად კვლავ აქტუალურია ტელეკომპანიის წილების საკითხი. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, არხის მფლობელები ამ დრომდე არ შეცვლილან. წილის 15% კვლავ მამაუკა ღლონტს ეკუთვნის, 15% - ლევან ჩიკვაიძეს, 5% კვლავ ეკა აკობიას, 15% - გიორგი ებრალიძეს, 25% - გიორგი გაჩეჩილაძეს და 25% - მაკა ასათიანს.

თუმცა, საკუთარი 15%-იანი წილის ტელეკომპანიის პირველად დამფუძნებლებზე უსასყიდლოდ გადაცემაზე ათიოდე დღის წინ უკვე ოფიციალურად განაცხადა „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა.

For.ge-სთან საუბრისას ღლონტი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, აღარ არის არხის მფლობელი, თუმცა იურიდიულად იმიტომ რჩება, რომ „მაესტროს“ წილები კვლავ დაყადაღებულია და ცვლილებები ყადაღის მოხსნამდე ვერანაირად განხორციელდება.

„წილს სხვებზე ვერ ვაფორმებ, მაგრამ უკვე დასრულებულია დოკუმენტების მომზადების პროცესი და არხის წილს კვირის ბოლომდე მართვაში გადავცემ „მაესტროს“ პირველ დამფუძნებლებს. ჩემი 15%-იანი წილი 7 ადამიანზე გადანაწილდება. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, დაგვაყადაღა სააკაშვილმა და ყადაღა დღემდე არ მოხსნა „ოცნების“ ხელისუფლებამ. გაუგებარია, ვის და რატომ აძლევს ხელს „მაესტროს“ წილებზე ყადაღა. დღეს წილს ამის გამო ვერ ვიშორებ“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას მამუკა ღლონტი და კითხვაზე, შეინარჩუნებენ თუ არა საკუთარ და მისგან ნაჩუქარ წილებს „მაესტროს“ ძველი მფლობელები? - აცხადებს, რომ ეს მან არ იცის, რადგან დე-იურე მფლობელად დარჩენის მიუხედავად მას „მაესტროსთან“ კავშირი, პრაქტიკულად, აღარ აქვს.

ღლონტი, ორიოდე თვის წინ კეზერაშვილის მიერ „მაესტროს“ წილების ყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „მორიგ ჭორს“ უწოდებს. „მომავალ თვეში ალბათ სხვა გვარებიც გამოჩნდება, ჭორები მუდმივად ვრცელდება და ეს პროცესი დაუსრულებელია“, - განმარტავს მამუკა ღლონტი.

„მაესტროს“ დამფუძნებლების შეცვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს ნინო ჟიჟილაშვილს და ღლონტის მსგავსად, მისთვისაც ჭორია ინფორმაცია „მაესტროს“ წილის კეზერაშვილის მიერ ყიდვის შესახებ, თუმცა, ჟიჟილაშვილი მოვლენების ამგვარ განვითარებასაც არ გამორიცხავს.

„დამფუძნებლებში, როგორც ვიცი, ცვლილებები მიმდინარეობს და ეს პროცესი მიდის სწორედ ახლა, მაგრამ მე ამის შესახებ მინიმალური ინფორმაცია მაქვს. რაც შეეხება კეზერაშვილის მიერ წილის ყიდვას, ამ თემაზეც არ მაქვს ინფორმაცია. თუმცა, არ მგონია, რომ ეს რეალობა იყოს. ცოტა ხნის წინ გარკვეულ სარეკლამო თემებზე იყო საუბარი და, სწორედ, ამას მიება კეზერაშვილის გვარი. ჩემი ინფორმაციით, ეს იყო ჭორი, თუმცა, თავს ვერ დავდებ“, - აცხადებს ჟიჟილაშვილი.

როდემდე გაგრძელდება არხზე გამოცხადებული რეორგანიზაცია და რა ფორმატისა და რა შინაარსის გადაცემებით დაბრუნდება „მაესტრო“ ახალი სეზონიდან ეთერში ? - ამ კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად For.ge-მ არაერთხელ სცადა არხის გენერალურ დირექტორთან დაკავშირება. თუმცა, ბაია გადაბაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სატელეფონო ზარებს ასევე არ პასუხობს „მაესტროს“ სამომავლო პროექტების ავტორად დასახელებული კოკა ყანდიაშვილი.

ყანდიაშვილმა „მაესტროს“ თემაზე სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა და არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია განმარტა: აცხადებს, რომ „მაესტრო“ არ უყიდია, არხის დირექტორობა მისთვის არავის შეუთავაზებია და არც იანვრიდან წაიყვანს გადაცემას „მაესტროზე“.

„მოლაპარაკებები არხებთან გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას ისედაც მაქვს სამსახური - და, თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ. გპირდებით - ყველას გაგაგებინებთ მომავალ წელს - სტუდიის პრეზენტაციის თარიღს და ადგილსაც“, - წერს „ფეისბუქში“ კოკა ყანდიაშვილი.

ვიდრე ყანდიაშვილის არხზე მისვლის თარიღი და გეგმები დაზუსტდება, „მაესტროს“ ჟურნალისტების ნაწილი სამსახურში რჩება და მუშაობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„გუნდის ნაწილი უკვე წამოსულია არხიდან, ნაწილი -ადგილზეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ „მაესტროს“ გუნდი გაიყო. ნაწილმა უკვე ვეღარ დაინახა საკუთარი თავი , ნაწილი კი ფიქრობს, რომ არხზე დარჩენით უფრო მეტს გააკეთებენ და ბოლომდე ეცდებიან, რომ „მაესტრო“ დაიცვან გარე ჩარევებისგან, რაშიც მინდა, მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო ჟიჟილაშვილი.