დიტო გელოვანი: ვინ იმსახურებს არმაგედონის ზანგს

დიტო გელოვანი: ვინ იმსახურებს არმაგედონის ზანგს

...რადგან რექსაჩმა, აქ მას ბიძიკოს ეძახდნენ და ის კი აღდგენილენს ძამიკოობით მიმართავდა, ბესამეს მიერ ფიცის მიღებისას გარკვევითა თქვა: „ოფიციალურ შეჯიბრებებში ყოველი სამი გატანილი ბურთის ავტორი ჰონორარად რიკარდოს ქუჩის ბოლოში მდგარ სახლში ყოვლად უფასოდ შეშვებას მიიღებს, ორ ბურთზე - ნახევარ ფასს გადაიხდის, ერთზე - მთლიანად, ვერც ერთზე - უშემწვარხორცოდ დარჩება ხუთ დღეს. აბაა, ძამიკო“. მაგრამ სახალხო შეჯიბრი ჯერ არა ჩანდა. ეჰ...

(გურამ დოჩანაშვილი, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“)

„...ანუ აღდგენითი სამუშაოები“ - ეს რომ გუშინ ან დღეს დაწერილიყო, აღდგენით სამუშაოებში პოლიტიკურ ქვეტექსტს ამოვიკითხავდით. ესენი თუ ასე გააგრძელებენ, ნაცების აღდგენა გარდაუვალი იქნება, მაგრამ ღრმად რომ ჩავფიქრდები, თვალებს დავხუჭავ და მომავალს წარმოვიდგენ, მომავალში ნაცებს ვერ ვხედავ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ესენი ასე ვეღარ გააგრძელებენ. ამიტომ, ერთი-ორ კვირაში, ისევ ჩავფიქრდები, დავხუჭავ თვალებს და შევეცდები დავინახო, რატომ ვერ გააგრძელებენ ესენი ასე. ასე გაგრძლების სურვილი გადაუვლით თუ თვითონვე ვეღარ გაგრძელდებიან.

მოგატყუეთ... ნაცებს მომავალშიც ვხედავ, მაგრამ ჯერ ვერ გამირჩევია, სად ვხედავ - ვირის აბანოში თუ ლომის უკანალში, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იქ არიან სადაც მათი ადგილია და იმის შუბა დახიოს არმაგედონის ზანგმა, ვინც ნაცების გამოსაყვანად თუნდაც ფეხი შედგას ვირის აბანოში და უნდაც ლომის უკანალში შეყოს ხელი.

მაგრამ, ეს ხდება მომავალში, წარსულისგან შობილ აწმყოში კი, ყოველგვარი ჩაფიქრებისა და წარმოსახვის მოხმობის გარეშეც ჩანს, ვინ წევს ვირის აბანოს შესასვლელთან და ვინ არის გადაფარებული ლომის უკანალს, ემანდ ნაცები იქ  არ აღმოჩნდნენო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქართველოს უბოროტეს მტერთა სამეულში ორ საპატიო ადგილს, ჩემი აზრითა და ღრმა რწმენით, ნაციონალური მოძრაობა და „რუსთავი 2“ იკავებენ (მაგათ კი დაიკავონ არმაგედონის ზანგის!), მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ შეცდომაა მათთვის ორი ადგილის მიკუთვნება, ერთმანეთი შექმნეს ერთმანეთს სულს უბერავენ, აცოცხლებენ და ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილს ნიშნავს.

გასულ კვირამდე ვფიქრობდი, მეგონა, რომ ეს ყველას ესმის, მაგრამ ერთია - გესმოდეს, მეორე - იგებდე. მთავარი გაგებაა. შევეცადე, გამეგებინებინა ეკა ბესელიასთვის, ვერ გავაგებინე და შემდეგ, უკვე, თვითონაც  ვეღარ გავიგე რასთან მქონდა საქმე - „შეაყარე კედელს ცერცვი“  თუ „აკაკუნე კედელიო...“.

გასულ კვირაში „რუსთავი 2“ გლოვობდა საყდრისს და გლოვობდა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს, თუმცა იყო დრო, როცა დიდი ზარ-ზეიმით გვამცნეს, როგორ მოუხსნა სააკაშვილმა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და არც აგვისტოში დაღუპული ბიჭები უგლოვიათ  და არც გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევის გამო გამოუთქვამთ წყენა.

ვირისგან წიხლი რა გასაკვირია? მაგრამ ეგ არის, რომ ხანდახან, ის, ვინც ჩვენ ვირი გვგონია, სრულიადაც არ არის ასეთი, ხოლო ხანდახან, პირიქით - ვირები და სირები ჩვენ გამოვდივართ.

გასულ კვირაში აღნიშნული ტელეკომპანია (რომელიც, სხვათა შორის, გამორჩეულია პროფესიონალიზმითა და კიდევ სხვა „პრო“-თიც) დატოვა ერთ-ერთმა წამყვანმა და ლომის უკანალში აღმოჩნდებოდა, რომ არა ეკა ბესელია. ზემოთაც აღვნიშნე, ზოგი ლომის უკანალზეა აყუდებული და  ისე ოცნებობს-მეთქი.

„ირაკლი მაისურაძის ამბავი რომ გავიგე (მარიკა ვერულაშვილი და კახა ოქრიაშვილი მეოცნებეები რომ გახდნენ, ძველი ამბავია), ერთი სიკვდილი გავათავე :))))) იცით რას ვფიქრობ? ასე მგონია, რომ დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, უბრალოდ, კარგი პიარშიკები ყავდათ, თორემ ეს ქვეყანა არასოდეს ყოფილა კარგად და ვერც იქნება. იმისი არ იყოს - მინდა კარგია, უნდა გეკუთვნოდესო“ - დავწერე და ბესელიას პასუხმაც არ დააყოვნა.

ბესელია: გია, საჯაროდ მინდა, რომ დავწერო ეს მოკლე კომენტარი ირაკლი მაისურაძესთან დაკავშირებით: მისი წამოსვლის მიზეზებზე რუსთავი 2 -დან იგი თავად არ საუბრობს და ეს მისი საქმეა. მე მას წლებია ვიცნობ იქამდე ვიდრე პოლიტიკაში აღმოვჩდებოდი...მის ოჯახს ვიცნობ და ჩემთვის ახლობელი ოჯახია. არასოდეს დამავიწყდება მისი შინაგანი გამბედაობა იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას ვცდილობდით და ვიბრძოდით წლების განმავლობაში და ირაკლი მაისურაძე იყო რუსთავი 2 ში. მას არც ერთი დღე არ გაუწყვეტია კომუნიკაცია და არ შეშინებია ჩემთან საუბრის, კომუნიკაციის. თუმცა ამას ვერ ბედავდა უფრო მეტად ახლობელი ადამიანი, ნათელ-მირონიც კი... ვერ ბედავდნენ პირდაპირი მნიშვნელობით „რადიკალურ ოპოზიციასთან“ ურთიერთობას. ირაკლი მაისურაძეს არც მაშინ გაუწყვეტია ეს კომუნიკაცია როდესაც ჩემი შვილი და ძმა უდანაშაულოდ დაატყვევეს სააკაშვილი-მერაბიშვილის დავალებით და მძევლად ყავდათ 2 წლის განმავლობაში... ის იჯდა ეთერში და პარალელურად მახსოვს მისი გამამხნევებელი ზარები.... რასაკვირველია მას ამის გამო ემუქრებოდა სამსახურის დაკარგვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან გადალახა ეს შიში, რაც ბევრმა ვერ შეძლო. მოსამართლეებს უკანონო განაჩენი გამოქონდათ იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვა არ უნდოდათ. რომელი ერთი გავიხსენო....ეს ჩემთვის არის ფაქტორი გია და მე არ მიყვარს დაუნახავი ადამიანი... მე მახსოვს ეს წლები და მიმაჩნია, რომ ადამიანურად სწორად მოვიქეცი, როდესაც დღეს ირაკლი მაისურაძე წამოვიდა „რუსთავი 2“-დან, მე მას შევთავაზე თანამშრომლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის და მედიის საკითხებში. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. მე არ მომწონს შეშინებული არც პოლიტიკოსი, არც ჟურნალისტი, მით უფრო არც მოსამართლე და, საერთოდ, შეშინებული ადამიანი... სიკეთე არის სიკეთე და ჩემთვის ეს მარადიული ფენომენია...“
მე:  თუ გინდა, უამრავ ადამიანს, პროფესიონალს ჩამოგითვლი, ვისაც ერთი წამით არ უყუყმანია, ყველაფერი გვერდით გადადო, გარისკა სიცოცხლით და თავისუფლებით და უანგაროდ ემსახურა საკუთარ მრწამსს და სამშობლოს. ჩამოგითვლი, და მათ დღევანდელ მდგომარეობასაც გეტყვი - უმუშევრები, დაუფასებლები, გულგატეხილები და იმედგაცრუებულები. ეს, რაც შეეხება მათ. რაც შეეხება ირაკლი მაისურაძეს, მაგას შენთან ქონდა თბილი ურთიერთობა, გოგიჩაიშვილს - სხვასთან, გოგოტიშვილს კიდევ სხვასთან და წავიდა ჰეეე... ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ, სრულიადაც არ ვარ სიცილის ხასიათზე. ეგეთი რამეები გუგული მაღრაძეს და ნანა ყეენიშვილს მოუყევი. კიდევ ვინ არიან ოცნების მხარდამჭერები? ჰო - მარიკა ვერულაშვილი და ირაკლი შიხიაშვილი, გარემოს დაცვაში მოკალათებული ზონდერები, რომლებზეც გწერდი და თითი არც ერთმა არ გაანძრიეთ. ქოციონალური მოძრაობა? რატომაც არა... ძალიან ზუსტი შეფასებაა. ყოჩაღ. ამისთვის ვიბრძოდი მთელი ათი წელი და მანამდე კიდევ 17 წელი. ირაკლი მაისურაძე... საკალელი, თატკალი... ნუ ამატირებ, ძალიან გთხოვ“.

ეს იყო და ეს. ერთი პირობა, ვიფიქრე, რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ვერც მე და ვერც ჩემი შვილები წყალში გადავარდნის უფლებას თავს ვერ მივცემთ, რადგან გასული კვირიდან მოყოლებული მე ირაკლი მაისურაძეს უნდა ვუხადო ხელფასი და შემდეგ, ერთ დღესაც ჩემ შვილებს მაისურაძისთვის პენსიის გადახდა მოუწევთ.

მე რა?.. ჩვენ მოგვიწევს, ჩვენ შვილებს მოუწევთ და ამას იქნებ ისა ჯობს, რომ ფული ავკრიბოთ და არმაგედონის ზანგს გადავუხადოთ მცირეოდენი ჰონორარი. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, თუმცა, ზოგ-ზოგიერთის პოლიტიკურ წარსულს თუ გავიხსენებთ, იქნებ შეძახილიც კი აღმოგვხდეს - „რა ვიწრო! გაფრენილი წერო და გაშლილი ზონტიკი...“ და ა.შ.

ღირს ამაზე დაფიქრება, თორემ იმასაც მოვესწრებით, მარიკა ვერულაშვილი რომ იტყვის, მოხუც კახელ ქალბატონებს 106 წლის ქალების გაუპატიურებაზე რომ ველაპარაკებოდი, ამით კი არ ვაშინებდი, არამედ იმედს ვუნერგავდიო.

ჰოდა, უძვირფასესო ნაცქოცებო, არმაგედონის ზანგს რომ ვახსენებ, კი არ გემუქრებით, არამედ თქვენს ცხელ სექსუალურ მომავალს ვხატავ.

ხოლო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, უკვე წარსულია და ამ წარსულში ბ-ნი  თამაზ თამაზაშვილის ორი განცხადება უნდა აღინიშნოს, რომელთაგან ერთი სადავოა, ხოლო მეორე - უდავო. სადავო არის ეს - „ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი საქართველოს არ ყოლია“. ხოლო უდავოა ეს - „ნაციონალურ მოძრაობას აქვს პროგრამა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოგონილი ჭორებით დაასუსტონ“.

ნაციონალურ მოძრაობას მართლაც აქვს ასეთი პროგრამა, რომლის დეტალებსაც „ქართულ ოცნებაში“ ათანხმებს. რაც შეეხება „ილიასა და ბიძინას შედარებით დახასიათებას“ და „ინტელექტუალთა სახეებს ქართულ ფოლკლორში“, ვფიქრობ, ილიას შემდეგ ყველაზე დიდი ინტელექტუალი არის ის,  ვინც ნანა ყეენიშვილს „ოცნებაში“ უანგარო რეკომენდაცია გაუწია - დავით საგანელიძე.

გასულ კვირაში 15 წელი შეუსრულდა ჩემ მეგობარ სააგენტოს, „ინტერპრესნიუსს“. ვულოცავ და მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ ადგილობრივი მნიშვნელობის ნიუსს, რომელიც უთუოდ გაახარების ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქის მაცხოვრებლებს და ოქტომბრის, პირველი მაისისა და 26 კომისრების რაიონის სტუმრებს: „თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კავკასიის ბიუროს შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, დოკუმენტს, რომელიც ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტების ჩართულობას ისახავს მიზნად... მემორანდუმი ითვალისწინებს ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტობრივად დავიწყებულები არიან. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივ პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად მოეწყობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის "50 ქალი საქართველოდან" გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საზოგადო მოღვაწე ქალების ფოტოები და მათი ბიოგრაფიები... დაგეგმილია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის - "სადა ხარ, ჩემო სულიკო?" ჩვენება“.

„მე ცუდი წინათაგრძნობა მაქვს“ - თქვა სარზე ჩამოგებულმა თურქმა და ნელ-ნელა ძირს ეშვებოდა“...

მეც მაქვს ცუდი წინათაგრძნობა და მეშინია, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა „შავლეგოს“ აკრძლვა არ მოგვთხოვოს.

მაგრამ რდგანაც კაცნი... მომიკვდეს თავი, შემეშალა!.. მაგრამ რადგანაც ქალნი გვქვია, შვილნი მშობლისა, დროის მოთხოვნას უნდა დავემორჩილოთ და ის ნიუსები გაიხსენოთ, იმ ამბებზე ვისაუბროთ, რომლებშიც ინიციატივა ქალებს ეკუთვნით: „თეა წულუკიანი - ერთ-ორ წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება“; „პეტრო პოროშენკო ეკატერინე ზღულაძეს - თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ სსრკ-ს ტიპის შსს-ს ევროპულ უწყებად ვაქცევთ“; „ხატია დეკანოიძე უკრაინაში პოლიტიკურ სკოლას აფუძნებს“.

და, კიდევ ერთიც: „ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და კოალიციასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" 41:5 დავამარცხე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში", ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა“.

გენდერულ ამბავსა და დაბალანსებულ გაგებაში, უნდა აღინიშნოს, თეა წულუკიანმა „კოალიციაში“ იგულისხმა დიდი ინტელექტუალი გუგული მაღრაძე, დიდი სტრატეგი ეკა ბესელია, დიდი ტაქტიკოსი ნანა ყეენიშვილი და დიდი მზვერავი მარიკა ვერულაშვილი. მართალია, წულუკიანს ამომრჩევლები არ უხსენებია, მაგრამ თავისთავად იგულისხმება, რომ სანამ კაცები დომინოს თამაშობდნენ, ქალები ხმას აძლევდნენ და აქვე ერთი იდეაც - რომელიმე ქუჩისთვის „თეა წულუკიანისთვის ხმის მიმცემთა ქუჩა“ ხომ არ დაგვერქმია? კარგი იქნება, თუ ამ იდეას თბილისის ბიუჯეტში შეიტანენ, მით უმეტეს, რომ ჯაბა სამუშიას უთქვამს, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველაზე სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტიაო.

თავმდაბლობას რა ვუთხარი, თორემ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაზე სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტი ჯაბა სამუშიას ის პროგრამა იყო, რომლის მიხედვითაც დენი 10 თეთრად, გაზი 5 თეთრად, ხოლო წყალი უფასოდ უნდა ყოფილიყო. აფსუს... მაგრამ, იმედს არ ვკარგავ - დაბრუნდებიან გიორგი თარგამაძე და ინგა გრიგოლია პოლიტიკაში, მაგდა ანიკაშვილი ჩიორას დააღწევს თავს, ისევ აღდგება ლეგენდარული „ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა“ და... სოფელიც აშენდება. მანამდე კი, ნება მომეცით, დავეთანხმო ვანო კიღურაძეს, რომელმაც... „საქართველო არც სვაზილენდის სამეფოა და არც სახას რესპუბლიკა, რომ როცა უცხოეთიდან რაღაც პროგრამას გიგზავნიან, თქვა, რომ არის საერთაშორისო სტანდარტის“, - ამ შეფასებით მთავრობას და განათლების სამინისტროს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელმა ვანო კიღურაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი, იუბილარი.

დიახ, სამწუხაროდ, საქართველო არ არის სვაზილენდის სამეფო და ვინ იცის, იქნებ სვაზილენდში ეროვნულ დღესასწაულად დაწესდა ის დღე, რომელ დღესაც სვაზილენდელებმა გააცნობიერეს, რომ სვაზილენდის სამეფო არ არის საქართველო.

გასულ კვირაში გააცნობიერეს, სწორედ იმ დღეს, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა: „მობილური ტელეფონები, რომელიც თანამშრომლებმა საჩუქრად მიიღეს, კონტრაბანდულ, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას წარმოადგენდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. 
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მობილური ტელეფონები არ იყო შესყიდული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით, რაც ნიშნავს, რომ მათში არ გადახდილა ბიუჯეტის და გადასახადის გადამხდელთა ფული“.

აქვე გეტყვით - „შემოსავლების სამსახურში, დღეს სოლიდარობის აქცია - "გაიღე სისხლი" გაიმართა. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გვაცნობეს, საკუთარი სისხლი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "თბილისის" თანამშრომლებმა ამჯერად ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალებისა და ლეიკემიით დაავადებული მოზრდილების დასახმარებლად გაიღეს“.

მოკლედ, სანამ ამბავი არ ატყდა, აიფონებზე ხმა არ ამოუღიათ, სამაგიეროდ, 100-100 გრამი სისხლი ჩააბარეს და ქვეყანას მოსდეს. დარწმუნებულები ხართ, რომ საკუთარი სისხლი ჩააბარეს და არა გადასახადების გადამხდელთა სისხლი? რა ვიცი, რა ვიცი...
ახლა მახსენდება... აი ის ირმის ცვრიანი მწვადები და რძეში მოხარშული ციკანი, ორივე კონტრაბანდით იყო შემოტანილი და იმიტომ იყო, არც აიფონებზე და არც ციკნებზე სიტყვა რომ არავინ დაძრა. ეგ კი არა, მგონი საყდრისიც კონტრაბანდა იყო და ამიტომ არ გვკითხეს არავის, როცა აფეთქებდნენ, არც ასაფეთქებელი ნივთიერება დაუფინანსებია ქართველ გადასახადის გადამხდელს...

ისე, თუ დააკვირდით, მხოლოდ აფეთქების შემდეგ გაირკვა, რომ კოჟორიძე და კომპანია საყდრისის ფანები ყოფილან; მხოლოდ აფეთქების შემდეგ გაირკვა, რომ მიხეილ გიორგაძისთვის „უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“; და მხოლოდ აფეთქების შემდეგ გადაწყვიტა უჩა ნანუაშვილმა, რომ ცუდი არ იქნება, თუ კულტურის სამინისტრო სამუშაო ჯგუფს შექმნის.

სამუშაო ჯგუფს? რისთვის? კვალის წასაშლელად? ტერიტორიის გასასუფთავებლად? თქვენ კი გაგისუფთავათ არმაგედონის ზანგმა!

რაღაც ძალიან ბევრ დავალებას ხომ არ ვაძლევთ არმაგედონის ზანგს? არადა, თვითონ მოითხოვა. ამ ნიუსის წაკითხვისას გულდაწყვეტილი ჩანდა: „რესტორან "თავადურში" ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას სცემეს. ინციდენტი დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა“. ძალიან გულდაწყვეტილი ჩანდა,  დამასწრეს, რავა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქშიო - გაიძახოდა, მერე გაჩუმდა, ერთ ხანს რაღაცას ფიქრობდა და მერე ჩამოთვლა დაიწყო: „მაისურაძე-ბესელია - ეტა რაზ, კოჟორიძე-გიგაური - ეტა დვა, ნაც-ქოცები და „რუსთავი 2“ - ეტა ტრი“. ამ დროს თვალში ლეპტოპის მონიტორი მოხვდა - „FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. FactCheck.ge-ს დასკვნით, ბესელიას განცხადება სიმართლეა, სერგეენკოსი - მეტწილად მცდარი, ნარმანია კი ცრუობს... როგორც "ინტერპრესნიუსს" ფაქტ-მეტრიდან აცნობეს, რვიდან 15 დეკემბრამდე, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი აბესაძის განცხადება სიმართლეა“. 

„FactCheck.ge და ირაკლი აბესაძე - ეტა ჩეტირე“ - ჩაილაპარაკა არმაგედონის ზანგმა და დასძინა, რომ დასაარმაგედონებელი კიდევ ბევრია. „თუმცა, სააკაშვილს ურიგოდ მოვემსახურები. კიდევ როდის აპირებს ეგ პროკურატურის მიერ ძებნილი ევროპარლამენტში მისვლას“ - დაინტერესდა  ა. ზანგი. მას უპასუხეს, რომ სააკაშვილი როცა  უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა ისე დადის, ხოლო პროკურატურაში რეფორმები იწყება.

„მე ვიცი მაგათ რა რეფორმებიც მოუხდებათ“ - გაბრაზდა არმაგედონის ზანგი და უკვე რამდენიმე დღეა, პროკურატურა არმაგედონის ზანგის მოლოდინშია.

ბ.დ.ა.ზ. (ბესამემ და არმაგედონის ზანგმა) ...და ბესამემ, უპირატესობა საბოლოოდ რომ განემტკიცებინა, თქვა: „აეგ შარვალი მომაწოდე, ვაჟკაც. ეგრე“, ხოლო უმთავრესი რამ აღტაცება მაშინ ელოდა, როცა რექსაჩმა გარეთ, ქუჩაში გაიყვანა, ხელი მსუბუქი მოფერებით უბიძგა, და, უთხრა: „მე ფულიანა უკან მოგყვები, შენ კი, ბესამე, აბაა, სმენა-ა, რიკარდოს ქუჩის ბოლოსკე-ენ... იარ!“როგორ გადის დრო?! რა შეუმჩნევლად, ვითომ...

(გურამ დოჩანაშვილი, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“)