ჰოლანდიური ნამცხვარი

ჰოლანდიური ნამცხვარი

რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში, ჩემი კოლეგა კახა ბერიძე შემხვდა. კახა სპორტული ჟურნალისტია და 1998 წლიდან ჩვენი „საძმოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრი ბრძანდება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს გასახსენებელი ბევრი აქვს. ეს ადამიანი ზამთრისა და ზაფხულის არაერთ ოლიმპიურ თამაშებს პირადად დასწრებია, ამის გარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მრავალგზის „მონაწილეა“. რასაკვირველია ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდი და ბატონ კახას რამდენიმე სახალისო ისტორიის გახსენება ვთხოვე. კოლეგა დამთანხმდა. მეორე დილით ოლიმპიურ კომიტეტში ვეწვიე და ჩვენი საუბრის „შედეგს“ ქვემოთ მოგაწვდით.

ჩანჩქერში ბანაობა“

მოგეხსენებათ, 1998 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკურ საქმიანობას ვეწევი, ამის გარდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც ვსაქმიანობ და სამსახურიდან გამომდინარე არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებს ვესწრები. რასაკვირველია გასახსენებელი ბევრი მაქვს და დღეს ჩემი აზრით სამ „საინტერესო შემთხვევას“ მოგიყვებით.

2005 წელს იტალიის ქალაქ ლინიანოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. ამ შეჯიბრში საქართველოს სპორტული დელეგაციაც მონაწილეობდა. ალბათ გახსოვთ ის დღეები და ქართველ ფეხბურთელთა ბრწყინვალე ასპარეზობა. ჩვენმა ბიჭებმა ქვეჯგუფში შვეიცარიისა და ლატვიის გუნდებს სძლიეს, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ერთ დიდ გულისტკივილს მოგახსენებთ. იმ ნაკრების მოთამაშეებმა დღემდე საკუთარი პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენეს. საწყენი ფაქტია. მაპატიოს ამ ადამიანმა, მაგრამ იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რატი წინამძღვრიშვილი ამჟამად თერჯოლის „საპოვნელაში“ ასპარეზობს. რატი რამდენიმე ევროპულ კლუბში გამოდიოდა, სამწუხაროდ კარიერა არ აეწყო და იძულებული გახდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყო. მართალია „საპოვნელა“ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლისთვის იბრძვის, მაგრამ ამ გუნდისთვის წინამძღვრიშვილი ნამდვილად მენანება. რატი გამონაკლისი არ გახლავთ, რადგან ასევე კარგად ვერ წარიმართა იმ ახალგაზრდული გუნდის სხვა ფეხბურთელების სპორტული ბიოგრაფიებიც.

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს. ფინალური ორთაბრძოლა ლინიანოს ცემტრალურ სპორტულ სარბიელზე გაიმართა. მატჩს საქართველოს დელეგაცის სრული შემადგენლობა დაესწრო. ტრიბუნაზე ისეთი მხურვალე გულშემატკივრობა გავაჩაღეთ რომ თვით მრავლისმნახველი იტალიელი ტიფოზებიც კი გავაჩუმეთ.

შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დავბრუნდით ოლიმპიურ სოფელში და ჭეშმარიტად ქართული ზეიმი მოვაწყეთ. მოგახსენებთ რომ სოფელში დიდი წყლის ჩანჩქერი იყო. როგორც კი ავტობუსი გაჩერდა, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა ფეხბურთელების წარმატების აღნიშვნა დავიწყეთ. თავდაპირველად ვყვიროდით და აქეთ-იქით დავრბოდით, შემდეგ კი იმ დიდ ჩანჩქერში ვისკუპეთ. დინჯი ევროპელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ. შევნიშნე რომ რამდენიმე მათგანმა ფოტოსურათებიც გადაგვიღო. ეს ზეიმი ანუ „ჩანჩქერობანა“ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მაშინ მივხდი რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, თუნდაც ჭაბუკების სპორტულ წარმატებას დიდი სიხარულის მოტანა შეეძლო.

ბოლოსა და ბოლოს იმ „ბასეინიდან“ ამოვედით და გასამშრალებლად საკუთარ ოთახებს მივაშურეთ. ნომერში შესულს ერთი უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა - საერთო მხიარულობით გართულს ჯიბიდან დაახლოებით 400 ევროს ამოღება დამვიწყებია და თანხა სრულიად სველი გახლდათ. კარგი განწყობა წამიერად დეპრესიულ მდგომარეობაში გადამეზარდა. რა უნდა მეღონა? ამოვიღე ეს „წყლიანი“ ევროები და გასამშრალებლად მაგიდაზე დავაწყე. ოი საოცრებავ. ერთი საათის შემდეგ ფული სრულიად გაშრა და „ჩანჩქერში ბანაობის“ კვალი აღარ ეტყობოდა. არ ვიცი ანალოგიურ „გამოცდას“ ქართული ლარი თუ გაუძლებს. ფაქტი ერთია: იმ დღის შემდეგ ევროს მიმართ ჩემი პატივისცემა ათმაგად გაიზარდა.

ჰოლანდიური ნამცხვარი“

გასულ წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჰოლანდიის ქალაქმა უტრეჰტმა უმასპინძლა. ქართული დელეგაცია იქაურ ოლიმპიურ სოფელს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რამდენიმე საათით ადრე ეწვია. ამის მიუხედავად მასპინძლებმა არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს და სასტუმროს ფოიეში რამდენიმე საათის განმავლობაში გვაყურყუტეს. ამასობაში, ჩვენზე გაცილებით გვიან მისულ საფრანგეთისა და გერმანიის სპორტულ დელეგაციებს დიდი პატივით დახვდნენ. ქართველ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გახლდათ. მე და ირაკლის ნერვები მოგვეშალა, ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებთან მივედით და შემდეგი სახის ულტიმატუმი წავუყენეთ: - ორი წლის შემდეგ ანალოგიურ თამაშებს თბილისი უმასპინძლებს. ყურადღება მოგვაქციეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2015 წელს თბილისის აეროპორტში არავინ დაგხვდებათ და ოლიმპიურ სოფლამდე მიღწევა, ფეხით და კითხვა-კითხვით მოგიწევთ. მუქარამ იმოქმედა და ჩვენი დელეგაცია რამდენიმე წუთში დააბინავეს.

მეორე დღეს მე და ირაკლი ცირეკიძემ უტრეჰტის ქუჩებში გავისეირნეთ. იქ ერთი უჩვეულო სურათის მომსწრენი გავხდით. ვინმეს რომ ანალოგიური რამე მოეთხრო ალბათ არც კი დავიჯერებდი.

ქუჩაში კოკაინით დაბოლილი ერთი ველოსიპედისტი მოძრაობდა. საინტერესოა რომ ეს ადამიანი ამ სამოძრაო საშუალებას უკუღმა ეჯდა. ერთი სარკე ველოსიპედის უკანა ნაწილში ჰქონდა დამონტაჟებული. უყურებდა ეს დაბოლილი ამ სარკეს, პედლებს უკან ატრიალებდა და ველოსიპედს წინ მიაქანებდა. მოხვევა რომ უნდოდა, უკან იხრებოდა და ამ რთულ ოპერაციას ერთი ხელით ასრულებდა. მე და ირაკლი ამ უჩვეულო „სპორტსმენს“ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით.

ორი დღის შემდეგ ერთგვარი „ექსპერიმენტის“ ჩატარება განვიზრახე. ალბათ იცით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარი გახლავართ. ჰოლანდიაში ამ პრინციპის ერთხელ დარღვევა გადავწყვიტე. ერთ-ერთ ადგილობრივ „ორიგინალურ“ საკონდიტროში შევედი. ამ დაწესებულების „ორიგინალურობა“ იმაში მდგომარეობდა, რომ ნამცხვარში კოკაინს უმატებდნენ. ტკბილეულობა „ხარისხის“ მიხედვით სამ კატეგორიად იყო დაყოფილი - სუსტი, საშუალო და ძლიერი.

ოფიციანტს „საშუალო“ კატეგორიის ნამცხვარი შევუკვეთე. სამი კოვზის შემდეგ მივხვდი რომ საკუთარი ძალები აშკარად ვერ გავთვალე. გარეთ ბარბაცით გამოვედი. რა მექნა? ოლიმპიურ სოფელში უნდა დავბრუნებულიყავი. კი წავიდოდი მაგრამ „დიდ კაიფში“ ვიმყოფებოდი. გამოსავალს მალე მივაგენი. უახლოეს მაღაზიას მივაშურე და ერთდროულად 15 ცალი ნაყინი შევიძინე. შემდეგ პირდაპირ ტროტუარზე ჩამოვჯექი და ამ სასუსნავს გემრიელად შევექეცი. ჰოლანდიურმა ნაყინმა დადებითად იმოქმედა, მალე გონს მოვედი და სრულიად გამოფხიზლებულმა ჩვენს ახალგაზრდულ ოლიმპიურ დელეგაციას მივაშურე.

შემთხვევა აბაზანაში“

მიმდინარე წლის თებერვალში ქალაქ სოჭში ზამთრის მორიგი ოლიმპიური თამაშები გაიმართა. ალბათ გახსოვთ, საქართველოს სპორტული დელეგაციის რუსეთში წასვლა-არწასვლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში როგორი მძაფრი დისკუსიები გაიმართა. ბოლოსა და ბოლოს სოჭში გავემგზავრეთ.

ამ ქალაქში 6 თებერვალს ჩავფრინდით. ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დავბინავდით. „ჩვენი უიღბლობაც“ ამ დღიდან დაიწყო.

თავდაპირველად ერთ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს დიდი კაზუსი შეემთხვა. (ამ პიროვნების გვარს სპეციალურად არ ვასახელებ, რადგან შეიძლება ელემენტარულად ეწყინოს). ხუთი წუთის დაბინავებულები ვიყავით ნომრებში და ეს ჩვენი კოლეგა სააბაზანოში შევიდა. სამწუხაროდ კარი მყისიერად დაეკეტა და მის „გათავისუფლებას“ დაახლოებით ორი საათი მოვუნდით. სანამ ამ შემთხვევის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას შევატყობინეთ, ხელოსანი მოვიდა და ერთი საათი საკეტს „აწესრიგებდა“ კარგა გვარიანი დრო გავიდა და ამ ჟურნალისტს თავისი დაემართა.

მეორე დღეს ანალოგიური რამ თქვენს მონა-მორჩილს დაემართა. ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნა საღამოს რვა საათისთვის იყო დანიშნული.

ექვს საათზე ნომერში დავბრუნდი და ამ ღონისძიებაზე წასასვლელად სამზადისი დავიწყე. შხაპის მიღება გადავწყვიტე. ბოდიში თქვენთან და სრულიად შიშველი სააბაზანოში შევედი, კარი გამოვიჯახუნე და ხელში... კარის სახელური შემრჩა. სიტუაციის კომიკურობა იმაში მდგომარეობდა რომ ნომერში ჩემი მეწყვილე სასტუმროში მხოლოდ ოთხი-ხუთი საათის შემდეგ დაბრუნდებოდა. რა უნდა მეღონა? საბედნიეროდ სააბაზანოს კარის მეორე მხარეს მდებარე სახელური ადგილზე იყო და „ჩალიჩი“ დავიწყე. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ჩემს ხელთ არსებულ სახელურს კარს ვუერთებდი და ბოლოსა და ბოლოს საწადელს მივაღწიე, - ტყვეობიდან გავთავისუფლდი. ამ შემთხვევას ამჟამად ერთგვარი ირონიით ვიხსენებ, მაშინ კი ეს 20 წუთი ლამის ერთ საუკუნედ მომეჩვენა.