კიწმარიშვილის საქმეში გამოძიება თეორიებს ვერ გაცდა

კიწმარიშვილის საქმეში გამოძიება თეორიებს ვერ გაცდა

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, პროკურატურასთან მოხდა შეთანხმება, რომ რაღაც საკითხებში კვლევა-ძიება უნდა გაგრძელებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდნენ დასკვნას. ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს საკუთარი ვერსია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროკურატურას არ აქვს უფლება, რომ მყარი არგუმენტის გარეშე რაიმე ვერსია წარმოადგინოს სინამდვილედ და საქმე გახსნილად გამოაცხადოს.

ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ გამოძეება მუშაობს, როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლეობის ვერსიაზე. მისივე თქმით, მათ მიერ შეთავაზებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრიორიტეტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოიკვეთოს რეალურად იყო თუ არა ეს მკვლელობა. ზურაბ კიწმარიშვილს ამ ეტაპამდე მიაჩნია, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო.

for.ge ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიებამ მკვლელობის ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. რეალურია ეს ინფორმაცია?

- შემიძლია გითხრათ, რომ არ დგას საკითხი მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით და არც ის არის სწორი, რომ თითქოს, გუშინ, პირველად გამოჩნდა, რომ პროკურატურა მკვლეობის ვერსიაზე მუშაობს. ჩვენ ასეთი რამ არ გვითქვამს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მათ შორის მკვლელობის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით გამომძიებელს, ჩვენი მოსაზრება გავუზიარეთ, რაც გარკვეულწილად გაითვალისწინა პროკურატურამ და დასახა შემდგომი კვლევა-ძიების გეგმა. ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს, საკუთარ სახლთან იპოვეს გარდაცვლილი. საკმაოდ დიდი დრო არის გასული, დღეს თქვენ რა ვერსია გაქვთ და თუ მყარდება თქვენი ვერსია იმ მტკიცებულებებით, რომელიც გამოძიებას გააჩნია?

- მე ყოველთვის განვიხილავდი მკვლელობის ვერსიას. რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, ნივთმტკიცებას და საქმის მასალებს, რომლის გაცნობის საშუალება მოგვცა პროკურატურამ, ამ მასალების გაცნობის პროცესში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ანალიზი, რომ რაც შეიძლება მეტი ქმედითი ნაბიჯები იქნას გადადგმული საქმის გახსნის მიზნით. როდესაც ვსაუბრობდით მკვლელობის ვერსიაზე, ჩვენ ვცდილობდით აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ გარემოებაზე, რომ დანაშაულის კვალი სადღაც აღმოჩენილიყო.

მე შემიძილია გითხრათ, რომ ასეთი აშკარა დამადასტურებელი კვალი, არც ერთი და არც მეორე ვერსიით, ამ საქმის მასალებში ვერ ვნახე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ეტაპზე, ისეთი ძაფი გამოჩნდეს, რომელსაც გაყვება გამოძება და საქმე სხვა მიმართულებით წავა. გეტყვით იმასაც, რომ ძალიან პრინციპიული დამოკიდებულება გვაქვს პროკურატურასთან.

ამ დრომდე პროკურატურა არ ამბობს, რა გახდა მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მიზეზი. რამდენად აქვს დღეს იმის ფუფუნება პროკურატურას, რომ საზოგადოებას წარუდგონოს ეროსი კიწმარიშვილის მკვლების საქმის დეტალები?

- ეს კითხვა ალბათ ადვოკატებს უნდა დაუსვათ. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა გაასაჯაროვოს ის, რასაც გამოძიების ფარგლებში გაარკვევს. თუკი ძიება გამოვა და იტყვის, რომ საქმე გახსნილია და ძიება დასრულებულია, მაშინ ეს უნდა იყოს არგუნებტებით გამყარებული. თუკი მას ასეთი არგუმენტები არ ექნება, რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიული განცხადების გაკეთება არასწორი იქნება. ჩვენ გვაქვს შეხვედრები პროკურატურაში და მათი მხრიდან არაა ისეთი მინიშნება, რომ მათ ყველა გარემოება იციან და საქმე გახსნილია. აგრძელებენ ძიებას. არის საკითხები, რომელზეც პასუხები გაცემულია, მაგრამ არის საკითხები, რომლის იქითაც ვერ მიდიან და მხოლოდ თეორიების დონზე რჩებიან.

რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ უფრო შორს წავიდნენ და დადონ დანაშაულის მიზეზი და მოტივი?

- მესმის, რომ არის გარემოებები, რომელშიც ადამიანური რესურსი ალბათ ამოწურვადია. მაგრამ, გულდასმით და პროფესიონალაურად მუშაობის პროცესში, ვფიქრობ, რომ მაინც შეიძლება დადგეს ის მომენტი, რომ საქმე გაიხსნას. თუ ვნახავ, რომ რაღაცა არ გაკეთდა, ამაზე მექნება რეაქცია და მარტო არ ვიქნები.

თუ შეგიძიათ დღეს თქვათ, რომ მკვლელი ეროსი კიწმარიშვილს მანქანაში დახვდა?

- მჯერა მკვლელობის ვერსიის და მეორე, წყალი არ გაუვა იმას, რომ ეს ფაქტი მოხდა მანქანაში. ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან რომ დავაკავშიროთ, ნიშნავს, რომ მანქანაში იყო დამნაშავე. მე ასეთ ვერსიას ვაყალიბებ და ეს არის ის საკითხი, რომელშიც გამოძიება თეორიების იქით ვერ მიდის. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ მანქანასთან იყო მკვლელი, ასეთ შემთხვევაში როგორ იმოქმედებდა ეროსი და რას გააკეთებდა მკვლელი, ელექროშოკს გამოიყენებდა თუ დაშინების გზით ჩასვამდა მანქანაში, სამწუხაროდ, ამას გამოძიება ვერ ხსნის. თუმცა, არსეობს რაღაცა ფაქტორები, რომელმაც გამოძიება შესაძლოა მიიყვანოს სწორ ვერსიამდე.

თუ კი ეს იყო მკვლელობა, რის ნიადგაზე შეიძლება მომხდარიყო მკვლელობა? მაშინ ვრცელდებოდა ვერსია, რომ მას ჰქონდა ვალები და სწორ ამას უკავშირებდნენ ამ ისტორიას...

- ასეთი კითხვა პროკურორებთან და გამომძიებლებთან შეხვედრაზეც დაისვა. როდესაც ვცდილობდი რაღაცა ვერსია ჩემომეყალიბებინა, მათი მხრიდან მიმიღია ასეთი კითხვა, რას ვფიქრობ ვერსიებზე. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს მოკლე პასუხი, ეს უკავშირდება მის პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც დაიწყო 2013 წლის ბოლოდან და განსაკუთრებით ეს გამოჩნდა 2014 წლის გაზაფხულიდან, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთო.

არჩევნებთან ერთად, მუშაობდა მედია საშუალების შექმნასთან დაკავშირებით, ეს არის ბიზნესი, რომელიც გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან. რა იყო ამ დანაშაულის მიზეზი, ეს უნდა ვეძებოთ სწორედ მის აქტიურობასთან დაკავშირებით. სხვა ვერსიებს - ურთიერთშელაპარაკება, ეჭვიანობა, შურისძიება, უბედური შემთხვევა და ა.შ. ამ ვერსიებს სერიოზულად არ აღვიქვამ. სულ მეკითხებიან, როდის გაიხსნება ეს საქმე, ჩემზე მეტად ალბათ არავის არ უნდა ამ საქმის დროულად გახსნა, მაგრამ არ მინდა, რომ რამე ზერელედ გაკეთდეს. საქმე დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს.