„მოვა დრო და ეს კანონი მაინც შეიცვლება“

„მოვა დრო და ეს კანონი მაინც შეიცვლება“

„ზოგი ფიქრობს, ახლა კარგი მომენტიაო და ცდილობს შეეტენოს ბიძინას და ღარიბაშვილს, ან ორივეს ერთად“, - ასე გამოეხმაურა „რეპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი ე.წ. მოსმნენების შესახებ კანონის მიღებას. მისივე განცხადებით, საზოგადოების დამოკიდებულება მოსმენების კანონის მიმართ არ არის ერთგვაროვანი და ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონი აუცილებლად შეიცვლება.

for.ge დავით ზურაბიშვილის ესაუბრა.

ბატონო დავით, ვის გულისხმობდით თქვენს განცხადებაში, როდესაც თქვით, რომ ზოგი ფიქრობს, ახლა კარგი მომენტია და ცდილობს შეეტენოს ბიძინას და ღარიბაშვილს, ან ორივეს ერთად?

- კონკრეტული გვარები არ მინდა დავასახელო. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ კანონის მიღებით ეს პარაქტიკულად არის უკანონო მოსმენების დაკანონება, უფრო სწორედ მწვანე გზა უკანონო მოსმენებისკენ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ვინც მხარს უჭერს ე.წ. გასაღების შსს-ში დატოვებას, მას რეალურად აწუხებს ქვეყნის უსაფრთხოების ან კრიმინალთან ბრძოლის ამბავი და გასაღების სისტემიდან გატანით ხედავს საფრთხეს. ასეთი მიამიტები შეიძლება არიან ჩვენში, მაგრამ არც ისე ბევრი.

ძირითადად კი, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებაში დაახლოებით ასეთი სურათია შექმნილი - ზოგს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ვინმეს მოუსმენენ თუ არა და ასეთი ყველაზე მეტია. ზოგს მიაჩნია, რომ „კგბ“-მ ანუ დღევანდელმა სუს-მა უნდა უსმინოს ჩუმად ხალხს, აბა რა უნდა ქნას? ზოგი ფიქრობს, ახლა კარგი მომენტიაო და ცდილობს შეეტენოს ბიძინას ან ღარიბაშვილს, ან ორივეს ერთად. ზოგი იმის მოლოდინშია, რომ იქნებ, ამ ბედოვლათებმა აწი მაინც, ხშირ-ხშირად, მოუსმინონ ნაციონალებს, გამოიჭირონ რაღაცაში, ჩაყარონ მერე ციხეებში და ცოტა დაგვასვენონო.

ნაცები და მათი მხარდამჭერები კიდევ ცალკე არიან, ძველ საბჭოურ ანეკდოტში რომ ვოვოჩკაა საბავშვო ბაღში, ისე.

დანარჩენი კი არის ის, რასაც შეიძლება დავარქვათ თანამედროვე ქართული საზოგადოების ლიბერალური რესურსი. ყველა გამოსულია ფაქტობრივად და შეგვიძლია დავთვალოთ. ყველამ კარგად იცის, რომ ჯობდა მიღებულიყო ის კანონი, რომელიც ბატონი ხმალაძის მიერ იყო შეთავაზებული პარლამენტისთვის, იგივე არასამთავრობის მხრიდან, რომელიც გულისხმობდა ე.წ. შავი ყუთის გატანას შსს-ს სისტემიდან.

თუმცა, ამის მოტივად დასახელდა ის რომ, შსს- ხელი შეეშლებოდა ოპერატიულ საქმიანობაში...

- ე.წ. შავი ყუთის გატანა არანაირად ხელს არ შეუშლიდა შსს-ს იმ ოპერატიული საქმიანობისთვის, რომელიც კანონის მიხედვით უნდა განხორციელდეს. ასეთი ბარიერი არ არსებობს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის შეიძლება დარჩეს ოპერატიულ ტექნიკურ განყოფილებაში, არის ის, რომ მას შეეძლოს შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემზე. ეს ყველამ იცის, მაგრამ რამდენადაც იციან, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია გამოხატა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, ბატონმა ღარიბაშვილმა და მთავრობამაც ეს პოზიცია გამოხატეს. მათი პოზიცია ვინც იცის, ცდილობს თავი მოაწონს, რომ აი, მე კარგი ბიჭი, თუ გოგო ვარო.

ამ შემთხევევაში თავის მოწონებაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგზეც ხომ უნდა იყოს ორიენტირებული?

- რასაკვირველია, მაგრამ ის, ვინც თავის მოწონებაზეა ორიენტირებული, მხოლოდ თავის მოწონებაზეა ორიენტირებული და არა საზოგადოების ინტერესზე. ეს კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები. პირიქით, ძალოვან სტრუქურებს აძლევს საშუალებას, რომ უკანონოდ გამოიყენონ მოქალაქეების პერსონალური მონაცემები და ეს არის პრობლემა. რატომ იქნება მიღებული? იმიტომ, რომ ასე უნდოდა მთავრობას.

რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრთა ღიად აცხადებდა, რომ ეს კანონი არ იყო სესიაშვილი-ბესელია-ფოფხაძის მიერ დაწერილი, ითქვა, რომ ეს იყო შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მიერ დაწერილი კანონი. შსს დაინტერესებული იყო, რომ ეს გასაღები ყოფილიყო მის დაქვემდებარებაში. კანონის ამ ფორმულირებით მიღება, როგორ აისახება საქართველოს იმიჯზე?

- ვინ დაწერა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის კანონი, რომელიც შსს-ს და მთავრობას უნდოდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისხება, პირველ რიგში, ხელისუფლების რეპუტაციაზე. ხელისუფლებამ პრაქტიკულად თქვა, რომ მე მინდა უკანონო მოსმენების საშუალება მქონდესო და ეს ძალიან ცალსახად ჩანს.

იგივე ევროსაბჭოს ექსპეტრები გვირჩევდნენ, რომ მოსმენების შესახებ კანონის ამ სახით მიღება არ უნდა მომხდარიყო...

- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დადგება ეს საკითხი, გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. საბოლოო ჯამში, მაინც ისეთი ვარიანტი იქნება მიღებული, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.

მითუმეტეს, რომ არსებობს პრაქტიკა, როდესაც მსგავსი კანონი მოლდოველმა უფლებადამცველებმა ევროსასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე პრიორიტეტულად ცნო და ორ წელიწადში გადაწყვიტილებაც მიიღო. მოქმედი კანონი ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-8 მუხლი პირადი ცხოვრების დარღვევად ცნო... 

- სწორდ მაგას ვამბობ, რომ ეს არ იყო ჭკვიანაური საქციელი. მოვა დრო და ეს კანონი მაინც შეიცვლება. ამაში დარწმუნებული ვარ.