რა კავშირი აქვს უკრაინიდან ჰექსოგენის შემოტანას ოპოზიციის 4 ოქტომბრის აქციასთან? - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეზონანსულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ოპერატიული მასალებით დგინდება, რომ საშიში ასაფეთქებელი ტვირთის საბოლოო ლოკაციად თბილისი, კერძოდ კი, ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო განსაზღვრული.
გამოძიება სწავლობს სხვა გარემოებებსაც – საუბარია "პრაიმ ტაიმის" სტატიაში მითითებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი ბაჩო ახალია იყოს.
ახალაიასთან ერთად, "პრაიმ-ტაიმი" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და უკრაინის ხელისუფლების მოქმედ მაღალჩინოსანზეც - გია ლორთქიფანიძეზეც წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირზე იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჰექსოგენის ტრანსპორტირებას კი კოორდინაციას ლორთქიფანიძე უწევდა.
ყოფილ ძალოვნებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშავდებოდა ოთხ ოქტომბერს არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის "აღების" გეგმა.
დანაშაულებრივი სქემის დეტალები, რომელიც გამოცემა "პრაიმ ტაიმმა" გაარკვია, შემთხვევით აღიარა ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ. ბაჩო ახალაიას ცოლი დაიმუქრა, რომ გათქვამს წყაროს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ინფორმაცია გამოაქვს.
საკითხს გამოხმაურება მოჰყვა "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიოს.
"ვრცელდება ინფორმაცია და კონკრეტული პირიც ადასტურებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები მას გადასცეს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა და ეს ნივთიერება ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. სულ რომ ტრანზიტულ ქვეყნად ყოფილიყო საქართველო გამოყენებული და რუსეთის ფედერაციაში მომხდარიყო ამ ასაფეთქებლის შესვლა, ეს, რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. უკრაინაში მოქმედ ხელისუფლებას რომ ქართველების ბედი არ აინტერესებს, ეს ძალიან კარგად ვიცით.
საქართველოს უსაფრთხოებას სამსახურს აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს ის გავრცელებული ინფორმაცია, თუ ბოლო დანიშნულების ადგილი იყო თბილისი და ასაფეთქებელი ნივთიერება რაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული, უკავშირდება თუ არა ეს დაანონსებულ 4 ოქტომბრის არჩევნებს და გადატრიალების თუ დამხობის მცდელობას. ადამიანს, რომელსაც შემოჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, აქვს გაცხადებული, რომ ის მიჰქონდა კონკრეტულ მისამართზე თბილისში. ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, თავიანთი განცხადებებით, ირიბად ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის აღნიშნული ფაქტის გამოძიება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.