სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რეფორმების განხორციელება გრძელდება. დღეს, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო პოლიციელებისთვის სპეციალიზაციის კურსის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
კურსის გახსნის ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაესწრნენ.
ღონისძიებაზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
სპეციალიზაციის კურსს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთ და აღმოსავლეთ სამმართველოების 35 სამხედრო პოლიციელი გაივლის. ოთხკვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები სამხედრო ტოპოგრაფიას, საერთო საჯარისო ტაქტიკას, პირველად სამედიცინო დახმარებას, საინჟინრო მომზადებას, კორდონი და ჩხრეკის ოპერაციებს, სამწყობრო მომზადებას, საერთო საჯარისო წესდებებსა და დისციპლინარული საქმისწარმოების პროცედურებს შეისწავლიან. ასევე, ჩატარდება საბრძოლო სროლები საშტატო იარაღიდან მ4-ის ტიპის ავტომატური შაშხანით და პისტოლეტ იერიქოდან.
ოთხკვირიანი მომზადების შემდეგ, კურსდამთავრებულები სერთიფიკატებს მიიღებენ და საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ მსახურს.