ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 51-ე ბატალიონს ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ეწვია. 2014 წელს ISAF-ის საერთაშორისო მისია სრულდება და ქაბულში მდებარე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობა იხურება.
გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს გამოემშვიდობა და ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონე და ბრძოლისუნარიანობა.
კოალიციური ძალები ახალი "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიისთვის ემზადებიან. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს მისიის შესრულება ავღანეთში და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს წვრთნაში დაეხმაროს. „ახალი წლიდან ახალ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას ვიწყებთ. შესაბამისად, კოალიციური ძალების რაოდენობა 54000-დან 12000-მდე მცირდება. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დიდი წვლილი მიუძღვით ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მივესალმებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნას გააგრძელონ ახალ მისიაში მონაწილეობა და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობა“ - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა ჯოზეფ ანდერსონმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.