რამდენიმე საათიანი საცობები თბილისის ქუჩებში - უკმაყოფილო მძღოლები და თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ საცობების მოსაგვარებლად არსებული რამდენიმე გეგმა. ბევრი მძღოლი თანხმდება იმაში, რომ არანაირი ლოგიკა არ არის, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ (და, პირიქით) მომავალი ავტომობილების ტალღამ მაინცდამაინც დედაქალის შუაგული გადაკვეთოს. ამიტომ აუცილებელია, თბილისი ამ დამატებითი ფუნქციისგან მაინც გათავისუფლდეს.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტები კონკრეტულ რეკომენდაციას სთავაზობენ დედაქალაქის ხელმძღვანელობას, რაც დედაქალაქის ყოველდღიურობის ნაწილს, ანუ საცობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან კომენტირებისას დედაქალაქის სატრანსპორტო კვანძში ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, მთავარი პრობლემაა, რომ დედაქალაქს არ აქვს ხიდები, არ აქვს განივი მიმართულების ქუჩები, რომლებიც გაატარებს მნიშვნელოვან ნაკადებს. თბილისში გვაქვს სულ რაღაც ათი ხიდი 40 კილომეტრის მანძილზე. ამიტომ, რაც მეტი ხიდი გვექნება, მით უკეთესი. აქედან გამომდინარე, გიგა ბათიაშვილის რეკომენდაციით, სასწრაფოდ ასაშენებელია ორი ხიდი, ერთი - სატივესთან, მეორე - ვეფხისა და მოყმის ძეგლთან. რაც მთავარია, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის გაგრძელება უნდა გადავიდეს დიდუბეში და ეს სამუშაოები სასწრაფოდ დასაწყებია.
„ქალაქის შველა რთული საკითხია და პატარ-პატარა უმნიშვნელო ქმედებებით ვერ ვუშველით. ტრანსპორტის რაოდენობის ხელოვნურად შეჩერება ვერ მოხერხდება, ის სულ მოიმატებს და მოსახლეობის გადაადგილების პრობლემაც გაიზრდება. ესტაკადები სანაპიროზე მხოლოდ აფერხებს მოძრაობას, მათ ნაცვლად ხიდი იყო ასაშენებელი.
შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა და სხვა ღონისძიებები, სრულფასოვანი არ არის, მაგრამ საჭიროა. რაც შეეხება რკინიგზას, ის მთლიანად ვერ აიღებს თავის თავზე ფუნქციას, იგი ქალაქშიც უნდა დარჩეს, სამოქალაქო არასატვირთო დანიშნულების ფუნქცია იტვირთოს და ამ ხაზმა მეტროპოლიტენის როლიც უნდა შეასრულოს ქალაქის ერთი კიდიდან მეორემდე. ანუ საკითხი კომპლექსურად გადასაწყვეტია“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი და განმარტავს, რომ პუშკინის ტერიტორიაზე სავალი გზის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ეყოფა ქალაქს. ასე რომ, ხიდებისა და განივი მიმართულების ძლიერი გასატარებელი არხების გარდა, ქალაქს ასევე სჭირდება გარშემოსავლელი გზები, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, ისე სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა ან მსგავსი წერტილოვანი დარტყმები დროებით თუ განტვირთავს ერთ უბანს, მაგრამ როცა ქვეყანა ეკონომიკურად გაჯანსაღდება, თითქმის ყველა მოქალაქე შეიძენს ავტომანქანას და უფრო მეტი საცობია მოსალოდნელი, რადგან ყველა ადამიანი კომფორტისთვის იღწვის. ამიტომ პუშკინის სკვერზე დიდი იმედის დამყარება არ შეიძლება.
„თბილისის შემოვლითი გზის პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, უნდა დაინერგოს მიწისქვეშა და მიწისზედა ესტაკადების მშენებლობა, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ეს თბილისის ბიუჯეტში გაწერილი. აქვე გასარკვევია პარკირების პრობლემაც, რაც ქალაქში საცობებს ქმნის და არა მარტო თბილისში, თითქმის ყველა ქალაქში გაჩნდება ეს პრობლემა. ამდენად, პარკირების სისტემის გარეშე გზებისა და ხიდების მშენებლობა საკმარისი არ იქნება. თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ადგილას ეტევა 12 ლიანდაგი. ამ 12 ლიანადაგს თუ განვტვირთავთ და გავიტანთ ქალაქიდან, ეს წარმოშობს ორ ოთხზოლიან საავტომობილო მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქს და დააკავშირებს თბილისის შემოსასვლელიდან ვორონცოვამდე მიმართულებას. მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დაახლოებით 15 ათასამდე მოქალაქე მარტო რუსთავში ცდილობს აიღოს მართვის მოწმობა. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 7500 მანქანა მაინც დაემატება ქალაქს. ეს უწყვეტი პროცესია და რა პროექტებიც ვახსენე, არ არის საკმარისი. მეგაპოლისი თბილისი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სამომავლოდ შეგვექმნება პრობლემა და შემოვლითი გზაც არასაკმარისი იქნება. შემოვლითი გზა დღეის მდგომარეობით ყველაზე კარგი საშუალებაა, მაგრამ სამომავლოდ უნდა შედგეს სტრატეგია, როგორ განვითარდეს ქალაქი. თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, მანქანების შემცირებისკენ უნდა წავიდეთ, სახლების, ისტორიული შენობების ნგრევის გამო უფრო დიდ სიკეთეს ვაზიანებთ, ვიდრე ავტომობილით გადაადგილების კომფორტია. სახელმწიფო ვერ აიღებს ამ სახლების ნგრევის შედეგად უამრავი ადამიანის ბინებით დაკმაყოფილების ტვირთს. ავტომობილების გამო ქალაქი კოლაფსის ქვეშაა, დილითაც შეუძლებელი ხდება გადაადგილება, პიკის საათის დროს კი ბევრი მოქალაქე არც კი გამოდის ქალაქში, რადგან ორი საათი უბრალოდ ვერ გაინძრევი. ერთ დღესაც ყველამ რომ გადავწყვიტოთ ავტომანქანით გამოსვლა, ქალაქი უბრალოდ გაჩერდება“,-აღნიშნა ლაშა გიორგაძემ.
მან აქვე განმარტა, რომ რკინიგზა ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს, რადგან ყველა ევროპულ ქვეყანაში რკინიგზა ქალაქგარეთაა. ეს ძალზე სახიფათოა ყველა უბნისთვის, რადგან რკინიგზის მატარებლებს გადააქვთ სწრაფად ფეთქებადი ნივთიერებები. თუკი ცენტრალურ ადგილას მოხდება აფეთქება, ეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ყველა შენობას დაანგრევს, რადგან ჩვენი შენობები ძირითადად ავარიულია.