თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად არ ადასტურებენ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის, ზურაბ აგლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აგლაძე ამ დრომდე აგრძელებს თავის უფლება-მოვალეობის შესრულებას და ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ 2 დეკემბრის მონაცემებით არ არსებობს, თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ რა იქნება ხვალ და ზეგ, ეს არ იციან.
თავდაცვის აკადემიის რექტორის, ზურაბ აგლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ მიუხედავად ბრძანების არარსებობისა, აგლაძის გათავისუფლების საკითხი გადაწყვეტილია. აგლაძის შემცვლელად კი ორი კანდიდატურა განიხილება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას პირველი მოადგილე გიორგი გეგეჭკორი, რომელიც თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა.
რაც შეეხება მეორე კანდიდატურას, ეს გიორგი თავდგირიძეა, რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოს იწურება. გიორგი თავდგირიძე რექტორის თანამდებობაზე ადრეც მუშაობდა, თუმცა ის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით ჯერ გაათავისუფლეს, შედეგ დააკავეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გიორგი თავდგირიძე ერთ-ერთი იყო იმ 5 ათასი განთავისუფლებული თანამშრომლიდან, რომელიც სამსახურში დაბრუნებას ითხოვდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავდგირიძე რექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა, თუმცა უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ რექტორის თანამდებობა ვაკანტური არ იყო, მეტიც საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, დამოუკიდებელ სტუქტურად ჩამოყალიბდა.
ამ განცხადების დაუკმაყოფილების შემდეგ გიორგი თავდგირიძემ, ისევ მიმართა განცხადებით თავდაცვის სამინისტროს სამსახურში აღდგენის თაობაზე, რის შემდეგაც ის გენერალურ ინსპექციაში ხელშეკრულების საფუძველზე იქნა აყვანილი.
for.ge შეეცადა დაკავშირებოდა გიორგი თავდგირიძეს, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა.