„რეფორმატორთა“ ექსპორტი უკრაინაში

„რეფორმატორთა“ ექსპორტი უკრაინაში

უკრაინული მედია აქტიურად მსჯელობს ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანთა უკრაინის ხელისუფლებაში შესაძლო დანიშვნის შესახებ. განხორციელდება თუ არა ქართველ „რეფორმატორთა“ ექსპორტი უკრაინაში და გახდება თუ არა ეს პანდორას ყუთი უკრაინისთვის, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ძებნაშია, შესაძლოა, ამ ინიციატივის შემაფერხებელი გახდეს.

კონკრეტულად, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისას უკრაინელი ჟურნალისტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა თანამდებობებს დაიკავებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ახალ მთავრობაში. სახელდება სხვადასხვა ვერსიებიც, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის ან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს უწინასწარმეტყველებენ.

როგორც უკრაინული გამოცემა „სეგოდნია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ უკანასკნელ თანამდებობაზე განიხილება, ასევე, ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა. ამასთანავე, უკრაინელი ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ, უმაღლესი რადის სხდომაზე გახდება ცნობილი. მოქმედი კანონმდებლობით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უცხოელთა მუშაობა აკრძალულია. ამიტომ მთავრობას ორი გამოსავალი აქვს: შესთავაზოს კანდიდატებს უკრაინის მოქალაქეობა, ან ახალი კანონი მიიღოს, რომელიც უცხოელებს მინისტრთა კაბინეტსა და ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობის უფლებას მისცემს.

ამ უკანასკნელ ვარიანტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტია „ოპოზიციური ბლოკი“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“. ამ პოლიტიკურ ძალებში აღნიშნავენ, რომ უცხოელთა დანიშვნით უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

„ნუთუ უკრაინაში კვალიფიციური კადრი არ არსებობს? როგორ შეძლებენ პატარა ლატვიის, ლიტვისა და საქართველოს წარმომადგენლები ჩვენი პრობლემების გააზრებას? ამ ქვეყნებში 3-5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე კიევის ოლქში. ჩვენ 40 მილიონი ადამიანი და ძალიან რთული ტერიტორიები - დონბასი და გალიჩინა გვაქვს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი.

სააკაშვილის გარდა, რომელიც ამჯერად აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, შვიდი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი განიხილება უკრაინულ პოსტებზე: ზურაბ ადეიშვილთან ერთად, საუბარია ეკატერინე ზღულაძეზე, თინა ბურჯალიანზე , დიმიტრი შაშკინზე, გიორგი არველაძეზე, ნიკა გილაურსა და ალექსანდრე კვიტაშვილზე.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყებას სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. როგორც სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე აცხადებს, არაფერი დადასტურებული არ არის, თუმცა, თუ ასე იქნება, ეს მაინცდამაინც პოზიტიურად არ უნდა აისახოს გარკვეულ ურთიერთობაზე, რადგან ელემენტარულად, ის მაღალჩინოსნები და ექსპრეზიდენტი ჩვენთან მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულნი.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეეჭვება, უკრაინის მთავრობაში რეალურად განიხილებოდეს ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანთა დანიშვნა. ამიტომ ამ ინფორმაციას უფრო უკრაინული მედიის მიერ გაზვიადებულად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ, თუკი უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებაზე ზრუნავენ, მაშინ აჯობებს, უკრაინის ხელისუფლებამ რეალურად შეისწავლოს, რა ხდებოდა საქართველოში და ამის შემდეგ დანიშნოს ეს ხალხი. ხოლო, თუ უკრაინას იმავე გზით წასვლა სურს, როგორც საქართველო წავიდა 2003 წლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაშიც მივიღებთ ბელორუსიის ბანალურ რეჟიმს.

„ეს არ უნდა აწყობდეთ იმ ადამიანებს, ვინც მაიდანზე იდგა. ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს ასეთი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, ეს არის რუსეთი. სააკაშვილის „რეფორმებს“ ქართველმა ერმა კატასტროფული შეფასება მისცა 2012 წელს. არ გამოვრიცხავ, უკრაინულ მედიაში ამ თემის გაჟონვა-გავრცელებას თავად ნაციონალები უწყობდნენ ხელს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ხელისუფლების მენეჯერები ამ თემით დაინტერესებულნი იყვნენ და ეს იყოს ერთგვარი საჯილდაო ქვა რუსეთთან მიმართებით. საკითხის აჟიტირებით, რომ საქართველოდან სამუშაოდ აგვყავს ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს მაინცდამაინც „არ მოსწონს“ (თუმცა ვფიქრობ, მთლად ასეც არ არის საქმე), რუსეთზე პროპაგანდისტული თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. სინამდვილეში, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უკრაინის მთავრობაში უცხოელების დასაქმების მიზნით კანონის შეცვლას შესაძლოა იმიტომაც აპირებდეს, რომ უკრაინის დიდი დიასპორა ჩამოიყვანოს კანადიდან. ამიტომ კანონის ცვლილება უპირველესად ამ ხალხზეა გათვლილი. ასეთი რამ ბალტიისპირეთშიც განხორციელდა, როცა ბალტიისპირელებმა საკუთარი ემიგრანტები ჩაიყვანეს ამერიკიდან და კანადიდან“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ მთავარია, რა სურს დღეს უკრაინის ხელისუფლებას - თუ მათ უნდათ არადემოკრატიული გზით წასვლა, მაშინ ნაციონალების გამოცდილება ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ ქართული სინამდვილე იცის, განსხვავებით, უკრაინის მოსახლეობისგან, რომლებსაც რატომღაც სჯეროდათ ნაციონალების „რეფორმების“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინელების ადგილას, სააკაშვილის გუნდიდან არავის გამოიყენებდა, რადგან არ ესმის შაშკინის, ზღულაძის და სხვათა რეფორმატორობა რაში მდგომარეობს.

„არა მგონია, სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს, რადგან მასზე ძებნაა გამოცხადებული. ამ ადამაინების გამოყენება ადმინისტრაციული კუთხით შესაძლოა, ვინმესთვის საინტერესო იყოს, მაგრამ არა რეფორმისთვის. საერთოდ მეეჭვება, საბოლოო ტიპის რეფორმა ჩატარდეს უკრაინაში, ამის ადამიანური რესურსი იქ არ არის. ერთადერთი ადამიანი, ვინც იქ ქართული რეფორმებით იყო დაინტერესებული, უკრაინის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი იყო, მაგრამ მას სერიოზული მხარდაჭერა არ ჰქონდა. ის ცდილობდა, კახა ბენდუქიძე ჩაეყვანა, ბენდუქიძე მართლაც იყო ჩასული უკრაინაში, სადაც, ასევე, მეც გახლდით, მაგრამ შედეგები არც ისე მაღალი აღმოჩნდა“, - გვითხრა პაატა შეშელიძემ.

For.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე თავისი თანაპარტიელების უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას არც ადასტურებს, არც უარყოფს. მისი თქმით, ფაქტია, რომ უკრაინა ევროატლანტიკურ გზას დაადგა და მტკივნეულ რეფორმებს იწყებს, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ. ამიტომ უკრაინა აქტიურად იყენებს წინა ხელისუფლებისდროინდელ პოტენციალს და აქტიურად თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილთან თუ გიორგი ვაშაძესთან.

„არ ვიცი, სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება და ყოფილ მაღალჩიონოსანთა მიმართ საქმეების აღძვრა რამდენად შეუშლის ხელს მათ შესაძლო დანიშვნას ცალკეულ პოსტებზე უკრაინაში, ეს უკვე საერთაშორისო სამართლის თემაა, თუმცა თამამად გეტყვით, სააკაშვილიც და ადეიშვილიც აქტიურად თანამშრომლობენ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან. განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომლის ფობიაა, თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს შიგნით არ იხილოს. ამიტომ საქართველოს გარდა, არცერთ ამ ადამიანზე ძებნა არაა გამოცხადებული, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ ადეკვატურად შეაფასა „ძებნის“ ეს პროცესი. კახა ბენდუქიძეს უკრაინის ხელისუფლებაში უნდა დაეკავებინა სერიოზული პოსტი. ზურაბ ადეიშვილიც, ეკა ზღულაძეც, დიმიტრი შაშკინიც არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარ ინტელექტუალურ პოტენციალს წარმოადგენენ უკრაინის ხელისუფლებისთვის. ასევეა, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მათი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე და დასძენს, რომ „წინა კაცი უკანა კაცის ხიდია“ და ეს ნიშნავს, რომ ნაციონალები თავიანთი მმართველობისდროინდელ შეცდომებს უკრაინაში არ გაიმეორებენ. მეტიც, ისინი ხარვეზებს აღმოფხვრიან. ამის დასტური გიორგი ვაშაძის ნათქვამია, რომ ის ხარვეზი, რაც იუსტიციის სახლების ჩამოყალიბების დროს ჰქონდა, აღარ განმეორდება უკრაინაში ახალი კონცეფციის განხორციელებისას.

„ეს ადამიანები იმავე შეცდომებს აღარ გაიმეორებენ, რაც ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას. მეტიც, საქართველოშიც დადგება ის დრო, როცა ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რეფორმები კიდევ გააგრძელონ“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე.