ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებზე, საკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ. 100-გვერდიანი დასკვნის მიხედვით, ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაცია, რომ შეირაღებული დაჯგუფება საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. შეიარაღებული ჯგუფი შემოვიდა სხვა მხრიდან და ეს ცხადია იმ მასალებიდან, რომელიც სახალხო დამცველს გადაეცა.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაღუპულებს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებიათ. მისივე განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის ოფიციალურ ვერსიას გამორიცხავს. სახალხო დამცველის განცხადებით, ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ტყვიის მასრები კვლავ შენარჩუნებულია.
დოკუმენტი, რომელიც სახალხო დამცველმა ანგარიშის სახით წარადგინა, წელიწადნახევრის განმავლობაში, დამოუკიდებლად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. კვლევა, ომბუდსმენის აპარატის ინიციატივით გაიმართა და მასში 12 დამოუკიდებელი ექსპერტი მონაწილეობდა. სახალხო დამცველისათვის გადაცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.
სახალხო დამცველის აპარატმა და სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა ისეთი საკითხები, რაზეც პასუხი, წესით, გამოძიებამ უნდა გასცეს. კვლევის პერიოდში გადამოწმდა არაერთი ფაქტი, მოხდა კონკრეტული ფაქტების დოკუმენტირება. თუმცა, ამის მიუხედავად, საბჭოს არ აქვს კონკრეტული ვერსია, თუ რა მოხდა ორი წლის წინ ლოპოტაში, რადგან ეს არის შსს-ს და პროკურატურის ფუნქცია, მაგრამ საბჭო კონკრეტულ დასკვნებამდე მივიდა. მაგალითად, ის, თუ რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან (საუბარია 7 პირზე). თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდიელოთ კავკასიიდან, დადასტურებულია. ასევე კითხვებს ბადებს, რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპარციის ჩატარებამდე სამართალდაცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა.
სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს, რათა საკანონმდებლო ორგანომ პროკურატურას მიმართოს, დაიწყონ გამოძიება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პროკურატურა დღემდე არ ასრულებს პარლამენტის ორ დადგენილებას, რომელიც ამ საქმის გამოძიებას ეხებოდა. კვალიფიკაცია კვლავ არ არის შეცვლილი და გამოძიება მხოლოდ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით მიმდინარეობს და არა იმ შესაძლო დანაშაულებებზე, რომელთა რეალურად ადგილი ჰქონდა ლოპოტას ხეობაში.
„საგამოძიებო ორგანოებისადმი მთავარი მიმართვა არის ის, რომ ეს გამოძიება არ არის ეფექტური და გაჭიანურებულია. კიდევ ერთი დარღვევა გახლავთ ის, რომ საქმის კვალიფიკაცია დღემდე შეცვლილი არ არის და გამოძიება მხოლოდ მძევლების ხელში ჩაგდების მუხლზე მიმდინარეობს. ის, რომ თუნდაც შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ეს უკვე ჩვენთვის ფაქტია იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა. გარდა ამისა, არც ერთ გარდაცვლილს, როგორც შეიარაღებული ჯგუფიდან, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია, ხოლო ექსჰუმაციის შედეგები ოჯახისთვის არ არის ცნობილი“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მთავარი პროკურატურისგან მოითხოვოს შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა - რა საფუძვლით აწარმოებს გამოძიებას შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და რატომ არ ხდება მთავარი პროკურატურის მიერ საპროცესო კოდექსის 33–ე მუხლის შესაბამისად, საქმის ამოღება შსს-ს ქვემდებარეობიდან; რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ ჭიანურდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება; რატომ არ ენიჭებათ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი და რატომ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპულიდან ხუთი - ასლან მარგოშვილი, დუკვახა დოშუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი 2012 წლის 28-29 აგვისტოს საქართველოში იმყოფებოდნენ. ასლან მარგოშვილი 2011 წლის სექტემბერში წავიდა საქართველოდან ფინეთში, ხოლო თვენახევრის შემდეგ გადავიდა სლოვაკეთში. 2011 წლიდან 2012 წლის აგვისტომდე ასლან მარგოშვილი ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე, მობილური ტელეფონით, უცხოური ნომრიდან. მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გახდა ოჯახისთვის ცნობილი, რომ ასლან მარგოშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა 2012 წლის 13 მარტს.
მარგოშვილის მამის, მერაბ მარგოშვილის განცხადებით, შს სამინისტროში ნაცნობებისგან გაიგო, რომ სასაზღვრო პოლიციას წაშლილი აქვს მონაცემები და ასლან მარგოშვილის საქართველოში შემოსვლის თარიღი და სასაზღვრო მონაკვეთი, საიდანაც იგი შემოვიდა, აღარ ფიქსირდება. შსს-ს მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის მოწოდებული
ინფორმაციით, მარგოშვილმა საქართველოს ტერიტორია 2011 წლის 9 სექტემბერს სარფის გავლით დატოვა. სხვა დროს მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა
ოფიციალურად არ ფიქსირდება. თუმცა, სახალხო დამცველს მიაწოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის სახელზე, შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს, 10:37:55 საათზე, გაცემული იარაღის სარეგისტრაციო
მოწმობა, სტეჩკინის სისტემის (APS, იარაღის ნომერი GB 3638) ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით, (იარაღის) რეგისტრაციის თარიღია – 13.07.2012 წელი, მაშინ როცა
შსს-ს ზემოთაღნიშნული მონაცემებით, ასლან მარგოშვილი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, განადგურებულია ასლან მარგოშვილის მონაცემები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ის სამშენებლო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი იყო.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილს, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 2012 წლის 1 ივლისს შემოვიდა, ხოლო საქართველო 2012 წლის 3 ივლისს ყაზბეგის გამშვები პუნქტით დატოვა. 2012 წლის 2 ივლისს სარფის გავლით დატოვა საქართველო დუკვახა დოშუევმა. სპეცოპრეაციამდე დატოვა საქართველო რუსეთის მოქალაქე სალამ ზაურბეკოვმა და ჯაბრაილ ხაშიევმა. რაც შეეხება ბაჰაუდინ ქავთარაშვილს, ის საქართველოდან საერთოდ არ გასულა. ქავთარაშვილის დედის ასმათ ქავთარაშვილის განცხადებით, მისი შვილი მეგობრობდა ბაჰაუდინ ბაღაკაშვილთან, რომელიც ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობდა და სტუმრად ჩამოდიოდა დუისში ნათესავებთან.
მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, გამოძიება კვლავ დუმილს ინარჩუნებს.
საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ლია მუხაშავრია თვლის, რომ არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ გამოძიება არ არის ობიექტური, რადგან ინსტიტუციურად ის კვლავ შს უწყების ქვეშ არის. მისი თქმით, არ შეიძლება შს სამინისტრო იძიებდეს საკუთარი ოპერაციის შედეგებს.
„საკითხის ასე რადიკალურად დაყენებით და სახალხო დამცველის მეშვეობით, ჩვენ ვფიქრობთ გავააქტიურებთ გამოძიებას და მივაღწევთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ოპერაცია ჩატარდა. პარლამენტს მივმართავთ, რათა საკომიტეტო განხილვების საკითხად აქციოს თემა და გამოძიება დაექვემდებაროს მთავარ პროკურატურას“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერი ბორცვაძე.
„ანგარიშს პროკურატურა გაეცნობა და თუ მასში რაიმე ფაქტობრივი გარემოებები აღმოჩნდება, ის საქმეზე აუცილებლად დამაგრდება შესაბამისი საპროცესო წესით. რაც შეეხება საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებას, რომ საქმეს დღემდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს და ის პროკურატურას არ გადასცემია, ეს არგუმენტები ჩემთვის გაუგებარია. ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ზედამხედველი პროკურორი. ეს არის მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის გადასაწყვეტი“, - განაცხადა ვალერი ბორცვაძემ.
გამოძიებასთან კითხვები აქვს უშიშროების საბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს და იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში გამოძიების დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, თავის დროზე, ამ საქმეზე გრიფის დადება აუცილებელი იყო. როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუ რა ნაწილზე უნდა მოიხსნას გრიფი და რაზე უნდა დარჩეს, რადგან საგამოძიებო მასალებს არ იცნობს.
„გარკვეულწილად, მეც მაქვს კითხვები, რატომ ჭიანურდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან და თუ იქნება შესაძლებლობა, საქმეს ანგარიში მტკიცებულებად დაერთვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ანგარიში ხელს შეუწყობს გამოძიების ღიად და დროულად წარმართვას, ვინაიდან აღნიშნული საქმე არის გრიფით საიდუმლო, პროკურატურა ყველა დეტალზე ვერ საუბრობს, ვერ საუბრობს იმაზე, თუ რატომ გრძელდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა მეც მაქვს შეკითხვები და ვთხოვ მთავარ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად, იმ ფარგლებში რასაც გამოძიება მოითხოვს, შუალედური ანგარიში მაინც იყოს წარმოდგენილი იმაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩაიშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი ლაფანყურის სპეცოპრაციის შესახებ გაკეთებული განცხადებით კრემლს ეხმარება, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნიშნი მოუგოს. დარჩიაშვილი ამბობს, რომ ანგარიში, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ წარადგინა, რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება.
„ის, რაც მან გააჟღერა კარგად აჩვენებს, რატომ შეიძლება იყოს მისი ასეთი დიდი ინტერესი. იგი ხაზს უსვამს, რომ ჩეჩენთა შეიარაღებული ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც სპეცოპერაცია განხორციელდა ქართველი სპეცსამსახურების მიერ, რუსეთიდან არ იყოს შემოსული. ამით რისი თქმა უნდა, რომ ესე იგი საქართველოდან მიდიოდა რუსეთში, რომ მერე რუსებს ერთი ამბავი აეტეხათ, რომ საქართველო ტერორისტებს უგზავნის ტერიტორიაზე?
ამ განცხადებით კრემლს ეხმარება, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნიშნი მოუგოს? ამით უნდა იყოს სახალხო დამცველი დაკავებული? მეტი ფუნქცია, მეტი ინტერესი, გნებავთ, ისევ ციხეებში მდგომარეობა და ა.შ. არ აქვს? სახალხო დამცველის, მაინც და მაინც, ამ თემით პოლიტიკური შეფასებების ფარგლებში დაინტერესება აჩვენებს, რომ ეს ანაგარიში ემსახურება რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.