სტაჟიან გულშემატკივრებს სპორტული ჟურნალისტი არმაზ მეტრეველის სახელი კარგად უნდა ახსოვდეთ. გასული საუკუნის 90-იან წლებიდან 2002 წლამდე ბატონი არმაზი საქართველოს ტელევიზიის სპორტულ რედაქციაში მუშაობდა, ძირითადად საფეხბურთო გადაცემები და რეპორტაჟები მიჰყავდა. შემდეგ დროებით დაგვემშვიდობა და ოჯახთან ერთად ბრიტანეთში, კერძოდ, შოტლანდიაში დაფუძნდა. რამდენიმე თვის წინ, ერთ დროს ცნობადი ტელეჟურნალისტი საქართველოში დაბრუნდა და ფეხბურთის ფედერაციის მედიადეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში. ხსენებული დეპარტამენტის ყველაზე ახალი პროექტი გაზეთი „ჩვენი თამაშია,“ რომლის მთავარი რედაქტორის მოვალეობასაც თავად ასრულებს. არმაზს სპორტულ ჟურნალისტიკაში ბევრი უნახავს და ბუნებრივია, გასახსენებელიც არაერთი საინტერესო ისტორია აქვს.
კოლეგას რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი და მოგონებების გახსენება ვთხოვე. რასაკვირველია უარი არ უთქვამს და მკითხველს, ახლა სწორედ ჩვენი შეხვედრის „შედეგს“ წარვუდგენ.
„საეთერო ხუმრობა“
ყველას გვახსოვს წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი. იმ დროს ჩვენს ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა და გამონაკლისი არც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი გახლდათ. ჩვეული რეჟიმით ვმუშაობდით, მაგრამ გასული სიუჟეტებით უკმაყოფილო ხალხი თავს არ გვანებებდა. იყო ყოველდღიური შემოვარდნები და საქმეების გარჩევა. ამ საქმიანობაში განსაკუთრებით ეროვნული გვარდია და „მხედრიონი“ აქტიურობდა.
იმ პერიოდში სპორტულ რედაქციაში ვმუშაობდი. შემიძლია გითხრათ რომ ამ განყოფილებაში სერიოზული პროფესიონალები მუშაობდნენ და „გარეთა ექსცესები“ იშვიათად გვქონდა. ამის მიუხედავად, ეს შემოვარდნები ჩვენზეც მოქმედებდა და კონფლიქტების მოგვარება დიდი ნერვების ფასად გვიჯდებოდა.
ერთ დღესაც ოთახში ვიჯექი და რაკი საქმე არაფერი იყო, თავს ნუგზარ ჯუღელის ავტობიოგრაფიული წიგნით ვირთობდი. მომცრო წიგნია, მსუბუქი იუმორით გაჯერებული და ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა. სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი, ასე იყო დასათაურებული და ცნობილი კომენტატორი სახალისო ისტორიებს იხსენებდა. ერთმა ეპიზოდმა, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი საბჭოთა კავშირის პირველობაზე, ბაქოში, ადგილობრივ „ნეფთჩის“ ხვდებოდა. ჯუღელი ერთ მეგობარ ქალბატონს დაპირებია, რომ რეპორტაჟის მიმდინარეობისას, ამ შეხვედრის მე-11-დან მე-12 წუთამდე ხმას არ ამოიღებდა.
კომენტატორის სამწუხაროდ, დროის ამ მონაკვეთში სლავა მეტრეველი მოწინააღმდეგე გუნდის კართან ერთი-ერთზე გავიდა. ჯუღელის „ხმა“ დუმდა, ტელეეკრანებთან ნერვიულად მიჯაჭვული სრულიად საქართველო კი გაოგნებული გახლდათ. ბატონი ნუგზარის „საბედნიეროდ“ სლავამ ის მომენტი გააფუჭა და გოლი ვერ გაიტანა.
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ თავში ერთი იდეა მომივიდა. გადავწყვიტე რომ მეორე დღეს, ჩემი ძმაკაცი გია მესხაძე გამეშაყირებინა.
ალბათ გახსოვთ, იმ პერიოდში, დილაობით გადაცემა „ალიონი“ გადიოდა. ამ პროგრამაში, კვირაში ორჯერ სპორტული ბლოკი მიმყავდა.
მოკლედ, ერთ დილას, მორიგე ვარ და გოლფის შესახებ „სი-ენ-ენიდან“ გვიან ღამით გადმოწერილი სატელევიზიო რგოლი გავუშვი. სიუჟეტის ბოლოს კი მაყურებელს შემდეგნაირად მივმართე: „ამ სიუჟეტის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებ ქართული სპორტის დიდ მეცენატს, გოლფისა და კრიკეტის საერთაშორისო ფედერაციების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ გია მესხაძეს“.
ეთერში გასვლამდე, იმ დილით გიას დავურეკე და ვურჩიე, რომ გადაცემისთვის თვალი მიედევნებინა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიდოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემმა „საეთერო ხულიგნობამ,“ როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად შეუმჩნევლად, უწყინარად ჩაიარა და ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან არანაირი შენიშვნა არ მიმიღია. არავის აზრად არ მოსვლია ეჭვი შეეტანა, იმაში რომ გია მესხაძე გოლფისა და კრიკეტის საერთაშორისო ფედერაციების ვიცე-პრეზიდენტი იყო. გოლფის და გია მესხაძის ტიტულებისთვის ვის ეცალა, მთავარი იყო, მხედრიონის ,,შემოტევები” მოეგერიებინათ. დღეს რომ ვინმემ მსგავსი ტელეხულიგნობა ჩაიდინოს, ალბათ მხოლოდ საყვედურებით ვერ გადარჩება.
„მოგზაურობა ედინბურგიდან მანჩესტერამდე“
როგორც იცით ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. 2008 წლის გაზაფხულია და ქალაქ მანჩესტერში უეფას თასის ფინალური შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და „გლაზგო რეინჯერს“ შორის. ის თამაში „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე იმართებოდა და მასზე დასწრება გადავწყვიტე.
ედინბურგიდან მანჩესტერამდე სავალ გზას მატარებელი სამ საათში ფარავს.
დილით ედინბურგის რკინიგზის სადგურში მივედი და მატარებელში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად რიგში ჩავდექი. სადგური რეინჯერსის ფანებით იყო სავსე, მთელი მატარებელის 8-ვე ვაგონი ჯერსის ფერებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ეკავათ. მოკლედ, ვდგევარ ფანების გარემოცვაში და ვნატრობ, რომ საღამოს „რეინჯერსმა“ „ზენიტი“ დაამარცხოს. რუსების მარცხი იმ დღეს მე უფრო მინდა, ვიდრე „რეინჯერსის“ ფანებს. რუსეთთან მაშინ უკვე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ის პერიოდია, ელჩ კოვალენკოს საპროტესტო ნოტის გადასაცემად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კვირაში ორჯერ რომ იბარებს. ამ დროს მობილურმა ტელეფონმა დამირეკა, ჩემი ახლობელი ალეკო ხუჭუა მეხმიანებოდა. რასაკვირველია მასთან ქართულად ვისაუბრე. უცებ შევამჩნიე, რომ შოტლანდიელი გულშემატკივრები მომიახლოვდნენ და წრე შემომარტყეს. გავიგე რამდენიმე რეპლიკაც - „რუსია, „ზენიტის“ გულშემატკივარი იქნებაო“.
შოტლანდიაში უკვე რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ამ ქვეყნის გულშემატკივრების ფსიქოლოგია კარგად მქონდა შესწავლილი. ისინი ინგლისელებისგან განსხვავებით აგრესიულობით არ გამოირჩევიან, პირიქით, ძალიან ღირსეული და მეგობრული ხალხია. ერთმა მათგანმა მკითხა, საიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი. ვის გულშემატკივრობო. მე ვუთხარი, ყველა ქართველი ორ გუნდს გულშემატკივრობს-მეთქი. ეგ როგორო? როგორ და საქართველოს ნაკრებს და ყველა იმ გუნდს, ვინც რუსების წინააღმდეგ თამაშობს-მეთქი...პასუხს მოსალოდნელი ეფექტი ჰქონდა, გამაყრუებელი ყიჟინა დასცეს.
შოტლანდიელი გულშემატკივრების ერთი საყვარელი, ფრთიანი ფრაზა გამოვიყენე. როდესაც სქოთებს მათი საყვარელი გუნდების დასახელებას სთხოვენ, მათ ასეთი პასუხი აქვთ: „ვქომაგობ შოტლანდიას და ყველას, ვინც ინგლისს ეთამაშება“.
სამწუხაროდ, ის შეხვედრა „ზენიტმა“ ანგარიშით - 2:0 მოიგო. იმ დღიდან კიდევ ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა. ჯერსის ფანებისთვის მართლაც თარსი დღე გამოდგა. მანჩესტერში „რეინჯერსის“ საქომაგოდ ერთდროულად 20 ათასი უბილეთო გულშემატკივარი ჩავიდა. ამ ხალხისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე გიგანტური ტელეეკრანი დამონტაჟდა. დაიწყო შეხვედრა და დაახლოებით სამ წუთში შუქი გამოირთო. ეკრანი ჩაქრა. წარმოიდგინეთ ამ ხალხის იმედგაცრუება? სტადიონზე ვერ მოხვდნენ, შოტლანდიიდან რამდენიმე საათი იმგზავრეს და ფეხბურთს ეკრანზეც ვერ უყურეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ამ განაწყენებულ გულშემატკივრებსა და ქალაქ მანჩესტერის პოლიციას შორის ნამდვილი ომი გაიმართა. ამ შეხლა-შემოხლის უშუალო მომსწრე თავად გავხდი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს თვალწინ მართლაც ისეთი ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, ისეთი შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა ინგლისელ პოლიციელებს და მთვრალ შოტლანდიელ ფანებს შორის, რომ თავად უილიამ უოლესს და რობერტ დე ბრიუსსაც კი შეშურდებოდათ.
არ დამეზარა და მეორე დილით იმ მოედანს სპეციალურად ვესტუმრე. ალბათ წარმოგიდგენიათ დიდი ნაგავსაყრელი, თუნდაც თბილისის გარეუბანში, გლდანში რომ მდებარეობს. ზუსტად ანალოგიური სანახაობა გადამეშალა. ასე კატასტროფულად დასრულდა რეინჯერსის ფანებისთვის გასვლა მანჩესტერში: წააგეს, თამაში ვერ ნახეს და პოლიციური ხელკეტებიც იგემეს.
დავით ქლიბაძის „ხუმრობა“
ჩემი მომდევნო მოგონება ბატონ დავით ქლიბაძეს „ეძღვნება“. ამ ადამიანის სახელი შეიძლება ახალგაზრდა ქართველ გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ იმ პერიოდში, ჩვენი თაობისთვის ბატონმა დავითმა ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ფანჯარა გაგვიხსნა. „სპორტული კალეიდოსკოპი“ იყო ერთადერთი გადაცემა, სადაც უცხოური ფეხბურთის შესახებ უახლოეს ინფორმაციებს ვგებულობდით. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ორ გადაცემას გავიხსენებდი: „ეს ესტრადაა“ და „ილუზიონი“.
დავით ქლიბაძე ტელევიზიის სპორტული რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო. მას ორი მოადგილე ჰყავდა - ზაზა ბიწაძე და ანზორ ხომერიკი. სამივე ერთი თაობისა გახლდნენ და რასაკვირველია ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ, ხშირად ერთად ქეიფიც უყვარდათ.
ერთ ჩვეულებრივ დილას ბატონმა დათომ ზაზას დაუძახა და მათ შორის შემდეგი დიალოგი წარიმართა.
- ზაზა, ანზორი არ გინახავს?
- არა.
- მოკლედ, დღეს ანზორა საქეიფოდ გვეპატიჟება და მიკვირს რომ შენ არაფერი გითხრა. ალბათ შენი „მოტეხვა“ უნდა, სამუშაოს დასრულებამდე თვალი არ მოაშორო. დღის ბოლომდე ყურაღებით იყავი, არსად წახვიდე, რომ არ გაგეპაროს.
ამ დიალოგიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთახში ანზორ ხომერიკი შემოვიდა და ბატონმა დათომ მას ანალოგიური შინაარსის საუბარი ჩაუტარა: ,, ზაზა საქეიფოდ გვეპატიჟება და რადგან არ უთქვამს შენთვის, ეტყობა შენი მოტეხვა უნდა და თვალყური ადევნე, რომ სადმე არ მოგიტყდესო”.
მოკლედ, ზაზამ და ანზორმა ერთმანეთის თვალთვალი დაიწყეს. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს კუდში დასდევდნენ. მოსაწევად გადიოდა ერთი, მიჰყვებოდა მეორე, ტუალეტში წავიდოდა რომელიმე, მეორე უკან აედევნებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ამხიარულებდა დათო ქლიბაძეს, რომელიც დიდი ხალისით ადევნებდა თვალს როგორ ყარაულობდნენ ერთმანეთს კოლეგები. დღის ბოლოს ორივეს დაუძახა და უთხრა რომ გაათამაშა და ყველამ ერთად კარგადაც მოილხინეს.