„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოსახლეობის ერთი მეოთხედი“

„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოსახლეობის ერთი მეოთხედი“

„საქართველოს გზის“ ლიდერი ქართული დიასპორის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამ მიზნით ერის და ბერის გაერთიანებას ითხოვს. ნიუ-იორკიდან მომავალი სალომე ზურაბიშვილი „თბილისი მარიოტში“ პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა და სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის შემდეგ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. უკვე გაწერილი აქვს აუდიენციები პატრიარქთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საერთო ინტერესს ეფუძნება და საქართველოს კონსტიტუციაში დღეს არსებული ჩანაწერის შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეობას კარგავს პირი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.

„კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნეს წინადადება - ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. ეს მოდის საბჭოთა სისტემიდან, შევარდნაძემ შეინარჩუნა, მიშამ კი კანონი მხოლოდ ჩემთვის შეცვალა. კანონი შეცვალა იმ დღეს, როცა ჩემი ჩამოყვანა სურდა - არც ისეთი რთული ყოფილა საკონსტიტუციო ცვლილება. შემდეგ კი ეს პრინციპი გამოიყენა, როგორც მისი ძალაუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტი - ხან ვის მიანიჭებდა მოქალაქეობას, ხან - ვის, ხან მასობრივად, ხან - შერჩევით. ეს უნდა შეიცვალოს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მან ნიუ იორკიდან თბილისში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების 260-კაციანი სია ჩამოიტანა. როგორც თავად ამბობს, ისინი დიასპორასთან დაკავშირებული ინიციატივის თანაავტორები და მხარდამჭერები არიან.

260-კაციან სიაში არიან: შვეიცარიაში მცხოვრები პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია; მოსკოვში მცხოვრები მუსიკოსი ელისო ვირსალაძე, პარიზში მცხოვრები ისტორიკოსი ბიძინა ჩოლოყაშვილი; ასევე პარიზში მცხოვრები პიანისტი ელისო ბოლქვაძე; ლონდონში მცხოვრები მომღერალი და კომპოზიტორი ქეთი მელუა; გერმანიაში მცხოვრები ორკესტრის დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი; კანადაში მცხობრები კონფლიქტოლოგი მაია ცაბოშვილი; აშშ-ში მცხოვრები ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი; ასევე ნიუ იორკში მცხოვრები ეკონომისტი თემურ ბასილია და სხვები.

„ესენი არიან წარმატებული ქართველები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და პრობლემა, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ, ისინი სვამენ საკითხს, რომელიც ყველას ეხება“,- განმარტავს სალომე ზურაბიშვილი.

უცხოეთში მცხოვრები ქართველების უფლებების თემაზე „საქართველოს გზის“ ლიდერი პარტიის სახელით არ საუბრობს. ამბობს, რომ ის მხოლოდ ინიციატივის თანამონაწილეა და არ აპირებს, ეს საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს.

„ეს არ არის ჩემი კერძო ინიციატივა, თუმცა, მასში მეც ვმონაწილეობ. მე ვარ „ხმა ემიგრაციისა.“ ეს არ არის, ვიწრო გაგებით, პოლიტიკური ინიციატივა. ეს არის ყველა პარტიის ინიციატივა. შევხვდები ყველას, ვისაც ხელი ეწიფება მის ხელშესაწყობად პარლამენტში. შევხვდები უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევე, როგორც ალასანიას პარტიას. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილი დღეს შეიძლება საქართველოს მოქალაქეც აღარ არის, ჩვენი ქვეყნის მეოთხედს წარმოადგენენ. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს. შესაბამისი თხოვნით უკვე მივმართე პრეზიდენტს, დღეს მივმართავ პატრიარქს. ეს მორალური საკითხია და საქართველოს სამომავლოდ გადარჩენას ეხება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოსახლეობის ერთი მეოთხედი“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველოს გზის“ ლიდერი განმარტავს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნიდან გასული საკუთარი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეინარჩუნოს და მათი ძალა და ენერგია ქვეყანას მოახმაროს.

„შევცვალოთ არსებული კონსტიტუცია, შევცვალოთ კანონმდებლობა და დავუბრუნოთ ყველა უფლება იმ ქართველებს, რომლებიც არიან ქვეყნის ეკონომიკური და მორალური ძალა. მათ უნდა იგრძნონ, რომ არიან საქართველოს ნაწილი და ქვეყნის ერთ-ერთი ენერგია, სადაც უნდა ცხოვრობდნენ. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ან ფუფუნება, რომ ისინი დავკარგოთ... ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის გარეთ ავაწყოთ საკუთარი პროპაგანდა. ვუყურებთ სხვა ქვეყნებს, თუ როგორ იყენებენ ისინი თავიანთ დისაპორებს, ჩვენ კი ეს არც გვიცდია“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

იგი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ყველა უფლების მინიჭებას ითხოვს და დღეს მოქმედი ცენზების გაუქმებას უჭრს მხარს, რადგან მიაჩნია, რომ მოქმედ კონსტიტუციაში ორმაგ მოქალქეობასთან დაკავშირებული ჩანაწერი დისკრიმინაციული და 21-ე საუკუნის ქვეყნისთვის შეუფერებელია.

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს მოქალაქეობა, იძულებულები არიან ჩააბარონ პასპორტები. ბავშვებს რომ აგზავნიან ზაფხულში საქართველოში, შეზღუდვები აქვთ დროის თვალსაზრისით, ასევე პრობლემები ექმნებათ ადამიანებს, ვინც საკონსულოებიდან შორს ცხოვრობენ და ვიზის მიღება უჭირთ. უნდა იყოს ლიბერალური მიდგომა. შევიგნოთ ჩვენ და მათაც შევაგნებინოთ - უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან ჩვენი საგანძურნი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათი ენერგია არ გამოვიყენოთ. ისინი არ არიან მხოლოდ ფული, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ისინი არიან ფულზე ბევრად მეტი და ეს არის აუცილებელი აპათიაში მყოფი ქვეყნის გასაცოცხლებლად“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

„საქართველოს გზის“ ლიდერი ფიქრობს, რომ მსჯელობის პროცესში ბევრი რამ დაიხვეწება და დაზუსტება, თუმცა, მანამდე აკონკრეტებს, რომ „ეთნიკურად ქართველის“ ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება და ინიციატივა უცხოეთში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს უნდა შეეხოს, რომელსაც ქვეყნიდან წასვლამდე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. ხოლო, მათ შვილებსა და მეუღლეებზე მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ნატურალიზაციის შესახებ კანონი უნდა ამოქმედდეს.