პროკურატურა ვეტერანების მოწმობების კანონიერებას სწავლობს

პროკურატურა ვეტერანების მოწმობების კანონიერებას სწავლობს

საბრძოლო მოკვლევა - ეს არის საკითხი, რომლის გარკვევას მთავარი პროკურატურა შეუდგა. for.ge-ს ინფორმაციით 1992-93 წლების ბატალიონის მეთაურებს მობილურ ტელეფონზე SMS შეტყობინება მიუვიდათ, რომ ისინი პროკურატურაში უნდა გამოცხადდნენ. კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით იბარებენ ჯერჯერობით უცნობია. for.ge-სთან საუბრისას აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელიც ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური იყო, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, რატომაც უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ნაწილში. ოფიციალურად ამ ინფორმაციას პროკურატურაში არ ადასტურებენ.

საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან 32 ათასი აფხაზეთის ომის ვეტერანია, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. ძალიან ბევრს შეუჩერეს სტატუსი იმ მოტივი, რომ მათ ყალბი მოწმობები აღმოაჩნდათ, თუმცა ასეთი ბევრი არაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგამოძიები უწყება ვეტერანის სტატუსის მინიჭების კანონიერებას სწვალობს.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ზაზა მესხი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არის გონივრული ეჭვი, შეიძლება გაცილებით ნაკლები ვეტერანი იყოს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული. ზაზა მესხის განცხადებით, არანაირი საპროკურატურო ღონისძიებისათვის ვეტერანების საქმეები არ გადაგზავნილა და არც ახლო პერიოდში იგემება, დღეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ვეტერანების ზუსტი რაოდენობის გარკვევა.

„ყველაფერი საბოლოოდ მიდის ბიუჯეტთან. ბიუჯეტის გარდა, არსებობს მხედრული პატივი და ღირსება. მთავრობასთან გვაქვს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები, სადაც ვიმსჯელებთ ამ თემაზე, რა კუთხით უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. ანუ, მაქსიმალურად სწორი სიის დადგენა. რასაკვირველია, ეს არაა იოლი საქმე. შევეცდებით, რომ ეს საკითხი ჩატარდეს ძალიან უმტკივნეულოდ, ისე, რომ იმ ადამიანებს არ მიადგეს ჩრდილი, რომლებიც რეალურად ღებულობდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა მესხი.

ვეტერანის სტატუსის მინიჭება შედემდეგნაირად ხდება - პირი წერს განცხადებას, ამის შემდეგ იწყება გარკვეული საბუთების მოძიება, იბრძოდა თუ არა და არის თუ ამის შესახებ ჩანაწერი არქივებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისრტროს არქივში მოიძებნა მონაცემი, რომ პიროვნება ირიცხებოდა რომელიღაც სამხედრო ქვედანაყოფში, ის ავტომატურად ღებულობს ვეტერანის სტატუსს.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი დირექტორის გელა დოლიძის განცხადებით არიან ადამიანები, რომლებიც ომის დროს ირიცხებოდნენ სამხედრო დანაყოფებში, მიიღეს ვეტერანის სტატუსი, მაგრამ ისინი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მონაწილე არ იყვნენ, თუმცა საბუთები წესრიგში აქვთ. დოლიძის განცხადებით, ეს კანონის დეფექტია და არა სამსახურის.

„თუ არქივში არ მოიძებნა კონკრეტული ადამიანის საბუთი, მაშინ ის უნდა წარსდგეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში, სადაც არსებობს ვეტერანების დადგენის კომისია, სადაც უნდა წარმოადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელიც დაწერილი უნდა იყოს მეთაურების მიერ, მას უნდა ჰქონდეს სამი ხელმოწერა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული.

დავუშვათ, რომელიღაც ბატალიონის მეთაურს უნდა, რომ თავისიანს გაუკეთოს ვეტერანის საბუთი, ის ჭკუასაც დაარიგებს, ისე მოამზადებს, რომ იმ კომისიის მოტყუება არაა რთული, თან მოჰყვება იმ კომისიაზე და მიაღებინებს ვეტერანის მოწმობას. ეს თავისთავად მეთაურის სინდისზეა“, - აცხადებს გელა დოლიძე.

კიდევ ერთი ვარიანტი გაყალბების ეს არის პოლიცილების სია. როგორც გელა დოლიძე ამბობს, ომის პერიდში თითქმის ყველა პოლიციელს გარკვეული პერიოდი გაფორმებული ჰქონდა მოვლინება, ზოგს არც ჰქონდა მივლინება, მაგრამ მიწერილი იყო მივლინებაზე. მათ აქვთ საბუთები, რომ იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში და ეკუთვნით ვეტერანობა.

„აი ამ კუთხით, ვისაც აქვს გაყალბებული, უდიდესი უმრავლესობა არის იმ პერიოდის პოლიციელი. რაც შეეხება დანარჩენებს, თუ ვინმეზე არსებობს ეჭვი, ეს უკვე მეთაურების სინდისზეა. სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რეალურად რამდენია ვეტერანის სტატუსის მატარებელი. ქვეყანამ უნდა იცოდეს რამდენმა ადამიანმა გადადო თავი ამ ქვეყნისთვის. ეს სჭირდება არა მხოლოდ ვეტერანებს, არამედ ქვეყანას, რომ მომავალი თაობა საკუთარ გმირებს იცნობდეს.

მეორე, რისთვისაც არის საჭირო - იცით, რომ ვეტერანებზე გარკვეული შეღავათებია გამოყოფილი. რაც უფრო მეტი იქნება ვეტერანი, მით მეტს გასცემს სახელმწიფო ბიუჯეტი. ვისაც არ ეკუთვნის ეს შეღავაში, ის არ უნდა ღებულობდეს. ადამიანი, რომელიც არ ყოფილა ომში და სარგებლობს ამ შეღავათით, მორალური თვალსაზრისით, უზნეობაა. როდესაც, პირი უკანონოდ ღებულობს შეღავათებს, ეს უკვე ფინანსური მაქინაციაა. გამოდის, რომ სახელმწიფოს ძარცვავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა დოლიძე.