ნაღმი ახალი ხელისუფლებისთვის

ნაღმი ახალი ხელისუფლებისთვის

„კუბლაშვილმა არ გამოიყენა შანსი, ჩემთან ერთად რეფორმის გზაზე ევლო“, - ეს თეა წულუკიანის სიტყვებია, თუმცა ამ გზაზე კოტე კუბლაშვილი მარტო არ ყოფილა და მას გვერდს „უმშვენებდნენ“ ადამიანის ბედით მოთამაშე მოსამართლეები.

ამ მოსამართლეთა ნაწილს პოსტზე ყოფნის ათწლიანი ვადა ამოეწურა, თუმცა ისევ აცხადებენ პრეტენზიას მოსამართლის მანტიაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ თუკი ამ ადამიანების უმრავლესობა გახდება მოსამართლე, კოტე კუბლაშვილის გადადგომის შემდეგაც დარჩება ნაღმები და ყოფილი ხელისუფლებისგან დავალებული მოსამართლეები ისევ ნაციონალების სამსახურში იქნებიან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ ახლახანს გამოქვეყნა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე მოსამართლეობის კანდიდატების სია, რასაც თან ახლდა სურვილი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდებინა ინფორმაცია მოსამართლეობის აღნიშნული კანდიდატების შესახებ. For.ge-მ გაითვალისწინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილი და ადვოკატთა მოსაზრებებზე დაყრდნობით ამ მოსამართლეების განვილი გზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

სიის თავში კობა გოცირიძეა. მან განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი დირექტორის საქმე და, როგორც ადვოკატები ამბობენ, მხოლოდ ამ საქმეზე მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში კი, ყოველთვის ემსახურებოდა ნაცმოძრაობას და მისი ობიექტური გადაწყვეტილებები არ არსებობს. „ის შტამპავდა გადაწყვეტილებებს, ვითომდა, წესრიგის დარღვევისთვის აჯარიმებდა ოპოზიციონრებს. ხშირად იხილავდა შრომით დავებს და ყოველთვის გამოჰქონდა ადმინისტრაციის სასარგებლო გადაწყვეტილება. აღნიშვნის ღირსია ცირა თელოიანის საქმე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, თითქოსდა, ხმამაღლა საუბრობდა და ხმის ტემბრი მაღალი ჰქონდა, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, საერთაშორისო კანონმდებლობას“.

ნაზი დოთიაშვილი - მან განიხილა მამა ბასილის საქმე, თუმცა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე შეიძლებოდა, ამ გახმაურებულ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება გამოეტანა.

რეზო ნადოი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, შემდეგ მუშაობდა გორის რაიონის სასამართლოში, ყოფილი პროკურორი. როგორც ამბობენ, ფორმალურად წარმართავდა პროცესებს და აჩვენებდა მხარეს, თითქოს ობიექტური და შემტევი იყო პროკურორთა მიმართ, სინამდვილეში, გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია და სააკაშვილის რეჟიმის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს ასრულებდა. ადვოკატების თქმით, მეგობრობდა პავლე კუბლაშვილთან, ასევე, ყოფილ მთავარ პროკურორ-ზოდელავასთან. 2007 წელს მან განიხილა გოჩა და ხვიჩა მილდიანების საქმე. ამის გამო მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რევაზ ნადოის მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას ითხოვდა, რადგან სუბარის თქმით, რევაზ ნადოიმ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც უდანაშაულო პირების დაკავება გამოიწვია. კერძოდ, მილდიანების მიმართ შურისძიება დაიწყო მესტიის მკვიდრის, ლაშა ხორგუანის ტელეფონიდან ნანუკა ჟორჟოლიანის მობილურზე გაშვებული ზარის შემდეგ, რამაც გააბრაზა ირაკლი კოდუა და, რომელიც ანგარიშსწორებით დაემუქრა ხორგუანს და მის მეგობარს. კოდუამ მუქარა იმავე დილას შეასრულა - ლაშა ხორგუანის და მასთან ერთად ავტომანქანაში შემთხვევით მყოფი 2 პირის - მილდიანების დაკავებით, მათთვის ნარკოტიკისა და ყუმბარების ჩადებით, დაკავებული პირებისთვის ნარკოტიკის გაკეთებითა და ლაშა ხორგუანის წამებით.

დავით კეკენაძე -ეს ადამიანი დიდი ხნის მანძილზე მუშაობს ხან მოსამართლედ, ხან პროკურორად, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორიც და, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეც, ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ასანიძის საქმეში, როდესაც აჭარის უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტი. სწორედ დავით კეკენაძის სახელს უკავშირდება ე.წ. „სვანურ საქმეზე“ განაჩენის გამოტანა, როცა ნელი ნავერიანს და მზევინარ ჯაფარიძეს 4 წელი, ხოლო ტარიელ, დავით და ანზორ ჯაფარიძეებს - 4-4 წელი და 6 თვე მიესაჯათ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის მოტივით. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ წევრები იმთავითვე საუბრობდნენ, რომ მოსამართლის განაჩენი პოლიტიკური იყო და ნელი ნავერიანი გოროზია-ახალაიასთან დაპირისპირებას შეეწირა. კერძოდ, „ნავერიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ფიგურა სვანეთში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეს იყო როლანდ ახალაიას ფარსი“.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2012 წელს სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რევაზ ხულორდავას სასამართლო პროცესზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა მოსამართლე დავით კეკენაძეს, სასამართლო პროცესზე შემდეგი სიტყვებით მიმართა: - „თქვენ გეშინიათ“. ამ განცხადების შემდეგ თეა წულუკიანი მოსამართლე დავით კეკენაძემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოგვიანებით თეა წულუკიანი მოსამართლე დავით კეკენაძის შესახებ ამბობდა: „ის არის შევარდნაძის რეჟიმის გადმონაშთი, რომელმაც არ იცის, რა არის სიმართლე და სამართალი“. შეგახსენებთ, იმ პერიოდში სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, რევაზ ხულორდავას სენაკის მკვიდრ დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. თეა წულუკიანი კი ხულორდავას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევდა.

ალექსანდრე იოსელიანი - შევარდნაძის დროინდელი მოსამართლე, რომელიც რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარეობიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს. გაყალბებულ მტკიცებულებზებზე დაყრდნობით ალექსანდრე იოსელიანი არაუფლებამოსილ პირებს სხვის საკუთრებას უნაწილებდა. ცნობილია ფაქტებიც, თუ როგორ ამეტებდა ის უფლებამოსილებას და როგორ აყალბებდა საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებას თუნდაც ძველ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლთან დაკავშირებით. იოსელიანმა უცხოეთში მყოფ ბინის მესაკუთრეთა ნაწილს ისე წაართვა საკუთრება, რომ მათ დღემდე არ იციან, რომ მათი ფართები მიტაცებულია.

მაია ივანიძე - მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივნის- გია ხუროშვილის მეუღლეა, მონაწილეობდა არასწრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის საქმის განხილვაში, რომელსაც პატიმრობა 7 წლით შეუფარდა, რასაც მამამისის, მამუკა ზერეკიძის სიცოცხლე შეეწირა. გიორგი ზერეკიძე 14 წლის იყო, როდესაც ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეს საქმე გახმაურებული იყო, რაც ნაციონალებისდროინდელი სასამართლოს უსამართლობას წარმოაჩენდა.

მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს. იგი აცხადებს, რომ ამ მოსამართლეთა უმეტესობას მორალური უფლება არ აქვს, მოსამართლეებად დაინიშნონ, რადგან სამართალშემოქმედებით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათი შერჩევისას ისევ კუბლაშვილს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ, ცხადია, კუბლაშვილის კადრის მოშორება ადვილი არ იქნება, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგაც (2015 წლის თებერვალი) კუბლაშვილის გავლენა რჩება. ეს ადამიანები ხომ სიკვდილ-სიცოცხლით არიან დავალებულნი კუბლაშვილთან, რომელმაც ისინი მოსამართლეებად აქცია.

„მონური მორჩილებით განთქმული მოსამართლეები მომავალში ვერ გაიცხრილებიან, ისინი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით უნდა დაინიშნონ და მერე უვადოდ დარჩნენ თანამდებობაზე. სხვათა შორის, ნაცმოძრაობის მსახურ მოსამართლეთა ნაწილმა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციას - „მოსამართლეთა ერთობას“ შეაფარა თავი და მოსამართლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე პოსტიდან წასვლის შემდეგაც დაიწყო ზრუნვა. კი მაგრამ, რისთვის? ისედაც დიდი ხელფასები ჰქონდათ და მთელი ცხოვრება ხან ერთ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, ხან მეორეს. ახლა უნდათ, კუბლაშვილისგან განსხვავებული აზრის მოსამართლეებად დაფიქსირდნენ. სინამდვილეში, ასე არ არის. მარინა ხოლუაშვილი, მანუჩარ კაპანაძე, მიშა ბებიაშვილი და სხვები სისხლის სამართლის საქმეებზე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ“.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სიას, მამუკა ნოზაძე გამოარჩევს მცხეთის სასამართლოს მოსამართლეს - მარიკა ბოკუჩავას, რომელზეც, მართალია, ნაციონალები ზეწოლას ახდენდნენ გამამართლებელი განაჩენების გამო, მაგრამ ადამიანები ოცნებოდნენ, მათი საქმეები ამ მოსამართლესთან მოხვედრილიყო. ადვოკატის თქმით, მარიკა ბოკუჩავას სააკაშვილის დროს ძალზე ცოტა ხანს მოუწია მუშაობა, რადგან მასზეც დაიწყო ნაცმოძრაობამ ზეწოლა და იძულებული გახადა, სასამართლოდან წასულიყო.

„ეს ადამიანი არ შეუშინდა რეჟიმს და პრინციპულობაზე უარი არ თქვა, საკუთარი სამსახური და გარანტიები ანაცვალა ადამიანის უფლებების დაცვას. ამიტომ ასეთი ადამიანების დანიშვნა ღირსებას შემატებს ქართულ სასამართლოს. ასევე, ამ სიაში მოხვდნენ პატიოსანი მოსამართლეები - მთვარისა კევლიშვილი (სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ამჟამად ერთ-ერთი გაზეთის იურიდიულ სამსახურს განაგებს), ზოია კვარაცხელია, რომელთა მიერ გამოტანილ საქმეებშიც არ ჩანს პოლიტიკური ნიშნები, მანანა ნიკაჭაძე, სამოქალაქო საქმეების განმხილველი ობიექტური მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი, რომელსაც უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი აქვს სამართალში. ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ამ სისტემაში, მაშინ მართლმსაჯულება მიუკერძოებელი იქნება და პროკურორზე აღარ იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება გოდერძი გიორგაშვილს, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის წევრი იყო და განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეებს. მას ბევრი უკანონო ქმედება აქვს ჩადენილი, მათ შორის, ადვოკატების მიმართ. 2005 წელს, სააკაშვილის რეჟიმის დროს, მან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეთითხნილი ბრალდებით უკანონო პატიმრობაში დამტოვა და ამით ზურაბ ადეიშვილისა და ვალერი ცერცვაძის (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) პირდაპირი მითითება შეასრულა. გიორგაშვილი დიდი განსწავლულობით არ გამოირჩეოდა, საკითხებს ტენდენციურად უდგებოდა და უჭირდა გადაწყვეტილებების დასაბუთება“.

For.ge შეეცდება, მომავალში სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენებიც შემოგთავაზოთ.