გაიზიარებენ თუ არა აფხაზები მუჰაჯირების ბედს

გაიზიარებენ თუ არა აფხაზები მუჰაჯირების ბედს

„რუსეთის წინააღმდეგ აფხაზი უხუცესებიც კი ვერაფერს გახდებიან, რადგან, თუ აფხაზეთში რაიმე მოძრაობა დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ, ის მოხდება, რაც რუსეთსა და მუჰაჯირებს შორის მოხდა მე-19 საუკუნეში“,- მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და არ უკვირს, რომ აფხაზ უხუცესთა საბჭოს პროტესტის მიუხედავად, სამოკავშირეო დოკუმენტის პუნქტებში რუსეთმა არაფერი შეცვალა.

For.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

თუკი აფხაზეთში რაიმე მოძრაობა დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ, გაიზიარებენ ისინი აფხაზ მუჰაჯირთა ხვედრს, რომლებიც რუსეთმა გაასახლა და თურქეთში გადახვეწა?

- აფხაზი უხუცესები, რა თქმა უნდა, რუსეთთან ხელშეკრულების ამ ფორმით დადებას გააპროტესტებდნენ. ასეც უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა კიდეც. უბრალოდ, გასულ საუკუნეებში მუჰაჯირების დროს უფრო მწვავედ იყო ეს საკითხი დასმული. ახლა რუსეთს ურჩევნია, რომ ე.წ. „ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან“ ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას და აფხაზ უხუცესთა პროტესტს ჯერჯერობით წაუყრუოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ პროტესტს დაივიწყებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ის არ გააქტიურდება და არ დაიწყებს რადიკალურ ქმედებებს, რადგან ამას მოჰყვება რეაქცია ყველა მხრიდან, მაგრამ მომავალში, ალბათ, მეთოდურად დაიწყებს აფხაზეთის ათვისებას. ათვისება მოხდება არა უბრალოდ იმით, რომ აფხაზეთის კანონმდებლობა მოერგება რუსეთის კანონმდებლობას და შეიქმნება ერთიანი ჯარი და სხვა, არა ბატონო, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. თუ გავიხსენებთ, როგორ ხდებოდა რუსეთის იმპერიის გაფართოება, იქ ყოველთვის ახლად ათვისებულ ტერიტორიებზე ასახლებდნენ რუსულენოვან მოსახლეობას. შორს რომ არ წავიდეთ, ბალტიისპირეთში რუსულენოვანი მოსახლეობა ძირითადად გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და კალინინგრადი ხომ პირდაპირ მარგალიტია რუსული იმპერიის გაფართოების ანატომიის. ეს პროცესი დაიწყება აფხაზეთშიც და შეეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად შეცვალონ დემოგრაფიული ვითარება რუსეთის სასარგებლოდ.

ისტორიას რომ მივუბრუნდეთ, რუსეთის იმპერიამ შერვაშიძეები, ანუ აფხაზების ინტელექტუალური ფენა გადაასახლა, მიხეილ შერვაშიძეს (აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს) კავკასიაზე ფიქრიც კი აუკრძალეს. არადა, ის ითხოვდა ვორონეჟის ნაცვლად, ქუთაისში საცხოვრებლად დატოვებას. ამის შემდეგ მარტივად დაიწყო აფხაზეთის ოკუპაციის პროცესი. შემდეგ მოხდა აფხაზებისთვის მეტად მტკივნეული- ჰაჯირთა ტრაგედია. ნუთუ დღევანდელ აფხაზებს საერთოდ ახსოვთ, რომ მათი წინაპრების, ჰაჯირების ბედი სწორედ რუსეთის იმპერიას უკავშირდება? ისტორიის გამეორება არ არის აფხაზებისთვის სახიფათო? თუ, იქ ყველაფერს წყვეტენ კრემლის მიერ დროებით ხელდასხმული მარიონეტები?

- მოდით, ეს თემა ორ ნაწილად გავყოთ. აფხაზეთის წინააღმდეგობის მოძრაობა, თუ გნებავთ, სეპარატისტული მოძრაობა - „აიდგილარა“, რომლის პირველი ტალღაც 90-იან წლებში დაიწყო, ძირითადად, მაინც, იყო მიბმული კრემლთან. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებს, ანუ ავტონომიებს ყოველთვის იყენებდა და სწორედ იმიტომაც შექმნა, რომ გამოეყენებინებინათ იმ დროისთვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ოდესმე დადგებოდა. ამიტომ, ეს მოძრაობა თავდაპირველად დაიწყო ამ ელიტამ და ძირითადად, ის მაინც ატარებდა სოციალურ ხასიათს. შორს წაგვიყვანს ამის ანალიზი, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთი ყოველნაირად ხელს უწყობდა, რომ აფხაზეთში შეექმნა არა იმდენად ინტელექტუალური, არამედ პოლიტიკური, ანუ საკუთარი პარტიული კომუნისტური ელიტა. ეს მთელ საბჭოთა კავშირში ხდებოდა, მაგრამ აფხაზეთსა და ავტონომიურ ოლქებში, მით უმეტეს, ძალიან მძლავრად მუშაობდა ეს ელიტა. თვითონ აფხაზურ მოსახლეობას ჰქონდა ძალზე დიდი პრივილეგიები იქ მცხოვრებ ქართველებთან შედარებით. ძირითადად ეს იყო ამ მოძრაობის მოტივიც, ამის შენარჩუნებაზე იყო საუბარი აფხაზების მხრიდან, თუმცა ამას ფარავდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობით, აფხაზური ენის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს, ჩვენ აფხაზებს შევთავაზეთ უფრო მეტი, რომ სკოლაში 11 კლასი აფხაზურ ენაზე ყოფილიყო, შემდეგ კონსტიტუციაშიც გაჩნდა ცვლილებები - ქართველი და აფხაზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ნაკლებად აინტერესებდათ, ამიტომ ეს მოძრაობა შორს წავიდა. ახლა, თანამედროვე ეტაპზე, რაღაც მომენტში აფხაზებმა მართლაც დაიჯერეს, რომ რუსეთი ნამდვილად ეხმარებოდა მათ ჩვენს წინააღმდეგ და მომხრე იყო მათი დამოუკიდებლობის. ეს დაიჯერა არა იმდენად აფხაზურმა ელიტამ, იმავე ხაჯიმბამ და მისმა თანამოაზრეებმა, რომლებმაც ყოველთვის მშვენივრად იცოდნენ ყველაფერი, არამედ ძირითადმა მასამ, უბრალო მოსახლეობამ ირწმუნა, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობისთვის ეხმარებოდა. ახლა კი ისინი დადგნენ ფაქტის წინაშე. მთელი ამ 25 წლის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ქართველები და აფხაზები აღმოვჩნდით ბარიკადის ერთ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. თუნდაც იმავე უხუცესებთან მიმართებით, დღეს მათ დაინახეს, რომ რეალობა სულ სხვა არის. გარდა ამისა, სოციალური პრობლემები აფხაზეთში უკვე მოგვარებულია. ამიტომ მათ მართლა უნდათ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხვდებიან, რომ უკვე მოუწევთ არა ქართველებთან ურთიერთობა, არამედ - რუსებთან. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ? ეს სხვა საკითხია და აფხაზების ის ნაწილი, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ რუსები მათ ქართველების მონობისგან, უღლისგან იხსნიდა, ძალიან მალე დაინახავენ, რომ დაიწყება ის პროცესი, რაზეც მოგახსენეთ. ასე რომ, უკვე რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობა აუცილებლად გამწვავდება, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ რუსეთი, ალბათ, უკვე ამისთვისაც ემზადება, როგორ და რანაირად მოაგვაროს ეს პრობლემა.

ანუ მივიღებთმუჰაჯირები-2“-?

- არა მგონია, ასეთი ტალღა მივიღოთ, რადგან ფაქტობრივად, მუჰაჯირები განდევნეს და დღეს თურქეთში არიან, მაგრამ რუსეთი დაიწყებს აფხაზეთის ტერიტორიებისა და მიწების ათვისებას. ის არეალი, რაც ქართველი დევნილებისგან იქნა გათავისუფლებული, შეივსება არა ჩვენი იქ დაბრუნებით, არამედ რუსი მოსახლეობით, როგორც კალინინგრადში, ბალტიისპირეთში მოხდა, ან კიდევ ესტონეთში, როცა რუსები 40%-ით ჩაასახლეს. თუმცა, ეს პროცესი რომ დაიწყება, საკმაოდ მტკივნეული იქნება გალის ქართველობის პრობლემა. ეს პრობლემა შეიძლება ჩვენ დაგვიდგეს ძალზე მკვეთრად.

სხვათა შორის, გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია უკვე საუბრობს, რომ ქართველიკრიმინალები“, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს აფხაზეთის ომის დროს, უნდა განდევნონ. საინტერესოა, რატომ გააფორმა მოკავშირეობის ხელშეკრულება რუსეთმა მაინცდამაინც ახლა? პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შემდეგ რუსეთმა დაინახა, რომ კარგავს აფხაზეთს და დააჩქარა ეს პროცესი, რათა არ მოხდეს აფხაზეთის დისტანცირება რუსეთისგან. იყო კი დღის წესრიგში აფხაზეთის ევროპული ორიენტაცია და სწორედ ასოცირების ხელშეკრულება გახდა ამის მიზეზი?

- არა მგონია. დღეს რუსეთთან დასავლეთი დავობს იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინის აღმოსავლეთში. უცებ წარმოვიდგონოთ, რომ სხვა პრობლემები რუსეთს არ აქვს და უკრაინაში მდგომარეობა ნორმალურია, მაშინ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულება გაცილებით მწვავედ იქნებოდა დასმული დასავლეთის მხრიდან და მეტი აჟიტირება მოჰყვებოდა. დღეს დასავლეთს, გვინდა თუ არა, უფრო მეტად აწუხებს, რა მოხდება დონბასსა და ლუგანსკში, ვიდრე-სოხუმში. ამიტომ, რუსეთს გაუჩნდა ამ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოვიდა ხაჯიმბა, რომელიც პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია. ამიტომ, სიტუაცია შეიქმნა და რუსეთს დღეს არა, ხვალ მაინც უნდა დაეწყო ეს პროცესი, ოღონდ დაიწყო სააკმაოდ რბილად, ჯერჯერობით, მაინც არ არის ისეთი რადიკალი, როგორც ჩვევია და ცდილობს, უკრაინის ფონზე ეს პრობლემა თავის სასარგებლოდ გადაჭრას.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განცხადებები იყო, ნატოს ჭრილშიც მოხვდა ეს საკითხი და ამის აჟიტირება მაინც მოხდება და ამას უზრუნველვყოფთ, მაგრამ ეს მაინც დღეს არ იქნება ნომერ პირველი თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის საუბრის დროს.

მართალია, ევროპა და აშშ არ აღიარებს ამ ხელშეკრულებას, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის დიდი შეღავათი, როცა საზღვარი ფსოუდან უკვე ენგურზეა გადმოტანილი. შეშფოთებები, აღშფოთებები არ იქნება საკმარისი, რა უნდა იყოს ის ქმედითი, რაც რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს? ექსპერტები საუბრობენ ანტიანექსიურ სტრატეგიაზეც, როგორ უყურებთ ამ სტრატეგიებს, ხომ არ არის დაგვიანებული, რადგან გრიგოლ ვაშაძეს, ნაციონალებისდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს თუ დავესესხებით, კონსილიუმი უკვე დაგვიანებულია, როდესაც პაციენტი გარდაცვლილია.

- სამწუხაროდ, ამ თემას ზოგიერთები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის, ბატონი ვაშაძეც და ნაცმოძრაობაც. თუკი ახლა კონსილიუმი გვიანია, მაშინ 2008-დან დღემდე რა უშლიდათ ნაციონალებს ხელს, ეს სტრატეგია ჩამოეყალიბებინათ? პრობლემა ისაა, რომ ამ საკითხის გადაჭრა დასავლეთის ქმედითი დახმარების გარეშე არ შეგვიძლია. რუსეთი უნდა წავიდეს დათმობაზე. ეს ორ შემთხვევაში მოხდება, ან დასავლეთიდან უნდა იყოს ძალზე ძლიერი ზეწოლა, ან რუსეთში უნდა დაიწყოს დემოკრატიზაციის პროცესი. სხვა გამოსავალი არ არსებობს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამა თუ იმ სტრატეგიაზე. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, გააგრძელა სწორი პოლიტიკა, რაც იმავე ნაციონალებმა დაიწყეს 2008 წლის მერე არაღიარების პოლიტიკით. დღესაც რაღაც აქტიობები იქნება დიპლომატიურ ფლანგზე - გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, ევროკავშირის ქმედებები და სხვა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად ეს მაინც არის მომავლისთვის გამზადებული ქმედებები. რაღაც დრო რომ დადგება, არავინ იცის, ეს დღეს იქნება თუ ათი წლის შემდეგ, უნდა გვქონდეს იურიდიული საფუძველი და მსოფლიო საზოგადოება მზად იმისთვის იყოს, რომ თქვას, ჩვენ არასდროს ვაღიარებდით აფხაზეთს რუსეთის ნაწილად და ამიტომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს ნაწილი. ეს არის მთლიანად მთელი ანტიანექსიური სტრატეგია. თუ ისევ გვინდა თავის მოტყუება კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დახურული თუ ღია ფორმატით, ეს უფრო გულის მოსაფხანი თემაა. ამაზე დასავლეთიც თვალს ხუჭავს, რუსეთსაც ვითომ აწყობს... რომ დავხურავთ ამ ფორმატს, რას მივიღებთ? ან კიდევ, რომ გავაგრძელებთ, ისევ რას მივიღებთ? ანუ ჩვენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფიქსიროს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ქართული ტერიტორია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ -აფხაზების დაბრუნებაზე, აფხაზებთან ერთად ერთი სახელმწიფოს შექმნაზე. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც სულ უნდა ისმოდეს საქართველოს მხრიდან.

რისი გაკეთება შეეძლო ახალ ხელისუფლებას, რომ ამ ხელშეკრულებამდე არ მივსულიყავით? იყო საუბარი იმაზეც, რომ აფხაზები უნდა დაგვეინტერესებინა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე, შეიძლებოდა აფხაზეთისყიდვა“ , ასევე, უნდა გვემუშავა აფხაზ უხუცესებთან.

- ძალიან ცუდი ტერმინია „ვიყიდოთ აფხაზეთი“ ან „გაიყიდა აფხაზეთი“. მესმის, რომ ეს სიტყვები ბრჭყალებშია, მაგრამ მაინც... თუ ამ თემაზე ვილაპარაკებთ, ვერც სამხედრო თვალსაზრისით, ვერც ფინანსურად, ჩვენ და რუსები ტოლფარდი ვერ ვიქნებით.

აფხაზეთი მაინც გაიყიდა, მაგრამ გაცილებით მეტ თანხად. საუბარია, რომ რუსეთმა სოხუმის მოკავშირეობა 107 მილიონ დოლარად იყიდა.

- აფხაზეთი არ და ვერ გაიყიდა, ეს არის უბრალოდ, კამუფლაჟი რუსეთის მხრიდან. თუ ქართულ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა იმაზე მეტი, ან აფხაზებს მეტი რა შეუძლიათ? - არც არაფერი. სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც უძლურნი ვართ რუსების წინააღმდეგ. ამიტომ ორივე მხარისთვის აუცილებელია დამხმარე ძალა. აფხაზებიც მიხვდებიან, რომ დამხმარე ძალა არ არის რუსეთი და დაიწყებენ ფიქრს დასავლეთზე. აქ თუ შევძლებთ ჩვენი ადგილის მოძებნას, ეს იქნება ახალი მიმართულება, რომელზედაც უნდა ვიმუშაოთ. თუ ახალ სტრატეგიაზეა საუბარი, სწორედ ეს მგონია მე ახალი მიმართულება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. აფხაზი ქართველისთვის იგივეა, რაც იყო, არ ვგულისხმობ ვიღაც ექსტრემისტებს, რომლებიც ექსტრემისტებიც არ არიან.