თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ამ დრომდე გრიფი ადევს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაცვის მხარეს წვდომა ამ დრომდე არ აქვს. საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი ამბობს, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია საქმე სრული მოცულობით გადაცეს დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმე 074200614801 გადმოცემის თაობაზე. თუმცა ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმე გრიფირებულია და დაცვას მხოლოდ მისი გაცნობის შესაძლებლობა აქვს, ისიც სპეციალურ ოთახში, რა დროსაც დაცვას მიეცემა შესაძლებლობა, გააკეთოს სასურველი ჩანაწერები.
20 ნოემბერს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის მასალების ნაწილს გრიფი უახლოეს დღეებში მოეხსნება. ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 22 ნოემბერს კიდევ ერთხელ მიმართა ბრალდების მხარეს საქმის გადაცემის მოთხოვნით. for.ge. უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.
საქართველოს მთავარი პროკურატურისზედამხედველობის სამმართველოს პროკურორს ბატონ ზვიად გუბელაძეს საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელს ბატონ ალექსანდრე ფუტკარაძეს
ბრალდებულების: არჩილ ალავიძის,გიორგი ლობჟანიძის, ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიასა და გიზო ღლონტის
ინტერესების დამცველი ადვოკატის
იოსებ ბარათაშვილის
მ ო თ ხ ო ვ ნ ა
(ინფორმაციის გაცვლისა და პროკურატურის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დაცვის მხარისათვის სრული მოცულობით გადაცემის თაობაზე)
2014 წლის 18 ნოემბერს გადმომეცა თქვენი 17 ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომლითაც უარს მეუბნებით პროკურატურის ხელთ არსებული N074200614801 სისხლის სამართლის საქმის ჩემთვის გადმოცემაზე.
თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ ზემოთ მითითებული სისხლის სამართლის საქმის გასაიდუმლოების გამო, ბრალდების მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გადმომცეს საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (ანუ სისხლის სამართლის N074200614801 საქმე), რადგან არ გამაჩნია საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა და ინფორმაციის დაცვის სათანადო პირობები. თქვენ მთავაზობთ, გავეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს სპეციალურ ოთახში, რა დროსაც მომეცემა შესაძლებლობა, გავაკეთო სასურველი ჩანაწერები.აქვე განმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს სისხლის სამართლის გასაიდუმლოებული საქმის წარმოების წესს და ის რეგულირდება ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, რომელსაც თქვენი მოსაზრებით უპირატესი ძალა გააჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მიმართ; თქვენი განმარტებით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესის მე-3 კარის 3.3 პუნქტის თანახმად, მე, როგორც ადვოკატს უფლება მაქვს, მივიღო დაშვება საიდუმლო ცნობებზე.
თქვენს პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოვითხოვ პროკურატურის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ჩემთვის სრული მოცულობით გადმოცემას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1.სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
***
ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას“.
საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს მიერ, მხოლოდ ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინა სასამართლო სხდომამდე. სხვა დათქმას დაცვის მხარისათვის ინფორმაციის შეზღუდვის თაობაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით, კონკრეტულად კი ამ კანონის მე-20 მუხლით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საიდუმლოების ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ საწარმოზე, დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედ ადვოკატთა უდიდესი უმრავლესობა საქმიანობს როგორც ფიზიკური პირი, ისინი ცხადია, არ მოიაზრებიან კანონის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ პირთა შორის. ეს გარემოება კარგად გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს დაცვისა და ბრალდების მხარეების ურთიერთობას სისხლის სამართალწარმოების პროცესში. იგივე შეიძლება ითქვას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლითაც მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო დაწესებულება და ორგანიზაციაა ვალდებული, შექმნას ყველა პირობა იმ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად, რომლებსაც ისინი მიიღებენ. აქედან გამომდინარე, უადგილოა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლების ურთიერთშედარება მათ შორის უპირატესი უფლების მქონე ნორმატიული აქტის გამოვლენის მიზნით, ვინაიდან აღნიშნულ კანონებს შორის არ არსებობს წინააღმდეგობა და ისინი არეგულირებენ სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.
თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში და საქმიდან გააკეთოს სათანადო ამონაწერი. მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა თუ რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით გვთავაზობს ბრალდების მხარე საქმის მასალებიდან ამონაწერის გაკეთების შესაძლებლობას, რომლის დაცვისა და შენახვის ვალდებულება, თუ თქვენს ლოგიკას გავიზიარებთ, დაცვის მხარეს ისევე უნდა ჰქონდეს, როგორც საქმის მასალის ასლების მიღების დროს. ამ შემთხვევაში ნათელია, რომ თქვენ არ ხელმძღვანელობთ არც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით და არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ბატონმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ბრალდების მხარე ადვოკატებს უფლებას აძლევს ამონაწერები გააკეთოს სისხლის სამართლის საქმიდან, ის ხელმძღვანელობს არა საქართველოს შიდა კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ დაცვის მხარისათვის საქმის მასალების ასლების გადაცემას ძალზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია სასამართლო პროცესის იმგვარად წარმართვისათვის, რომ სრულად იქნეს დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.
საქმეზე „მოისეევი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ევროპის სასამართლომ ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას: „ევროპული სასამართლო უკვე მიუთითებდა, რომ საქმის მასალებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და ყველა მასალის შეუზღუდავი გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების ასლების მიღების შესაძლებლობების ჩათვლით, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას... ამგვარი ხელმისაწვდომობის არუზრუნველყოფა, ევროპულ სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა, როგორც მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელსა და მის ადვოკატებს არ მიეცათ დოკუმენტებთან სათანადო ხელმისაწვდომობა და ისინი, ასევე შეიზღუდნენ, გამოეყენებინათ თავიანთი ჩანაწერები, რამაც გააღრმავა სირთულეები მისი დაცვის პოზიციის მომზადებისას“ (იხ. Moiseyev v. Russia 09.10.2008; §§217-218; იხილეთ აგრეთვე Matyjek v. Poland;24.04.2007; §§ 59, 63; Luboch v. Poland 15.01.2008; §§ 64, 68)
საქმეზე „ფუშერი საფრანგეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, განმარტა, რომ განმცხადებელს უნდა ჰქონოდა „საქმის მასალების გაცნობისა და მასში შემავალი დოკუმენტების ასლების მოპოვების შესაძლებლობა, რათა გაესაჩივრებინა მის შესახებ მომზადებული ოფიციალური ანგარიში“ (იხილეთ Foucher v. France; 18.03.1997; §32).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებული პრეცედენტებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ადვოკატს, დაცვის პოზიციის მომზადებისათვის, უნდა გააჩნდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან სათანადო ხელმისაწვდომობა და ამ ხელმისაწვდომობაში სხვა გარემოებებთან ერთად იგულისხმება საქმის მასალების ასლების მოპოვების შესაძლებლობა. ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ადვოკატისათვის საქმის მასალების ასლების მოპოვება, კარგად აქვს განმარტებული ევროპული სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ სპეციალისტს, პროფესორ შტეფან ტრეხსელს, თავის კლასიკურ ნაშრომში „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“, სადაც იგი მიუთითებს შემდეგს: „სასამართლოს ეს პრეცედენტული სამართალი მისაღებია მხოლოდ იმ პირობით, რომ დამცველს უნდა ჰქონდეს ასლების გადაღების შესაძლებლობა, რომლის გაცნობასაც შეძლებს ბრალდებული. თუმცა სასურველია, რომ საქმის მასალებზე ხელი მიუწვდებოდეს როგორც დამცველს, ისე ბრალდებულს. ეს აუცილებელია დამცველისთვის, რათა შეძლოს მასალის რელევანტურობის განსაზღვრა. მეორე მხრივ, მხოლოდ ბრალდებულმა იცის ზუსტად, რა მოხდა იმ დროს, როდესაც მას დანაშაულის ჩადენას ედავებიან. შესაბამისად, მხოლოდ ის შეძლებს განსაზღვროს, მაგალითად, რამდენად სანდოა მოწმის ჩვენება. მისთვის, როგორც წესი, საკმარისი უნდა იყოს ასლების გაცნობა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება დოკუმენტის ორიგინალის ნახვაც გახდეს საჭირო.“ (იხილეთ შტეფან ტრეხსელი „ადამიანის უფლებებები სისხლის სამართლის პროცესში“, 2010; გვ.265)
ვფიქრობ, ჩემს მიერ ზემოთ მითითებული საკანონმდებლო აქტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები მთლიანად ცხადყოფენ, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულად უნდა გაუცვალოს ინფორმაცია, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით და საქმის მასალების დაცვის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
კიდევ ერთი გარემოება, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, მდგომარეობს თქვენს მიერ საქართველოს სსკ-ის 321-ე მუხლის განმარტებაში, როდესაც თქვენ მიუთითეთ, რომ დაცვის მხარისათვის თქვენს ხელთ არსებული, გასაიდუმლოებული მტკიცებულებების გადაცემა გამოიწვევს თქვენი მხრიდან საქართველოს სსკ-ის 321-ე მუხლის დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 104-ე მუხლის თანახმად, პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია, უზრუნველყოს პროცესის მონაწილის დავალდებულება, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და გააფრთხილოს სიხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმის დაცვის შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების გაუხმაურებლობის ვალდებულება გადადის დაცვის მხარეზე და აღნიშნული საიდუმლოების გახმაურების შემთხვევაში, დაცვის მხარე პასუხს აგებს საქართველოს სსკ-ის 320-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის გაცვლისა და ამ მომენტისათვის, სისხლის სამართლის N074200614801 საქმეზე ბრალდების ხელთ არსებული მასალის ჩემთვის, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლისათვის სრული მოცულობით გადმოცემის თაობაზე.
პატივისცემით, ადვოკატი:
იოსებ ბარათაშვილი
22.11.2014წ.