გუანტანამოს პატიმრები უკვე თბილისში არიან. იემენის სამმა მოქალაქემ, რომლებიც ტერორიზმის მხარდაჭერაში იყვნენ ეჭვმიტანილნი, სკანდალური ციხე უკვე დატოვეს. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა პრესამ - „ნიუ-იორკ თაიმსმა“ პატიმრების ეტაპირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ეს ფაქტი ქართულმა მხარემაც დაადასტურა.
ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნული პირები საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. თბილისში მათ გადაადგილების შეზღუდვა არ ექნებათ და ისინი არასაპატიმრო პირობებში იცხოვრებენ, თუმცა მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იქნება და მუდმივად სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ გუანტანამოდან მსჯავრდებულების მიღების გამოცდილება თბილისს უკვე აქვს. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირველი სამი პატიმარი კუბიდან 2010 წელს ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, გუანტანამოს ციხის მაშინდელი პატიმრები ეჭვმიტანილნი იყვნენ იმაში, რომ სიმპათიით უყურებდნენ ისლამურ მოძრაობას, მაგრამ რაიმე კონკრეტულ დანაშაულზე მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. ისინი გუანტანამოს ციხეში ცხრა წელი იყვნენ, თუმცა საქართველოში ცხოვრების განმავლობაში გუანტანამოელ პატიმრებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. არადა, სამივე მათგანი თბილისში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობდა, მათზე ხორციელდებოდა კონტროლი, თუმცა გადაადგილების თავისუფლება ჰქონდათ.
ამჟამად კი, თბილისში იცხოვრებენ სალაჰ მოჰამედ სალეჰ ალ დაბი, აბდელ ღაიბ აჰმად ჰაკიმი და აბდულ ჰალიდ ალ-ბაიდანი. შსს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ გუანტანამოს ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მაქსიმალური შესაძლებლობა ექნებათ.
თუმცა იზორია არ აკონკრეტებს, რაში არიან ეს პატიმრები ბრალდებულნი. „ნიუ-იორკ თაიმსი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, „ალ-ქაიდას“ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი.
საქართველოს მთავრობას მათი ჩამოყვანისთვის ამერიკის ელჩი-რიჩარდ ნორლანდი მადლობას უხდის და ამას ჰუმანურ აქტად აფასებს. ცნობილია, რომ მათი რესოციალიზაციის ყველა ხარჯს აშშ დაფარავს.
გუანტანამოს ციხის პატიმრების შესახებ ოპოზიცია მთავრობისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. უმცირესობის წევრი სერგო რატიანი თვლის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს ამ თემასთან დაკავშირებით.
მათ შესახებ განსხვავებული მიდგომაა მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე იემენელი პატიმრების ჩამოყვანას საფრთხის შემცველად აღიქვამს.
ექსპერტი მამუკა არეშიძე კი თვლის, რომ, 2010 წლისგან განსხვავებით, დღეს ვითარება შეიცვალა, რადგან მაშინ ისლამური ხალიფატის აქტიურობა ასე თვალშისაცემი არ ყოფილა, დღეს კი ვითარება რთულია.
რაც შეეხებათ საქართველოში ჩამოყვანილ გუანტანამოელ პატიმრებს, გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის აბდელ ღაიბ აჰმად ჰაკიმი, „ალ-ქაიდას“ წევრი იყო და ავღანეთში ოსამა ბინ ლადენთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც გუანტანამოს პატიმრების უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია „კონსტიტუციური უფლებების ცენტრი“ იუწყება, აჰმად ჰაკიმმა გუანტანამოს ციხეში 9 წელიწადი გაატარა. ამდენად, აღნიშნული ამერიკული ორგანიზაცია საქართველოს მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ აჰმედ ჰაკიმი ჩვენს ქვეყანაში „ახალ ცხოვრებას“ დაიწყებს: „ჩვენ მადლობას ვუხდით რესპუბლიკა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენს კლიენტს ახალი სახლი შესთავაზა“.
მეორე პატიმარი 42 წლის სალაჰ მოჰამედ სალეჰ ალ-დაბია. წარმოშობით საუდელი. ის „ალ-ქაიდას“ ან მასთან დაკავშირებული დაჯგუფების წევრი იყო.
მესამე პატიმარი კი 31 წლის აბდულ ჰალიდ ალ-ბაიდანია. ის ასევე „ალ-ქაიდას“ წევრი იყო და ოსამა ბინ ლადენის ჯგუფში იბრძოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე იემენელი ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, გუანტანამოს ციხესთან არსებულმა სამთავრობო ჯგუფმა ჩათვალა, რომ აღნიშნული პირები საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს რესპუბლიკელ კონგრესმენ ჰოვარდ მაკკეინს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სამხედრო კომიტეტს ხელმძღვანელობს. მისი მოსაზრებით, ბარაქ ობამამ პატიმრების გადაცემით „საშიში“ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არ არის გამორიცხული, რომ „ყოფილი ტერორისტები“ სირიასა და ერაყში ჩასვლას და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებას შეეცადონ.
საინტერესოა, რომ გუანტანამოს ციხეში ყველაზე მეტი პატიმარი სწორედ იემენელია. აღსანიშნავია, რომ დღემდე გუანტანამოს ციხის იემენელი პატიმრების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა აკრძალული იყო. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციისთვის ყველაზე რთული იმ მიმღები ქვეყნების პოვნაა, ვინც ამ პატიმრებს შეიფარებს.
ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამერიკელებთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, მაგრამ, მეორე მხრივ, გუანტანამოს პატიმრების მიღება ჩვენთვის სარისკოა. ამით საქართველოს ისლამური ხალიფატისგან რეალური საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება ხალიფატის დარტყმის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
„არ ვიცით, რა დონის პატიმრები არიან, რა სახის დანაშაული აქვთ ჩადენილი. „ალ-ქაიდას“ ბევრი ხელმძღვანელი „ლაითი“ მიზეზის გამო იყო დაპატიმრებული, მათ შორის, ალ ბაღდადიც, რომელმაც სწორედ აბუ-გრეიბის ციხე გამოიარა და იგი, როგორც ჩვეულებრივი ისლამისტი ბოევიკი გაათავისუფლეს, სინამდვილეში კი, აღმოჩნდა, რომ საერთოდ ისლამისტების ლიდერი ყოფილა. ამიტომ, სავარაუდოდ, მაღალი დონის „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელიც შეიძლება აღმოჩნდეს იმ სამი პატიმრის მიღმა. „ალ-ქაიდამ“ შეიძლება განახორციელოს ოპერაცია მათი გამოხსნის მიზნით, მით უმეტეს, საქართველო ისლამური ხალიფატის ოპერატიულ სივრცეში იმყოფება. აბუ გრეიბზე და სხვა ციხეებზე იყო თავდასხმები, სპეცოპერაციები. მაგალითად, თალიბანმა როცა გამოიხსნა ქაბულში „ალ-ქაიდას“ წარმომადგენელი, შესაბამისი თავდასხმა განახორციელა კიდეც. ასევე მოხდა ერაყში, იემენში, იყო თავდასხმები პატიმრების გამოხსნის მიზნით. არცთუ ისე შორს არის აქედან კავკასიის იმარატი და აქ მოქმედი „ალ-ქაიდას“ მომხრე დაჯგუფებები. გარდა ამისა, საქართველოში შეიძლება იყვნენ იატაკქვეშა საკმაოდ მძლავრი ჯგუფები, რომელთა გამოვლენაც ჩვენს სპეცსამსახურებს არ ძალუძთ. მათი კომპეტენცია არ მაძლევს იმის იმედს, რომ ასეთი დონის ტერორისტული ქსელები გამოვლენილ იქნება. ამიტომ მაღალი რისკის ქვეყანაში ამ სამი პატიმრის გამოგზავნა გაკვირვებას იწვევს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და არ გამორიცხა, რომ „ალ-ქაიდას“ მაღალი დონის ხელმძღვანელი რომელიღაც არაბი მოქალაქის პასპორტს იყენებდეს და საქართველო მათთვის მისაღები ზონა აღმოჩნდეს, რადგან აქედან გაქცევას წინ არაფერი უდგას.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კითხვები ჩნდება, თუ რატომ ჩამოჰყავთ გუანტანამოს პატიმრები ჩვენს ქვეყანაში, როცა ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და არც არანაირი შეხება არ აქვთ საქართველოსთან.
„გამიკვირდა, რომ მაინცდამაინც საქართველოში მოავლინეს იემენელი პატიმრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამერიკას კი იმდენი ძლიერი სახელმწიფო და მოკავშირე ქვეყანა ჰყავს ამ მიმართულებით, იქაც შეეძლოთ გადაენაწილებინათ ეს ადამიანები. არა მგონია, მათი ჩამოყვანა საქართველოსთვის საფრთხეს შეიცავდეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო. გუანტანამოს ციხეში ბევრი ადამიანი უსამართლოდ იყო დასჯილი, თანაც, რა მეთოდებსაც იყენებდნენ მათ წინააღმდეგ, ეს ყველამ ვიცით და მაგ ციხის ხსენება ნებისმიერ ისლამისტში უარყოფით ემოციას იწვევს“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
შეგახსენებთ, „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის კიდევ 143 პატიმარი რჩება. 2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო, ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა. ამჯერად კი ციხე დახურვის პირასაა და პატიმრებსაც სხვა ქვეყნებში ამიტომ ანაწილებენ.