გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!

თანამედროვე ომების ისტორიაში სულ უფრო იშვიათია შემთხვევითობის ფაქტორი. საომარი ხელოვნება, რომელსაც სტრატეგიის მეცნიერება სწავლობს, უფრო და უფრო შესწავლადი ხდება და დადებითი ძალთა ბალანსის შემთხვევაში, ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება თითქმის წინასწარ უზრუველყოფილია (ეს არ ეხება ატიპიურ ომებს, რომლებიც სუსტ მხარეს გარკვეულ უპირატესობას აძლევს და რომლის წარმოება სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობაზეა დამოკიდებული).

XX საუკუნის სამხედრო ისტორიაში მაინც მოიპოვება ერთი ომი, როცა გაცილებით პატარა და ეკონომიკურად „ჩამორჩენილმა“ სახელმწიფომ დაამარცხა მასზე რამდენჯერმე დიდი და „განვითარებული“ იმპერია, თანაც პირდაპირ ბრძოლის ველზე. ეს 1940-41 წლების მიჯნაზე მოხდა. მსოფლიო სენსაცია იყო პატარა „განუვითარებელი“ საბერძნეთის მიერ იტალიის დამარცხება. შემდეგ კი ინგლისელების ინტრიგების შედეგად (მათ სავარაუდოდ მოწამლეს საბერძნეთის პრემიერი მეტაქსასი და სათავეში საკუთარი მარიონეტები მოიყავნეს), საბერძნეთი II მსოფლიო ომში ჩაერთო. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა.

რამ განაპირობა ბერძენთა წარმატება?  ყოველთვის ასეთი წარმატებული იყო XX საუკუნის ბერძნული მხედრობა? რა თქმა უნდა - არა. ისინი ჯერ კიდევ 1897 წელს სასტიკად დამარცხდნენ ოსმალეთთან ბრძოლაში. 1912-1913 წლებში და პირველ მსოფლიო ომში მათ მართალია წარმატება მოიპოვეს, მაგრამ ჰელინნი ამ შემთხვევაში კოალიციის შემადგენლობაში გამოდიოდნენ და დიდწილად მოკავშირეებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ხოლო 1919-22 წლების საბერძნეთ–თურქეთის ომის დროს სრული კატასტროფა განიცადეს. მაგრამ რეაქციაც შესაბამისი (ადექვატური, ძაან დონეებისთვის) იყო - მეფე გადადგა ტახტიდან. 5 უმაღლესი ხელისუფალი და ანატოლიის ჯარების სარდალი კი დახვრიტეს. სიკვდილს ძლივს გადაურჩა მეფის ძმა, ბრიტანეთის დედოფლის ელიზასაბედ II-ს მამამთილი ენდრიუ. ახლა ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა „მოტივაცია“ ექნებოდათ ბერძენ სამხედრო თუ სახელმწიფო ხელმძღვანელებს იტალიის წინააღმდეგ ბრძოლისას, როცა ასეთი მაგალითი ედოთ წინ.

აი ჩვენ, რა გავაკეთეთ და რას ვაკეთებთ წაგებული ომების შემდეგ? გინახავთ ვინმე არათუ გასამართლებული, თანამდებობიდან გადაყენებული მაინც? დახვრეტას არც მე ვითხოვ, მაგრამ სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა შეაფასოს განცდილი კატასტროფების მიზეზები და პირობითად მაინც უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, ვისი გამოისობითაც შემცირდა ჩვენი სასიცოცხლო სივრცე.

ამის მაგივრად, ომებში სასტიკად დამარცხებული სახელმწიფო თავის ერთადერთ, დაუმარცხებელ მხედართმთავარს ასამართლებს და 12 წლით თავისუფლებას უღკვეთავს რაღაც საეჭვო (ჩემი ღრმა რწმენით, აბსოლუტურად შეთითხნილი) ბრალდების გამო. ეს კი ძალიან სიღრმისეული, იდეოლოგიური კრიზისის მანიშნებელია.

პირველად ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს საქმე იმითაცაა უნიკალური, რომ ამ საზიზღრობაში ერთდროულად ორი მთავრობა მონაწილეობდა და ეს სააშკარაოზე ნათლად გამოჩნდა (განსხვავებით ესებუას ხალხის საქმისგან, როცა სააკაშვილმა შერიგების აქტის მიუხედავად არ გამოუშვა ისინი ციხიდან). ამიტომ, აქ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი სახელმწიფო სისტემის უნიათობა გამოსჭვივის. რა „მოტივაციას“ უჩენს ჩვენი რესპუბლიკა თავის ოფიცრებს? ის, ვინც პატიოსნად იბრძოლებს და დაღუპვას გადაურჩება, იქნება დასჯილი (კვიციანი), თუ დაიღუპება – დავიწყებული (კოპალიანი და მისი მებრძოლები), ხოლო ვინც თავის მოძმეების სისხლში განიბანება დაწინაურებული (ლეგიონია მათი სახელი), ბრძოლის ველიდან გაქცეული დაჯილდოვებული, ტყვედ ჩაბარებულებს, თუკი ისინი შემთხვევით დახვრიტეს, მუდმივი დიდება და შარავანდედი. ასე სახელმწიფო დიდხანს ვერ გაძლებს! და არცაა არსებობის ღირსი!

მონღოლთა ბატონობის ხანაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დასუსტების ნათელ მაგალითად სარგის ჯაყელის მიმართ გამოჩენილი უმადურობაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ აქ საქმე გაცილებით რთულ მოვლენასთან გვაქვს. იქ მაინც სარგისიც დამარცხდა და გაჰყვა მეფეს დასავლეთში. აქ სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივი სიქველის სრული გადატრიალება. ბატონ ემზარს  აფრიკელი ბელადივით, ან აზიელი კომუნისტივით, იქ ხალხის ჭამაც რომ დაეწყო, სანამ ქართულ დროშას აფრიალებდა და სახელმწიფო აფხაზეთში, თუნდაც უმნიშვნელო, წარმატებას არ მიაღწევდა, მანამ მისი გასამართლება ყოვლად დაუშვებელი იყო, რამეთუ, „როცა იარაღი ჟღარუნობს, კანონები დუმან“ (ციცერონი).

ორიოდე სიტყვა ჩვენს კანონებზეც.  დავიწყოთ თავიდან. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო შეზღუდული სუვერენიტეტის სახელმწიფოა (მუხლი 7) და მიუხედავად დემოკრატიულობის აღიარებისა, სახალხო მმართველობაზე 74-ე მუხლის, მე-2 პუნქტის არსებობის შემთხვევაში, ლაპარაკი ზედმეტია. რეალურად სახეზე გვაქვს პარტიული ნომენკლატურის დიქტატურა (ადრე მხოლოდ კომუნისტური იყო, ახლა ლეგიონია მათი რიცხვი). სხვა ქვემდებარე საკანონმდებლო აქტები ისეა მიღბული, რომ შეუძლებელია მათი არდარღვევა. მე ვაღიარებ, რომ სისტემატურად ვარღვევ ჩვენს კანონმდებლობას. კერძოდ, ვზრდი შვილებს და მათთან ყოველი აღმზრდელობითი ურთიერთობისას ვძალადობ მათზე ფსიქოლოგიურად მაინც, ანუ ვაიძულებ იმის კეთებას, რაც მათ არ სურთ, ხანდახან ფიზიკური ძალითაც კი. მოდით და გამასამართლეთ. ხოლო ასეთი კანონებით, ხევისთავ კვიციანისთვის კი იმდენი დანაშაულის პოვნა შეიძლება, მონდომების შემთხვევაში, რამდენი ღერი თმაც არ ექნება თავზე (ჩემი სიკეთის არ იყოს, ბევრი მასაც არ აქვს).

მარცხი მომხდარია. ახლა, დღესვე რომ გამოუშვან ბატონი ემზარი, ყოველივე ზემოთ თქმული ისევ ძალაში რჩება. სახელმწიფომ თავის თავს განაჩენი უკვე გამოუტანა! ისმის კითხვა: ჩვენ ქართველმა ერმა როგორ უნდა ვიმოქმედოთ აღნიშნულ ვითარებაში? ერთი ნათელია: ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამრთავდეს ნომენკლატურის დიქტატურა! უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და ჩვენი ბრძენი მწყემსმთავრის ხელმძღვანელობით უნდა აღვადგინოთ იმპერიის ძალმომრეობით გაუქმებული სამეფო საყდარი. ანუ, საჭიროა შეიქმნას ახალი, უკვე არა ეროვნულ–განმანთავისუფლებელი, არამედ ეროვნულ–სახელმწიფოებრივი მოძრაობა და შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ჭკუას არავის დაეკითხება და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს.

PS. VAE VICTUS! მზეგრძელი იყოს მეფე გიორგი!