საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალებს დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. დღეს, პირადმა შემადგენლობამ იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღნიშნა.
სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. ღონისძიებაზე, ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული გვარდიის სარდალი ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირებიც.
პირად შემადგენლობას პროფესიული დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით მიმართა: „სპეციალური დანიშნულების ძალებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს. თავდაცვის სამინისტროს ფუნქციაა ხელი შეუწყოს ამ ადამიანების შემდგომ განვითარებას. მათ ნორმალური პირობები უნდა ქონდეთ როგორც წვრთნისთვის ისე საბრძოლო ამოცანის შესრულებისთვის“.
საიუბილეო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების ძალების 6 სამხედრო მოსამსახურე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისა და პროფესიონალიზმისთვის, ცეცხლსასროლი იარაღით დააჯილდოვა.
დღესვე, სპეციალური ოპერაციების ძალების 3 ჯარისკაცმა საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ მიიღო. მათ ჯილდო გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ 6 სამხედრომ მიიღო. საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას წახალისების მიზნით მადლობა გამოეცხადა.
სპეციალურად ამ დღისთვის, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საბრძოლო სროლებით საჩვენებელი სწავლება გამართეს. ტაქტიკურ სწავლებაში „მოწინააღმდეგეზე პირდაპირი იერიში“ კობრას ტიპის საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა ამოცანის შესრულების დროს გადაადგილებისა და ბრძოლის წარმოების სხვადასხვა ტაქტიკური მეთოდი გამოიყენეს - ცეცხლით დაფარვა, დესანტირება „კობრებიდან“ და კლდეზე თოკებით დაშვება. სწავლებისას გამოყენებული იყო სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება.
დღესვე, ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალებში არსებული შეიარაღებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურ რეჟიმს გაეცნენ.