„ჩვენ მაინც გვაქვს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა“

„ჩვენ მაინც გვაქვს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა“

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის მასალების ნაწილს გრიფი უახლოეს დღეებში მოეხსნება. თუმცა, ცნობილია, რომ საქმეს გრიფი მთლიანად არ მოეხსნება. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მასში არის რიგი დოკუმენტები, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. გრიფირებული საქმეს უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე პარლამენტის შენობაში გაეცნო.

როგორც თარგამაძე ამბობს, „სილქნეტსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში საიდუმლო აღარაფერია, რადგან პროკურატურის მიერ მთელი ხელშეკრულებაა გასაჯაროვებული. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შესაძლოა, მხოლოდ კომუნიკაციის ადგილები არ იყოს გასაჯაროვებული და ხელშეკრულება დანართების გარეშე გახდეს საჯარო.

სს საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს სრული მოცულობით საქმის გადაცემას დაცვის მხარისათვის. ამავე მუხლის მიხედვით, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი საქმის მასალებზე. სს პროცესით ასევე განსაზღვრულია ის შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარეს ევალება და ეკისრება საქმის მასალების გაუხმაურებლობა. შესაბამისად, დაცვის მხარე ითხოვს კანონის აღსრულებას. მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ადვოკატების განცხადება, რომ დამცველებისთვის საიდუმლო მასალის გაცნობაზე პროკურატურის შეთავაზება კანონშეუსაბამოა, ხოლო კოდექსით მასალების გაცვლა, ანუ გადაცემაა გათვალისწინებული. 

ირაკლი შოთაძის განცხადებების საპასუხოდ, ადვოკატ სოსო ბარათაშვილს მისი პოზიციის გასამყარებლად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვით, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მისაღებია მხოლოდ იმ პირობით, რომ დამცველს უნდა ჰქონდეს ასლების გადაღების შესაძლებლობა, რომლის გაცნობასაც შეძლებს ბრალდებული.

რატომ არ მიმართავენ შსს-ს კონტრდაზვერვას და რა მტკიცებულების მოპოვება შეძლო დაცვის მხარემ, ამ საკითხებზე for.ge. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, დაკავებული მაღანჩინოსნების საქმე პროკურატურამ გადაუგზავნა კონტრდაზვერვას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთთვიანი ვადა აქვს. პროკურატურა ამბობდა, რომ გრიფის მოხსნა მათი კომპეტენცია არ იყო, თუმცა იმავე პროკურატურამ დაანონსა საქმეზე ნაწილობრივ გრიფის მოხსნა. საქმეზე ნაწილობრივ გრიფის მოხსნა საკმარისია დაცვისთვის?

- კანონის შესაბამისად, ნდობის ჯგუფმა მიმართა პრემიერ-მინისტრს თხოვნით, რომ საქმის ნაწილს მოეხსნას გრიფი. ჩემთვის უცნობია რომელ ნაწილზეა საუბარი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და თავის მხრივ პროკურატურამაც გადააგზავნა საქმის მასალები. ჩემთვის მხოლოდ ეს არის ცნობილი. „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას რაც შეეხება, ვნახოთ რა ნაწილში მოეხსნება გრიფი და რა ნაწილში დარჩება გასაიდუმლოებული ეს მასალები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება შევაფასოთ ყოველივე.

მთავარი პროკურორის მოადგილე ამბობს: „იმაზე მითითება, რომ სს- საპროცესო კოდექსში არ წერია საქართველოს პროკურატურას შეუძლია აიღოს და სამხედრო უსაფრთხოების შესახებ დაცული ინფორმაცია გაასაჯაროოს, ეს უმეცრებაა. ირაკლი შოთაძის ეს განცხადება არის შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რასაც დაცვის მხარე აყენებს?

- არა. ეს არის შეუსაბამო განცხადება, ვინაიდან აქ არავითარ განსაჯაროვებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ პროკურატურამ უნდა გააფრთხილოს ადვოკატი საქმის მასალების არგახმაუარების თაობაზე, შემდეგ უკვე, პასუხისმგებლობა გადადის დაცვის მხარეზე. თუ ასე არაა, მაშინ რატომ ადგენს სს კოდექსის 104-ე მუხლი, რომ ეს პროცედურა უნდა იქნეს დაცული? მთავარი პროკურორის მოადგილეს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ პროკურატურა ადვოკატებს აძლევს ამონაწერების გაკეთების უფლებას, მაშინ რატომ არ აძლევს უფლებას, რომ მიიღონ ასლები? ამაზე პროკურორის მოადგილემ უპასუხა, რომ თურმე, ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და შემიძლია ჩემი ამ პოზიციის დასადასტურებლად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან მოვიყვანო არაერთი პრეცედენტი. ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი შტეფან სპერსელი თავის წიგნში „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესი“ პირდაპირ წერს - „სასამართლოს პრეცედენტული სამარათალი მისაღებია მხოლოდ იმ პირობით, რომ დამცველს უნდა ჰქონდეს ასლების გადაღების შესაძლებლობა, რომლის გაცნობასაც შეძლებს ბრალდებული.

სასურველია საქმის მასალებზე ხელი მიუწვდებოდეს როგორც დამცველს, ისე ბრალდებულს, ეს აუცილებელია დამცველისთავის, რათა შეძლოს მასალის რელევანტურობის განსაზღვრა, მეორე მხრივ, მხოლოდ ბრალდებულმა იცის, რა მოხდა იმ დროს, როდესაც მას დანაშაულის ჩადენას ედავებიან. შესაბამისად, მხოლოდ ის შეძლებს განსაზღვროს, რამდენად სანდოა მისთვის მოწმის ჩვენება. როგორც წესი, საკმარისი უნდა იყოს ასლების გაცნობა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძება ორიგინალის ნახვაც გახდეს საჭირო“, – ეს არის ციტატა.

რაც შეეხება პრაქტიკას, შოთაძემ მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მოისეევი რუსეთის წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ თურმე, ამ გადაწყვეტილებით გამიჯნულია ასლების მიღება ამონაწერების გაკეთებისგან. ამ საქმიდან შემიძლია მოვიყვანო შედეგი ციტატა - „საქმის მასალებზე შეუზღუდავი ხელმოსაწვდომობა, ყველა მასალის შეუზღუდავი გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების ასლების მიღების შესაძლებლობის ჩათვლით, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს განხილვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას“. ევროპული სასამართლოს მიერ ამგვარი ხელმისაწვდომობის არაუზრუნველყოფა შეფასებული იქნა, როგორც მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა.

თუ დაცვას ეძლევა ამონაწერის გაკეთების უფლება და ეს ამონაწერი შეუძლია წამოიღოს ოფისში, მაშინ ასლების გადაღებასთან დაკავშირებით რატომ არის ასეთი გართულება?

- გართულება არის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასლები წარმოადგენს რელევანტურ დოკუმენტს. ვინაიდან, ამ დოკუმენტების საფუძველზე უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა, ამ დოკუმენტების საშუალებით უნდა მოხდეს მტკიცებულების შეჯერება და ა.შ. სსს კოდექსის 83- მუხლის მე-8 ნაწილი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ უპირობოდ უნდა გადმოსცეს დაცვის მხარეს მტკიცებულებები, ჯერ კიდევ ბრალდებულის პირველ სასამართლოზე წარდგენისთანავე. 83-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დადგენილია, რომ დაცვის მხარისთვის წინაწარი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე უნდა მოხდეს საქმის მასალების სრულად გადაცემა, ხოლო უარის შემთხვევაში, მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.

რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, თუ არის განსაზღვრული ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის ურთიერთობა? ირაკლი შოთაძის განაცხადბით არსებობს სხვა კანონებიც, იგივე ადვოკატის შესახებ კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში აწესებს ადვოკატის ფუნქციას...

- სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი განსაზღვრას ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის ურთიერთობას. რაც შეეხება შოთაძის განცხადებას, ეს არაა სწორი განცხადება. ამ შემთხვევაში, ბრალდებისა და დაცვის ურთიერთობას სისხლის სამართლის წარმოების პროცესში, ადგენს მხოლოდ საპროცესო კოდექსი და ეს არის ფაქტი.

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ადვოკატებს, შესაძლებლობა აქვთ, საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების უფლების მისაღებად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საადვოკატო ბიუროს სახელით მიმართონ. ხოლო, არგუმენტი, რომ კონტრდაზვერვისთვის მიმართვა ფიზიკურ პირს არ შეუძლია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ბატონო სოსო, რატომ არ მიმართეთ კონტრდაზვერვას?

- პირველ რიგში, ამას უნდა ადგენდეს სისხლის სს კოდექსი. ფიზიკურ პირს არ შეუძლია მიმართოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ისინი ამბობენ, რომ აი, თქვენ ხომ გაქვთ საადვოკატო ბიურო და იმან მიმართოსო, ეს კატეგორიულად გამორიცხულია. საქართველოში მოქმედი 5 ათასი ადვოკატიდან 4 ათასი არის ფიზიკური პირი და ეს ნიშნავს, რომ 4 ათასი ადვოკატი ვერ მიმართავს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. გარდა ამისა, გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო პირობები ამგვარი დოკუმენტების შესანახად. თუ ამონაწერის შესანახად გვაქვს სათანადო პირობები და ეს ამონაწერი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ ასლის შესანახად რატომ არ გვაქვს ეს სათანადო პირობები? ან ვინ შეამოწმა გვაქვს თუ არა შესაბამისი პირობები? იქნებადა გვაქვს ეს სეიფი და გისოსები.

ეს თემა დეტალაურად შევისწავლე. ჩემი გამოცდილებით და მიღებული პრაქტიკიდან მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ გავყვებით პროკურატაურის გზას, ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ძალიან ცუდ პრეცედენტს, რომლის მიხედვით მომავალშიც შეიძლება დარღვეული იქნას მხარეთა შეჯიბრითობის პრინციპი. ვინმემ ხომ უნდა იკითხოს, თუ პროკურატურა ამონაწერებს გვაძლევს, რატომ არ გვაძლევენ ასლებს? ეს არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნებს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც კანონით გვეკუთვნის.

ახლოვდება სასამართლო პროცესი, თუმცა, დაცვამ არ იცით გრიფირებული საქმის რა ნაწილი გახდება საჯარო, ამ პირობებში, რა შეიძლება დაუპირისპიროთ პროკურატურას?

- ჩვენ მაინც გვაქვს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. რასაკვირველია, ეს არ იქნება სრულყოფილი დაცვის განხორციელება მხარეთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, მაგრამ ჩვენს ხელთარსებული საშუალებებით შევეცდებით, რომ შევკრათ გარკვეული მტკიცებულებები.