4 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ კოდორი ჩასაბარებლად ირაკლი ალასანიამ გაამზადა და გაეროში ელჩად გაუშვეს, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, რეალობა სხვა იყო.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე იხსენებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომას, რომელსაც პირადად ესწრებოდა და, რომელზეც ირაკლი ალასანია ძალზე არგუმენტირებულად იცავდა ემზარ კვიციანის სახალხო ლაშქარს და „მონადირის“ შენარჩუნებას მოითხოვდა.
თუ რა ხდებოდა ნაციონალებისდროინდელ დახურულ სხდომებზე და როგორი იყო ირაკლი ალასანიას როლი კოდორის ხეობასთან მიმართებით, ამის შესახებ For.ge მაშინდელი მოვლენების ეპიცენტრში მყოფ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს ირაკლი ტაბლიაშვილს ესაუბრა.
რას ნიშნავს ემზარ კვიციანის ცრემლნარევი ფრაზა, რომ „გაეროში იყო კაცი, ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბრებლად მოამზადა. ამის შემდეგ 400 მილიონი ორ წელიწადში ჩამოაწერეს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც“. თქვენ უშუალოდ იცით ამ საქმის დეტალები. რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ცდილობენ, ემზარ კვიციანთან დაკავშირებული ვექტორი ირაკლი ალასანიასკენ გადაისროლონ?
- ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, 2004 წლის ნოემბერს ბატონი ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა. იგი უფლებამოსილი იყო, აფხაზებთან მოლაპარაკებაც ეწარმოებინა, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებს არ ცნობენ დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერები. ამის მიუხედავად, ბატონი ალასანია, რომელიც იყო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისამდე, ვიდრე ის დატოვებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას, ჩართული იყო აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესში. თუ რა კავშირშია ეს კოდორთან, ახლავე მოგახსენებთ. იმ პერიოდში, დაახლოებით 2005 წლიდან, ძალზე გააქტიურდა ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბატალიონი „მონადირე“ უნდა გაუქმებულიყო. ირაკლი ალასანიას, რომელსაც ჰქონდა დისკრეცია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ემუშავა (მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზეც კოდორის ხეობაში), „მონადირის“ შენარჩუნების მომხრე იყო. ამასთან დაკავშირებით, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ძალიან დაძაბული საუბარი შედგა ყოფილ თავდაცვის მინისტრ - ოქრუაშვილსა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე- ალასანიას შორის. ირაკლი ალასანია, რომელიც რამდენჯერმე სტუმრობდა კოდორის ხეობას, განსხვავებით, ბატონი ოქრუაშვილისგან, „მონადირის“ შენარჩუნების მომხრე იყო. ალასანიას რამდენჯერმე ურთიერთობაც ჰქონდა კოდორის ხეობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატალიონ „მონადირესთან“, რადგან კოდორის ხეობაშიც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „მონადირის“ სამართლებრივი ფორმის გარკვევის თაობაზე. ასეთივე მოლაპარაკებები იმართებოდა თბილისშიც. მაგიდაზე რამდენიმე განსახილველი ვარიანტი იყო. საბოლოოდ, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ „მონადირე“ გახდებოდა ოფიციალური შეიარაღებული ფორმირება, ხოლო კოდორის ხეობა შესაბამისად იქნებოდა დაცული, რადგან ბატალიონ „მონადირის“ წევრებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ხეობა, ყველა ბილიკი იცოდნენ, თანაც, იქაურები იყვნენ და მათზე უკეთესად ვერავინ დაიცავდა კოდორის ხეობას.
ამდენად, აქ კოდორის ხეობის სტატუსზე იყო საუბარი?
- დიახ, იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ სტატუსზე იყო საუბარი და ირაკლი ალასანია ლობირებდა, რომ სწორედ ადგილობრივი კოდორელების მხრიდან დაკომპლექტებულ „მონადირეს“ დაეცვა უსაფრთხოება კოდორის ხეობაში. ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო ირაკლი ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილს საერთოდ „მონადირის“ გაუქმება უნდოდა.
- ამ საკითხთან დაკავშირებით აქ დავსვათ წერტილი, თუმცა დიახ, ოქრუაშვილს უნდოდა „მონადირის“ გაუქმება, რაც კოდორის ხეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, კატასტროფის ტოლფასი იყო, რაც მოხდა კიდეც.
აქამდე ემზარ კვიციანის ახლობლებს ბრალი ალასანიასთვის არ დაუდიათ, მათი კრიტიკა მუდამ ოქრუაშვილისკენ იყო მიმართული. ამჯერად ამ თემის გააქტიურება ალასანიას მიმართ დევნის დაწყებას დაემთხვა. ეს გამიზნულად ხდება?
- არ მინდა, როგორც პატიმრის, ემზარ კვიციანის მიმართ, მკაცრად გამომივიდეს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, რატომ ამბობს ბატონი კვიციანი ამას და საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია, ვის მიერ თავსმოხვეული ინფორმაციას აჟღერებს, ვერაფერს გეტყვით. მე გეტყვით იმას, რისი მომსწრეც უშუალოდ ვარ როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი. ალასანია ცდილობდა „მონადირის“ შენარჩუნებას, განსხვავებით, ოქრუაშვილისგან. საბოლოოდ, 2006 წლის ივლისში თუ აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ალასანიამ დატოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და წავიდა გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, ასეც მოხდა და ბატალიონი „მონადირე“ სპეცოპერაციის შედეგად დაიშალა. კოდორის ხეობის უსაფრთხოება აბსოლუტურად მოშიშვლდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, კვიციანს რატომ აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არა მხოლოდ კვიციანი, არამედ დამოუკიდებელი, თითქოს მიუკერძოებელი ექსპერტების, მიმომხილველების მხრიდანაც ვრცელდება სრულიად მიკერძოებული ინფორმაციები.
თქვენც ესწრებოდით დახურულ სხდომას, რომელზედაც ფიქრია ჩიხრაძე ლაპარაკობს?
- ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე რასაც ამბობს, იმ დახურულ სხდომაზე მეც გახლდით. იმ სხდომაზე იყო დიდი შეტევა ირაკლი ალასანიას მიმართ, მათ შორის, იმ პირების მხიდან, რომლებიც დღესაც საქართველოს პარლამენტში არიან და წარმოადგენენ უმცირესობას. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე. თუ გულწრფელები ვიქნებით, ისინი ოქრუაშვილთან ერთად ითხოვდნენ „მონადირის“ გაუქმებას.
ვერ დაგვისახელებთ ამ ადამიანებს?
- ვერ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, რომლებიც მაშინდელი და ახლანდელი ნაცმოძრაობის ლიდერშიპში არიან.
ეჭვის დონეზე რომ ვთქვათ, შესაძლოა, ზუსტად იმ ნაციონალებმა მიაწოდეს ემზარ კვიციანის ახლობლებს არასწორი ინფორმაცია?
- ასე ვერ ვიტყვი, ნაციონალებმა მიაწოდეს თუ არა, მით უმეტეს, თუ გულწრფელები ვიქნებით, სწორედ ნაციონალების დროს დაიწყო კვიციანის სამართლებრივი დევნა. ახლა, როცა კვიციანს 12 წელი მიუსაჯეს, ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაშიც კი ჩხალთის ტერიტორიიდან (ჩხალთა ცოტა ქვემოთ არის) შეეძლო შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა რუსებისთვის, ეს იყო სწორედ ბატალიონი „მონადირე“. ასე რომ, კვიციანის ახლობელთა მხრიდან დროთა აღრევასთან გვაქვს საქმე, რადგან კოდორი დაიკარგა მნიშვნელოვნად გვიან, 2008 წელს და არა - 2006 წელს. იმ პერიოდშიც კი, როცა „მონადირე“ აღარ არსებობდა, კოდორის უსაფრთხოება შენარჩუნებული იყო ორი წლის განმავლობაში, ვიდრე საქართველო-რუსეთის ომამდე. 2008 წლის აგვისტოში შემოვიდნენ რა ცხინვალის მიმართულებით და გააქტიურდნენ რა აფხაზეთის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ძალით აიღეს კოდორი. თუ გნებავთ, ვიტყვი იმასაც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება ყოფილი ხელისუფლების დაძრახვა, გაკრიტიკება, რომ მან ვითომ ჩააბარა კოდორი. ის ჯარისკაცები რომ არ გამოსულიყვნენ კოდორიდან, იქ იქნებოდა სისხლის კალოები დაყენებული, რადგან რეალურად, რუსის ჯარმა აფხაზეთის ტერიტორიიდან კი არ დაარტყა კოდორს, არამედ - სამეგრელოს ტერიტორიიდან და იქ იყვნენ შედარებით გამოუცდელი, პირტიტველა ბიჭები, რომლებიც ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მით უმეტეს, იქნებოდნენ სრულიად ალყაში მოქცეულნი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან. ამიტომ ვინც უნდა გამაკრიტიკოს, მაგრამ ვიტყვი, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, განსხვავებით - 2006 წლისგან. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით, შეიარაღებული ფორმირებები, პირტიტველა ბიჭები, გამოუცდელი ადამიანები და ამით უსაფრთხოება კი დათმო, მაგრამ სისხლის გუბეებისგან გადაარჩინა ტერიტორია.
თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სტატუსის - „ზემო აფხაზეთი“ მინიჭება არასწორი იყო და ამანაც გაუმძაფრა მოძალადეს ზემო აფხაზეთის დაპყრობის სურვილი.
- კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ, მიხეილ სააკაშვილს, ჩემი მოსაზრებით, ჰქონდა არასწორი სტრატეგია აღებული, რომ შეექმნა მის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლებები. ვგულისხმობ სანაკოევს, ერთგვარად, იგივე მოდელი იყო გამოყენებული ზემო აფხაზეთთან მიმართებითაც. სააკაშვილი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ სანაკოევის საშუალებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ხოლო ზემო აფხაზეთის საშუალებით აფხაზეთს აკონტროლებდა. ეს არაფორმალური სტატუსია, ამით სააკაშვილი ცდილობდა იმ ნარატივის კონცეფციის განვითარებას, რომ ის აკონტროლებდა გარკვეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს. მერე, უკვე, ეს ოკუპაცია ფორმალურად გაფორმდა, თორემ ოკუპირებული ყოველთვის იყო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს იყო საკითხისადმი არასწორი მიდგომა. სხვათა შორის, ზემო აფხაზეთის სტატუსის მინიჭებამ გაუგებრობა გამოიწვია საკუთრივ კოდორის ხეობის მოსახლეობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ვაკრიტიკებ ყოფილ ხელისუფლებას, სახელს არ აქვს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მთავარია, რომ დროთა აღრევასთან აქვს საქმე, სავარაუდოდ, ბატონ კვიციანსაც, ექსპერტებსაც, რომლებიც ამასთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ და პირებს, რომლებიც თითქოსდა, ექომაგებიან კვიციანს. კარგია, რომ ექომაგებიან პატიმარ კაცს, რომელიც წლების განმავლობაში მართლაც იცავდა კოდორის ხეობას, მაგრამ არასწორად არის წარმოდგენილი დრო. 2006 წელს ალასანია უკვე გაეროშია, ხოლო 2008 წელს იწყება და სრულდება კოდორის ოკუპაცია რუსების მიერ.
და არანაირი ბმა გაეროში მის დანიშვნასთან დაკავშირებით არ არის?
- არანაირი ბმა არ არის. მეტსაც გეტყვით, ეს ალასანიას არ ეხება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, მათი პოლიტიკური ელიტა ცდილობდა, ორი სცენარით ემუშავა 2008 წლის ივლის-აგვისტოში. პირველი სცენარი იყო ის, რაც განხორციელდა კიდეც, როკის გვირაბიდან სამაჩაბლოს მიმართულებით რუსების გააქტიურება და ოკუპაცია, ხოლო მეორე მიმართულება იყო აფხაზეთის ტერიტორიიდან ოკუპაცია. არავის ახსოვს, მაგრამ ბატონი ვალტერ შტაინმაიერი (დღესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), ასევე, მეთიუ ბრაიზა და სხვები ჩამოდიოდნენ იმიტომ, რომ სწორედ აფხაზეთის მიმართულებით არ მომხდარიყო ე.წ. პროვოკაცია რუსების მხრიდან. მეტსაც გეტყვით, ეს უკვე აღარ არის საიდუმლო, 2008 წლის ივნისში, ანუ ომამდე ორი თვით ადრე, სოხუმში შედგა ალასანიას, როგორც გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის და ბაღაფშის შეხვედრა. მათ ბევრ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის, ცეცხლის განუახლებლობის საკითხზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაღაფშს სერიოზული ზეწოლა ჰქონდა რუსების მხრიდან, რომ მას დაეწყო შეტევა კოდორის მიმართულებით, რათა ამით მომხდარიყო ქართული მხარის ერთგვარი პროვოცირება. თუმცა ბაღაფშმა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, იმ პერიოდისთვის უაღრესად პოზიტიური როლი ითამაშა. მან არ დაიწყო სამხედრო ოპერაცია რუსებთან ერთად კოდორის მიმართულებით ქვემოდან, ანუ აფხაზეთის ტერიტორიიდან. ამის არგუმენტად ბაღაფშს მოჰყავდა, რომ იყო ზაფხული და აფხაზეთში საკურორტო სეზონზე შემოსავლები შემცირდებოდა, თუკი საომარი მოქმედებები დაიწყებოდა სოხუმიდან ან გაგრიდან, ანუ სანაპირო ზოლიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში.
სინამდვილეში, ქართველებთან მისი ნათესაური კავშირი იყო ამის განმაპირობებელი? მას ხომ მეუღლე ქართველი ჰყავდა?
- მეუღლე ჰყავდა ქართველი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, არამედ ბაღაფშს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ რეალურად ეს იყო რუსეთის მიერ დაგებული მახე საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ პროვოკაციაში ჩართავდნენ აფხაზებსაც და აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოება შელახული იქნებოდა რუსების მხრიდან. ამიტომ რუსეთის გენერალიტეტმა აამოქმედა მეორე სცენარი- ცხინვალის მიმართულებით გააქტიურება.
ბაღაფშ-ალასანიას შეხვედრის თემას ვერ გაშლით?
- მე რაც ვიცი, ის ვთქვი, დანარჩენი, ბატონ ალასანიას უნდა ჰკითხოთ. როგორც ვიცი, ბატონი ალასანია მეორე დღესვე ჩამოვიდა მაშინ, როცა ბატონი მეთიუ ბრაიზა წამოვიდა აფხაზეთიდან, რომელმაც ჩაიტანა ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების პროექტი.
ემზარ კვიციანის თემას რომ დავუბრუნდეთ, მას თავდებში 32 დეპუტატი ჩაუდგა, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებიც“, ვიქტორ დოლიძე და სხვები. ვიქტორ დოლიძე ახლაც აცხადებს, რომ ემზარს არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ 12 წლით საპყრობილეში გამოამწყვდიონ. აქედან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატებიც“ თანაუგრძნობენ კვიციანს. ამდენად, ამ თემის გააქტიურება შეთქმულების თეორიის ნაწილად უნდა განვიხილოთ?
- ბატონ კვიციანს ან მის ნებისმიერ ქომაგს ვერ დავადანაშაულებ ვერც ამ ხელისუფლებასთან კავშირში, რომლის დროსაც მოხდა კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა, ვერც ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირში. მაგრამ თუ წავალთ შეთქმულების თეორიით და ალასანიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილად მოვიაზრებთ ამას, ბუნებრივია, ამაზეც შეიძლება მინიშნებით საუბარი. ყოველ შემთხვევაში, უცნაურად ემთხვევა ძალიან ბევრი რამ სწორედ ალასანიას თავს, ემთხვევა კონტროლის პალატის გააქტიურება, კაბელების საქმე, დიარეის საქმე, კიდევ ორი თუ სამი საქმე, რომლის ამოჩხრეკასაც თურმე ლამობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა პროკურატურის სახით და მეორე, უცებ დაემთხვა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გახსნილი ფრონტი. შორს ვარ შეთქმულების თეორიისგან, მაგრამ ეჭვიანი ან კრიტიკოსი ადამიანებისთვის შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული განმაპირობებელი.
რაც შეეხება ემზარ კვიციანს, 1993-დან 2006 წლამდე, 13 წლის განმავლობაში კვიციანი და მისი შეიარაღებული ფორმირება „მონადირე“, განსაკუთრებული შეიარაღების გარეშე, მართლაც თოფებით იცავდნენ კოდორის ხეობას. ქართულ საზოგადოებაში დღეს ვრცელდება ამგვარი მოსაზრება, რომ, წესით, გმირებს მადლობას უნდა უხდიდნენ და საპატიმროში არ უნდა უშვებდნენ, რაც მორალური თვალსაზრისით, სწორია, რადგან კვიციანი იცავდა ამ ხეობას.
კვიციანის ახლობლები ჩვენთან საუბარში კიდევ ერთ თემას შეეხნენ ალასანიას კონტექსტში. ემზარ კვიციანისთვის ბრალის გამოტანის პირველ დღეს ისინი ამტკიცებდნენ, რომ 12-წლიანი სასჯელის გამომტანი მოსამართლე ბიჭია თურმე იმ ადამიანის ახლობელი ყოფილა, რომელიც ზუგდიდის გამგეობაშია მოკალათებული და, რომელიც თურმე ალასანიას გუნდის წევრად მოიაზრება. მოკლედ, ჩახლართული ამბავია.
- მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ახლობელი, ნათესავი მყავს, პირდაპირ დაწერეთ, ამ ნათესავების უმრავლესობას არ ვუჯერებ.
დღეს საუბრობენ იმაზეც, რომ ალასანიას წინააღმდეგ შეთქმულების შემდეგ უკვე მარგველაშვილს ამოიღებენ მიზანში. ყველაფერი ცხადი რომ იყოს და ემზარ კვიციანს არ მიეწოდოს დამახინჯებული ინფორმაცია ძველი თუ ახალი ხელისუფლების დაინტერესებული პირების მხრიდან, ხომ არ ჯობდა, ალასანია თავად ალაპარაკდეს, თუ რა მოხდა „მონადირესთან“ დაკავშირებით, თუნდაც იმ დახურულ სხდომაზე?
- ვერ გეტყვით, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც მოცემულ ეტაპზე სრულიად უსაფუძვლოდ აბრალებენ რამეს. შეიძლება, ეს იყოს სწორი გამოსავალი, რომ იგი თუნდაც ინდივიდუალურად დაელაპარაკოს კვიციანების ოჯახს. შეიძლება, ეს არც იყოს საკმარისი, რადგან ჩვენ, საბოლოო ჯამში, არ ვიცით, რა არის კვიციანების ოჯახის მოტივაცია და რატომ გამოირჩევიან ისინი ამგვარი რიტორიკით. მინიმუმ, დრო რატომ აქვთ აღრეული? თუ რაიმე სახის გამოძიება ჩატარდება, ჩემი მოსაზრებით, ბატალიონ „მონადირის“ განადგურების თუ გაუქმების მიმართებით, პირველი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა სწორედ ირაკლი ოქრუაშვილისკენ იქნება.