ე.წ. გასაღების თაობაზე პარლამენტში ორი კანონპროექტი ინიცირებულია, უმრავლესობის აზრი ორად გაყოფილია და დეპუტატები პოლიტიკური რინგისთვის ემზადებიან.
მომავალ სასესიო კვირას, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ვახტანგ ხმალაძისა და ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მოუწევთ, ამ პროცესში კი, აქტიურ მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიციაც მიიღებს.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, ხმალაძე საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს და ელექტრონული კომუნიკაციების ე.წ. მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაცვასაც კომისიას ანდობს.
დეპუტატის განმარტებით, ნებისმიერი ფარული მოქმედება - თვალთვალი, ჩანაწერის გაკეთება თუ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის დადგენილებით, რაც 24 საათის განმავლობაში, მოსამართლეს უნდა წარედგინოს, მოსამართლემ კი, პროკურორის დადგენილება უნდა დაადასტუროს, ან გააუქმოს.
კანონმდებელის შეფასებით, არ შეიძლება, ე.წ. გასაღები იმის ხელში იყოს, ვისაც ინფორმაციის მოპოვება სჭირდება. ანუ, მოსმენის პროცესში მესამე პირი უნდა იყოს ჩართული.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ „გასაღები“ აღმასრულებლის ხელში არ უნდა იყოს და თან აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ უნდა იყოს.
„ჩემს მიერ წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, „გასაღები“ ეროვნული კომუნიკაციის კომისიის ხელშია. ის დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან მაღალია, ხოლო კომისიის წევრების დანიშვნაში მონაწილებენ - მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი. მისი ფუნქცია ასევე ისიც არის, რომ ელექტრონული კომუნიკაციების დროს, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა შეამოწმოს. პროექტის გათვალისწინებით, სასამართლოს განჩინება კომისიაში უნდა მივიდეს და ეს ორგანო ელექტრონული „გასაღების“ მეშვეობით კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამაკავშირებელ არხს გახსნის“, - განმარტავს ხმალაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, პროექტის გათვალისწინებით, თვითნებური მოქმედება გამორიცხულია, თუკი გამოძიების სამსახურსა და კომისიის შესაბამისს სამსახურს შორის ადგილი უკანონო შეთანხმებას არ ექნება. დეპუტატის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან კონტროლი განხორციელებდება, რომელსაც პროცესის კონტროლი დაევალება.
„კანონპროექტი უწყვეტ ელექტრონულ კონტროლს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცული ქსელით ერთმანეთთან იქნება შეერთებული მარეგულირებელი კომისია, კომუნიკაციების კომპანია და ინსპექტორი. როგორც კი „გასაღები“ გადატრიალდება, ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ინსპექტორთან მივა და ეს ინფორმაცია მოსამართლისგან მიღებულ განჩინებასთან შედარდება. თუ აღმოჩნდება, რომ თანხვედრა არ არის, კანონით გათვალისწინებული ზომები ამოქმედდება“, - განაცხადა ხმალაძემ.
დეპუტატის ცნობით, მარეგულირებელ კომისიაში ცალკე, სპეციალური დეპარტამენტი უნდა შეიქმნას, რომლის განთავსებაც სახელმწიფო დაცვის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს და საიდუმლოებასთან დაშვებით თვალსაზრისით, ამ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი შემოწმებული უნდა იყოს.
„თავად მარეგულირებელ კომისიას კომუნიკაციის არანაირ შინაარსზე წვდომა არ ექნება, ისინი „გასაღების“ გამღების და ჩამკეტის ფუნქციას ასრულებენ, მათ შინაარსის მოსმენის არანარი უფლება არ ექნებათ“, - აცხადებს ხმალაძე, რომელიც პროექტის ამოქმედების ვადად მომავალი წლის 1-ელი ივნისს განსაზღვრავს და ვარაუდობს, რომ ინიციატივის განხორციელებისთვის 100 000 ლარი იქნება საჭირო.
თანაგუნდელის კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აკრიტიკებს და საკუთარი წინადადების დადებით მხარეებზე აპელირებს.
ბესელიას განმარტებით, ფოფხაძის, სესიაშვილის და მის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომლიდანაც ერთი „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
კანონმდებელის მოსაზრებით, საქართველოში ხმალაძის კანონპროექტის განხორციელება გაუმართლებელია, რადგან მსგავს მოდელს არსად არ უმუშავია.
„არ შეიძლება, ასეთი რომანტიული მიდგომა გქვონდეს. შესაბამისად, ხმალაძის კონცეფციას მხარს ვერ დავუჭერ. ეს სრულიად ახალი მოდელია, რომელიც არსად არ მუშაობს. საქართველოში ამ მნიშვნელოვან საკითხზე ექსპერიმენტის ჩატარება გამართლებული არ მგონია“, - აცხადებს ბესელია, რომელსაც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს.
for.ge-სთან საუბარში გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ხმალაძის პროექტი მოსაწონია, რადგან რთულად წარმოსადგენია, ერთის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მონიტორინგი აწარმოოს დარღვევები არსებობს თუ არა და მეორეს მხრივ, „გასაღების“ გადატრიალების ნებართვა თავად გასცეს.
კანონმდებელის მოსაზრებით, ხმალაძის წინადადების მთავარი ღირებულება ორგანოს დაკომპლექტების წესია, რომლითაც რთული იქნება უკანონო მოსმენა მიიჩქმალოს.
„კენჭისყრაზე გასვლის შანსი ორივე კანონპროექტს აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზციონერების - ნაციონალების და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს მხარს უმრავლესობა უჭერს, შეიძლება, ცვლილებებს გარკეული უპირატესობა ჰქონდეს, მაგრამ ეს უპირატესობა მყიფეა, რადგან შეიძლება, ეს სურათი შეიცვალოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კრიტიკა, რომ თქვენ მხარი ოპოზიციამ დაგიჭირათ, არ გავა. ვინმეს მხრიდან ხმალაძის ბოსტანში კენჭების სროლა არ მიიღება, რადგან მთავარი საჯილდაო ქვა ისაა, რომ უკანონოდ არ გვისმენდნენ და სახელმწიფო ინტერესი არ დავაზარალოთ“, - აცხადებს აგულაშვილი, რომლის მსგავსად, ხმალაძის იდეით მოხიბლულია „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე.
for.ge-სთან საუბარში მიროტაძე ირწმუნება, რომ ის მხარს იმ პროექტს არ დაუჭერს, რომლითაც „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩება. დეპუტატის ინფორმაციით, ფარულ მოსმენა-მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით, „ეროვნულ ფორუმში“ თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება და ფრაქციის წევრი ყველა დეპუტატი ინდივიდვალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ როგორი იქნება „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის, გუბაზ სანიკიძის პოზიცია, ეს უცნობი რჩება, რადგან ის ტრადიციას არ არღვევს და პარლამენტში დუმილით ისევ გამოირჩევა.
სანიკიძესგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი ხედვა უკვე ჩამოყალიბებული აქვს. უმცირესობის მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ხმალაძის ინიციატვას დაუჭერენ.
როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მისი ფრაქცია მხარს იმ პროექტს არ დაუჭერს, რომლის გათვალისწინებითაც, „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩება.
დეპუტატის ცნობით, „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ხმალაძის წინადადებას დაუჭერენ.
თანაგუნდელის მსგავსად, ხმალაძეს ნდობას უცხადებს შალვა შავგულიძე, რომელიც პრეზიდენტს ურჩევს, თუკი ბესელიას პროექტი გავა, მას ვეტო დაადოს. შავგულიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, არადა, „გასაღების“ არსებობის თაობაზე მსჯელობა კიდევ სამი თვე უნდა გაგრძელებულიყო.
„პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ „გასაღები“ სამი თვე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა დარჩენილიყო. ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის წინადადებით კი, „გასაღები“ შსს-ში სამუდამოდ რჩება. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი თანმიმდევრული იქნება, კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს“, - ამბობს შავგულიძე, რომლის მსგავსაც პროექტს მხარს უჭერს პავლე კუბლაშვილი.
კანონმდებელის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ პროექტისკენ გადაიხრება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. შავ ყუთებზე წვდომა არ ექნება და მოსმენებს შეუზღუდავ დროში ვერ აწარმოებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთაგან ნახევარზე მეტით მიიღება, მაგრამ ფრაქცია „ქართულ ოცნებასა“ და ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ საკუთარი მომხრეების მობილიზება მოუწევთ. ძნელია იმის პროგნოზი თუ რომელი მხარის კანონპროექტი გავა, მაგრამ ამჟამად, უმრავლესობა 87 დეპუტატით არის წარდგენილი, ხოლო თუ ხმალაძეს მხარს ნაციონალები, „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები დაუჭერენ, მას დაახლოებით მინიმუმ 68 ხმის მოგროვება შეუძლია.