პუტინი გზაჯვარედინზე

პუტინი გზაჯვარედინზე

პუტინის საუზმე სიმარტოვეში რუსეთშიც კი ირონიის საგნად იქცა. ავსტრალიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მარტომყოფი პუტინის ტრაპეზმა „ვოსკრესნი ვეჩერის“ წამყვან ვლადიმერ სოლოვიოვს შუასაუკუნეების პერიოდი გაახსენა, როდესაც იმპერატორების ოჯახის წევრები სიმარტოვეში საუზმობდნენ, დანარჩენები კი, ანუ „დაბალი დონის ხალხი“ სადღაც იქით იდგა.

როგორი იქნება „იმპერატორის ტრაპეზიდან“ გამოსული პუტინის შემდგომი რეაქცია? მთელ მსოფლიოს დუელში გამოიწვევს თუ კუთხეში მიმწყვდეულის პოზიციაში ჩადგება?!

ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

პუტინი თავს იმშვიდებს, რომ დიდი ოცეულისსამიტის მასპინძლებმა დიდებული ატმოსფერო შექმნესოციანის მუშაობისთვის, მაგრამ მან მაინც მოსკოვში დაბრუნება ამჯობინა, რადგან თურმე, ორშაბათს სამუშაო დღისთვის უნდა მიესწრო: მგზავრობისთვის ვლადივასტოკამდე 9 საათი გვჭირდება და მერე კიდევ მოსკოვში სახლამდე ისევ 9 საათი. ორშაბათს კი სამუშაო დღეა და სამუშაოზე უნდა გავიდე. გარდა ამისა, 4-5 საათი მაინც უნდა მოვასწრო ძილი“. ამ სამიტზე პუტინის იგნორირება სწორი გამოსავალი იყო და რას მიაღწევენ მსოფლიოს ლიდერები ამით?

- პუტინის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ, ერთი მხრივ, დანარჩენი მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, რუსული საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მას ისეთივე ურთიერთობები აქვს მსოფლიოს ლიდერებთან, როგორც ჰქონდა და მეორე, სურდა თავისი გეგმების, ყოველ შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებული გეგმების ნაწილის მაინც მხარდაჭერის მიღება. თუმცა, ასე არ მოხდა და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება. მიღებაც ცივი იყო და ამ გეგმებთან დაკავშირებითაც შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომაც პუტინი წამოვიდა იქიდან. თქვენს კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს პუტინი, ცოტა რთულია პასუხის გაცემა, რადგან იგი იმ ტიპის ადამიანია, რომელზეც ასეთი ცივი შხაპი გამოსაფხიზლებლად კი არა, გასაღიზიანებლად მოქმედებს. არა მგონია, რომ ცალსახა გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რადგან დღეს მისთვის უკრაინის მოვლენების გადათამაშება უაღრესად რთულია - უკან დასაბრუნებელი გზა, პრაქტიკულად, არ არსებობს.

ახლა სიტუაცია უკრაინაში ისეთია, რომ, ერთი მხრივ, გარკვეულწილად, თუნდაც ამ ორი რეგიონის - ლუგანსკის და დონეცკის ახალი ხელმძღვანელობის ფსევდოლეგიტიმაცია მოხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, კიევის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც დაიხურა ყველა ბანკი ამ რეგიონში და სოციალური გადარიცხვები საერთოდ შეწყდა, დილემის წინაშე დააყენა რუსეთი. რვა მილიონი კაცის გამოკვება ახლა, როცა ისედაც მძიმე მდგომარეობა აქვს რუსეთის ბიუჯეტს, პლუს, როცა სოციალური მექანიზმები შექმნილი არ არის, ურთულესი რამაა. ამას ყირიმის პრობლემაც ემატება. სხვათა შორის, იქაური მაცხოვრებლები ოფიციალურ კიევს კი ლანძღავენ იმის გამო, რომ გადარიცხვები არ არის, მაგრამ საჭმელს სთხოვენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ე.წ. „აპალჩენცებს“. ამიტომ ვთვლი, რომ სიტუაციის ანალიზის შედეგად მიიღებს პუტინი გადაწყვეტილებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკან დასახევი გზა მას უკრაინიდან არ აქვს და ბოლომდე უნდა მიაწვეს. ამიტომ, ძალიან გაუჭირდება მას ამ ყველაფრის გადათამაშება.

ის ფაქტი, რომ ნაადრევად დატოვა ავსტრალია პუტინმა,ზოგმა იმით ახსნა, რომ პირიქით, პუტინმა არად ჩააგდო მსოფლიოს ლიდერები, მიატოვა ისინი და რასაც უნდა, კვლავაც იმას გააკეთებს უკრაინასთან მიმართებით. მით უმეტეს, როცა ევროპა მხარს უჭერს უკრაინას სიტყვით, მაგრამ ერთი ტანკიც კი ვერ გააყვანინეს პუტინს. ვლადიმერ პუტინის მხრიდან ავსტრალიის მოულოდნელად მიტოვება იყო დემარში?

- კი, ბატონო, შემიძლია ჩავთვალო ასეც, რომ ეს იყო პუტინის დემარში და პუტინმა იგნორირებას იგნორირება დაუპირისპირა, მაგრამ ეს სიტუაციას ხომ არ ცვლის? მოცემულობა ასეთია, დღეს რუსეთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მოსკოვში შეზღუდულია სურსათის შეტანა და ხალხი რთულ მდგომარეობაშია. იქ არა მხოლოდ სურსათზეა ლაპარაკი, არამედ ფულის მასის მოძრაობის სერიოზულ შეზღუდვაზე.

ამას ემატება ნავთობის ფასის ვარდნაც.

- ამ ყველაფერს ნავთობიც ემატება და ავსტრალიაში ვინ ვის გაუკეთა იგნორირება, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელ რეალობას.

როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? ჩვენ აფხაზეთთან მოკავშირეობის და ინტეგრირების ხელშეკრულების გაფორმების მომსწრენი ვართ. ამ შემთხვევაში, „გაღიზიანებული დათვის“ პოზიციას მივიღებთ აფხაზეთთან მიმართებით და კიდევ უფრო დაჩქარდება ინტეგრაციის პროცესი აფხაზებთან?

- აფხაზებთან დაკავშირებით მოსკოვი არ შეანელებს ამ კურსს, რადგან ეს ავტომატურ რეჟიმშია გადასული, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეთანხმდნენ იმ ხელშეკრულების ბევრ პუნქტზე. რაც უფრო ღრმაა ქართულ-დასავლური ინტეგრაცია და ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტმაც ამ მიმართულებას ხორცი შემატა, შეგვიძლია, ვიგულისხმოთ, რომ რუსეთი ამ სვლას ბოლომდე გააგრძელებს. არ გამიკვირდება, თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირიც გაათამაშოს - ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური ინტეგრირება რუსულ სივრცეში ჩრდილო ოსეთთან გაერთიანებამდე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ნატოს საწვრთვნელი ბაზების რეალური მშენებლობა დაიწყება საქართველოს ტერიტორიაზე.

როდესაც ევროპულ სანქციებზე ვსაუბრობთ, დღემდე კითხვად რჩება, რამდენად თანმიმდევრულია თავად დასავლეთი? მაგალითად, დევიდ ქემერონი ამბობს, პუტინი აცნობიერებს, რომ იგი გზაჯვარედინზე იმყოფება და, თუკი პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზებას, ამას სანქციები, დამატებითი ზომები მოჰყვება. ბარაკ ობამაც აცხადებს, თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებით პოზიციას შეცვლის, იგი პირველი იქნება, ვინც სანქციების მოხსნას მხარს დაუჭერს. თუმცა პარალელურად, გვესმის, რომმისტრალზერუსებს ისევ დაუშვებენ. ექსპერტებს შორის დღემდე განსჯის საგანია, სუსტია თუ არა დასავლეთი რუსეთთან მიმართებით?

- რასაკვირველია, ერთი შეხედვით, სუსტი იყო დასავლური ნაბიჯები, ისინი არათანმიმდევრულებიც იყვნენ და არაორგანიზებულებიც. ცხადია, ხანმოკლე პერსპექტივის თვალსაზრისით, ეს სანქციები რუსეთის პოლიტიკაზე დიდ მნიშვნელობას ვერ იქონიებს, მაგრამ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, სერიოზულად დააზიანებს რუსულ ეკონომიკას. დღეს რუსეთის სირთულეები მარტო იქიდან კი არ გამომდინარეობს, რომ სანქციები არსებობს, არამედ იქიდანაც, რომ ნავთობის ფასი შეიცვალა და თვითონ რუსეთი მიხვდა, რომ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, მის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადგება. ამიტომ შეზღუდა საკუთარი ეკონომიკის აქტიურობა. ამიტომაც ასეთი მძიმე ვითარება შეიქმნა ახლა რუსეთში, რადგან რუსეთმა თვითონაც შეაჩერა ზოგიერთი პროცესი, რომ მოემზადოს მომავალი მძიმე დარტყმისთვის.

პარალელურად, ალბათ, დასავლეთის დაბნეული მანევრირება და ორმაგი სტანდარტი რუსეთს ამის საშუალებას აძლევს. „მისტრალზერუსების დაშვება ვახსენეთ, რაც იმის სრული ანტიპოდია, რომ ამერიკაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს აქტუალურად განიხილავენ.

- რასაკვირველია, დასავლეთის დაბნეული მანევრირება რუსეთს ხელს აძლევს. მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაში ასე ხდება, ერთი ხელით ერთს აკეთებენ, მეორეთი - მეორეს. პარადოქსალურია, მაგრამ დღეს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ულიანოვსკში სრულყოფილად მუშაობს ნატოს ბაზა, რომელსაც ავღანეთდან გამოსული ტვირთები ევროპაში გადააქვს. ორმაგ სტანდარტს, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ავუვლით გვერდს. მეორე მხრივ, პოლიტიკა, ასევე, ორმაგი სტანდარტებით არსებობს. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. რუსეთის ეკონომიკის მორჯულება, შეზღუდვა და შევიწროება ძალიან მარტივი იყო იმ სააუდიტორო და იურიდიული ფირმების მუშაობის შეზღუდვით, რომლებიც რუსეთის კომპანიების ინტერესებს იცავს, მაგალითად, ლონდონის ბირჟაზე. ეს ფირმები რომ გაეჩერებინათ, უამრავი რუსული კომპანიის მუშაობის საქმე დამთავრებული იქნებოდა. თუმცა არ წავიდნენ ამაზე. ასე რომ, არსებობს ორმაგი სტანდარტი. მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკონომიკა იმდენად სუსტია და იმდენად არის დამოკიდებული ერთ პროდუქტზე, რასაც ენერგომატარებელი ჰქვია, რომ კოსმეტიკურმა სანქციებმაც კი უმძიმესი მდგომარეობა შეუქმნა.

გამოთქმა -  არ არსებობს სუსტი ელცინი და ძლიერი პუტინი, არის მხოლოდ ფასები ნავთობზე“-  რამდენად მიესადაგება რუსეთის დღევანდელ სიტუაციას? საუბარია ირანზე, ყატარზე, თურქმენეთზე, რომლებიც უფრო მეტი ნავთობის და გაზის პოტენციური მომპოვებლები არიან, ასევე - ფიქალის გაზზე, რომელიც ამერიკაშია და მისი რესურსიც საკმაოდ მაღალია. ენერგომატარებლებთან მიმართებით ელის რეგრესი რუსეთს და ამაზე დაიმედება შორეული პერსპექტივაა?

- ძალიან რთული სათქმელია, რადგან დღევანდელი მსოფლიო კრიზისი ნავთობთან დაკავშირებით ინსპირირებულია საუდის არაბეთის მიერ. ეს არ ნიშნავს, რომ საუდის არაბეთი მაინცდამაინც აშშ-ის ინტერესებს ახორციელებს. ერთ მშვენიერ დღეს საუდის არაბეთმა შეიძლება, პირიქით, შეზღუდოს ნავთობის წარმოება. აქედან გამომდინარე, ფასები ასწიოს და დაარტყას ამერიკული ფიქალის გაზის წარმოებას. დღეს საუდის არაბეთის მიერ ენერგომატარებლებზე, ანუ ნავთობსა და გაზზე ფასის დაგდება არ ნიშნავს იმას, რომ მარტო რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული მისი ეს ნაბიჯი. ეს ამერიკის წინაღმდეგაცაა მიმართული, რადგან ამ პირობებში ფიქალის გაზის ამოღება არარენტაბელური ხდება, იგი ძვირი ჯდება, როცა ასეთი დაბალია ენერგომატარებლის ფასი. ამ შემთხვევაში, საუდის არაბეთი, გარკვეულწილად, დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება, ანუ მესამე ქვეყნებს შეუძლიათ დღეს მსოფლიო ბაზარზე კრიზისის ხელოვნურად შექმნა თავისი ენერგირესურსებიდან გამომდინარე, ვინც კარგად ფლობს ამ ენერგორესურსებს. მაგალითად, ნიგერია, რომელსაც მეოთხე თუ მეხუთე მარაგი აქვს მსოფლიოში, ამას ვერ გააკეთებს, რადგან იქ ასეთი ინსტრუქციები არ არსებობს. იმავე პერსპექტივისაა ყატარი და ქუვეითი. მით უმეტეს, ირანი, რომელსაც ახლა სანქციები მოეხსნა და ბაზარზე გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შედარებით უფრო მზად იყო ამ ქვეყნების დამოუკიდებელი თამაშისთვის, ვიდრე რუსეთი.

რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსია იყო ხაფანგი პუტინისთვის, რითაც ევროპას შესაძლებლობა მიეცემა, ნაადრევად გაწყვიტოს გაზის მიწოდების კაბალური ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი რუსეთთან. რომ არა ფორსმაჟორული სიტუაცია, ევროპელებს ამ კონტრაქტის გაწყვეტის გამო დიდი სანქციები დაემუქრებოდათ. როგორ გგონიათ, ყირიმის ანექსია პუტინისთვის სატყუარა იყო და დასავლეთმა სპეციალურად მიუშვა იგი?

- ყირიმის ანექსიას უკრაინის მოვლენებისგან მაინც არ გამოვყოფ. თავის დროზე, რუსეთმა მოუწყო ამერიკელებს ვიეტნამი, ამერიკელებმა მოუწყეს რუსებს ავღანეთი, შემდეგ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამერიკელებისთვის მოეწყო ავღანეთი და ერაყი ერთად. ეს ყველაფერი თამაშია. ამიტომ დაწყება კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია, მერე როგორ ჩაითრიეს ერთმანეთი. ერთი მხრივ, უკრაინაში მიმდინარე პროცესების მეშვეობით რუსეთმა შეინარჩუნა გავლენები უკრაინაში და მისი გაერთიანება ევროსტრუქტურებსა და ნატოში რეალურად შეზღუდა, მაგრამ მეორე მხრივ, დასავლეთმა აიძულა რუსეთი, თავიდან ფეხებამდე ჩართულიყო ამ ამბავში. აქედან გამომდინარე, დიდი ხნის განმავლობაში ნატოში ვეღარ მოხვდება უკრაინა, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთი კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაიძვრენს თავს უკრაინის პრობლემიდან.

შესაძლოა, ევროპამ ნაადრევად გაწყვიტოს გაზის მიწოდებაზე კაბალური კონტრაქტი რუსეთთან?

- არა, ახლა ვერ გაწყვეტს რუსეთისგან გაზის მიწოდებაზე კონტრაქტს, მაგრამ ევროპა აქტიურად ემზადება და განსაკუთრებით, ევროპის დიდი ქვეყნები მომზადებულნი არიან აზიიდან გაზის შემოტანაზე. აქ აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ აზიური ქვეყნები, არამედ აშშ, რომელმაც წელს პირველად დაიწყო საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდა და გაზის ექსპორტი ევროპაში. ასევე, კანადა აქტიურია ამ საქმეში. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, უზარმაზარი გაზსაცავები აშენდა, სადაც ხდება მარაგის დაგროვება. თუმცა, პატარა ქვეყნები, განსაკუთრებით, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნები, ჯერ კიდევ რუსულ გაზზე არიან ჩამოკიდებულნი, მაგალითად, ასეთია ავსტრია. ასე რომ, ჯერჯერობით, ეს თემა არ არის მოგვარებული და ასე მარტივად არც მოხდება. ნაწილობრივ შემცირდა გაზის მოხმარება და, თუ 67 % იყო, ახლა, თუ არ ვცდები, 45 %-მდე დავიდა, მაგრამ რუსეთის გაზის მოხმარების მხრივ მაინც მაღალი მაჩვენებელია. ასე მარტივად არ ხდება. გლობალური ეკონომიკა ამას გულისხმობს, რომ ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიანაც რომ ეაქტიურათ, დასავლეთის ბერკეტების ეფექტურობა მაინც ვერ ექნებოდა ისე შედეგიანი, როგორც ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს.